{{ARTICLEIMAGE}}
{{ARTICLEIMAGE}}
{{ARTICLEIMAGE}}
კონფერენცია დღეს გაიხსნა და როგორც მინისტრი აღნიშნავს, წლევანდელი ღონისძიება ახალი ფორმატით ჩატარდება და ბევრი ახალი სიახლეც იქნება. “გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ ელჩების კონფერენციაც პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა ძირითად მიმართულებაზე და ყველა აქტუალურ საკითხზე. წელს პირველად გვექნება თემატური განხილვები. თუკი წინა წლების განმავლობაში ელჩები ძირითადად ისმენდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პრიორიტეტულ მიმართულებებს და ასევე იყო საუბარი მომავალ საქმიანობაზე, წელს უფრო მეტი ჩართულობა იქნება მათი მხრიდან და თემატურ პანელებზე განვიხილავთ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს, ისე ეკონომიკური დიპლომატიის ძირითად მიმართულებებს. ასევე გვექნება საუბარი მთავარ პრიორიტეტებზე, რაც გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წლევანდელი ელჩების კონფერენციის შეფასებისას.
დავით ზალკალიანის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის, გამომდინარე იქიდან, რომ მას უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია და საბჭო განიხილავს ელჩების ჩართულობით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. მინისტრის თქმით, წელს, პირველად, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია იქნება მთავრობის მიერ დამტკიცებული.
“ვისაუბრებთ მომავალ პერსპექტივებზე და შევაჯამებთ გასულ წელს. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და ასევე ძალიან ამბიციური ამოცანები გვაქვს მომავალი წლისთვის, როგორც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ისე იმ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. წლევანდელი ელჩების კონფერენციის მთავარი ლაიტმოტივი იქნება თავისუფლება, კეთილდღეობა და განვითარება, რაც გახლავთ საქართველოს მთავრობის ძირითადი ლოზუნგი და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვასრულოთ ეს პროგრამა, ქართული დიპლომატიაც სწორედ ამ მიმართულებით იქნება ფოკუსირებული”,განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო შევიდა ახალ ფაზაში და საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან გადავიდა საპარლამენტო მოდელზე. “არჩეულია პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით, ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ძლიერდება საპარლამენტო ზედამხედველობა, საქართველოს პრეზიდენტთან ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციას სწორედ სალომე ზურაბიშვილმა ჩაუყარა საფუძველი მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, რომელიც მან ჩამოაყალიბა საინაუგურაციო სიტყვაში”, განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამართავენ.”ელჩების კონფერენცია 2018″ 21 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება.
{{ARTICLEIMAGE}}
შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს პატიმრობა 5 წლით და სამი თვით მიუსაჯეს. დონაძე სასამართლო დარბაზიში დააკავებენ.
ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეში გამოძიება დონაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
გურამ დონაძეს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
ასევე: დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის 3 თვის ვადით და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადიათ.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თანამდებობის დაკავება – 2 წლით და 3 თვის ვადით.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.
ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.
ზაზა ბაქრაძე ერთადერთია ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში – ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ბაქრაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ ათონელის რეზიდენციაში მივიდა. ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები ახალ პრეზიდენტთან შესახვედრად და სასახლის დასათვალიერებლად ემზადებიან, თუმცა როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან კითხვების დასმის საშუალება არ ექნებათ.
ზურაბიშვილის დღევანდელი გეგმების შესახებ, რომელიც სასახლის დათვალიერებას ითვალისწინებს, გუშინ გახდა ცნიბილი, როდესაც ახალი პრეზიდენტის გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ დღეს სწორედ მედიის წარმომადგენლებს მიიღებდა რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარს ამბობს და ათონელზე სარემონტო სამუშაოების დასრულებას ელის. საპრეზიდენტო ფლიგელი ჯერ არ არის დასრულებული და სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტი ადმინისტრაციულ ფლიგელში დღეს დაიწყებს მუშაობას.
რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას თავად ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ დღეს არსებული პრეზიდენტის სასახლე, რომლის აშენებაშიც “ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს”, ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განცხადა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შევიდეს პრემიერ-მინისტრი, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან კიდევ ამ სასახლეს დიპლომატიური ფუნქცია უნდა მიენიჭოს და გახდეს ადგილი, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს მიიღებენ.
“ორბელიანის სასახლე ძალიან მომწონს და ის ახალი პრეზიდენტის ფუნქციების შესატყვისია, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკის” ეთერში. “მე მინდა, ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რაც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ამ სახლიდან ფეხით ვივლი, როგორც დავდივარ დღეს. ჩემი საყიდელი ბაზარში მე უნდა ვიყიდო და შევხვდე ხალხს”, აცხადებდა ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ რეზიდენციის თემა შესული იყო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამაშიც. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან, დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში”.
რაც შეეხება მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ “სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს ძვირი არ უნდა უჯდებოდეს”.
