Category: არქივი

  • საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე კანონს მიიღებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონს მიიღებს.

    როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.

    “საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. საფრანგეთთან ჩვენ გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა. ხოლო გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათშორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით. მოგვიანებით მოგახსენებთ ეს კანონი როდის ამოქმედდება. ამ კანონის ნიუანსები რა არის. ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ – პოლონეთთან და ისრაელთან. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა”, განაცხადა მინისტრმა.

  • სარალიძე: შსს-ში დგას კალანდიას პასუხისმგებლობის საკითხიც

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის ვლადიმერ ბოცვაძის შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა.

    რადიო თავისუფლების ცნობით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა სარალიძემ თქვა, რომ ადვოკატთან ერთად ნაწილობრივ გაეცნო საქმის მასალებს. საქმის მოცულობიდან გამომდინარე მასალების სრულად გაცნობა ვერ მოესწრო. თუმცა, მის თქმით, ჩანს რომ ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.

    “ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. ჩატარებულია რიგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით ამ მასალებს ბოლომდე ვერ გავეცანით, საქმის ბოლომდე გაცნობის შემდგომ თუკი მექნება დამატებითი კითხვები, აუცილებლად მივმართავ შს სამინისტროს, ამის შემდეგ კი – გენერალურ პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტროში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, კალანდიასი. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში თავიდანვე იყო, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს უწყება. მე კონკრეტულ პირებზე კითხვები არ დამისვამს, ვინაიდან ჯერ ბოლომდე არ გავცნობივარ მასალებს”, -უთხრა ჟურნალისტებსზაზა სარალიძემ.

    ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, მნიშვნელოვანია საქმის სრულყოფილად შესწავლა, რისი მზაობაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არის.ნესტან ლონდარიძე იმედოვნებს, რომ უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სრულყოფილად გამოიძიებს.

  • ჰუავეისთვის ევროპული ბაზარიც იკეტება

    მსოფლიო ბაზარზე ჰუავეიზე ზეწოლა ძლიერდება. ჩინური კომპანია ევროპულ ბაზარზეც არასასურველი პარტნიორი ხდება. სატელეკომუნიკაციო კომპანია  Orange–მა, რომელიც საფრანგეთში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია ქვეყანაში    5G ქსელიდან ჰუავეის პროდუქტების ამოღება დაიწყო.ფრანგული Orange –ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი ჰუავეისთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ და ტრადიციულ პარტნიორებთან – ერიქსონთან  და ნოკიასთან თანამშრომლობას განაგრძობენ. გერმანული დოიჩე ტელეკომი კი აცხადებს, რომ ჰუავეის ტექნიკის გამოყენების და გაყიდვის საკითხს გადახედავს. დოიჩე ტელეკომში სერიოზული დისკუსია აქვთ ჩინელი მწარმოებლისგან ქსელის ელემენტების უსაფრთხოების შესახებ.კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით მათი კომპანიის სტრატეგიაა ტექნიკა სხვადასხვა მომწოდებლისგან შეიძინონ, თუმცა ამჯერად ამ სტრატეგიის გადახედვის პროცესში არიან.

     

    ჩინური კომპანია, რომელიც სმარტფონებს და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს ყიდის აშშ–სა და სხვა ქვეყნებში მზარდ პრობლემებს აწყდება. ქვეყნების ოფიციალურმა სტრუქტურებმა კომპანიები და მომხმარებლები ჰუავეის პროდუქტების გამოყენებისას ნაციონალური უსაფრთხოების პოტენციური რისკების შესახებ გააფრთხილეს. ცოტა ხნის წინ მისი ფინანსური დირექტორის, მენგ ვანჯოუს დაპატიმრებამ ჰუავეის გარშემო დამატებითი კითხვები გააჩინა. მენგი კანადის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა მას ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა ელის აშშ–ში მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურა მას ბრალად სდებს , რომ  კომპანიას ირანის მიმართ სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.

    ევროპული კომპანიების განცხადებებს წინ უძღვოდა SoftBank–ის განცხადება, რომ ის ჰუავეის გადამცემებს საკუთარი ქსელიდან ამოიღებს. SoftBank იაპონიაში სიდიდით მესამე უსადენო ქსელის მფლობელია და მისი ეს გადაწყვეტილება ჰუავეის იაპონურ ბაზარზე სერიოზულ დარტყმას აყენებს.

