Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • აუცილებელია თუ არა ნიღაბი?  საფრანგეთი კონცეფციას ცვლის

    აუცილებელია თუ არა ნიღაბი?  საფრანგეთი კონცეფციას ცვლის

    შარფები, ძველი მაისურები და პლასტმასის სახურავებიც კი – ეს ყველაფერი გამოსადეგია. პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქ სოს მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ხერხი მოიფიქრეს თავის დასაცავად და მერის დადგენილების შესასრულებლად: დამცავი ნიღბების ტარება აქ აუცილებელი გახდა. დამრღვევებისთვის კი 38 ევროიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

    “პირადად მე ვთვლი, რომ ჩვენს მთავრობას ყველა მოქალაქე უნდა დაევალდებულებინა ცხვირი და პირი დაიფარონ ქუჩაში გამოსვლისას. მაშინ არ გვექნებოდა პრობლემები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დადგენილებებთან  და სხვადასხვა ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით. თუმცა თუ ცენტრალური ხელისუფლება ამას არ აკეთებს, მე როგორც მერი და ხელმძღვანელი საკუთარ მოვალეობად ვთვლი ასეთი წესი შემოვიღო“– ამბობს ქალაქის მერი ფილი ლორანი.

    ორგანიზაცია  ადამიანის უფლებათა ლიგა თვლის, რომ მერი უფლებამოსილებებს აჭარბებს. უფლებადამცველებმა სასამართლოს მიმართეს, რომელიც მომავალ კვირას განიხილავს, ქონდა თუ არა მერიას ასეთი განკარგულების გამოცემის უფლება და ხომ არ არღვევს ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

    ქალაქის მაცხოვრებლებს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მისი შესრულება სირთულეებს უკავშირდება – ნიღბები არ იშოვება. მათმა ნაწილმა ნიღბების მაგივრად შარფების გამოყენება დაიწყო. თვლიან რომ ეს უსარგებლოა, თუმცა ჯარიმის თავიდან ასაცილებლად გამოდგება.

    სო ერთადერთი ქალაქი არ არის საფრანგეთში, ვინც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მიიღო გადაწყვეტილება. ნიცა და კანი აპირებენ მის მაგალითს მიბაძონ. მთავრობაც , რომელიც ადრე ამბობდა, რომ ნიღბების ტარება სავალდებულო არ არის ახლა უკვე მოუწოდებს მოსახლეობას ინდივიდუალური დაცვის ეს საშუალება გამოიყენონ და საჭიროების შემთხვევაში თვითონაც დაამზადონ.

  • დაბინძურებული ზედაპირებიდან კორონავირუსით დაინფიცირების შანსი მინიმალურია– გერმანელი ვირუსოლოგების დასკვნა

    დაბინძურებული ზედაპირებიდან კორონავირუსით დაინფიცირების შანსი მინიმალურია– გერმანელი ვირუსოლოგების დასკვნა

    ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის და შიდსის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ვირუსოლოგიის პროფესორი ჰენდრიკ სტრიკი მისი  კვლევის ახალი შედეგების შესახებ საუბრობს, რომელიც გერმანიაში, Covid19-ის ეპიცენტრში, ჰეინსბერგში ჩატარდა.

    ბოლო კვირების მანძილზე მისმა გუნდმა სერიოზული კვლევა დაასრულა, რომელიც გამოკითხვებისა და ცდების საშუალებით ჩატარდა ჰეინსბერგის მთელ რეგიონში მცხოვრებ ოჯახებში. ჰეინსბერგში კორონავირუსის 1400–ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის  მოსახლეობა 250 000 ადამიანია.  კორონავირუსით აქ 46 ადამიანი გარდაიცვალა.

    სტრიკის თქმით, ეს კვლევები უკვე გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს, როგორ მუშაობს ვირუსი.

    “არ არსებობს მნიშვნელოვან რისკი, რომ ამ ვირუსით მაღაზიებში შოფინგისას დაინფიცირდეთ. ინფექციის სერიოზული აფეთქებები ყოველთვის იმის შედეგი იყო, რომ ადამიანები დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, მაგალითად წვეულებაზე იშგლში, ავსტრიაში.“

    როგორც მეცნიერი ამბობს,  მათ ასევე ვერ ნახა ვერანაირი ნიშანი, რომ ზედაპირზე “ცოცხალი ვირუსები“ რჩებიან.

     “როდესაც კარის სახელურებიდან, ტელეფონებიდან და ტუალეტებიდან ვირუსის ნიმუშები ავიღეთ, შეუძლებელი იყო ამ ტამპონებიდან ლაბორატორიაში ვირუსის კულტივირება.

    სინამდვილეში იმისათვის რომ ვირუსით დაინფიცირდეთ, საჭიროა ვინმემ მაგალითად საკუთარ ხელში ჩაახველოს, შემდეგ დაუყოვნებლივ მოკიდოს ხელი კარის სახელურს, ამის შემდეგ კი სხვა ადამიანმა მაშინვე მოკიდოს ხელი იმავე სახელურს, შემდეგ კი საკუთარ სახეს შეეხოს“– ამბობს სტრიკი. ამიტომაც ის თვლის, რომ ე.წ. დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებისას ვირუსის გადადების შანსი მინიმალურია.

    ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსი წვეთოვანი ინფექციაა და ჰაერით არ გადადის, ადრე გერმანიის მთავარომა ვირუსოლოგმა, შარითეს კლინიკის ვირუსოლოგმა კრისტიან დროსტენმაც დაადასტურა. ერთ–ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ კორონავირუსი მეტისმეტად მგრძნობიარეა გამოშრობის მიმართ, ამიტომაც ამ ვირუსით დაინფიცირების ერთადერთი გზა “წვეთების ჩასუნთქვაა.“

    ამის მიუხედავად, არსებობს სხვადასხვა დასკვნები იმასთან დაკავშირებით, როგორ ვრცელდება კორონავირუსი.

