Blog

  • აფეთქებულ ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

    აფეთქებულ ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა – აღდგენილია ტამან ქერჩის მიმართულების უკიდურესი მარჯვენა ზოლი, რომელიც ერთადერთია, სადაც ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია, შესაბამისად, შემოღებულია რევერსული მოძრაობის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, მოძრაობა მონაცვლეობით იხსნება ჯერ ერთი მიმართულებით მიმავალი მანქანებისთვის, შემდეგ კი მეორე მიმართულებისთვის. მოძრაობის აღდგენის ამსახველი ვიდეო რუსეთის ვიცე პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა გამოაქვეყნა.

    ყირიმის ხიდთან დღესაც მანქანების კილომეტრებიანი რიგია. ასობით მანქანა საკუთარ რიგს ელოდება.

    ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, სავარაუდოდ საზღვაო დრონებმა ორშაბათს ღამით ააფეთქეს. შედეგად, ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთი სექცია ჩამოინგრა, მეორე შედარებით ნაკლებად დაზიანდა. სწორედ ამ ზოლში აღდგა მოძრაობა.

    რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, რომელიც გუშინ საღამოს პუტინთან ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საკითხის გამო შეიკრიბა, ყირიმის ხიდის ერთ მხარეს ორმხრივი მოძრაობის ამოქმედება 15 სექტემბერს იგეგმება, მეორე მხარის აღდგენას კი ნოემბრამდე შეძლებენ.

    ცნობისთვის, ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს,  აფეთქება მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ყირიმის ხიდის 145-ე საყრდენის მიდამოში ყუბანის მხრიდან “საგანგებო შემთხვევა” მოხდა.

    ეს არის მეორე დიდი ინციდენტი ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. წინა შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.

    უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული გამოცემის Suspilna-ს კომენტარში აღნიშნა, რომ ხიდის ნაწილის განადგურების გამო, უკრაინაში რუსეთის არმიას პრობლემები შეექმნება ლოჯისტიკასთან დაკავშირებით.

    • „ნახევარკუნძულს რუსები იყენებენ, როგორც დიდ ლოჯისტიკურ კვანძს უკრაინის ტერიტორიაზე ძალების და აქტივების გადასაადგილებლად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემა დამპყრობლებისთვის დამატებითი გართულებაა“, – განაცხადა იუსოვმა. მან ასევე მოიყვანა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც ხიდს “ზედმეტი კონსტრუქცია” უწოდა.

    ოფიციალურად, უკრაინის ხელისუფლებას ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, BBC-ის წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ყირიმის ხიდზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.

  • უსამშობლო არახამიას ვურჩევდი საქართველოს თავი დაანებოს – ალუდა ღუდუშაური

    „არახამიას ქცევები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ნორმალურობისგან და ყოველგვარი რეალობისგან დაცლილია. როგორც ჩანს, არახამიას სხვა საქმე არ აქვს, ვურჩევდი უკრაინის შიდა საქმეებით დაკავდეს, როცა ძალიან მძიმე ვითარებაა და უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოახმაროს რესურსები, თუ ასეთი გააჩნია და თავი დაანებოს საქართველოს. მკაფიოდ მინდა ვუთხრა – არავის გვეშინია! მით უმეტეს, არახამიას და მისნაირების როგორ შეიძლება გვეშინოდეს, ეს უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია. როგორც ჩანს, სუბრეალურ რეალობაში იმყოფება და რეალობას მოწყვეტილია, თუ დაბრუნდება რეალობაში, მისთვის ეს კარგი იქნება. გამოძიების დაწყებას რაც შეეხება, იმ ადამიანის კვალიფიკაციაზე როგორ შეიძლება ვისაუბროთ, რომელიც რეალობისგან დაცლილია და ყოველგვარი წითელი ხაზი აქვს გადაკვეთილი. აბსოლუტურად წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამოძიება უნდა დაიწყოს, თან მკვლელობის მომზადებაზე. მე მას ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს მათ შორის, უკრაინის კანონმდებლობა და თუ გამოძიება რამეზეა დასაწყები, ყველა მტკიცებულება სახეზე აქვთ და დაიწყონ გამოძიება როგორ უკანონოდ გადმოკვეთა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი და თუ ეს ასე არ მომხდარა, მაშინ განმარტება გააკეთოს და ღიად თქვას, რომ უკრაინის საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს და ამაში ჩართულნი იყვნენ უკრაინის თანამდებობის პირები. კიდევ ვურჩევდი, ქართველ ხალხს და საქართველოს ამ უსამშობლო ადამიანმა თავი დაანებოს”,

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დავით არახამიას განცხადებას:”რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, მკვლელობის მცდელობაა“.

  • სოფელ მეტეხში პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მას სცემს

    სოფელ მეტეხში პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მას სცემს

    “მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით,  შიდა ქართლში, სოფელ მეტეხში ჩასულმა თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მას ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სცემეს.

    პოლიციის ნაცემი მაღალჩინოსანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაჭირდა. როგორც კასპის საავადმყოფოში “მთავარს” უთხრეს, პოლიციის თანამშრომელს მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავისა და სახის არეში.

