Blog

  • პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა გვარამიას – ყურადღებით ვაკვირდებით – ჰერჩინსკი

    “საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. მისი კონსტიტუციური უფლებაა, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, ვისი შეწყალებაც სურს. ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ მომდევნო ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში”.

    განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

  • ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფოების სუვერენიტეტი. ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა აღშფოთდნენ

    ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა კავშირიდან გასული ქვეყნების სუვერენიტეტი და  ყირიმის უკრაინისადმი კუთვნილება ეჭვქვეშ დააყენა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჩინელი დიპლომატის პოზიცია განცხადებებით დაგმეს .

    პარასკევს საღამოს ლუ შაიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ს განუცხადა, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს „არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც კონკრეტულ ფორმას მისცემდა მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსს“.

    ყირიმის მფლობელობის შესახებ ლუ შაიმ თქვა: “ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებ ამ საკითხს. არსებობს ისტორია. ყირიმი თავიდანვე ეკუთვნოდა რუსეთს. სწორედ ხრუშჩოვმა მისცა ყირიმი უკრაინას საბჭოთა კავშირის დროს”.

    ჩინელმა დიპლომატმა ასევე მოუწოდა ყველას, შეწყვიტონ „კამათი“ პოსტსაბჭოთა საზღვრების საკითხთან დაკავშირებით.

    შაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან “შეშფოთებით მიიღო ცნობად ეს განცხადებები“  და ჩინეთს სთხოვა განემარტა თავისი პოზიცია.

    ჩინეთის ელჩის განცხადება დაგმეს ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

    ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ლუ შაის განცხადებებს “სამწუხარო” და გაუგებარი უწოდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აპირებს ჩინეთის ელჩის ტალინში გამოძახებას. „ჩვენი მიზანია ნათლად განვაცხადოთ, რომ ასეთი შეხედულებები მიუღებელია და რომ ესტონეთი სუვერენული სახელმწიფოა“, – განაცხადა წახკნამ.

    ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლუ შაის განცხადება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ენდობიან ჩინეთის „უკრაინაში მშვიდობის შუამავლობას“.

    ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ელჩის განცხადებას “აბსოლუტურად მიუღებელი” უწოდა. „ჩვენ ველით ახსნა–განმარტებებს ჩინური მხარისგან და ამ განცხადების სრულ უარყოფას“, – განაცხადა რინკევიჩმა.

    უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩს ან „აქვს აშკარა პრობლემები გეოგრაფიასთან“, ან მისი განცხადება ეწინააღმდეგება ოფიციალური პეკინის პოზიციას „უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებზე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპებისა და მიზნების საფუძველზე. “.

    ეს ძალისხმევა ასევე იყო ნახსენები ჩინეთისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პეკინში აპრილის დასაწყისში ვიზიტის შემდეგ. მასში მხარეებმა პირობა დადეს, რომ „უკრაინაში მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობას დაუჭერენ მხარს“.

  • თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

    პოლიციამ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „ გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ზ.ე. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.თ. ცხელ კვალზე დააკავა.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს ნ.ზ. შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

    დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

    საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მეორე ბრალდებულისათვის, რომელმაც მომხდარი დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

    მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 23 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

    პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შეაღწიეს და ადმინისტრაციული ცენტრიდან 7 კილომეტრში არიან- ISW

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, მოახერხეს ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა. მანამდე ცნობილი გახდა დეტალები იმის შესახებ, თუ რატომ მოახერხეს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონის „ელვისებურად“ აღება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში.

    ამას მოწმობს რუსი „სამხედრო კორესპონდენტების“ და ბლოგერების მიერ შაბათს, 22 აპრილს წარმოდგენილი გეოლოკაციის კადრები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

    ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან – ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და შეძლეს წინსვლა დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში E97 გზატკეცილზე, ასევე დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ).

    ასევე, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი „სამხედრო მეთაური“ აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით ზოგიერთ კუნძულზე.

    კადრები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა ვერ აკონტროლონ კუნძულები მდინარეების კონკასა და ჩაიიკაზე, რომლებიც მდებარეობს უკრაინის სამხედროების გეოლოკაციის პოზიციებიდან, ანტონოვსკის ხიდიდან ჩრდილოეთით ნახევარ კილომეტრში,  ამბობენ ანალიტიკოსები.

    ისინი აღნიშნავენ, რომ 20-დან 22 აპრილამდე რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ უკრაინის არმია რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა პოზიციებს რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს იქ ფეხის მოკიდება, მომარაგების ხაზების შექმნა  და ამ ადგილის გამოყენება შეტევების საყრდენ პუნქტად. ეს იმაზე მეტყველებს, რუსეთი ვერ აკონტროლებდა ტერიტორიას, ამბობს ISW.

    გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა შეძლეს უპირატესობის მოპოვება ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო. მანამდე ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ ჩიოდა, რომ რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციის გამო ინტენსიურ დაბომბვას ვერ აწარმოებდნენ. ამავდროულად, დიდი ალბათობით, ისეთი ურბანული ადგილები, როგორიცაა ალიოშკი და ნოვაია კახოვკა, კვლავ რჩება მტრის თავდაცვის ხაზების მიღმა. რუსული ჯარები იქ თავდაცვაზე არიან, ხაზს უსვამენ ინსტიტუტში.