    აშშ–ს ჯანდაცვის ინსტიტუტის – CDC  და NIH–ის   ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვირუსი ქაღალლდის ზედაპირზე 24 საათი ცოცხლობს, 3 საათი აეროზოლებზე და სამ დღემდე პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე. თუმცა, როგორც გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტი საკუთარ ვებგვერდზე წერს, მსგავსი სამეცნიერო კვლევები ექსპერიმენტულ პირობებში ტარდება, ამიტომაც ისინი ნაკლებად რეპრეზენტატიულია იმის დასადგენად, რა რისკები არსებობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვირუსით დაინფიცირებისთვის.

    ახლა ჰეინსბერგი კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარების ადგილი გახდება, რომელიც ვირუსის გავრცელების და მისი შეკავების შესაძლებლობის შემდგომი სიღრმისეული შეფასებისთვის ჩატარდება. ექსპერიმენტი რეპრეზენტატიული შერჩევის გზით 1000 კაცზე ჩატარდება.

    “ამ უფრო დეტალური კვლევის შედეგები შეიძლება გამოდგეს რეკომენდაციების საფუძვლად ლოქდაუნებიდან ქვეყნების გამოსასვლელი ნაციონალური სტრატეგიების შესამუშავებლად“– ამბობს სტრიკი.

    მნიშვნელოვანია ამ მონაცემების მიღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები ფატებზე დაფუძნებით მიიღება და არა ვარაუდებზე. ეს მონაცემები უნდა გახდეს საბაზისო ინფორმაცია მთავრობისთვის, რათა მათ შეძლონ მოქმედებების შემდგომი გეგმის და კურსის შემუშავება. – ამბობს ის.

    სტრიკის აზრით ჰეინსბერგი იდეალური სიტუაციაა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გასაცემად მთელი დანარჩენი გერმანიისთვის, შესაძლოა მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვისაც კი.

    რაც შეეხება ამჟამად მიღებულ ზომებს, ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია ზოგიერთი ზომის შედეგების პოტენციური ნეგატიური ზეგავლენის გათვალისწინება:

    “ადამიანებმა შესაძლოა სამსახური დაკარგონ. შესაძლოა ვეღარ გადაიხადონ ბინის ფული, სადაც ცხოვრობენ. სახლში დიდხანს გამოკეტვამ კი ჩვენი იმუნური სისტემის დასუსტება შეიძლება გამოიწვიოს.“

    მისი თქმით, მიზანი ვირუსის სრული შეკავება არ არის, არამედ ის, რომ ვიცოდეთ სად გადის ჩვენი საავადმყოფოების შესაძლებლობების ზღვარი. რამდენი ინფიცირებული იქნება მეტისმეტად ბევრი ჯანდაცვის სისტემისთვის და რას ამბობენ ამაზე ინტენსიური თერაპიის ექიმები.

     

    “მნიშვნელოვანია დავიწყოთ  უკანდახევის სტრატეგიაზე ფიქრი“ – ამბობს ის და იმედი აქვს, რომ შეძლებს შესაბამისი ფაქტების დადებას, რათა ადამიანებს ქონდეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღების კარგი საფუძველი.

    სავარაუდოდ Covid19-ის “ ჰაინსბერგის თემატური კლასტერული კვლევის“ საბოლოო შედეგები მომავალი კვირისთვის იქნება მზად.

  • “ეს სრული უაზრობაა“– გერმანელები თვლიან, რომ ქუჩების მორეცხვას კორონავირუსთან საბრძოლველად მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს

    “ეს სრული უაზრობაა“– გერმანელები თვლიან, რომ ქუჩების მორეცხვას კორონავირუსთან საბრძოლველად მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს

    ბოლო დროს თბილისის და საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა დაიყო. თბილისის მერია  ამას “კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესს “უწოდებს. რამდენად გონივრულია ქუჩების სავალი ნაწილის თუ ტროტუარების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა და რამდენად გამართლებულია ეს ხარჯები? ქუჩების დეზინფექციას კორონავირუსის გავრცელების შემდეგ  თავდაპირველად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც აკეთებდნენ,  თუმცა ბოლო დროს მსგავს პროცედურას ნაკლებად შეხვდებით, რადგან დღეს მსოფლიომ ბევრად მეტი იცის ვირუსის შესახებ, ვიდრე თავიდან და ქუჩების მორეცხვის აბსურდულობაც დადგენილია. მაგალითად, ქუჩების დეზინფექცია კორონავირუსთან საბრძოლველად არასოდეს ჩაუტარებიათ გერმანიაში, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ერთ–ერთი მოწინავეა. ეს ქვეყანა პირველი დღიდან მიზანდასახულად ებრძვის ეპიდემიას ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებით, შეზღუდვის ზომებით, მასობრივი ტესტირებით, პარალელურად მუდმივი კვლევებით და წარმატებასაც აღწევს. მას ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

    გერმანია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე უკვე წარმატებით კონტროლდება და იმართება. ამის დასტურია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ კვირის თითოეულ დღეს უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლად ინფიცირებული პაციენტების რიცხვი.4 მაისიდან გერმანია ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას,

    პროფესორი კრისტიან დროსტენი ბერლინის შარიტესთან არსებული ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც გერმანიაში ყველაზე ავტორიტეტული ვირუსოლოგია, კოვიდ-19 ბრძოლის საკითხში გერმანიის მთავრობის ერთერ-ერთი მრჩეველია და  ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტია არა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით.

    ის ამბობს, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტებით არის მოტივირებული, როდესაც სატვირთო მანქანები ქუჩაში სადეზინფექციო საშუალებებს აფრქვევენ, რადგან ადამიანები სასოწარკვეთილი ცდილობენ რაიმე ფორმით მაინც შებრძოლონ ეპიდემიის გავრცელებას.

    გერმანიის სამხრეთ–დასავლეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, SWR–ის სამეცნიერო გამოცემა კი ქუჩების დეზინფექციას მასალას უძღვნის, რომელშიც გამოცემის– SWR SCIENCE–ის რედაქტორი, ანა ბრაუნი საუბრობს, რამდენად აზრიანია კორონავირუსთან საბრძოლველად ქუჩების დეზინფექცია:

    “კონკრეტულად რას შეიცავს ეს სითხე, რომელსაც ცარიელ ქუჩებში აფრქვევენ:

    ასეთ დრის ხშირად გამოიყენება ოქსიდანტები – მაგალითად, გაზავებული წყალბადის ზეჟანგი, რომელიც სწრაფად იშლება გარემოში, ან ძმარმჟავა. ამ საშუალებებს ჩვეულებრივ, იყენებენ სასმელი წყლის გამწმენდ სისტემებში და შესაბამისად ისინი უვნებელნი არიან.

    იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში  ქუჩების დეზინფექციის მიზნით და ვირუსის გასაუვნებელყოფად ქუჩებსა და მოედნებზე ქლორიანი ნაზავიც კი გამოიყენეს, თუმცა  ესეც მეტწილად უვნებელია როგორც ადამიანებისათვის, ასევე ბუნებისთვის.

    გერმანია  ვირუსის გავრცელებისთან ბრძოლის სხვა ზომებს ეყრდნობა .

    აქედან ბუნებრივია შეკითხვა:

    აქვს თუ არა საერთოდ  აზრი ქუჩებისა და შენობების ფასადების დეზინფექციას:

    გერმანელი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სრული უაზრობაა. ვირუსის გავრცელება   ხდება ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე. თავად ვირუსი  კი დიდხანს გარემოში ვერ ძლებს. არსებობს კვლევები ვირუსის სიცოცხლის უნარიანობის  ვადებზე მაგრამ ლაბორატორიულ პირობებში. თავისთავად ცხადია, ასეთ პირობებში იგი უფრო მეტხანს ინარჩუნებს სიცოცხლის უნარიანობას, ვიდრე ღია სივრცეში, ჰაერში, მზეში, ქარში ან წვიმაში. ასეთ პირობებში ახალი ტიპის კორონა-ვირუსს დაავადების გამოწვევისათვის საჭირო აქტიურობის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი აქვს.

    ცნობილია, რომ ვირუსი ასევე გადადის კანთან კონტაქტით. ასეთი რამ ქუჩასა და საზოგადოებრივ ადგილებში ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია და მაშინაც კი, თუკი იგი ადამიანის ხელზე მოხვდება, ვირუსების რაოდენობა ჩვეულებრივ იმდენად მცირეა, რომ მათ არ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს თეორიული რისკი, მაგრამ ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

    ჰიგიენოლოგების აზრით, უფრო გონივრული იქნება დეზინფექცია ისეთ  ადგილებში ჩატარდეს, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება. მაგალითად ბარებში,  ავტობუსებში, მატარებლის სადგურებსა თუ მოსაცდელ ოთახებში. ასევე აზრიანია  კარის სახელურების ან ლიფტების ღილაკების დეზინფექცირება.

    მაშინ რატომ აფრქვევენ ასე უხვად ამ ხსნარებს:

    ეს ნამდვილად ერთგვარი აქციონიზმია – ამით  სახელმწიფოები ცდილობენ ადამიანებს დაანახონ, რომ რაღაცას აკეთებენ კორონას წინააღმდეგ ბრძოლაში. სამხრეთ კორეაში ხელისუფლებამ თქვა, რომ ზომები მიიღება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავი უფრო დაცულად იგრძნონო.

    ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს პანდემიის სტანდარტული რეპერტუარის ნაწილი. თუმცა ძალა და ენერგია შეიძლება უფრო გონივრულად იქნას გამოყენებული, მაგალითად ჯანმრთელობის სისტემის მხარდასაჭერად.“– წერს გამოცემა.

  • ამერიკული მედია ეჭვობს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და არა ბაზრობიდან

    ამერიკული მედია ეჭვობს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და არა ბაზრობიდან

    აშშ–ს სადაზვერვო სამსახურები ამოწმებენ ვერსიას იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა მსოფლიოში ჩინეთში, უხანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამერიკული ტელეარხების ინფორმაციით, ანალიტიკოსები შემთხვევითობის ვერსიისკენ იხრებიან და ეჭვით უყურებენ ვირუსი ხელოვნურად შექმნისა და სპეციალურად გავრცელების ვერსიას. ამის მიუხედავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ინფექციის შესახებ სრული ინფორმაცია არ გაამჟღავნა.

    გამოძიების დაწყებას ამ კვირაში ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულმა სტატიამ უბიძგა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელი დიპლომატები ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოხატავდნენ ეჭვებს უხანის ლაბორატორიის უსაფრთხოების შესახებ, სადაც გამოცემის მონაცემებით სწორედ კორონავირუსების ჯგუფს იკვლევდნენ.

    აშშ–ს მოკავშირეები ასეთ განცხადებებს სიფრთხილით ეკიდებიან, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ჩინეთს უსიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

    დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი თვლის, რომ აუცილებელია ძალიან ღრმა ანალიზი და გაკვეთილების სწავლა, მათ შორის ეპიდაფეთქების თავდაპირველ მიზეზებთან დაკავშირებით.

    “ჩვენ ამას ვერ გავექცევით. და ამ საქმეს სათავეში მეცნიერება უნდა ჩაუდგეს. უკვე ვამბობდი, რომ იმის გარკვევას, ზუსტად როგორ დაიწყო აფეთქება და როგორ უნდა აღვკვეთოთ მსგავსი რამ მომავალში, ჩვენ მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევეცდებით, მათ შორის ჯანმოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან“– თქვა მან.

    მსგავს კითხვებს ევროპის ბევრი ქვეყნის ლიდერი სვამს. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ეჭვები ფაინენშელ თაიმსის ჟურნალისტებს უთხრა.

    ჩინეთში კი ლაბორატორიული, თუნდაც შემთხვევითი კვალის არსებობას უარყოფენ, რომ აღარაფერი ვთქვათ განზრახ ქმედებაზე და დასავლელი ჟურნალისტების ინფორმაციებს ცილისწამებას უწოდებენ.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჩაო ლიცძიანი ამბობს:

    “რაც შეეხება ახალი კორონავირუსის წარმოშობას და გავრცელების გზებს, ჩინეთის პოზიცია მკაფიოა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სუფთა სამეცნიერო საკითხია, რომელიც მეცნიერების და გამოცდილი ექიმების პროფესიონშალურ მიდგომას მოითხოვს. ჯანმოს ხელმძღვანელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არ არსებობს ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობის მტკიცებულებები“.

