Blog

  • ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება – ოქრიაშვილი

    “ეკონომიკური პროგრესის გარეშე, არ არსებობს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მომავალი. უსამართლო, არასანდო მართლმსაჯულების სისტემა არის აბსოლუტური მუხრუჭი ქვეყნის პროგრესის, მათ შორის, ეკონომიკური პროგრესის გზაზე. უვარგის სასამართლოს ემატება სისტემური კორუფცია, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას გააჩნია.

    როგორც ჩანს, პროცესები მართლმსაჯულების სისტემაში იმგვარად ვითარდება, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება. ამის მაგალითი არსებობს ალბანეთში, სადაც სასამართლო კორპუსი ფაქტობრივად მთლიანად გადახალისდა და მოისპო სასამართლოზე ზეგავლენის ბერკეტები. ამით სისტემა რეალურად დამოუკიდებელი გახდა და მას შეუძლია ბრალი წაუყენოს ქვეყნის პრემიერს, ნებისმიერ მაღალჩინოსანს. ეს დღეს საქართველოში წარმოუდგენელია, რადგან სასამართლო ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება!”,

    ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი წერს და აშშ-ს მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას ეხმაურება.

  • სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის პრემიერმინისტრი – მურუსიძე

    ჩემთვის კი არა, თქვენთვისაც გარანტიაა სახელმწიფოს უსაფრთხოების. თქვენთვის, ჩემთვის, ყველასთვის. რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერმინისტრი. მარტო ჩემი კი არა, თქვენი გარანტიც არის.

    თქვა სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ არის თუ არა პრემიერმინისტრი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტი.

  • გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიასავით დაიცავს – ლუკაშენკო

    გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიასავით დაიცავს – ლუკაშენკო

    “ეს გაჟღერდა მოლაპარაკებებზე (პუტინისა და ლუკაშენკოს) ისე, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციამ ბელარუსი საკუთარი ტერიტორიასავით დაიცვას. აი, ასეთი უსაფრთხოების [გარანტიები] გვჭირდება.[…]მან (პუტინმა) მხარი დამიჭირა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამბობს, რომ გვჭირდება ჩვენი, რუსეთისა და ბელარუსის ყველა შეთანხმებაზე გადახედვა, ნახვა, სახელმწიფოთაშორისი ტიპის რა სახის ნორმატიული სამართლებრივი აქტი უნდა მივიღოთ ახლა, რომ უზრუნველვყოთ ბელარუსის სრული უსაფრთხოება”.

    აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო.

  • მოსამართლეები პატივისცემით უნდა მოვიხსენიოთ, ამას როგორც პრემიერი მოვითხოვ – ღარიბაშვილი

    ჯერ ერთი, თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე, ეს ერთი, რომ თქვენ ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ დიდი პატივისცემით და მიმართოთ პატივისცემით, ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერმინისტრი და კიდევ ერთხელ მე გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს, მოქალაქეებს. მეორე, მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში, ევროკავშირის 11 და NATO-ს 13 წევრ ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე.

    ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს.

  • როცა “ოცნება” გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი – ღარიბაშვილი

    როცა “ოცნება” გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი – ღარიბაშვილი

    “როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს, სასამართლო რომელიც იყო მე ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო მართული ერთი ადამიანის მიერ, კერძოდ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი, სასამართლო იმ დროს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი. ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ დღეს ანუ იმ დღეს როცა გახდა “ქართული ოცნება” ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი”.

     

  • ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ! – პრემიერი

    მე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინო ქადაგიძესთან, ასევე, მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენი მმართველობის დროს, სასამართლო ყოველგვარი ჩარევებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა. როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია. მოსამართლეებზე რაიმე გავლენის მოხდენა, ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე.

    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, საბჭოს წევრებთან და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ.

  • დღეს პრეზიდენტს გაეგზავნება წერილი, რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა – საპარლამენტო ოპოზიცია

    საპარლამენტო ოპოზიცია დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოფიციალური განცხადებით მიმართავს რათა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.

    “დღეს რადგან ჩვენ აქ ვდგავართ და რიგგარეშე სხდომას ვიწვევთ იმისათვის, რომ საზოგადოების წინაშე გავაშიშვლოთ ის მანკიერი მდგომარეობა რაც არის სასამართლო სისტემაში, ის გუნდური მუშაობა დემოკრატიის წინააღმდეგ, რასაც ეწევიან მოსამართლეები და სანქციების შემდეგ აგრძელებენ კიდევაც, გვინდა, რომ ოფიციალურად, ხელმოწერებით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს.