    ჰუავეისთვის ამერიკული ბაზარი პრაქტიკულად დაკეტილია. ამ ქვეყანაში კომპანიას იურისტები  და ჩინოვნიკები ხშირად ადანაშაულებდნენ რომ ის ჩინეთის მთავრობის გავლენის ქვეშ მუშაობდა. კომპანია ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მისი მფლობელები მისივე თანამშრომლები არიან. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით მათ აპარატურას მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან 46 ენდობა. მაგრამ უსაფრთხოების სამსახურები შეშფოთებულები არიან ჰუავეის ჩართულობის გამო სამომავლო 5G ქსელების აშენების  პროცესში, რადგან მათ აპარატურას ამის შედეგად უამრავ მოწყობილობასთან და ოჯახთან ექნება წვდომა. ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ სატელეკომუნიკაციო კომპანიები გააფრთხილეს, რომ 5G ქსელის მშენებლობისას ჰუავეის აპარატურა არ გამოეყენებინათ. ჰუავეის საკითხს დიდ ბრიტანეთშიც განიხილავენ. ბრითიშ ტელეკომმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის არ შეიძენს ჰუავეის აპარატურას უკაბელო 5G ქსელის მშენებლობისას.

  • კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს – აქცია გურჯაანის სასამართლოსთან

    {{ARTICLEIMAGE}}
    ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს”, პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ავრცელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს. 

    გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გურჯაანში მართავს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია სასამართლოსთან შეიკრიბება და დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

    “მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც სასამართლოში გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველა მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ და იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად, პროცესი როდის იქნება, შევიკრიბეთ გურჯაანის სასამართლოსთან. ვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას – დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში და ამის უფრო და უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი არის”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    “ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გადაკეტილიყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება”,-ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

  • პირი, რომელმაც პროკურორს სანთებელა ესროლა, დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    შსს-მთბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1995 წელს დაბადებული პირი ლ.ბ სასამართლოს უპატივცემლობის ბრალდებით დააკავა. სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა, რამაც მას დაზიანება მიაყენა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ბ. საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, 1995 წელს დაბადებულმა ლ.ბ. სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა. მანდატურებმა ლ. ბ. სასამართლოს ეზოში შეაჩერეს. აღნიშნული პირი პოლიციამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გადაიყვანა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • როგორ აბანდებენ ინვესტიციებს მდიდრები


    დიდი ბრიტანეთი

    ფინანსების სამყარო იცვლება. მილიარდერები სულ უფრო მდიდრდებიან, შუამავლებისგან თავისუფლდებიან და საკუთარ “ოჯახურ ოფისებს“ ქმნიან. ამ ოფისების საშუალებით მდიდრები, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 0.001%–ს მიეკუთნებიან თავად ახორციელებენ ინვესტირებას და გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ხდებიან, რომლის შესახებ ცოტას თუ სმენია. როგორ ახორციელებენ ინვესტირებას სუპერმდიდრები. ამ თემას “ეკონომისტმა“ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

    ოჯახური ოფისები, რომელთა საშუალებით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები საკუთარ სახსრებს აბანდებენ, გლობალური ფინანსური სისტემის ახალი ძალა ხდება. ამ სისტემის შესახებ ცოტას თუ სმენია.

    გაიხსენეთ საინვესტიციო ბიზნესის ზედა ეშელონები და მაშინვე თვალწინ წარმოგიდგებათ პირქუში, ძველმოდური კერძო ბანკები სადღაც ჟენევაში ან ლონდონურ მეიფაერში მარმარილოს ვესტიბიულით და ქალაქგარე სახლების მსგავსი მოლაპარაკების ოთახით, რათა სუპერმდიდრებს თავი იქ ისე ეგრძნოთ, როგორც სახლში. თუმცა ასეთი სურათი უკვე მოძველდა. არსებობს უფრო ზუსტი სურათი: ასობით კერძო შუშის ოფისი კალიფორნიასა და სინგაპურში, რომლებიც ფულს კანადურ ობლიგაციებში, ევროპულ უძრავ ქონებაში და ჩინურ სტარტაპებში აბანდებენ. მათი ზე მდიდარი კლიენტები დღეს პოლიტიკურ შტორმში მთვარეულებივით შეაბიჯებენ ხოლმე.