    ის კი არა, ჩინეთის ოფიციოზი დღემდე ხშირად ამბობს იმას, რომ ახალი კორონავირუსის გენომი მეტყველებს, რომ ის უხანში არ გაჩენილა და იქ რაღაც გზებით მოხვდა.

     

     

  • ფსიქოზი, აშლილობა და უიმედობა– რას განიცდიან Covid19-ით დაინფიცირებულები რეანიმაციაში და მისი დატოვების  შემდეგ

    ფსიქოზი, აშლილობა და უიმედობა– რას განიცდიან Covid19-ით დაინფიცირებულები რეანიმაციაში და მისი დატოვების  შემდეგ

    პანდემიის გამო მთელ მსფოფლიოში რეანიმაციებში იმაზე მტი პაციენტი ყავთ, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. პაციენტების სიცოცხლისთვის სასუნთქი აპარატების საშუალებით იბრძვიან და მათ სუნთქვაში და სხვა უმარტივესი ფუნქციების შესრულებაში ეხმარებიან. პარალელურად კი მედიკამენტებით მკურნალობენ.

    ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო დამტკიცებული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი მკურნალობის მთავარი საფუძველი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაა, სანამ იმუნური სისტემა ვირუსს ებრძვის.

    თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ ვირუსის დამარცხება ხანგრძლივი აღდგენითი პროცესის მხოლოდ დასაწყისია.

    რეანიმაციიდან გამოწერილი პაციენტები რთულ გზას გადიან, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს ყველაფერი კი მათ ფსიქიკაზე ღრმა კვალს ტოვებს.

    რეანიმაციაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ პაციენტებს ხშირად ფიზიოთერაპია ჭირდება, რათა სიარული, ზოგჯერ კი სუნთქვა ისწავლონ.

    რეანიმაციიდან გამოწერილ პაციენტს შეიძლება ფსიქოზი განუვითარდეს, ის შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ეფექტს.

    რაც უფრო დიდხანს იმყოფება პაციენტი რეანიმაციაში, მით უფრო დიდი დრო ჭირდება იმისათვის, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეს.

    “როცა ადამიანი რეანიმაციაში ხვდება, ეს მოვლენა მის მთელ ცხოვრებას ცვლის. ეს ძალიან ძვირად უჯდება, თუნდაც გამოჯანმრთელდეს. როცა ავადმყოფები გონზე მოდიან, იმდენად  სუსტად არიან, რომ ხშირად დამოუკიდებლად წამოჯდომაც არ შეუძლიათ. ბევრს საწოლიდან ხელის აწევაც კი არ შეუძლია“– ამბობს დევიდ ჰეპბერნი, უელსის Royal Gwent Hospital–ის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმ– კონსულტანტი.

    თუ მკურნალობის პერიოდში ინტუბაცია ან მილით კვება გახდა საჭირო,  პაციენტს შეიძლება ყლაპვის და ლაპარაკის პრობლემა გაუჩნდეს.

    “ბევრს პოსტტრავმული სტრესი უჩნდება, პრობლემები გარეგნობასთან დაკავშირებით და  სირთულეები გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში უკეთ ხდებიან, თუმცა პროცესი შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს. საჭიროა ფიზიოთერაპევტების, ლოგოპედების, ფსიქოლოგების და ექთნების მთელი არმია, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. “ – ამბობს ექიმი. მისი თქმით, რეანიმაციაში გატარებული დრო შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ყურადღება ჭირდება.

    რეანიმაციის შემდეგ ფსიქოზი ან დელირია (ლათ. deliro ვგიჟდები)- ცნობიერების აშლა, ბოდვა, რომელსაც თან სდევს ხშირი (უმთავრესად მხედველობითი) ჰალუცინაციები, აღინიშნება სულით ავადმყოფებში, ზოგიერთი მოწამვლის, ინფექციის, თავის არეში ჭრილობის და სხვ. დროს.) ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთი შეფასებით ის პაციენტების მესამედიდან მეოთხედამდე ემართება, რომლებმაც ინტენსიური თერაპიის პალატაში გაიარეს.

    ეს ფენომენი დიდი ხანია ცნობილია და მრავალჯერ აღწერილი. მკვლევარებს ბევრი ვერსია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ასე – თავად დაავადების შედეგად, ტვინში ჟანგბადის უკმარისობის გამო, ნარკოზის და დამამშვიდებელი პრეპარატების გვერდითი ეფექტის შედეგად თუ სხვა მიზეზებით.

    ფაქტია, რომ “რეანიმაციული ფსიქოზი“ არსებობს, თუმცა მასზე ნაკლებად საუბრობენ. პაციენტები შიშობენ, რომ თუ საკუთარი შეგრძნებების შესახებ ილაპარაკებენ გიჟებად ჩათვლიან.

    რაც არ უნდა კვალიფიციური და გამოცდილი იყოს რეანიმაციის პერსონალი, ეს ადგილი ყოველთვის სტრესით არის სავსე.

    “რა ტიპის წამებაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ, ყველა მათგანისგან გამოწვეულ ტკივილს განიცდიან ადამიანები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“ ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რეანიმატოლოგიის კათედრის პროფესორი ჰიუ მონტგომერი გარდიანთან ინტერვიუში.

    მაგალითად, პაციენტი შეიძლება გააშიშვლონ და შიშველს მოუწიოს წოლა ყველას თვალწინ. მათ მუდმივად ესმით საგანგაშო ხმები, სხვების კვნესა, ძილი შეიძლება სამედიცინო პროცედურით შეაწყვეტინონ. ისინი დეზორიენტირებულები და შეშინებულები არიან.

    გასაკვირი არ არის, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ პაციენტები და მათი ოჯახის წევრებიც კი პოსტრეანიმაციული სტრესისგან იტანჯებიან.

    ფიზიოლოგიურ დონეზე კი მას შედეგ, რაც დიდი ხნის მანძილზე ორგანიზმის ძირითად ფუნქციებს აპარატები ასრულებდნენ, სხეულის ფაქტიურად ახლიდან უწევს ყველაფრის სწავლა, კუნთები ატროფირებული და დასუსტებულია.