    შეგახსენებთ,  12 აპრილს ხერსონის მერის ყოფილმა მოადგილემ რომან გოლოვნიამ განაცზადა რომ მტერი აქტიურად აწარმოებდა სანაპირო  ზოლის დანაღმვას დნეპრის გასწვრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების  კონტრშეტევის მოლოდინში.

    რუსები ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები წყალში დამალვას ცდილობენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოკუპანტები უკრაინელების მიერ დნეპრის გადაკვეთას ელიან.

  • ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალი პირობების შესახებ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალ წესებს ითვალისწინებს.

    ამიერიდან უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება უკრაინული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნა და გამოცდის ჩაბარება.

    ახალი კანონის N. 7606-ის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ უკრაინის მიმართ გამორჩეული დამსახურებები, და რომელთათვისაც უკრაინის მოქალაქეობის გაცემა წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს, ან რომლებიც მსახურობენ ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში, შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეობა გამოცდის გარეშე, მაგრამ მათ მოუწევთ მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინული ენის გამოცდა ჩააბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოქალაქეობა დაკარგონ.

  • ISW: რუსი სამხედო მეთაურები ცდილობენ დაარწმუნონ პუტინი თავდაცვაზე გადავიდეს

    რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არმიის შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ აცნობიერებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით ისინი აგრძელებენ კონტრაქტორების გაგზავნას უაზრო შეტევითი ოპერაციების გასაძლიერებლად, ნათქვამია აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის ახალ მოხსენებაში.

    კრემლის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ პუტინი კომპეტენციას ლოიალობას ამჯობინებს და ეს ხელს უშლის შოიგუს და გერასიმოვს ფოკუსირებას ეფექტური თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაში –  მათ უწევთ ელიტარული ქვედანაყოფების გაწირვა  მძიმე ბრძოლებში უმნიშვნელო მოგებისთვის.

    ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პოტენციური შეტევის მოლოდინში, რუსეთის სამხედრო სარდლობა იძულებულია გააძლიეროს პოზიციები ყირიმში, იქ წვევამდელების გაგზავნით.

    ISW-მ ადრე აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისში შოიგუმ და გერასიმოვმა ვერ დაარწმუნეს პუტინი მობილიზების აუცილებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს იმ მომენტში ძალიან სჭირდებოდა იგი ძალების აღდგენისთვის.

    შესაძლებელია,  რუსეთის სამხედრო სარდლობამ ნაწილობრივ გამოასწორა ადრე დაძაბული ურთიერთობები ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან, რათა  პუტინი რუსული საინფორმაციო სივრცის მეშვეობით დაერწმუნებინა, შეაჩეროს შეტევითი ოპერაციები, იტყობინება ISW.

  • რუსული საკრუიზო გემის “პეტრე დიდის” მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს – Vestnik Kavkaza

    ახალი რუსული საკრუიზო გემის “პეტრე დიდის” საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. ინფორმაციას ამის შესხაებ, რუსული გამოცემა вестник кавказа ავრცელებს. 

    გემი შავ ზღვაში ნოვოროსიისკის, სოჭის, ბათუმისა და სტამბულის პორტებში გაჩერდება. ახალი ტურისტული გემი “პეტრე დიდი” 2023 წლის ზაფხულიდან მიიღებს სტუმრებს და პირველ კრუიზზე აგვისტოში წავა.  გამოცემა აღნიშნავს, რომ სამომავლოდ იგეგმება 20-დღიანი გასვლა საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებითაც.

    вестник кавказа-ს ინფორმაციით, “პეტრე დიდის” საერთაშორისო მარშრუტი სამ ზღვას დაფარავს.

    გემის სტანდარტები 5-ვარსკვლავიან სასტუმროსთან შესაბამისობაშია. მასზე განთავსებულია კაბინები, რესტორანი, საცურაო აუზი, თეატრი.

  • ევროკავშირის ქვეყნების ჭურვები უკრაინისთვის გადასაცემად მზად არის – ჯოზეფ ბორელი

    “ევროკავშირი მზადაა უკრაინას დაპირებული დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გადასცეს” […]მე ველაპარაკე დმიტრო კულებას იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. 9 თებერვლიდან პირველი მილიარდი ევროს [ჭურვების – რედ.] 66%-ზე მეტი მიწოდებულია”,

    ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჟოზეპ ბორელმა 21 აპრილს განაცხადა.

     

  • რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს – რეზნიკოვი

    “რამშტაინ-11-ის შედეგები: რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს. ამ ფორმატის ყოველი შეხვედრა არა მხოლოდ უფრო სასარგებლო “საჩუქრებს” აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არამედ მიზნად ისახავს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას”

    წერს ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი “რამშტეინის” შეხვედრის შემდეგ.

  • როცა ვინმე საუბრობს “მშვიდობიან გადაწყვეტაზე”, უკრაინას მხოლოდ “კაპიტულაცია” ესმის – პოდოლიაკი

    ისევ დავუბრუნდეთ საფუძვლებს…როცა ვინმე საუბრობს “მშვიდობიან გადაწყვეტაზე”, უკრაინას მხოლოდ “დანებება, კაპიტულაცია, რუსული ულტიმატუმის შესრულება” ესმის. სისხლიანი ომის 423 დღის შემდეგ ეს შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული მოგონილი გამანადგურებელი ომი და არა მითიური “კონფლიქტი”. “მოგვარებისთვის” ადგილი არ არის.

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.