“მე მაქვს პრინციპული პოზიცია, თუ რა უნდა უჯდებოდეთ სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ზაფხულში ჟურნალისტების შეკითხვას, გადაინაცვლებდა თუ არა ახალი პრეზიდენტი ავლაბრიდან ათონელის სასახლეში.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გადასულიყო, თუმცა 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. როგორც ცნობილია, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. რამდენჯერმე დაიგეგმა ათონელის სასახლის პრივატიზაცია, თუმცა შენობა არ გაიყიდა. საბოლოოდ, ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს და წლების განმავლობაში უფუნქციოა.
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხს ართმევს იმედს, ამოძვრეს ჭაობიდან. სააკაშვილის პოზიცია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვიდან გახდა ცნობილი.
{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია.
“პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იქ იდგნენ, ისინი არ ითვლებიან პოლიციელებად, რადგანაც არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, რომ მათ ჰქონდათ გზის გადაკეტვის უფლება. არ გამოგიქვეყნებიათ ასეთი აქტი და თუ ვინმე ასეთ აქტს ნახავთ, კი ბატონო, გაგვაცანით. სახალხო დამცველმა ასევე მიგითითათ, რომ ამის უფლება არ გქონდათ, მაგრამ თქვენ მაინც ეს კანონი დაარღვიეთ. გუშინდელი დღე იყო თქვენს მიერ პროვოცირებული დაძაბულობა. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებიც კანონის გარეთ ხართ გასული. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია ახლა და აუცილებლად ამ მიმართულებით ვიწყებთ აქტიურ ბრძოლასა და აქტიურ მუშაობას”, თქვა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ცნობილია, დავით კირკიტაძე დღეს დააკავეს.
{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველოს” მიერ პარლამენტში შს მინისტრის დაბარების მოთხოვნას ხმაური მოყვა ბიუროს სხდომაზე, სადაც “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ ერთმანეთი ძალადობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. სერგი კაპანაძემ და გიგა ბოკერიამ უმრავლესობას მიმართეს, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა უზრუნველყო, რათა მინისტრისგან პასუხები მოისმინონ არჩევნების გაყალბების, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინცინდენტებისა და გუშინ, თელავში მიმავალი ოპოზიციის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო.
“ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ გუშინ სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და უმკლავდებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის პროვოკაციებს. სხდომაზე დაპირისპირების საგანი გახდა თელავში დეპუტატ სოფიო ქაცარავს ავტომანქანაზე თავდასხმის შემთხვევაც, რის ორგანიზებაშიც უმრავლესობის დეპუტატებმა ირიბად რომან გოცირიძე დაადანაშაულეს
რაც შეეხება პარლამენტში შს მინისტრის დაბარებას, ამას “ქართული ოცნების” დეპუტატებიც ითხოვენ და აცხადებენ, რომ გახარიამ პასუხები უნდა გასცეს არა მხოლოდ იმ კითხვებს, რომლებიც ოპოზიციას აქვს, არამედ ოპოზიციის მხრიდან ძალადობის შესახებ დასმულ კითხვებსაც
ვიცე-სპიკერთამარ ჩუგოშვილის განცახდებით, შს მინისტრი აუცილებლად მივა პარლამენტში. მან ოპოზიციას მიუთითა, საკითხი წესის დაცვით დააყენონ.
{{ARTICLEIMAGE}}შსს ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ, ბრალდებულთა წრის გაფართოებას აანონსებს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავების დეტალები შსს-ში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ითქვა, რომ კირკიტაძე ველისციხეში პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმისთვის დააკავეს. შსს-ში ასევე განაცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს ვიდეომასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
დავით კირკიტაძეს 4 – დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა, ვიბრძოლებ ბოლომდე, ეს არის სახედაკარგული პოლიცია”, – ამ კომენტარის ფონზე მიჰყავდათ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე დაკავების შემდეგ.
კირკიტაძე და მელია გურჯაანში, დაზარალებული მხარდამჭერის მოსანახულებლად იყვნენ.
შსს-სა და ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგები 18:00 საათისთვის ჩაინიშნა. მოსალოდნელია, რომ მთავარი თემა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავება იქნება.
როგორც ცნობილია, ნაციონალური” მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე ცოტა ხნის წინ დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა კირკიტაძის კოლეგამ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელიც დაკავებისას დავით კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა. ოპოზიციონერები ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით და ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათ ფარულად უთვალთვალებდნენ.
ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჩართო და ავტომობილთან მივიდა, სადაც პოლიციელები ისხდნენ. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა და ადგილზე დამატებით რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა, სწორედ ამ დროს დააკავეს დავით კირკიტაძე.
კირკიტაძის დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავების მობილიზება მის საცხოვრებელ სახლთან.
დღესვე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებდა, რომ ოპოზიციონერის დავით კირკიტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას. მისი თქმით, თუ ვინმემ ნახა, რა მოქმედებებს ახორციელებდა ბატონი კირკიტაძე, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.
“ბატონი კირკიტაძე ალბათ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში მასთან დაკავშირებით”,განაცხადა მეზვრიშვილმა.
თავად პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მის სახლთან დღეს სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
“აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, დატოვეს სადარბაზო”, თქვა კირტიაძემ. ოპოზიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებლა უკვე დატოვეს მიმდებარე ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციელთა მობილიზება სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.