Blog

  • ზელენსკის თქმით, მარიუპოლის 90%-ზე მეტი განადგურებულია

    მარიუპოლი. ოდესღაც იქ თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი მთელი სახლი აღარ დარჩა. ტერორისტულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა ამ ქალაქის მოსაკლავად. მარიუპოლის 90%-ზე მეტი განადგურებულია.

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს – გაბუნია

    “ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა. […] პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აქონდროპლაზიის პროტოკოლში შემავალი სხვადასხვა ღონისძიების პროაქტიულ დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. ამასთან, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანიასთან, რათა პროტოკოლისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისთანავე, მოხდეს ბავშვებისათვის ყველა საჭირო პროცედურის უზრუნველყოფა“,

    ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

  • “წამალი ბავშვებს” – მთავრობის კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

    მთავრობის კანცელარიასთან  აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. მშობლების მხარდასაჭერად აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან. პროტესტის დაწყების შემდეგ, ისინი მსვლელობას გამართავენ საქართველოს პარლამენტთან.

    “ჩვენ გვინდა, მოსახლეობამ გააგებინოს [ხელისუფლებას] რომ ჩვენ მარტო არ ვართ, გარიყულები არ ვართ, როგორც თვითონ გაგვრიყეს, მხარში გვიდგანან და შეძახილებით და ხმაურით გვინდა მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სასწრაფოდ დაუნიშნონ ჩვენს ბავშვებს წამალი. ჩვენ ვართ სრულიად წმინდა, ბავშვური საყვარელი ადამიანები და მიგვიღეთ როგორიც ვართ”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

    მშობლები მე-12 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ – ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას, მედიკამენტის შემოტანას და შემოტანის ვადებზე მისგან ოფიციალურ ხელმოწერას ითხოვენ. მშობლებმა ამ საკითხზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.

  • „ოცნებას“ ვერ გაუბედეს, კონკურენტები დაეყენებინათ- მდინარაძე ერთკანდიდატიან არჩევნებზე

    „ოცნებას“ ვერ გაუბედეს, კონკურენტები დაეყენებინათ- მდინარაძე ერთკანდიდატიან არჩევნებზე

    “რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა IRI-ის კვლევა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რა პროცენტიც ამ ორგანიზაციამ რომელიღაც კაბინეტში დაგვიწერა, იმიტომ, რომ რეალურად რაღაც გაყალბებული დოკუმენტი იყო, იმ პროცენტზე მეტი ამომრჩეველი მივა დღეს ქვეყნის მასშტაბით იმ ოლქებში, რომლებშიც არჩევნები მიმდინარეობს. ხაზგასმით ვამბობ, ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა და დღეს ეს მოხდება უკონკურენტო არჩევნებში- „ქართულ ოცნებას“ ვერ გაუბედეს, რომ კონკურენტები დაეყენებინათ. ამიტომ, ის პარადოქსი, რომელსაც ისინი კადრულობენ, რაიმენაირად გვერდზე უნდა გადაწიონ და ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, რასთან აქვთ საქმე, როდესაც ერთი მხრივ, ასეთი მტკიცებულებები ჩნდება და მეორე მხრივ ჩნდება კვლევები, რომელსაც საერთო რეალობასთან კი არ აქვს, არამედ 30%-იანი ცდომილებით არის ხოლმე გაყალბება”

    აცხადებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი  მამუკა მდინარაძე 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე საუბრისას, სადაც მხოლოდ “ოცნების” კანდიდატები მონაწილეობენ.

  • დელეგაცია არ იმყოფებოდა უბრალოდ მაგ პერიოდში ევროპის საბჭოში – ჩიქოვანი რეზოლუციაზე

    “ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, არის წმინდა წყლის მანიპულაცია, მავნებლობა არა ქართული ოცნების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, დელეგაცია არ იმყოფებოდა უბრალოდ მაგ პერიოდში ევროპის საბჭოში, დელეგაციას მხარი აქვს დაჭერილი ამ რეზოლუციისთვის საკომიტეტო მოსმენებზე.

    ისევე, როგორც საქართველოს დელეგაციას, ასევე, არ აქვს ამ რეზოლუციისთვის – თუ კარგად ჩაიხედავთ – დაჭერილი 20-ზე მეტ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელ საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ დეპუტატებს, მათ შორის გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ესტონეთს, საბერძნეთს. რა ვქნათ, ვივარაუდოთ, რომ ეს სახელმწიფოები არ უჭერენ მხარს უკრაინას? ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, ნახევარდღიანი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ ყურადღების მიპყრობას”,

    აცხადებს, ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი  და “წმინდა წყლის სიცრუესა და ნახევარდღიან ტყუილს” უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

  • 23 დაღუპულს შორის, 5 ბავშვია – უმანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

    უმანში, ჩერკასის რაიონში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, საიდანაც 5 ბავშვია. ორი ბიჭი (წლინახევრისა და 16 წლის) და სამი გოგო (8,11 და 14 წლის). ერთი ქალი კი დაკარგულად ითვლება.