    ამერიკის ჯეონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ყოველდღიურად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კუნთების ძალის 3–დან 11%–მდე კარგავს და ეს ეფექტი გამოწერის შემდეგ მინიმუმ ორი წელი გრძელდება.

    კორონავირუსით დაინფიცირებულ ბევრ პაციენტს ფილტვების ვენტილაციის აპარატს უერთებენ. ის პაციენტის ფილტვებს ჟანგბადს აწვდის და იქიდან ნახშირმჟავა გაზს ექაჩება მაშინ, როცა მათ დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლიათ.

    პაციენტები ღრმა ნარკოზის მდგომარეობაში ჟანგბადს მილით იღებენ, რომელიც ნიღაბზეა შეერთებული. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ინტუბაცია – მილის ტრაქეაში ჩასმა, რაც ყელის არეში ჭრილობას ითვალისწინებს. ეს მეთოდი დამატებით გართულებებს იწვევს.

    როგორც წესი, ინგლისი, უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაში რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტები იქ საშუალოდ 4–5 დღეს ატარებენ.

    თუმცა 4 აპრილის სტატისტიკის მიხედვით 2249 პაციენტიდან ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მხოლოდ 15% გაწერეს, დაახლოებით ამდენივე გარდაიცვალა, 1600 ადამიანი კი კვლავ რეანიმაციაში დარჩა.

    რეანიმაციის სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ბრიტანეთში როგორც გაირკვა, კორონავირუსით დაინფიცირებული და  აპარატთან შეერთებული პაციენტების 67% გარდაიცვალა. ჩინეთში კი ადგილობრივი კვლევით “ვენტილატორთან“ შეერთებულთა მხოლოდ 14% გადარჩა.

    61 წლის ჰილტონ მიურეი–ფილიპსონი აპარატს დაავადების პიკზე შეუერთეს. მას კორონავირუსის სიმპტომები მძიმე ფორმით ქონდა გამოვლენილი. მილით კვების გამო მან წონის 15% დაკარგა. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ კი სიარული ახლიდან ისწავლა.

    ის ამბობს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, ჯერ ჯდომას სწავლობდა, შემდეგ კი სიარულს. თუმცა მანამდე ჭამაც პრაქტიკულად ახლიდან ისწავლა. ის ლესტერის საავადმყოფოს უმძიმესი პაციენტი იყო, რომელიც საავადმყოფოს თანამშრომლებმა გამოჯანმრთელების შემდეგ გაწერისას აპლოდისმენტებით გააცილეს.

  • ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს საუკეთესოდ გაუმკლავდნენ ქალები მართავენ. ფორბსის სტატია

    ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს საუკეთესოდ გაუმკლავდნენ ქალები მართავენ. ფორბსის სტატია

    გამოცემა ფორბსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე კარგად გაართვეს თავი კორონავირუსთან ბრძოლას, ქალები მართავენ. გამოცემას შვიდი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს და წერს:

    “თუ ეძებთ კრიზისის პირობებში ნამდვილი ლიდერობის მაგალითებს, ისლანდიიდან ტაივანამდე და გერმანიიდან ახალ ზელანდიამდე, ქალები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ კაცობრიობის ოჯახზე გაჩენილ შავ ლაქას. დაუმატეთ ფინეთი, ისლანდია და დანიაც და ეს პანდემია დაგარწმუნებთ, რომ ქალები  მიზანს აღწევენ, როცა ჩვენს სახელმწიფოებში ტემპერატურა იწევს. ბევრი იტყვის, რომ ესენი არიან პატარა სახელმწიფოები, კუნძულები, ან სხვა ტიპის გამონაკლისები, მაგრამ გერმანია დიდი და წამყვანი ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთი კი კუნძული სრულიად განსხვავებული შედეგებით. ეს ლიდერები ძალაუფლების ფლობის ალტერნატიულ, მიმზიდველ გზას გვთავაზობენ. რას გვასწავლიან ისინი?

    გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ყველაზე ადრე გამოფხიზლდა და მშვიდად უთხრა თავის მოქალაქეებს, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა და შესაძლოა მოსახლეობის 70% დაინფიცირებულიყო. მან მოუწოდა მოქალაქეებს, სერიოზულად მოკიდებოდნენ ამ ამბავს და თვითონაც სერიოზულად მოეკიდა. ტესტირება თავიდანვე დაიწყო. გერმანიამ უარყოფის, განრისხების, თვალთმაქცობის ფაზები  გამოტოვა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მის მეზობლებში. და არსებობს ყველა ნიშანი, რომ გერმანია შეზღუდვების მოხსნას სხვებზე ადრე დაიწყებს.

    ერთ–ერთი, ვინც ყველაზე სწრაფად გადადგა პირველი ნაბიჯები ტაივანის ლიდერი ცაი ინ ვენი იყო. ჯერ კიდევ იანვარში, ახალი დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მან მიიღო 124 ზომა დაავადების გავრცელების ბლოკირებისთვის, მათ შორის ნაკლებად იყო ის ზომები, რაც სხვა ქვეყნებში მოგვიანებით შემოიღეს. ამჟამად ის 10 მილიონ დამცავ ნიღაბს უგზავნის აშშ–ს და ევროპას. ცაიმ მოახერხა ის, რასაც სიენენმა “მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო“ უწოდა ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით და მოახერხა მისი გაკონტროლება. მის ქვეყანაში დღემდე მხოლოდ ექვსი გარდაცვალება დაფიქსირდა.

     

    ახალი ზელანდიის ლიდერმა, ჯასინდა არდენმა დროულად მიიღო შეკავების ზომები, გამოაცხადა განგაშის მაქსიმალური დონე და ქვეყანა ჩაკეტა. მან თვითიზოლაციაში ყოფნა დაავალდებულა ქვეყანაში შემსვლელებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალ ზელადნიაში სულ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მალევე სრულად აკრძალა უცხოელების შესვლა. მისმა მკვეთრმა ნაბიჯებმა და მკაფიო კურსმა ახალი ზელანდია შტორმისგან დაიცვა. ამ დროისთვის ახალ ზელანდიაში კორონავირუსისგან მხოლდ 9 გარდაცვლილი ყავთ. ტესტირების მაჩვენებლითაც ქვეყანა ერთ–ერთი ლიდერია.

