Category: არქივი

  • თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულზე მქონდა-ბახტაძე

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ მისი გადაყენების საკითხი ბევრად ადრე განიხილებოდა და ამის შესახებ საუბარი მას გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა.

    „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. ის საფუძველი და მიზნები, რაც იყო ჩემი ამ პოსტზე წარდგენისას, არის მიღწეული. სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი. ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა და ამ მიზნების მისაღწევად მომცა გუნდმა მანდატი და ნდობა, მიღწეულია“, – განაცხადა ბახტაძემ.

  • “კი არ გადადექით, გადაგაყენეს” – რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით მამუკა ბახტაძე თავისი ნებით კი არ გადადგა არამედ გადააყენეს, განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან. 

    „თქვენ კი არ გადადექით, გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. აი ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ იქეთ ის რეპრესიები რაც განხორციელდა, დაჭერები, „რუსთავი 2“-ის დახურვა, ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის პოლიტიკური დევნა, ის რაც მომავალში მოხდება და აქ შემოიყვანენ ივანიშვილის მოსამსახურე ადამიანებს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაერქმევათ, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება – ძალაუფლების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ამ მიზანს ემსახურება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, ბახტაძის გადაყენებაც.

    თუ გამართლდა ის ჭორი და მართლაც გახარია დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს უკვე მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. გავრილოვი დაგვასვეს პრემიერ-მინისტრად – აი ეს იქნება მთავარი შეტყობინება ხალხისათვის და ხალხი ამას არ მოითმენს. ამიტომ არის სახიფათო ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ივანიშვილი ახლა დგამს“, – განაცხადა გოცირიძემ.

  • თიბისი ბანკის კომერციული იპოთეკური სესხი სტატუს მომხმარებლებისთვის

    თიბისი ბანკი სტატუს მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც მათ მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაეხმრება. კომერციული იპოთეკური სესხი განკუთვნილია კომერციული ან საცხოვრებელი ფართის შესაძენად, სამშენებლოდ ან სარემონტოდ.

    ახალი სესხი 2 მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს:

    საცხოვრებელი ბინის შეძენისთვის სესხი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი მეპატრონე მომავალში მას გასაქირავებლად გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ფართის შეძენისთვის, რემონტისთვის ან ასაშენებლად აუცილებელი პირობაა მომხმარებელი საიჯარო შემოსავალს ერთი ბინიდან მაინც იღებდეს, ანუ უკვე აქირავებდეს ერთ ბინას.

    თიბისი სტატუსის მომხმარებელს აღნიშნული სესხით ასევე ფართის კომერციული მიზნებისთვის შეძენაც შეუძლია. ამ შემთხვევაში სხვა ფართის ფლობა აუცილებელი არაა.

    კომერციული იპოთეკური სესხის უპირატესობა ისაა, რომ თანხა, რომელსაც მფლობელი იჯარის სახით მიიღებს სამომავლოდ, გათვალისწინებულია როგორც შემოსავლის წყარო. სესხის აღება კი ყველაზე ხანგრძლივი ვადით – 20 წლითაა შესაძლებელი. სესხის საშეღავათო პერიოდი 6 თვეა, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელს დაფარვის დაწყება 6 თვის შემდეგ შეუძლია.

    თუ მომავალში ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი და/ან არსებული სხვა საიჯარო შემოსავალი ვერ აკმაყოფილებს სესხისთვის საჭირო შემოსავლის კოეფიციენტს, შესაძლებელია სესხი გაიცეს სხვა არსებული შემოსავლის გათვალისწინებით (თუმცა იქნება 15 წლის ვადით).

  • ალაზანმა ადამიანის ძვლები გამორიყა

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ალაზანმა სავარაუდოდ, ადამიანის ძვლები გამორიყა, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

    ძვლები მდინარის პირას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცოხვრებმა გუშინ, 1 სექტემბერს ნახა და პოლიციას შეატყობინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • 16 წლის ბიჭი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა

    16 წლის ბიჭი რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა.
    ლუკა ფოფხაძე უგონო მდგომარეობით 41 დღის მანძილზე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა.
    მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

    პაციენტი  რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით   ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო. გზაში რეანიმობილის  დაზიანების გამო,  მეორე რეანომობილის გამოძახება გახდა საჭირო, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა. ამის გამო პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.