    დღეს დილის მდგომარეობით, ნანგრევებიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს 17 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია 18 ადამიანი, მათგან 9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • ოთხი მიმართულებით ოკუპანტების 50-მდე შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინის შეიარაღებული ძალები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  ანგარიშში ნათქვამია რომ რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.  უკრაინელებმა, მტრის 50-მდე შეტევა, 4 მიმართულებით მოიგერიეს.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.

    „ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

    ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ავდიივკას, სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

    • „მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მარინკასა და ნოვომიხაილოვკის დასახლებებში. ამავე დროს, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, მარინკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები დაბომბა“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

    უწყების ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს.

  • ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყნის მართვის მამობასთან დაბალანსება შეუძლებელი ამოცანაა.

    „ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

    მისივე თქმით, არ აქვს უფლება, რომ ომისგან დაისვენოს, ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ უკრაინელები ომს შეჩვეულები არიან.

    „ყველა ტრაგედია გადამაქვს. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთან საუბარში.

    ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. ის იხსენებს მომენტს, როდესაც უკრაინელებმა ოკუპაციისგან პირველი რეგიონის გათავისუფლება შეძლეს.

  • მჯერა, კონტრშეტევები რუსეთის ძალების მოგერიებასა და ყირიმის დაბრუნების კუთხით წარმატებული იქნება – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა ყირიმის დეოკუპაციის გეგმებს მოიცავს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიურ მედიასთან საუბარში განაცხადა.

    ზელენსკის თქმითვე, უკრაინის წარმატებები დიდწილად დამოკიდებული იქნება დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.

    „გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა, ამიტომ იარაღის რაოდენობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „რუსული ძალები ყოველდღიურად კარგავენ მოტივაციას და ასევე ეშინიათ შედეგების იმ შემთხვევაში, თუკი უკან დაიხევენ“.

  • “უფროსი ძმა” საქართველოსგან ერთადერთ რამეს, უკრაინის ბედის გაზიარებას ითხოვს – ხალხის ძალა აშშ-ზე

    “უფროსი ძმა” საქართველოსგან ერთადერთ რამეს, უკრაინის ბედის გაზიარებას ითხოვს ხელისუფლებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატები და “ხალხის ძალის” წევრები სენატორის, ჯინ შაჰინისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებებს გამოეხმაურნენ.

    “დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესუსტდა. ნაკლებად აქტიურობდნენ როგორც ოდიოზური დასავლელი პოლიტიკოსები, ისე მედიასაშუალებები. თუმცა, როგორც მოსალოდნელიც იყო, სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი და მოკლევადიანი აღმოჩნდა.

    გასული კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა IRI-ის გაყალბებული კვლევები და სენატორ შაჰინისა და USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუელის აგრესიული განცხადებები. როგორც კვლევის გაყალბება, ისე ამერიკელ მაღალჩინოსანთა გამონათქვამები „მზარდი ავტოკრატიისა“ და „2024 წლის არჩევნებზე ამერიკელების კრიტიკული როლის“ შესახებ ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს – ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნონ და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ქართველ ხალხს ნაცმოძრაობის აგენტოკრატია თავს მოახვიონ.

    მაღალჩინოსნებმა ძალზე კარგად იციან, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით, დემოკრატიის სფეროში ფუნდამენტური წინსვლა აქვს. სენატორ შაჰინს გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ მისი ფავორიტი რეჟიმის დამარცხება დასჭირდა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოში ავტოკრატია, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების ტოტალური პოლიტიზება და უამრავი სხვა სისტემური დანაშაული დაესრულებინა.

    ჯინ შაჰინი ქართულ დემოკრატიაზე გულწრფელად რომ ზრუნავდეს, მას საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდა. თუმცა, არის რაღაც, რაც მას ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის.

    სამწუხაროდ, ჯინ შაჰინი, სამანტა პაუელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკას სტანდარტებით განიხილავენ და აფასებენ. მათთვის მოსაწონი მხოლოდ ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც „უფროსი ძმის“ ყველა დავალებას თვალდახუჭული ასრულებს. როდესაც „უფროსი ძმა“ საქართველოსგან ერთადერთ რამეს, უკრაინის ბედის გაზიარებას ითხოვს და ამ დავალებას ქვეყნის ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს, ბუნებრივია, ასეთ პირობებში, მისი კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლებელია.

    სენატორ შაჰინს გვინდა მოვუწოდოთ, საბჭოთა ცეკას მიდგომები გვერდზე გადადოს და საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს. მას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრიტიკული როლი არა ამერიკამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა შეასრულოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. 2024 წლის შემდეგაც, საქართველოს ბედს არა უსამშობლო ნაციონალების აგენტოკრატია, არამედ დემოკრატიულად არჩეული და პატრიოტული ხელისუფლება წარმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.