Blog

  • ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს – შაჰინი რუსეთთან უვიზოზე

    “ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიასა და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა საქართველოში და აკონტროლებს მათი ქვეყნის 20%-ს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს”,

    ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

  • რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

    “რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ ” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა მთელი დასავლეთი ემიჯნება რუსეთს, “ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან”.

    “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ უკრძალავენ რუსულ თვითმფრინავებს მათ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიქნებით, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტის და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან.

    მთელი დასავლური საზოგადოება გაემიჯნა რუსულ რეჟიმს და ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან.

    ქართველი ხალხი, სავარაუდოდ, ამჯობინებდა, პუტინს გაეყვანა რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიების 20%-დან, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ვიდრე ენახა პირდაპირი ფრენების აღდგენა ან ვიზის რეჟიმის ცვლილება.” – განაცხადა პატელმა.

  • რუსული სამხედრო არხებზე პანიკაა–წერენ უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ

    რუსული ტელეგრამის არხები, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ, დღეს საღამოს დაძაბულობამ მოიცვა. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის დარტყმების შესახებ სხვადასხვა ადგილას, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინის არმიის კონტრშეტევის დასაწყისი. უკრაინული მხრიდან და დამოუკიდებელი წყაროებიდან ჯერჯერობით არც დადასტურება არსებობს და არც უარყოფა.

    რუსი სამხედრო პროპაგანდისტები და ვაგნერთან დაახლოებული არხები იუწყებიან:

    – უკრაინელების წარმატებული თავდასხმების შესახებ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ვსაუბრობთ მიკროსკოპულ პროგრესზე მთელი ფრონტის მასშტაბით;

    – ხარკოვის რეგიონში სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი მოძრაობის შესახებ – სავარაუდოდ, ფრონტის ყველაზე ჩრდილოეთ სექტორისკენ;

    – უკრაინული საარტილერიო მომზადების შესახებ ფრონტის ამ სექტორზე, სვატოვისა და კრემენნაიას რაიონებში;

    – გორლოვკას მახლობლად მაიორსკის რაიონში უკრაინული შენაერთების თავდასხმის შესახებ (ამის შესახებ ზოგიერთი უკრაინული წყაროც წერს).

  • არჩევნებში დამარცხებული ფინეთის პრემიერ მინისტრი, სანა მარინი ქმარს შორდება

    ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა და მისმა მეუღლემ მარკუს რაიკონენმა თითქმის ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს.

    „მადლობელი ვართ ბედის 19 წლიანი ქორწინებისთვის და ჩვენი საყვარელი ქალიშვილისთვის“, – დაწერა მარინმა ინსტაგრამზე.

    წყვილი ოფიციალულრად 2020 წელს დაქორწინდა, იმ დროს, როდესაც პრემიაზე რეაგირების ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა. მათი ქალიშვილი ხუთი წლისაა.

    ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში მარინმა აღნიშნა, რომ ის და მისი ყოფილი ქმარი კვლავ ახლო მეგობრები არიან.

    რაიკონენი ყოფილი ფეხბურთელი და ბიზნესმენია. ისინი ფინეთის პრემიერ-მინისტრის, ვილა კესარანტას ოფიციალურ რეზიდენციაში დაქორწინდნენ. ქორწილს 40 სტუმარი ესწრებოდა, ძირითადად მეგობრები და ახლობლები.

    მოახლოებული განქორწინების შესახებ განცხადებაში მარინმა დაამატა, რომ ისინი „ მომავალშიც განაგრძობენ დროის ერთად გატარებას – როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ერთმანეთთან.

    სანნა მარინი თანამდებობას მალე დატოვებს მას შემდეგ, რაც მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია აპრილში საყოველთაო არჩევნებში დამარცხდა, თუმცა მცირე სხვაობით.

    ოთხი წლის წინ 37 წლის სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა. ბოლო არჩევნებში მან წააგო პარტია “ეროვნულ კოალიციასთან“,  რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტერი ორპო და მემარჯვენე პოპულისტურ პარტია “ნამდვილ ფინელებთან“, რომელსაც რიკა პურა ხელმძღვანელობდა.

    ფინეთის მმართველი პარტია თითქმის ყოველი არჩევნების შემდეგ იცვლება. ამავდროულად, ქვეყნის ზოგადი კურსი პრაქტიკულად უცვლელი რჩება, რადგან არცერთი პარტია არ იღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას და იძულებულია კოალიციური პარტნიორები ეძებოს.

    მარინის პარტიამ გაზარდა მანდატების რაოდენობა პარლამენტში, მაგრამ მისმა კოალიციურმა პარტნიორებმა ადგილები დაკარგეს.

    მიუხედავად იმისა, რომ მარინის მთავრობა ოფიციალურად გადადგა, ის ქვეყნის მართვას გააგრძელებს იმ დრომდე, სანამ პეტერი ორპო და “ეროვნული კოალიცია“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებებს არ დაასრულებს, რაც სავარაუდოდ ივნისისთვის მოხდება.

    მიუხედავად წაგებული არჩევნებისა, სანნა მარინის პირადი რეიტინგი მაინც მაღალია. ბევრმა წარმატებად მიიჩნია, რომ მან ფინეთი ნატოში შეიყვანა და ქვეყანა კოვიდ-19-ის პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა.

    ბოლო დროს მისი რეიტინგი ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო წვეულებიდან, სადაც ის მღეროდა, სვამდა და ცეკვავდა.

    ბრალდებებზე, რომ ის ძირს უთხრის “ფინეთის რეპუტაციას და უსაფრთხოებას” თავისი საქციელით, მარინმა თქვა, რომ ვიდეო გადაიღეს პირად ოთახში, სადაც მან საღამო მეგობრებთან ერთად გაატარა.

    მას ნარკოლოგიური ტესტის გავლაც კი მოუწია, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ქვეყნის პარლამენტმა მოხსნა ბრალდებები მის წინააღმდეგ არასათანადო ქმედებებში.

    თუმცა, ყველა ფინელი არ იყო უკმაყოფილო მათი პრემიერის საქციელით. სოლიდარობის ნიშნად ბევრმა ქალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც ასევე მღერიან და ცეკვავენ.

  • განსხვავებული რეაქცია იყო თბილისიდან. იყო უარყოფითი, იყო თავშეკავებული – პესკოვი უვიზო რეჟიმზე

    „გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო თბილისიდან. იყო უარყოფითი, იყო თავშეკავებული. მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაზე“,

    აცხადებს კრემლის  პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას თბილისიდან, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

  • აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე და არა ქალბატონი სალომე – ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

    აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე და არა ქალბატონი სალომე – ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

    “აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტი და ჩვენ წარვმართავთ და ჩვენ  ვახორციელებთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მე ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს, გაუუმჯობესებს  მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება.

    ეს ფრაზა, ჩვენ თავმოყვარე, უძველესი ერი ვართ, ამას რომ ამბობს ვიღაც, არ ვიცი ვინ თქვა, არ მომისმენია, მაგრამ რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ასეთი გამონათქვამები, ეს არის ერის შეურაცხყოფა. თქვენ ნუ იმეორებთ ასეთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“,

    აცხადებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი  ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას, რომელმაც პუტინის გადაწყვეტილებებს აღადგინოს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და გააუქმოს სავიზო რეჟიმი, პროვოკაცია უწოდა.

  • თუ პუტინს სურდა ეჩვენებინა რომ ადარდებს საქართველო, შეეძლო აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჯარი გაეყვანა – დეგნანი უვიზო რეჟიმზე

    აშშ ვერ იტყვის, ექნება თუ არა ამას გავლენა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ეს აჩენს კითხვებს, რატომ უნდა აძლევდეს პუტინი საქართველოს ამას ახლა? დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ეს ქართველი მოგზაურების ხელშეწყობისთვისაა. ჩვენ გვინახავს, რომ პუტინი ქვეყანაში რუსების ყოფნას იყენებს იმისთვის, რომ ზოგჯერ ამ ქვეყანაში შეიჭრას. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია, გასულ წელს 100 000 რუსის საქართველოში შემოსვლის გამო და ახლა ჩვენ გვესმის რუსული ტურიზმის სააგენტოსგან, რომ, შესაძლოა, დამატებით მილიონი [რუსი] შემოვიდეს ამ პირდაპირი ფრენების შედეგად.

    თუ პუტინს სურდა, ეჩვენებინა, რომ მას ადარდებს საქართველო, ის აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გაიყვანდა ძალებს, დაემორჩილებოდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და უარყოფდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ის ნიშნები, რომლებსაც, ვფიქრობ, ქართველები დააფასებდნენ, როგორც ნამდვილ, გულწრფელ ჟესტს. გვახსოვს, რომ ესაა ქვეყანა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, რომელმაც 1989 წელს სცადა, გაენადგურებინა საქართველოს თავისუფლება, რომელმაც 1979 წელს სცადა, ჩაეჩუმებინა ქართული ენა და რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფდა საქართველოს ეკლესიებს ამ ქვეყანაში. ეს ის ქვეყანაა, რომელიც უკრაინას იმავენაირად ესხმის თავს, როგორც 15 წლის წინ საქართველოს დაესხა, მიზანში იღებს საცხოვრებელ შენობებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვებს ართმევს ოჯახებს. ძალიან უცნაური იქნება, რომ მივესალმოთ ჟესტს იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც უკრაინას იმას უკეთებს, რაც საქართველოს რუსეთმა სულ რაღაც 15 წლის წინ გაუკეთა და კვლავ ოკუპირებული აქვს თქვენი მიწა.

    განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

  • მინდა, ევროპაში მეგობრები დავამშვიდო, ესაა ეკონომიკური ურთიერთობები – ღარიბაშვილი

    “კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ აქ დაიწყონ ფრენები. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, ამაში არავითარი პრობლემა არ არის. როცა აზერბაიჯანში ვიყავი, ჩვენმა მეგობარმა ალიევმა მითხრა, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში [რუსეთიდან], ისრაელში 100-ზე მეტი. ამიტომ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მეგობრებო, მინდა ჩვენი მეგობრებიც ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები დავამშვიდო და დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები.

    ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ეს უბედურება, რომ ჩვენ რუსეთს არ დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, იმიტომ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებთ დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარელბთ. ეს უგუნური გადაწყვეტილება რომ გაგვეკეთებინა, გამოვხტარიყავით და დაგვეწყო სანქციების დაწესება, ამით რუსეთის ეკონომიკას ვერაფერს დავაკლებდით. წილი რუსეთის ვაჭრობაში ჩვენი ვაჭრობსი არის 0.3%. ჩვენ რა უნდა დავაზიანოთ ამ სანქციებით და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით?

    ჩვენ გავმიჯნეთ და ვთქვით, რომ ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, სანქცირებული კომპანიები, სანქცირებული ინდივიდები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით, ამის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ომის დაწყების შემდეგ, რაც შეეხება ვაჭრობას და ეკონომიკას, ეს ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა პირველ რიგში და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ, თუ ნამდვილად ისინი არიან ჩვენი მეგობრები და თუ სხვა განზრახვა და მიზანი არ აქვთ”,

    აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას.

  • პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს – სააკაშვილი რუსეთთან უვიზო რეჟიმზე

    “პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო.

    რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს.
    ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება”,

    აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს -ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ”აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.” –  აცხადებს სუს-ი