    დღეს მას გაეგზავნება წერილი, იმისათვის რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა ერთადერთი საკითხით, კენჭისყრაზე დადგეს საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი და მისი შემადგენლობის საკითხი,” – თქვა თამარ კორძაიამ. 

    შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა.

  • თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება – მერია

    სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

    “თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development- ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

    ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

    კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს.

  • რისთვის შეარცხვინეთ ოცნება, თუ ბერიძის ქმედებებს მოწვევით ახალისებთ? – სამხარაძე პრეზიდენტს

    ქალბატონო პრეზიდენტო,

    თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის კრიტიკულ მომენტში ნამდვილად განმანთავისუფლებელი იყო და მადლიერი ვარ ამისათვის. რეალურად მყისიერი ეფექტი ჰქონდა თქვენს ბრიფინგს და ჩემი სახლის კარიდან ნამდვილად გააქცია ჟურნალისტის პროფესიას ამოფარებული პროვოკატორი, რომელიც ჯერ წერეთლის 67-ში იყო დეკლარირებული მოძალადის შალვა რამიშვილის მიერ მოქსეული ჩემი პირადი ცხოვრების დაუშრეტელი ვნებით შეპყრობილი და შემდეგ ჩემი მშობლების კუთვნილ ბინასთან ჰქონდა ჩასაფრება მოწყობილი, პოსტივის სხვა ჯგუფებთან ერთად.

    მათ წინააღმდეგ შსს-ში განცხადება უკვე მაქვს შეტანილი და ვითხოვ გამოძიებას ადევნების მუხლით. ცხადია, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ინსტიტუციის მიერ სამართლიანობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. თუმცა, მე პირობა დავდე და სამართალს მაინც ვიპოვი, სულ რომ სტრასბურგამდე რკინის ქალამნებით მომიწიოს სიარული!

    თქვენს მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება თავისი შინაარსით, ნამდვილად გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო. მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უმნიშვნელოვანეს დღეს, 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ევროპისკენ სვლის და დეპოლარიზაციის როგორც უმნიშვნელოვანესი წინაპირობის აუცილებლობის მნიშვნელობა. აქვე ვულოცავ ნანა მალაშხიასა და ნანა მახარაძეს დამსახურებულ ღირსების ორდენებს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი უკომპრომისო ბრძოლის მნიშვნელობას! დღეს, თქვენს მიერ მოწვეულ ქალთა სიაში ნამდვილად ღირსეულ უცნობ თუ ნაცნობ ქალებს ეკავათ საპატიო ადგილი.

    სამწუხაროდ, მე მაინც არ მტოვებს კოგნიტური დისონანსი და მაინტერესებს, თქვენს მიერ მოპატიჟებულ ქალთა სიაში რა ღირსებით აღმოჩნდა ნათია ბერიძე? — როგორ განმარტავთ დეპოლარიზაციის იდეას თავად; სავარაუდო მოძალადისა და მსხვერპლის ერთ სივრცეში მიპატიჟებით და პროპოგანდისტული ჰიბრიდული ორგანიზააციის თანამშრომლის, რომლის ყოველდღიური საქმიანობა წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდების ბულინგს და ევროპული იდეის დისკრედიტირებას საპატიო სიაში ჩასმით?

    თუ თქვენთვის ცალსახა არ იყო, რომ ჩემზე 25 მარტიდან მოყოლებული დევნა ხორციელდებოდა, მაშ რისთვის შეარცხვინეთ ქართული ოცნება, როცა თავადაც ახალისებთ ნათია ბერიძის ქმედებებს მისი ღონისძიებაზე მოწვევით? — მინდა მჯეროდეს, რომ ნათია ბერიძე ღონისძიებაზე მზაკვრულად შემოპარული იყო, თუმცა, დამატებითი განმარტების გარეშე გამიჭირდება დიდხანს ამ იმედის შენარჩუნება.

    ფაქტის დასადასტურებლად, აქვე დავურთავ ნათია ბერიძის ფოტოს და გთხოვთ, იქნებ მომეცეს თქვენთან აუდიენცია და უფრო მეტი დეტალი გაგაცნოთ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ჩემზე ცილისწამების კამპანია დღემდე გრძელდება — მაგალითად დღეს, 12 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა პოსტივიმ ჩემს ბულინგს…

    ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა.

  • არ ვაპირებ ,კორუმპირებულის იარლიყთან შეგუებას–დასანქცირებული მოსამართლე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

    მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

    არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

    ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, – წერს შენგელია.

    აშშ–მ ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები გასულ კვირას დაუწესა.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

    მოტივად სახელდება ის, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.