  • “23.30-ზე მელაპარაკა, არაფერი ახსოვდა”- 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა შვილის დაავადებაზე

    3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, 51 წლის თამარ საძაგლიშვილის დედა გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში შვილის დაავადებაზე ყვება.

    „დანიშნულება არ დაუწერეს. მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა „ჰალოპერიდოლის“ ნემსები და რაღაც ტაბლეტები – სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა – მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა. პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ სხვა ფსიქიატრი მოვუყვანე, ისევ კერძოდ. მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და დაუნიშნა „კეტილეპტი“ და „ტრიტიკო“. ყველა პრეპარატს ჩემი სახსრებით ვიძენდი. ცოტა ხანს სვამდა, მერე მიატოვა. ჩემს შვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ მე რომ მისი შინ წაყვანა მოვინდომე, მითხრეს, თქვენი ნებააო. დაინტერესდნენ, კერძო ფსიქიატრს მოიყვანთო? კი-მეთქი, ვუთხარი

    ჰემოგლობინი 69-მდე აეწია. ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური ჰქონდა. ჩვეულებრივად საუბრობდა, საქმეს აკეთებდა, ხატავდა… წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა…

    როცა ეს ამბავი მოხდა იმ დღეს მარტო იყო. იმავე ღამით, 23.30-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა – ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო… ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს. არ ვიცი… იმდენ რამეს ამბობენ… „ფეისბუკში“ ისიც დაწერეს, ძიძად მუშაობდა სამი თვის ბავშვთან და თვითონ მიატოვა სამსახურიო. ჩემს შვილს ძიძად არასდროს უმუშავია…

    სახელმწიფოსგან არაფერს ველოდი, მე ჩემი შვილის დარდი მქონდა და თანახმა ვიყავი, კერძოდ მემკურნალა. სახელმწიფოს მე არაფერს ვთხოვ, მაგრამ ხომ უნდა შეემოწმებინათ, ვმკურნალობდი თუ არა?!“.- ამბობს ბრალდებულის დედა.

  • არაკორექტული იქნება, აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა-სალომე ზურაბიშვილი

    არაკორექტული იქნება, აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  პოლონეთში ვიზიტისას ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა. 

    “ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც ეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მგონი უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. ეს არის შიდა პოლიტიკური, უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარებაა და შემდგომში შეიძლება განცხადების ან შეფასების გაკეთება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • რუსთაველზე ვერტმფრენი გამოჩნდა-“ფორსაჟის” გადაღებებში ავიაცია ჩაერთო (ვიდეო)

    რუსთაველზე ვერტმფრენი გამოჩნდა. “ფორსაჟის” გადაღებებში როგორც დაგეგმილი იყო   უკვე ავიაცია ჩაერთო.

    “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ ადგილზე დათვალიერდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედანი და საფრენი ლოკაციები. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან.

    აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა.“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

    ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 („ფორსაჟი 9“) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

    {{VIDEO}}

  • ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ გარიცხულიყო-ვოლსკი

    “ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ სწორედაც გარიცხული ყოფილიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა

    „არის თემები, მთელი რიგი საკითხები: მოსამართლეთა არჩევის შესანიშნავი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწუნა; თუნდაც ის განცხადება, რომ თითქოს მედიაზე ზეწოლას ახდენს „ქართული ოცნება”, ან რამე თავისუფლების შეზღუდვა არსებობს. ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, არც სასკანდალო. შეიძლება ადამიანს თავის შეხედულებებით ჩამოყალიბებული სხვა პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდეს. რჩება განცდა, თავად ბიძინა გეგიძე მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ყოფილიყო სწორედაც გარიცხული. ვინაიდან, თავისი შეხედულებების გამო, კოლეგებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან განუცხადებია, რომ იგი გადაწყვეტს, ულტიმატუმის სახით, თუ როგორ მოიქცევა მომავალში. პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნები არსებობდა, თუმცა გულწრფელად გიდასტურებთ, რომ ეს არ იყო უმრავლესობის მისწრაფება, ბიძინა გეგიძე გარიცხულიყო”,-აცხადებს ვოლსკი.

  • პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდება

    ხვალ, 3 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, სწორედ პოლისაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

    „ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი”,- განაცხადა ვოლსკიმ.