რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააფართოვა იმ პირების წრე, რომლებსაც მოუხსნელი ან გაუქარწყლებელი ნასამართლობის მიუხედავად რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლებათ. დოკუმენტი ოთხშაბათს, 22 ივლისს, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცვლილება შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან ნაღდი ფულის, ნარკოტიკების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ბირთვული მასალებისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების კონტრაბანდისთვის.
კანონი გავრცელდება ასევე შემდეგი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებზე:
- დაცულ ობიექტზე უკანონო შეღწევა;
- საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტების უსაფრთხოების წესების დარღვევა;
- ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვა;
- ბირთვული მასალების ქურდობა.
ფრონტზე წასვლას შეძლებენ ასევე ბანდიტიზმისთვის, დანაშაულებრივი გაერთიანების ორგანიზებისთვის, უკანონო მიგრაციის მოწყობისა და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვისთვის მსჯავრდებული პირები.
„ინტერფაქსის“ ცნობით, ეს კანონი მიღებულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 78.1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონთან ერთად.
CSIS: უკრაინაში რუსეთის დანაკარგები დრონების გამო გაიზარდა
ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის, CSIS-ის შეფასებით, 2026 წელს რუსეთის არმია უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით რვაჯერ მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავს.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაღუპულად, დაჭრილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად დაახლოებით 2 მილიონი სამხედრო ითვლება. მათგან დაახლოებით 1,4 მილიონი რუსეთის მხარეს მოდის.
თუ ომის უმეტესი პერიოდის განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების თანაფარდობა დაახლოებით 2:1 ან 3:1 იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში, შეფასებების მიხედვით, ის 8:1-მდე გაიზარდა.
ზოგიერთი მონაცემით, რუსეთის დანაკარგების 90 პროცენტზე მეტი დრონების დარტყმებზე მოდის და არა უშუალო სახმელეთო შეტაკებებზე.


