Category: არქივი

  • როგორ დავიბანოთ ხელები სწორად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქცია (ვიდეო)

    ჰიგიენის წესების დაცვა გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, ინტერნეტში ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად, რომ დავიცვათ ჰიგიენის წესები.

  • შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს აცრის შემდეგაც დაემართოს გრიპი

    {{ARTICLEIMAGE}}
    თუ ავიცერი გრიპი აღარ დამემართება? – ამ საკითხის ირგვლივ მოამზადა სტატია საინფორმაციო პლატფორმა Jamnews-მა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციებს დაეყრდნო.

    შედეგად ირკვევა, რომ ვაქცინა გრიპისგან იცავს არა სრულად, არამედ 60 პროცენტით.

    გრიპი აცრილ ადამიანსაც შეიძლება, დაემართოს და აი რატომ:

    • შესაძლოა, გრიპის ვირუსით აცრამდე ცოტა ხნით ადრე დაინფიცირდით, ან აცრის შემდეგ მალევე (გაიხსენეთ, რომ ანტისხეულების გამომუშავებას ორ კვირა სჭირდება).

    • გარემოში უამრავი გრიპის ვირუსია. ვაქცინის შემადგენლობაში კი მხოლოდ სამი ან ოთხი სახეობა შედის. შესაბამისად, შეიძლება თქვენ შეგხვდეთ გრიპის ვირუსი რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.

    • ავად შეიძლება იმ გრიპის ვირუსითაც გახდეთ, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაშია. არავინ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია 100 პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს.

    დაცვის ხარისხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საუკეთესო შედეგები ამ მხრივ ახალგაზრდებს და ბავშვებს აქვთ.

    ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების იმუნური პასუხი უფრო დაქვეითებულია. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინა დადებით გავლენას ახდენს დაავადების სიმძიმეზე – აცრილ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს გრიპი გადააქვთ უფრო მსუბუქად, ვიდრე აუცრელებს. ისინი უფრო იშვიათად მოხვდებიან საავადმყოფოში და ნაკლებია ლეტალური შედეგის რისკი.

    დასკვნა: მართალია, ვაქცინა არ არის სრულყოფილი საშუალება, მაგრამ არსებულთაგან საუკეთესოა გრიპისგან დასაცავად.

  • გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 22 წლის სალომე ქემაშვილი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ, ბორჯომიდან გადაიყვანეს, რეანიმაციურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის სტუდენტი იყო და ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობდა.

    “ჩვენს კლინიკაში ეს პაციენტი შემოვიდა გრიპის ინფიცირებიდან მეექვსე დღეს, მართვით სუნთქვაზე, უკიდურესად მძიმე ატომიური კომით, უმძიმესი სეპტიური შოკით, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. გრიპი გახდა მიზეზი გართულების, ეს იყო ბაქტერიული ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და მძიმე ბაქტერიული სეპტიცემიის განვითარება თავის ბაქტერიული ენცეფალიტით. პაციენტი იყო უპერსპექტივო, უკიდურესად მძიმე. ვინაიდან დღეს გრიპის 90%-ზე მეტი არის H1N1, ამიტომ დაავადებათა კონტროლში გაგრძელდა კონფირმაციული კვლევა, როგორც ინფორმაციით ვიცი, დადასტურებულია H1N1”,ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

    ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით საავადმყოფოებში 640-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 40-ზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაღუპულია 12 ადამიანი.

  • “ჩემი ოთხფეხა მეგობრებისთვის”:აქცია პარლამენტთან

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას 10 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე გააპროტესტებენ. ასეთი შინაარსის ღონისძიება სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაიგეგმა.

    “ჩვენ ცხოველთა მოყვარულები, ცხოველთა დამცველები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ვერასდროს ვერ შევეგუებით და ვერ გავიგებთ ამ უსამართლობას და ამ ძალადობას, ვერთიანდებით ერთად ჩვენი ოთხფეხა მეგობრისთვის”, წერია ღონისძიების აღწერაში.

    აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციებს გამართავენ, ვიდრე არ გამკაცრდება კანონი და არ დაისჯებიან დამნაშავეები: “ცხოველებისათვის უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ყველას, ვინც ცხოველს შეიფარებს და ყველა უბანში თბილი სახლები დაიდგას”.

    როგორც ცნობილია, 8 იანვარს ბელიაშვილის ქუჩაზე მოქალაქემ ტომარაში გახვეული ძაღლი იპოვა. ძაღლს თავის არეში, სავარაუდოდ, ნაჯახით ჰქონდა მიყენებული დაზიანებები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 259-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.


  • სკოლებში სწავლა, ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი გადაიდო

    {{ARTICLEIMAGE}}

    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, “სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე:


    მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას”.


    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო პროცესის განახლება თბილისის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო.


    “სკოლების მსგავსად, თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება”, აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.


    როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.

  • თიბისი ბანკის საქმე: კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის კამპანიის აგორების საფუძველი არ უნდა გახდეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ბიზნესასოციაცია მისი წევრი კომპანიის – “თიბისი ბანკის” მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

    ბიზნესასოციაციის განცხადებით, “ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტული კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ ე.წ. კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის არ გახდეს კომპანიისა, თუ მისი მესვეურების წინააღმდეგ ცილისმწამებლური და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი კამპანიის აგორების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში”.

    ასოციაციის თქმით, “თიბისი ბანკი”, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული “მოწინავე საჯარო კომპანია”, წარმოადგენს მსოფლიოს ათეულობით განვითარებული ქვეყნიდან ინვესტორთა ინტერესებს საქართველოში.

    “ქართული საბანკო სექტორი დროთა განმავლობაში იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრების, ინვესტორებისათვის და ამ მიღწევას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს იმიჯს.

    საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის იცავდა და დაიცავს მისი წევრი ყოველი კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, იქნება ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის თუ გამოძიება, უნდა წარიმართოს და გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის კანონიერი ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემის გზით”, წერია ასოციაციის განცხადებაში. 

    საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით კი, “თიბისის ბანკის” საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის მაისში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

  • თიბისი ბანკის საქმე: ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი “თიბისი ბანკის” საქმეზე შეფასებას აკეთებს. უგულავას განცხადებით, ფაქტია, “პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით გვამცნობს ამბებს”.

    პოლიტიკოსის აზრით, ისიც ფაქტია, რომ “მამუკა ხაზარაძეს მმართველი პარტიის ლიდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა”: 

    “ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას. ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ფაქტია ეს არ გამოვიდა. ფაქტია რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება. ფაქტია, (მათ შორის წარსული შეცდომების გათვალისწინებით) “ევროპული საქართველო” ერთადერთი პარტიაა, ვისაც არსებითად ესმის, რა არის ბიზნესის და ეკონომიკის თავისუფლება ქვეყნისთვის. სხვა ყველაფერი ამ ეტაპზე სპეკულაციაა”.

  • “გონს მოდით, ნუ მოითხოვთ ისეთ რამეს, რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააქციოს: ნინო ბურჯანაძე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე (ვიდეო)

    “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ უნდა აღიაროს. ბურჯანაძე თვლის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქართველოსთვის დამღუპველი იქნება, რადგან რუსეთის საპატრიარქო საპასუხოდ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს.