Category: არქივი

  • პრემიერი: საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციის პროცესი

    {{ARTICLEIMAGE}}მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის პირობებს, რომ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს არამხოლოდ საერთო ეროვნული, არამედ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.

    “ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.

    სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის“, თქვა მამუკა ბახტაძემ.

    მისი თქმით, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.

    “მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაქსიმალურად ვიზიარებდეთ მომავალი რეფორმების სულისკვეთებას და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ ამ გზაზე საერთო წარმატებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, ამ მხრივ სახეზეა მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ურყევად მივიწევთ დეცენტრალიზაციის გზით, ადგილზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები იზრდება წლიდან წლამდე და ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება არც 2019 წლის ბიუჯეტი.

    მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავი და სიმბოლურია, რომ წელს ვასრულებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირებას და, რაც მნიშვნელოვანია, ვიწყებთ ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესს.

    მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი”, თქვა მამუკა ბახტაძემ.

  • “ეროვნული შერიგების” შესახებ ზურაბიშვილის გზავნილს ევროკავშირი მხარს უჭერს

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება პირადად მიულოცა. ამის შესახებ დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო დაგეგმილ ინაუგურაციას და იმ განცხადებებს, რომელიც პოლიტიკოსმა გააკეთა. 

    “განვიხილეთ გზავნილები, რომლის შესახებაც მან ისაუბრა. კერძოდ, ეროვნული შერიგება, რაც იმ მესიჯებს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება ინაუგურაციას, მე მას დავესწრები”, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

    საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს “დემოკრატიის პირველ წესს” ახსენებს. ზურაბიშვილის შეფასებით, დემოკრატიია, როდესაც წაგებას ეგუები და არჩევნებში დამარცხებას აღიარებ. არჩეული პრეზიდენტის ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის გიორგი ლომიას შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

    შეგახსენებთ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა 28 ნოემბერს, მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხა. გრიგოლ ვაშაძე შედეგებს არ აღიარებს და თანამოაზრეებთან ერთად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. სწორედ ინაუგურაციის დღეს გეგმავს დამარცხებული მხარე საპროტესტო აქციის გამართვას.

  • ციხელაშვილი: ყველა სტრუქტურის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია არ მოხდეს

    {{ARTICLEIMAGE}}რუსი ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, თუმცა ქართული მხარე პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს, ამბობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დროებით შეაჩერეს. ამ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი დავით ქაცარავა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ატოცში ოკუპანტებმა გადაადგილება გუშინ დაიწყეს, თუმცა უამინდობის გამო, ტერიტორია მალევე დატოვეს. ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელიც “ძალა ერთობაშიას” აქტივისტების მოთხოვნის საფუძველზე ატოცში გუშინვე ჩავიდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

    “ამ კონკრეტულ მომენტში და ბოლო ინფორმაციით, არანაირი სამუშაოები მიმდინარეობს ატოცში, ან სხვა მონაკვეთზე, რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენცია მოხდეს, არ ხდებოდეს რეგულარული და მუდმივი  პროვოკაციები. გარწმუნებთ, რომ დღის და ღამის განმავლობაში ადგილობრივი დონის, რიგითი პოლიციელების, რომლებიც იქ არიან განთავსებულნი, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაცია”,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

    სოფელ ატოცში პირველი ღობეები რუსმა ჯარისკაცებმა 2014 წლის თებერვალში გაავლეს. მაშინდელი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო. მაშინ სოფელმა 30 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ფართი დაკარგა. მცოცავი ოკუპაცია ატოციდან ოსურ სოფელ ბალთის მიმართულებით კვლავ გაგრძელდა.

    ატოცი არის სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეძის თემში. მდებარეობს მდინარე დასავლეთის ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქარელიდან დაშორებულია 27 კილომეტრით.

     

  • 7 დეკემბერს ერთი დოლარი 2.6668 ლარი ეღირება

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6668 ლარი შეადგინა.

     

    დღეს მოქმედი კურსი 2.6733 ლარი იყო – დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

    ევროს კურსი 3.0218 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0305 ლარს შეადგენდა – ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში .