Category: არქივი

  • ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვაში ბრალდებულები ზ.მ., გ.დ., ი.ფ., დ.ი. და ზ.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით).

    საქმის განხილვა სასამართლოში 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც დაიკითხა ორმოცდაათ პირზე მეტი მოწმე, გამოკვლეული იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა – გ.დ.-მ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა – დ.ი.-მ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა – ი.ფ.-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად, ხოლო თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – ზ.მ.-მ და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა – ზ.ბ.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით გააჩერა “ბე ემ ვე”-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ამირან (ბუტა) რობაქიძე, კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები, მათ შორის ბუტა რობაქიძე, გადავიდნენ ავტომანქანიდან. პატრულის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ავტომანქანიდან გადმოსული პირები, გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი. რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა დამხმარე ეკიპაჟი – გ.ბ.-სა და ლ.ბ.-ს შემადგენლობით და დაიწყეს ავტომანქანიდან გადმოსულ პირთა ჩხრეკა და დაკავება. თუმცა, რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს არ აღმოაჩნდათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავების მიმდინარეობისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ერთჯერადი, გაუფრთხილებელი გასროლა და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა იქვე მდგომი, ხელებაწეული ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

    მომხდარი ფაქტის გამო შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ზ.მ., საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – გ.დ., თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი – დ.ი., დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ი.ფ. და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი – ზ.ბ. დასახელებულმა პირებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინეს, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. იმავდროულად, შემთხვევის ადგილზე მყოფი კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს მხრიდან გაუფრთხილებელ გასროლას შედეგად მოჰყვა ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალება. ბრალდებულებმა ზ.მ.-მ, გ.დ.-მ, ი.ფ.-მ, დ.ი.-მ და ზ.ბ.-მ, რომლებიც მოქმედებდნენ წინასწარ ურთიერთშეთანხმებით, განიზრახეს ამირან (ბუტა) რობაქიძის, გ.ქ.-ს, ი.მ.-ს, კ.ა.-ს, ლ.დ.-ს და ა.ბ.-ს ხელოვნური და სრულიად უსაფუძვლო დადანაშაულება პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში. ამ მიზნით, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე შეიქმნა იმგვარი სურათი, თითქოსდა დაკავებულ ახალგაზრდებს თან ჰქონდათ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც შემდგომ აისახა პროცესუალურ დოკუმენტებში. კერძოდ, შემთხვევის ადგილზე დასახელებულ თანამდებობის პირთა მითითებით მიიტანეს ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი რევოლვერი, ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 248 (ორასორმოცდარვა) ცალი ვაზნა.

    პოლიციის პასუხისმგებელ პირთა მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბებამ მძიმე შედეგი გამოიწვია. სახელდობრ, სრულიად უსაფუძვლოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ იქნენ მიცემულნი: კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ., რომელთა მიმართაც გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ზ.ბ.-სთან მიმართებით დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით, 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ზ.მ.-ს, გ.დ.-ს, ი.ფ.-ს და დ.ი.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

  • მარგველაშვილისგან განსხვავებით, ახალი პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციას პრემიერთან ერთად დაესწრება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ თებერვალში დაგეგმილ მიუნხენის კონფერენციას ახალი პრეზიდენტი პრემიერ-მინიტრთან ერთად დაესწრება. ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც თქვა, რომ შესაძლოა, გერმანიაში ვიზიტამდე ზურაბიშვილი ბრიუსელს ეწვიოს, რადგან პრეზიდენტმა მიწვევა ორივე ქვეყნიდან მიიღო.

    როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მიუნხენის კონფერენციას საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. მიუნხენის რიგით 54-ე კონფერენცია 2018 წლის 16 თებერვალს ჩატარდა. საქართველოს დელეგაციას მიუნხენის 54-ე კონფერენციაზე ხელმძღვანელობდა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

  • პატიმრობამისჯილის შვილი მაია მიქაძე: ხელისუფლება დაისჯება

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარი პატიმრობამისჯილების ოჯახის წევრებმა გააკეთეს. ზურაბ მიქაძის შვილმა მარიამ მიქავამ განაცხადა, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და მოქალაქეებს მოუწოდა, გვერდით დაუდგნენ უსამართლო გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

    მაია მიქაძეს, რომელსაც საკმაოდ ემოციური გამოსვლა ჰქონდა სასამართლოს ეზოში, განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე მოიხადა კონკრეტულმა ადამიანმა და რა შუაშია მისი მამა მკვლელობის საქმესთან, საერთოდ გაუგებარია.

    “დაუდექით სიმართლეს მხარში, ნუ წალეკავთ ქვეყანას ტყუილებით. მამაჩემი დაიჭირეს გამოგონილი, პოლიტიკურად შეთხზილი ბრალის გამო. მამაჩემი უდანაშაულოა და
    ამას საქართველო ძალიან მალე ნახავს. მინდა მივმართო ხელისუფლებას – თქვენ დაასამარეთ სასამართლო, დასაჯეთ უდანაშაულო ადამიანი და თქვენ ამისთვის დაისჯებით. მკვლელი არის ბაშალეიშვილი, რომელმაც უკვე მოიხადა სასჯელი. ხალხო ნუ მოტყუვდებით”.

  • ია მეტრეველი:ნეტავ, ჩემი შვილიც სუნთქავდეს და 20 წელი ჰქონდეს მისჯილი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და მოსამართლეს მადლობას უხდის. მეტრეველი აცხადებს, რომ დღეიდან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება. გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში და მის გარეთ ხმაური და მწვავე შეძახილები მოჰყვა დაპატიმრებულთა ოჯახის წევრების მხრიდან, რაც ია მეტრეველისთვის გაუგებარია. 

    ია მეტრეველი:”რას კივიან და წივიან, ჩემთვის გაუგებარია.ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, სუნთქავდეს და 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, იმის მაგივრად, რომ თვითონ მისულიყვნენ გამოძიებასთან და ეღიარებინათ, როგორ იქცევიან…15 წელია, ვიბრძვი სამართლიანობისთვის”.

  • “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა იურიდიული კომიტეტი დატოვა

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტი დატოვა. შესაბამისი განცხადებით მან ბიუროს უკვე მიმართა.

    სამადაშვილის თქმით, კომიტეტი არ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, დეპუტატებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ. 

    სამადაშვილი ითხოვს, საქმიანობა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელოს.

    ცნობისათვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციის წევრებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც
    იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციამ დღეს ორი დღის წინ კახეთში მომხდარ დაპირისპირებასა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძეზე საუბარი სცადა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ იყო შეტანილი.  

  • მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილს ზურაბიშვილმა მუშაობის გაგრძელება შესთავაზა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ახალ პრეზიდენტთან მუშაობის გაგრძელების შეთავაზება უკვე მიიღეს კობა ედილაშვილმა, რომელიც ადმინისტაციის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს შეინარჩუნებს და ასევე საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ გოდერძიშვილმა. სავარაუდოდ, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მუშაობას გააგრძელებს მარგველაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ჯაჯანაშვილიც.

    2019 წლის ბიუჯეტის თანახმად პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2018 წელთან შედარებით 3,8 მილიონი ლარით მცირდება და 6 მლნ ლარი იქნება. 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობაც. ასევე არსებული ფორმით უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც, რომლის დაფინანსებაც მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში 5 მილიონი ლარი იყო.

  • სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ-ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე განმარტება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა.

    “გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე. გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, ჩვენს მიერ ჩატარდება ადექვატური და კანონშესაბამისი რეაგირება”.

    სამხედრო მოსამსახურის ცემის ფაქტზე ინფორმაცია რუსთავი 2- მა გუშინ გაავრცელა. 

  • ზაზა სარალიძე:მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი დააწინაურეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნული საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში, რაც მისთვის მიუღებელია. თავის მხრივ, მთავარმა პროკურატურამ დღეს უარყო ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს.

    რაც შეეხება პროცესს, ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა მას შენობა დაატოვებინა.

    “მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“,  განაცხადა ზაზა სარალიძემ.

    დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

  • ამბასადორიალზე მომხსენებლად მიწვეული ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ვერ შედგა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაანონსების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მიმდინარე ამბასადორიალზე დღეს არ მისულა. ღონისძიებაზე დღეს დილით მისულ ჟურნალისტებს დღის წესრიგი უკვე შეცვლილი დახვდათ.  

    იმ დროს, როდესაც თბილისში ელჩების კონფერენცია იმართებოდა, ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ჟურნალისტებს ესაუბრებოდა. “ქართულ ოცნებაში”განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. 

    “ქალბატონ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი, ის აქტიურად მუშაობს საკუთარი გუნდის აპარატის ფორმირებაზე. ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ დარწმუნებული ვართ არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მომავალში დიპლომატებთან მოხდეს შეხვედრა. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია ამ საერთო ხედვებზე ვიმუშავებთ მომავალში”,ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა “ელჩების კონფერენცია”, რომელიც დღემდე ამბასადორიალის სახელით იყო ცნობილი, 2018 წლის 18-21 დეკემბერს თბილისში იმართება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა “ელჩების კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანონსში ასევე ეწერა, რომ მონაწილეებისთვის სიტყვით უნდა მიემართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.