    ისლანდიის პრემიერმა,  კატრინა იაკობსდოტირამ მოახერხა, რომ  რომ ისლანდიის ყველა მოქალაქისთვის ტესტირება უფასო და ხელმისაწვდომია.  ისლანდია თვალსაჩინო მაგალითი და შემთხვევა გახდება Covid19-ის სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებლის შესასწავლად. აქ უკვე მოსახლეობის 10%–ზე მეტი გაიტესტა. ქვეყნების უმეტესობა ტესტირებას მხოლოდ აქტიურ სიმპტომებიან ადამიანებს უტარებს. ისლანდია კი სხვა გზით მიდის. მან უკვე დატესტა პროცენტულად მოსახლეობის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე სამხრეთ კორეამ და წარმატებით ახორციელებს გამოვლენის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არც საყოველთაო კარანტინი სჭირდება და არც სკოლების დახურვა.

     

    სანა მარინი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური გახდა მსოფლიოში, როცა გასული წლის დეკემბერში ის ფინეთის ლიდერად აირჩიეს. ალბათ მართლაც ახალი თაობის ლიდერი იყო საჭირო განსხვავებული მიდგომებისთვის, მაგალითად იმისთვის,  რომ ახალი კორონავირუსის კრიზისისას ბრძოლაში საკვანძო აგენტებად სოციალური მედიის ინფლუენსერები გამოეყენებინა.

    ფინეთში გააცნობიერეს, რომ პრესას ყველა არ კითხულობს და ნებისმიერი ასაკის ინფლუენსერს იყენებენ სოციალური ქსელებით თუ სხვა საშუალებებით ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გასავრცელებლად და პანდემიის სამართავად.

    დანიამ პრემიერ მინისტრ მეტე ფრედერიკსენის მეთაურობით მოხერხა ის, რომ ამ კვირას იქ უკვე სწავლა იწყება, საკარანტინო ზომები მსუბუქდება და ექსპერტების ვარაუდით დანია იქნება ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ეკონომიკის რეაბილიტაციას შეძლებს.

     

    ნორვეგიის პრემიერ–მინისტრს, ერნა სოლბერგს ეკუთვნის ნოვატორული იდეა  ნორვეგიელ ბავშვებთან პირდაპირი ურთიერთობისთვის ტელევიზია გამოეყენებინა.

    მან გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ზრდასრულები არ დაიშვებოდნენ. სოლბერგი აუჩქარებლად პასუხობდა ბავშვების კითხვებს და უხსნიდა, რატომ არის მაგალითად ნორმალური, როცა თავს შეშინებულად გრძნობ.

    ფორბსი აღფრთოვანებით წერს ქალი ლიდერების ნოვატორობაზე, ორიგინალურობაზე, მათ მიერ სიყვარულით გაკეთებულ საქმეზე,  სითბოზე, თანაგრძნობაზე და მზრუნველბაზე,  რომელსაც ისინი კრიზისის დროს ასხივებდნენ.

    ფორბსი წერს, რომ მეტი ქალი ლიდერი მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ჰუმანურ ინოვაციას მოგვიტანდა.

    ფორბსი ამ ლიდერების და მათი ისტორიების შედარებას გვთავაზობს იმ ლიდერებთან, რომლებიც კრიზისებს ავტორიტარიზმის გასამყარებლად იყენებენ: ყველაფერს სხვებს აბრალებენ, იტაცებენ სასამართლო ორგანოებს, ეწევიან ჟურნალისტების დემონიზაციას, ებღაუჭებიან მარადიულ ძალაუფლებას. ამ ლიდერების ჩამონათვალში მოხვდნენ ტრამპი, ბოლსონარო, ობრადორი, მოდი, დუტერტე, ორბანი, პუტინი, ნეთანიაჰუ.

     

    ფორბსი წერს, რომ კარგი იქნებოდა მამაკაც ლიდერებს ქალებისგან აეღოთ მაგალითი და მათგან ესწავლათ ლიდერობისთვის აუცილებელი თვისებები.

  • “ინფორმაციის ადრეული გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას,”-საუთჰემპტონის უნივერსიტეტი

    “ინფორმაციის ადრეული გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას,”-საუთჰემპტონის უნივერსიტეტი

    რატომ ვერ შეიტყო მსოფლიომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ გაცილებით ადრე? ამ საკითხზე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მსჯელობს და მიმდინარეობს კვლევა. სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ გაცილებით ადრე შეიტყობდა, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

    საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, ვირუსის გავრცელების ექფექტური შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე იქნებდა ხელმისაწვდომი.

    “უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ ინფორმაციას ერთი, ორი ან სამი კვირით ადრე შეიტყობდა, შესაძლებელი იქნებოდა დაინფიცირების მაჩვენებლის 66, 86 ან სულაც 95%-ით შემცირება. ინფორმაციის ადრეულ პერიოდში გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას. იმ შემთხვევაში თუ ვირუსის შესახებ ინფორმაცია დაგვიანდებოდა ერთი, ორი ან სამი კვირის განმავლობაში, დღეს მონაცემები 3-ჯერ, 7-ჯერ ან 18-ჯერ მეტი იქნებოდა,”- წერია კვლევაში, რომელსაც ბრიტანული, საუთემპტონის უნივერსიტეტი ვებგვერდზე ავრცელებს.

    ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 1 800 000–მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 100 000 გადააჭარბა.

    ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია – ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

    163 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა ესპანეთში, იტალიაში კი 152 000. საფრანგეთში, ამ დროისთვის, 129 000 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გერმიანიაში კი 124 000.

    ამ დრომდე, ახალი კორონავირუსის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, ვანუატუდან, სამოადან, კირიბატადან, ნაურუდან და კიდევ 20-მდე სხვა ქვეყანიდან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ – სამხრეთ კორეა

    კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ – სამხრეთ კორეა

    პარასკევს სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 91 პაციენტს, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან განკურნებულად ითვლებოდნენ, ტესტმა კვლავ დადებითი შედეგი უჩვენა.

