მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებმა არჩევნების მიზნებისთვის სცენიდან ბევრი რამე თქვან, ამას ვერავინ აუკრძალავს. შენ უნდა იარო ყველა მუნიციპალიტეტში და ჩვეულებრივად იმათხოვრო ხმები, რაც ახლა ხდება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რაც იმ ადამინებს ახსოვთ. როგორ შეიძლება დღეს ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდეს კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდით კახა კალაძე უკრავდეს ტაშს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. […] მე კორუფციას ვებრძოდი ყოველთვის, ყოველდღიურად, მათ შორის, კალაძის შემთხვევაშიც და სხვების შემთხვევებშიც. დღეს კორუფცია ინსტრუმენტი გახდა ძალაუფლების შენარჩუნების.
Tag: ბიძინაივანიშვილი
-
ივანიშვილი ლაპარაკობს როგორ ებრძვის კორუფციას, კალაძე უკრავს ტაშს, სამარცხვინოა – გახარია
-
ჩვენი პროგრამა იმდენად შთამბეჭდავია, მტრებს თვალებს უბრმავებს – ივანიშვილი
ჩვენი ქვეყნის პრემიერმა 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს, რეალისტური გეგმები.
თქვა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას.
-
უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოში იმ პირებს, რომლებიც ასამარებენ დემოკრატიას! და უნდა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით – ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი
“პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, არ არის უბრალოდ საგანგაშო სიგნალი. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ დიქტატურა თავის შანსს ელის. ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავგმოთ ეს რეჟიმი, არამედ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი ხელმძღვანელით, ბიძინა ივანიშვილით”
-
“ივანიშვილის ერთადერთი შანსი დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა – გვარამია
“მე არ ვიცი ივანიშვილს რისი გარანტია სჭირდება, მაგრამ ის ამის თაობაზე, პირველ რიგში, უნდა ესაუბროს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ასევე, ცხადია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები. ივანიშვილის ერთადერთი შანსი ნებისმიერი გარანტიების კუთხით ეს არის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. სხვა შანსი მას არ აქვს”,
აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
-
12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი.. 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი – გახარია
ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს – 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა – ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზირებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით.
2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და პარტიული გავლენებისგან საჯარო სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასათავისუფლებლად. ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკური მიზანი მისივე 2012 წლის მანიფესტით იყო “მრავალპარტიული დემოკრატია”, “ევროპული ინტეგრაცია” და “პოლიტიკური მესიანიზმის” დასრულება ქვეყანაში.
და ახლა, 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი. სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა ქართული ოცნების 2012 წლის ღირებულებებიდან. “ღირსებას” ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს ამ წერილში. ცხადია, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, იმის დამტკიცებას ცდილობს ქაღალდზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ზუსტად ისე აღარ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისთვის.
12 წლის თავზე ოცნება ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს. ზუსტად იმ ზონდერებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, ოცნებამ ნაცების სისტემის მთავარი დანაშაულებრივი სახეები საკუთარი ძალაუფლების საყრდენად აქცია – მათ გაურიგდა. ინსტიტუტები ზუსტად ისე დაუქვემდებარა პარტიულ ბელადს, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ნაცვლად, საჯარო მოხელეები კიდევ უფრო მეტად მოაქცია პარტიული წნეხის ქვეშ.
ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა – კორუფციის წინააღმდეგ. ხალხი ღარიბდება, პოლიტიკური ელიტა კი იცავს ხალხისთვის მოპარულ ფულს.
ოცნება სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი.
ამიტომ, 2012 წლის მსგავსი ერთიანობით და გონიერებით, 2012 წლის ღირებულებების ერთგულებით, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხოთ ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც – 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი.
ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და ნამდვილი კეთილდღეობით ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს.
-
“საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ” – ივანიშვილი
“საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ” – ასე ეხმაურება ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის საელჩოს დღევანდელ განცხადებას, რომელსაც “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
ოლიგარქ ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ბანერს განცხადებით გამოვეხმაუროთ.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.
როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია.
ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო.
იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.
სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს.
ამ ფონზე, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტარიზმის დამყარებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების მკვლელობასა და წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, ტელევიზიების მითვისებაზე, ომზე და ტერიტორიების დაკარგვაზე მწვანე შუქს არა გლობალური ომის პარტია, არამედ აშშ და ევროკავშირი უნთებდნენ. ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ. ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს.
საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით განვითარების დაშვება ჩვენ ძალიან არ გვინდა და ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ამაში ამერიკული მხარის დახმარებაც დაგვჭირდება. ამისათვის კი მთავარია, ქართველებს არა „სხვა ამბავი“, არამედ ნამდვილი ამბავი მოვუყვეთ“,- ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
-
ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რათა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ – ივანიშვილი
ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რათა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ – ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა და ხალხს 2012 წელს მათი ხელისუფლებაში მოსვლა კიდევ ერთხელ მიულოცა.
“დღეს 1 ოქტომბერია…
თავისუფლების დაბრუნების დღე!
დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას!
2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!
ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!
1 ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1 ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, “ქართულ ოცნებასთან” ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების.
პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!
ჩვენ გავბედეთ!
შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1 ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!
ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება.
სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!
ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა!
ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!
ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!
ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი – წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა.
ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!
არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.
ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.
დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს “ქართული ოცნებისადმი” საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!
ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:
ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;
იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”;
იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;
იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!
ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!
უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!
ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!
გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!” – წერს ივანიშვილი.
-
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტია – იონათამიშვილი
ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტი. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია და განსაკუთრებით მათი მფარველები და პატრონები ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ ერთად დაისახეს მიზნად, რომ ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ. შესაბამისად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ზომები გარანტირებული და მაქსიმალურად დაცული იქნება, ვინაიდან პირველ რიგში, ეს დღეს საქართველოსთვისაა საჭირო – რადგან, ეს ადამიანები დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად სწორედაც რომ მშვიდობასა და კეთილდღეობას ებრძვიან.
-
ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად სჭირდება – ბიძინა ივანიშვილი
“ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე 2 ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობა საქართველოსვე დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისთვის კი ნაციონალური მოძრაობის გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური სასჯელისგან ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს”,
განაცხადა ამის შესახებ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, სიტყვით გამოსვლისას.
-
გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა – OCCRP
ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში არსებული ქონების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, გამომძიებელი ჟურნალისტების ორგანიზაცია (OCCRP) ოფიციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება, არა ივანიშვილის ქონებას, არამედ მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე იყო.
“ქართული ოცნების პრესსპიკერის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ: ბიძინა ივანიშვილს1998 წლის შემდეგ რუსეთში უძრავი ქონება არ შეუძენია, ხოლო გამოქვეყნებული გამოძიება ცრუ ინფორმაციაზე იყო აგებული.
მიუხედავად ამისა, OCCRP-ის, ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში არ უხსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება მოსკოვში – გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა.
ხვედელიძის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ქართულ მედია გამოცემებთან (აი, ფაქტი, სტუდია მონიტორი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, GMC) თანამშრომლობით ჩატარდა; მათ შორის იყო ერთ-ერთი რუსული გამოცემა (iStories), რომელიც საზღვარგარეთ ოპერირებს”. – ნათქვამია განცხადებაში.
OOCRP-მა და მედია პარტნიორებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული გამოძიების შემდეგ 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას მიმდინარე წლის დასაწყისში გადაეცა.