    ფინასების სამყარო იცვლება. მილიარდერები სულ უფრო მდიდრდებიან, შუამავლებს გვერდს უვლიან და საკუთარ “ოჯახურ ოფისებს“ ქმნიან. ეს არის კერძო საინვესტიციო ფირმები, რომლებიც გლობალურ ბაზრებზე კარგ შესაძლებლობებს ეძებენ. მათ ცოტა ვინმე თუ ამჩნევს, თუმცა საინვესტიციო ბაზრებზე სერიოზულ ძალად იქცნენ. მათ ხელში დაახლოებით ოთხი ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჰეჯ–ფონდები ფლობენ და მოცულობით მსოფლიოს ყველა საფონდო ბაზრის ღირებულების ექვს პროცენტს უტოლდება. პოპულიზმის ეპოქაში ოჯახური ოფისები შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამიტომაც ალბათ გაჩნდება უხერხული კითხვები იმის შესახებ, როგორ მოახერხეს საკუთარ ხელში ძალაუფლების თავმოყრა და რატომ თესავენ უთანასწორობას.

    ეს სულაც არ არის ახალი იდეა. ჯონ როკფელერმა ხომ თავისი ოჯახური ოფისი ჯერ კიდევ 1882 წელს შექმნა. მაგრამ ამ საუკუნეში მათი რაოდენობა ბევრად გაიზარდა. ამერიკაში, ევროპაში, ასევე სინგაპურის და ჰონკონგის მსგავს აზიურ ფინანსურ ცენტრებში ასეთი ოფისები ხუთიდან ათი ათასამდეა. მათი მთავარი ამოცანა ფინანსური აქტივების მართვაა, მაგრამ უფრო მსხვილი ოჯახური ოფისები, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული: საგადასახადო, იურიდიული საქმიანობით და ხანდახან მაღალკომპეტენტური სახლთუხუცესის ფუნქციაც კი შეუძლიათ შეითავსონ – კერძო თვითმფრინავი შეუკვეთონ ან შინაურ ცხოველებს მოუარონ.

    ასეთი ფირმები ძალიან ძვირია, ამიტომაც მათ შექმნას მხოლოდ მათთვის აქვს აზრი, ვისი ქონებაც 100 მილიონ დოლარს აჭარბებს, ანუ მსოფლიო პირამიდის 0.001 პროცენტისთვის. თავის საკუთარ სამთავროებს ქმნიან აზიელი მაგნატები, როგორიც არის მაგალითად ჯეკ მა (Jack Ma) კომპანია “ალიბაბადან“. დასავლეთში ყველაზე მსხვილ ოჯახურ ოფისებს, ისეთებს, როგორიც ინვესტორმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა შექმნა, და როგორებიც მილიარდებს განკარგავენ, უოლ სტრიტულ ფირმებზე ნაკლები ძალაუფლება და გავლენა არ აქვთ. ეს ოფისები კონკურენციას უწევენ ბანკებს და საინვესტიციო კომპანიებს და ზოგჯერ მთლიან ფირმებსაც ყიდულობენ.

    ნებისმიერი საინვესტიციო ბუმი იმ საზოგადოების ანარეკლია, რომელმაც ის შექმნა. მოკრძალებული საპაიო ფონდები 1970–იან წლებში ამერიკული საშუალო კლასის 20 წლიანი კეთილდღეობის შემდეგ შეიქმნა. ოჯახური ოფისების გაძლიერება კი უთანასწორობის მკვეთრ ზრდაზე მეტყველებს. 1980 წლიდან მსოფლიო სიმდიდრის წილი, რომელსაც მოსახლეობის 0.001% განაგებს სამიდან რვა პროცენტამდე გაიზარდა. დივიდენდების ან პირველადი აქციების განთავსებიდან მოგების მიღების შემდეგ ოჯახური ფირმების დამფუძნებლები როგორც წესი მიღებული თანხების ხელახალ ინვესტირებას ახორციელებენ. თუმცა ფინანსური კრიზისის შემდეგ გარე საინვესტიციო მენეჯერების მიმართ ნდობა შემცირდა. მდიდარმა კლიენტებმა იმ საკომისიოების დათვლა დაიწყეს, რომლებსაც კერძო ბანკებსა და მათ არაგონივრულ სტიმულებში იხდიდნენ და გადაწყვიტეს ამ მომსახურებაზე უარი ეთქვათ.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ეს ტენდენცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება. მილიარდერების რიცხვი ძველებურად იზრდება. გასულ წელს მილიარდერთა რიცხვს კიდევ 199 ადამიანი შეემატა. სამყაროს ახალ წესრიგში ის მეწარმეები, რომლებმაც თავისი ფირმები 1990 წლის შემდეგ შექმნეს, როცა მსოფლიოში მკვეთრი ზრდა იყო, დღეს საკუთარი აქციების გასაყიდად და აქტივების გასანაღდებლად ემზადებიან. ამერიკასა და ჩინეთში კი ახალგაზრდა ბიზნესმენებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან სულაც შესაძლოა თავისი კომპანიების აქციები ბაზარზე გამოიტანონ, რის შემდეგაც მათ ნაღდი ფულის ახალი მოცულობა გაუჩნდებათ, რომლის ხელახლა ინვესტირებასაც მოინდომებენ. ამიტომაც ფინანსურ სისტემაში ოჯახური ოფისების ავტორიტეტი და წონა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ასეთი ზრდის პროცესში გაიზრდება ამ ფირმების წინააღმდეგ ბრალდებებიც, თანაც გეომეტრიული პროგრესიით. ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს მთავარი ბრალდება, რომ ოჯახური ოფისები უთანასწორობას ნერგავენ. ისინი შედეგია და არა მიზეზი. ამის მიუხედავად, წუხილები არსებობს და განგაშის მიზეზიც სახეზეა.