    კორეის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, ჩონ ენ კიონმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლოა მოხდა ვირუსის “რეაქტივაცია“ და არა პაციენტების რეინფიცირება.

    სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაურკვეველია, რა იმალება ამ ტენდენციის უკან. ეპიდემიოლოგიური კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.

    კორონავირუსით ადამიანების ხელმეორედ დაინფიცირების პერსპექტივა საერთაშორისო დონეზე შეშფოთებას იწევს, რადგან ბევრ ქვეყანას იმედი აქვს, რომ მოსახლეობის დაინფიცირებულ ჯგუფებში საკმარისი იმუნიტეტი გამომუშავდება, რათა პანდემიის განმეორებას ხელი შეუშალოს.

    თუმცა სამხრეთ კორეის მონაცემები შესაძლოა საწინააღმდეგოს მეტყველებდეს.

    “რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, 91 პაციენტი– ეს მხოლოდ დასაწყისია“– ამბობს კორეის უნივერსიტეტის  ინფექციური დაავადებების პროფესორი კიმ ვუ ჯუ.

    სამხრეთ კორეელი სპეციალისტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ეს არა განმეორებითი ინფიცირება, არამედ ვირუსის რეაქტივირება იყოს.

    ზოგი ექსპერტი თვლის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ტესტების მცდარ შედეგებთან, ანდა ვირუსის კვალი უბრალოდ პაციენტის ორგანიზმში შემორჩა, თუმცა ისინი აღარ არიან გადამდებები და სხვებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

    მოკლედ, არსებობს ამ სიტუაციის სხვადასხვა ინტერპრეტაცია და საბოლო პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.

    სამხრეთ კორეამ პარასკევს 27 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ეს არის ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელი. ყველაზე მაღალი ამ ქვეყანაში თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა – 900 ახალი ინფიცირებული დღეში. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 10450 –ს შეადგენს. დაახლოებით 7000 სამხრეთ კორეელი კოვიდ 19–ისგან უკვე განიკურნა.

     

    გარდაცვლილია 211 ადამიანი.

  • აშშ–ში Covid19-ით შავკანიანები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე თეთრკანიანები. რა არის მიზეზი

    აშშ–ში Covid19-ით შავკანიანები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე თეთრკანიანები. რა არის მიზეზი

    აფროამერიკელების პროცენტი კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შორის აშშ–ში არაპროპორციულად მაღალია და ბევრად აღემატება მათ წილს მთლიანად ქვეყნის მოსახლეობაში. ასეთია მონაცემაბი რამდენიმე ამერიკული შტატიდან.

    Covid-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რასობრივი შემადგენლობის შესახებ სრული სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს. დაავადებათა კონტროლისა და ბრძოლის ფედერალური ცენტრები ჯერჯერობით მსგავს მონაცემებს  არ აქვეყნებენ,  არ გამოუქვეყნებიათ მონაცემები მთელი რიგი შტატების ხელისუფლებებს მრავალრიცხოვანი აფროამერიკული მოსახლეობით და დაავადებულთა დიდი რაოდენობით, მათ შორის ნიუ იორკის, კალიფორნიის, ნიუ ჯერსის და ვაშინგტონის შტატებს.

    თუმცა, ფაქტია, რომ ის ქალაქები, სადაც ბევრი აფროამერიკელი ცხოვრობს, მაგალითად დეტროიტი, მილუოკი, ახალი ორლეანი და ნიუ იორკი პანდემიის ეპიცენტრებად იქცნენ.

    გარდა ამისა, მაგალითად ილიონოისის შტატის სტატისტიკის მიხედვით ამ შტატის მეგაპოლისის, ჩიკაგოს მაგალითზე ჩანს,  რომ ახალი კორონავირუსით შავკანიანი მოსახლეობა ბევრად მეტად  ზარალდება. ჩიკაგოს მაცხოვრებელთა შორის შავკანიანი მოსახლეობა 30%–ს შეადგენს, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულებს შორის ნახევარი შავკანიანია, გარდაცვლილთა შორის კი მათი წილი 70%–ს შეადგენს. ილინოისში მთლიანად შაკანიანი მოსახლეობა 15%–ს შეადგენს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის  მათი წილი 28%, გარდაცვლილთა შორის კი 43%–ს აღწევს.

    New York Times–ის ინფორმაციით   ანალოგიური სურათია ვისკონსინის, მიჩიგანის, ლუიზიანას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში.

    მიჩიგანი გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით მხოლოდ ნიო იორკის შტატს და ნიუ ჯერსის თუ ჩამორჩება. აფროამერიკელები მისი მოსახლეობის 14%–ს შეადგენენ. დაინფიცირებულთა შორის კი აფროამერიკელები მესამედს, გარდაცვლილთა შორის კი 40%–ს შეადგენენ.

    Washington Post წერს, რომ ამ შტატში გარდაცვლილთა მეოთხედი დეტროიტზე მოდის, სადაც  მოსახლეობის 79% აფროამერიკელია.

    Washington Post–თან ინტერვიუში ჩიკაგოს ჯანდაცვის კომისარი, ელისონ არვადი აღნიშნავს, რომ ქალაქის შავკანიანი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9 წლით უფრო მცირეა, ვიდრე თეთრკანიანი ჩიკაგოელებისა.

    მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ჩიკაგოს შავკანიან მოსახლეობაში დიაბეტით დაავადების შემთხვევები ორჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში, ფილტვების დაავადებისგან გარდაცვალების შემთხვევები კი 20%–ით მაღალია.

    ყოველ მეხუთე აფროამერიკელს ჩიკაგოში მომატებლუი სისხლის წნევა აქვს, რაც ჩიკაგოს თეთრკანიანი მოსახლეობის მაჩვენებელზე მეოთხედით მეტია.

    ეს ყველაფერი რისკის ფაქტორებია,  რომლებიც სტატისტიკურად კორელაციაშია კოვიდ19–ის დაავადების მძიმედ მიმდინარეობასთან.

    ბიბისი წერს, რომ ქრონიკული დაავადებების ხშირი შემთხვევები აფროამერიკულ თემაში სიღარიბის შედეგია, რომელიც ათწლეულობის მანძილზე რასობრივმა დისკრიმინაციამ განაპირობა.