    “მთავარის” ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა, პოლიციამ სათვალთვალო კამერები ამოიღო.

    “სიტყვიერი შელაპარაკების დროს გამოიყენა სამსახურებრივი იარაღი და გაისროლა ჰაერში რასაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ახალგაზრდები შეეწინააღმდეგნენ. როგორც ვიცი, წაართვეს აღნიშნული იარაღი. […] აქ გვაქვს აბსოლუტური ნონსენსი, იმ დროს როდესაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, დღეს ისინი არიან დაკავებულები, ხოლო სამსახურებრივი იარაღი, რომელიც უკანონოდ გამოიყენა პოლიციის მაღალჩინოსანმა, დღეს ის სამსახურშიც არის და თავისუფალიც არის”, – ამბობს კასპის საკრებულოს ენმ-ს წევრი, გიორგი შარიფაშვილი.

    “მთავარი არხის” ინფორმაციით, შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და ადგილობრივებს შორის, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.

    კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, ამის შემდეგ, ადგილობრივებმა პოლიციის მაღალჩინოსანს იარაღი წაართვეს და მას სცემს.

  • ომის დაწყებიდან უკრაინაში 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

    უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე,  9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

    “გაეროს ადამიანის უფლებების უფროსი კომისრის ოფისის მიხედვით, დაიღუპა 9 287 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 16 384, მათგან უმეტესობა რუსი ჯარისკაცების მიერ სროლის შედეგად”. – თქვა დიკარლომ.

    აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს 537 დაღუპულ და 1117 დაშავებულ ბავშვს.

  • თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისის ზღვაში მაშველებმა შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი გუშინ, 17 ივლისს ამოასვენეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

  • ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 239 010 ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 239 010 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

    • ტანკი – 4119
    • ჯავშანტექნიკა – 8051
    • საარტილერიო სისტემა – 4542
    • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 689
    • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 428
    • თვითმფრინავი – 315
    • ვერტმფრენი – 310
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3839
    • ფრთოსანი რაკეტა – 1273
    • გემი/ნავი – 18
    • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7086
    • სპეცტექნიკა – 677
  • მე-4 დღეა, თბილისში დაკარგულ 22 წლის ბიჭს ეძებენ

    თბილისის ზღვაზე მეოთხე დღეა სამძებრო ღონისძიებები გრძელდება – მაშველები და მყვინთავები 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ.

    სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის  ტელეფონი და პირადი ნივთები იპოვეს.

    საგამოძიებო უწყებაში  გამოკითხეს პირი, ვისთანაც ლუკა ლაცაბიძეს ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა.

    ოჯახის წევრები საკონტაქტო ნომერს ავრცელებენ – 577015945.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი სავარაუდოდ რამდენიმე პირმა გააუპატიურა – “საფარი”

    თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი სავარაუდოდ რამდენიმე პირმა გააუპატიურა – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” მიერ გაგრცელებულ განცხადებაშია, ნათქვამი.ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.  “საფარის” თქმით, ქალის მეგობარმა პოლიცია ადგილზევე გამოიძახა, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.

    “მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა. ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ დაიწყო.

    პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო. ამიტომ, მეორე დღეს, ის ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, არ დაუთვალიერეს სხეული  ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ.

    საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა,  პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. მაგ. ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით; არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს;  პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლება ყოფილიყო, გადაითელა.

    გარდა ამისა, ქალის ყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითაც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ  თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ.

    „საფარი“, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, ითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდე შესაძლებელია და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის. გარდა ამისა, „საფარმა“ უკვე შეტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას,” –ნათქვამია განცხადებაში.

  • თურქეთში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი “ჩრდილი” დააკავეს

    თურქეთში პოლიციამ ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად ჩრდილი დააკავა.

    როგორც ცნობილია, ის რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა.

    ჩიხლაძის საცხოვრებელი კუჩუქჩეკმეჯში სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტმა დაადგინა. იგი სპეცოპერაციის დროს თავის მისამართზე დააკავეს და მოგვიანებით სასამართლოში გადაიყვანეს.

    სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩიხლაძე რუსეთსა და აზერბაიჯანში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მას რუსეთში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის მკვლელობები.

    ჩიხლაძე თურქეთში მანამდე უკვე ორჯერ იყო დაკავებული.

  • შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია – ზელენსკი

    უკრაინული სურსათი უსაფრთხოების ძირითადი წყაროა თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის. თუ სადღაც კრემლში ადამიანების ჯგუფს ჰგონია, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა მაგიდაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლებას არავის მისცემს. ყველას აქვს სტაბილურობის უფლება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დაცვაზე რუსული სიგიჟისგან.

    შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია და ის უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშეც. მარცვლეულის შესახებ ექსპორტის შეთანხმება არის შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან და ის ძალაში რჩება. ერთადერთი, რაც ახლა საჭიროა – მისი ფრთხილად განხორციელებაა და გადამწყვეტი ზეწოლა მსოფლიოს მხრიდან ტერორისტულ სახელმწიფოზე”,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.