    ჯერ ერთი, ოჯახურმა ოფისებმა შესაძლოა ფინანსური სისტემის მდგრადობას შეუქმნას საფრთხე. უკონტროლო მდიდრები და გაუმჭვირვალობა ბაზრებზე ძალიან საშიშია. 1998 წელს 100 მილიარდიანი ჰეჯ–ფონდი სახელწოდებით“კაპიტალის გრძელვადიანი მართვა “ გაკოტრდა, რომელიც სუპერმდიდარი ადამიანების ფულს განაგებდა. ამის კვალდაკვალ ლამის უოლ სთრითი ჩამოიშალა. ბევრი მდიდარი ადამიანი წამოეგო ბერნი მედოფის ანკესზე და მისი პირამიდით მოტყუვდა, რომელიც 2008 წელს დაიშალა. ამის მიუხედავად, თუ ამჟამინდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, ოჯახურ ოფისებს უახლოეს მომავალში კატასტროფა არ ემუქრება. მათი დავალიანების ჯამური თანხა მათი აქტივების ღირებულების 17 პროცენტია, ამიტომაც მათი დავალიანების დონე გლობალური ბაზრების მოთამაშეებს შორის ლამის ყველაზე დაბალია. საბოლოო ჯამში მათ შესაძლოა მასტაბილიზირებელი გავლენაც კი მოახდინონ. მათი სახსრები ათწლეულების მანძილზე საქმეშია ჩადებული და ამიტომაც პანიკას ნაკლებად ექვემდებარებიან, ვიდრე ბანკები და ბევრი ჰეჯ–ფონდი.

    მაგრამ განგაშს სხვა რამე იწვევს: ოჯახურმა ოფისებმა შესაძლოა ინფორმაციაზე, გარიგებებზე და საგადასახადო სქემებზე პრივილეგირებული წვდომა მიიღონ. ეს მათ საშუალებას მისცემს ჩვეულებრივ ინვესტორებზე უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით ამის ნიშნები ნაკლებად არის. კვლევითი კომპანია Campden Wealth–ის მონაცემებით 2017 წელს საშუალოსტატისტიკური ოჯახური ოფისის მოგებამ 16% შეადგინა, 2016 წელს კი 7%. ამის მიუხედავად, მაგნატებს ყოველთვის კარგი კავშირები აქვთ. ოჯახური ოფისები მუდმივად რთულდება. ყოველ მესამეს მინიმუმ ორი ფილიალი აქვს, რის გამოც მათთვის უფრო ადვილია გადასახადებისგან თავის არიდება. ხარბი ბროკერები და ბანკები მზად არიან წითელი ხალიჩები გაუფინონ ოჯახურ ფირმებს და მათთან ისეთი გარიგებები დადონ, რომლებზეც უბრალო ინვესტორებს ხელი არ მიუწვდებათ. ეს ყველაფერი კი ოჯახურ ოფისებს უსამართლო უპირატესობას აძლევს და ისინიც საკუთარ პოზიციებს გაიმყარებენ, შემოსავლებში უთანასწორობის შედეგები კი ბევრად სერიოზული გახდება და კატასტროფას გამოიწვევს.