    სიღარიბის გამო ბევრ შავკანიანს არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების თანხის გადახდა, ამასთან ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი ექიმები ხშირად ყურადღებით არ ეკიდებიან შავკანიანი პაციენტების ჩივილებს.

    “ამ თემის ცხოვრების პირობები, სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხვრელები, არათანაბარი წვდომა განათლებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე, და ბოლოს, სისტემური, ინსტიტუციონალური რასიზმი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე უთანასწორობას იწვევდა, Covid19-თან დაკავშირებულ სიტუაციაზე აისახა“– ციტირებს არვადის გამოცემა  Washington Post.

    აფროამერიკელები არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების გამო არიან უფრო მოწყვლადები, არამედ უფრო მეტი შანსი აქვთ კორონავირუსით დაავადდნენ, რადგან ბევრ მათგანს არ აქვს საშუალება თვითიზოლაციას მიმართოს. ისინი მუშაობენ, მაგალითად სასურსათო მაღაზიებში, საავადმყოფოებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ბევრს არ ყავს პირადი ავტოტრანსპორტი, ამიტომაც იძულებულნი არიან ავტობუსით ან მეტროთი იმგზავროან.

    ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ სხვა დაბალსტატუსიანი რასობრივი ჯგუფები აშშ–ში ეპიდემიით არათანაზომადად ზარალდებიან, კერძოდ კი ლათინოსები და ძირძველი ამერიკელები. ჩიკაგოს მერი, ლორი ლაითფუტი ეჭვობს, რომ ქალაქში მცხოვრებ ლათინოამერიკელთა შორის ბევრი გამოუვლენელი შემთხვევაა.

    ლათინოამერიკელები ჩიკაგოს მოსახლეობის 29%–ს შეადგენენ, მაგრამ მათზე Covid19-ის შემთხვევების მხოლოდ 14% მოდის. ასეთივე სიტუაციაა აზიური წარმოშობის ჩიკაგოელებში – ისინი ქალაქის მოსახლეობის 7%–ს შეადგენენ, თუმცა დაინფიცირებულებში მათი წლი 3.6%–ს შეადგენს – წერს ვაშინგტონ პოსტი.

    ლოს ანჯელეს თაიმისი სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, რომ ლათინოამერიკელებს შორის ბევრად უფრო მაღალია სიმსუქნის და დიაბეტის მაჩვენებელი, ვიდრე თეთრკანიან მოსახლეობაში. ძირძველ ამერიკელებს შორის კი დიაბეტის და გულ სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები, რაც ასევე ზრდის კორონავირუსით დაინფიცირებისას გართულებების რისკს.

  • თამაზ კერესელიძე – კაცი WHO-ს უმაღლესი ორდენით რომელმაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება დაამარცხა

    თამაზ კერესელიძე – კაცი WHO-ს უმაღლესი ორდენით რომელმაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება დაამარცხა

    დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე  ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

    თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ამ სკოლის შექმნაში, ერთ-ერთი გახლავთ ბ-ნი თამაზ კერესელიძე, რომლის აღზრდილებიც დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალური და სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებენ საქართველოს მოსახლეობას.

    თამაზ კერესელიძე, ქართველი მიკრობიოლოგი ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი იყო, რომელთაც მსოფლიო „ყვავილის“ ეპიდემიისგან იხსნეს. სწორედ  თამაზ კერესელიძის სტუდენტები არიან დღეს იმუნოლოგები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიას ებრძვიან.

    თამაზ კერესელიძე, კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია და რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატად

    ბ-ნი თამაზი წყნარი, კითხვის მოყვარული, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა. განსაკუთრებით მუსიკა, მხატვრობა და ტექნიკური დისციპლინები ჰყვარებია. მისი აბსოლუტური სმენა და ბრწყინვალე მეხსიერება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ ასტახიშვილს და ნიჭიერი მოზარდი თავისთან, ვიოლინოს კლასში ჩურიცხავს.

    რატომ არ გახდა თამაზ კერესელიძე მევიოლინე და როგორ ამოყო მან თავი მედიცინაში?

    „– იმ დროს ვიოლინოთი მოსიარულე ვაჟს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და თავმოყვარე თამაზმა, სამწუხაროდ, მუსიკაზე სიარულს თავი დაანება, მაგრამ მუსიკის სიყვარული სამუდამოდ გაჰყვა. ზეპირად იცოდა უამრავი ნაწარმოები, შეეძლო ერთხელ მოსმენილი ოპერის თავიდან ბოლომდე გამეორება… ომის მძიმე წლებში თამაზი და მისი თანაკურსელი, შემდგომ – ონკოცენტრის დირექტორი, ცნობილი რადიოლოგი რევაზ ვეფხვაძე, მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ბილეთებით შედიოდნენ ოპერის თეატრში – თან მუსიკას უსმენდნენ და თან თბებოდნენ…

    თამაზს ხატვის ნიჭიც ჰქონდა. პატარაობისას პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა, რომლებსაც თვითონვე ასურათებდა. მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს და დამოუკიდებლად ეუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ხატვის სიყვარულიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მიუხედავად მოუცლელობისა, სიამოვნებით ხატავდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოუწია მუშაობა, აკეთებდა ესკიზებს და შემდეგ, თავისუფალ დროს, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ახლაც ამშვენებს ჩვენი და ჩვენი შვილების სახლის კედლებს. ეს ნახატები ჩვენთვის თამაზის მიერ დატოვებული ძვირფასი რელიკვიაა, ხოლო პროფესიონალი მხატვრები მათ საკმაოდ სერიოზულ ნამუშევრებად მიიჩნევენ. – იხსენებს ბ-ნი თამაზის მეუღლე ქ-ნი ნინო კერესელიძე (ჟურნალ ავერსი N136)“

    საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სსრკ-ს – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

    ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის თამაზ კერესელიძემ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

    მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1980 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

    1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

    1985 წელს თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს, ხოლო 1992 წელს საქართველო ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს ბატონი თამაზი დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანმრტელობის  მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 1995 წელს ის სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

    წყარო: doctrina.ge