    მდიდრები ისევ მუშაობენ პრინციპით “აკეთე თვითონ“

    საჭიროა სიფხიზლე. და კიდევ გამჭვირვალობა. რეგულატორები, ფინანსთა სამინისტროები და საგადასახადო ორგანოები ჯერჯერობით მიუჩვევლები არიან ოჯახურ ოფისებთან ურთიერთობას და გამოცდილება არ აქვთ. მათ ისე უნდა მოახერხონ, რომ ამ ფირმებმა დახურული ინფორმაციის გამოყენებით განხორციელებული სავაჭრო ოპერაციებისას წესები დაიცვან, რომ დილერები ერთნაირად ექცეოდნენ კლიენტებს და რომ საგადასახადო პარიტეტი დაცული იყოს. გარდა ამისა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ოჯახურმა ოფისებმა, რომელთა აქტივები მაგალითად 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშები გამოაქვეყნონ. მსოფლიოში, სადაც პრივილეგიებს და ლგოტებს დიდი ეჭვით უყურებენ, ოჯახური ოფისები გამჭვირვალობის ზრდით დაინტერესებულები უნდა იყვნენ. საპასუხოდ კი მათ უფლება უნდა მიეცეთ მშვიდად და დაუბრკოლებლად იმუშაონ. მათ შეუძლიათ ზოგიერთ აქტივების მმართველ კომპანიას დახმარებაც კი გაუწიონ და რამე ასწავლონ. ბევრი მათგანი ხომ იმას ფიქრობს, როგორ შეამციროს ხარჯები და როგორ გათავისუფლდეს შუამავლების მომსახურებისგან.

    სტატიის ორიგინალი

    https://www.economist.com/leaders/2018/12/15/how-the-0001-invest

  • პრემიერმა ახალგაზრდებს მიმართა:ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018”-ის მონაწილე ახალგაზრდებს. მთავრობის მეთაურმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ქვეყნის პროგრესი ახალგაზრდულ ენერგიაზე დგას.

    “ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულ თქვენგანს და ახალგაზრდას ნებისმიერ კუთხეში ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. საქართველოს სჭირდება, ჩვენი ახლაგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. საქართველოს სჭირდება ახალგაზრდული ხედვა ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე, პრობლემების დაძლევის გზებზე და ინოვაციებზე. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდობა და ინოვაცია. სწორედ ამიტომ გვწამს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ის თავდაჯერებულობა საკუთარ ძალებში, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ, გახდება იმის საწინდარი, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროპული სახელმწიფო. მე ამავე დროს მწამს ჩვენი ხალხის და ჩვენი ახალგაზრდების განსაკუთრებული ნიჭის. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს წინაშე მდგარი ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზა გადის განათლების სექტორის წარმატებულ რეფორმაზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებში, უნივერსიტეტებში, რომ საქართველო იყოს წარმატებული. ამ რეფორმის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. სწორედ ამან უნდა უზრუნველყოს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება”, განაცხადა პრემიერმა.

    მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სპორტზე ხელმისაწვდომობა.

    “მინდა დავასრულო იმით, რითაც დავიწყე – ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია”, – მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

    “თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018”-ის საზეიმო დახურვის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
    ფესტივალში, რომელიც მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა, დედაქალაქში არსებული 23 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 30 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

  • ჩარკვიანის მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შსს ახალ დეტალებს ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ უწყება ინფორმაციას ავრცელებს. 28 ნოემბერს და შემდგომ პერიოდში პოლიციამ  სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.


    სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის: ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის – ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა; თბილისში, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

    “სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე გამოძიება შეწყდა, მათ შორის: მცხეთაში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე; ადიგენში ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე; ბათუმში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ ფაქტზე; აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანში, მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე; გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე; ბათუმში, საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე; ბოლნისში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე; რუსთავში, საარჩევნო უბანში, ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონოდ შეჭრისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე; ლაგოდეხში, ოპოზიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე; თბილისში, დიდუბის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანში “წწწ.ონ.გე”-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე; თბილისში, გლდანის რაიონში, საარჩევნო უბანში ფანჯრის მიზნის დაზიანების ფაქტზე. სულ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერები”,წერია შსს-ს ინფორმაციაში.