Blog

  • “ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

    “ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

    ქართული ოცნების პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს ქართული ოცნების 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა გიორგი გახარიას პარტიის 9 წევრმა მისცა.

    ოცნებამ მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი პარტიების კანონებში, ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებებს.

    ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა და ა.შ.

    ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 28 იანვარს გახდა ცნობილი.

  • მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგოებმა იჩხუბეს, დაწყებულია გამოძიება

    მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგოებმა იჩხუბეს, დაწყებულია გამოძიება

    მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგოებმა იჩხუბეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

    “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით 1988 წელს დაბადებული ლ.გ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

    სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”. – წერს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თოვლმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია – მერია

    თოვლმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია – მერია

    საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე.

    “დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.

    ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება.

    ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, პროცესში ჩართულია ბაღის შესაბამისი მიმართულების სამსახურები. სპეციალისტები ეტაპობრივად აფასებენ მიყენებულ ზარალს და ამუშავებენ აღდგენითი ღონისძიებების დეტალურ გეგმას.

    როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო. ბაღის დროებითი დახურვა პრევენციული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას. სამუშაოების დასრულებისთანავე ის ტერიტორიები, სადაც ამჟამად გადაადგილება შეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ, ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა

    როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ, ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა

     როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ, ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა – აცხადებს Reuters-ი ირანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
     

    Fox News ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აცხადებს, ისრაელის ძალებმა ექსპერტთა შენობაზე იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ.ექსპერტთა ასამბლეა დაახლოებით 90 წევრისგან შედგება და ის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.

    Fox News-ის ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიანიშნებს, “თუ რა დონის სადაზვერვო ინფორმაცია აქვს ისრაელს ამ ომის ფარგლებში”.

  • ირანს საუბარი უნდა, მე ვთქვი: “ძალიან გვიანია” – დონალდ ტრამპი

    ირანს საუბარი უნდა, მე ვთქვი: “ძალიან გვიანია” – დონალდ ტრამპი

    შეერთებული შტატების  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს ამერიკასთან საუბარი სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს უკვე  “ძალიან გვიანია”.

    “მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: “ძალიან გვიანია”.”, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

    1-ელ მარტს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Atlantic-ს უთხრა, რომ ირანის ახალ ხელმძღვანელობას მასთან მოლაპარაკება სურს, რაზეც ის თანახმაა.

    “მათ საუბარი უნდათ და მე დავთანხმდი საუბარს, ასე რომ მათთან ვისაუბრებ. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. უფრო ადრე უნდა შეეთავაზებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელი იყო. ძალიან დააგვიანეს”, – უთხრა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში The Atlantic-ს.

  • რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მიზანი მძიმე და შავბნელია  – ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე

    რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მიზანი მძიმე და შავბნელია – ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე

    “რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მიზანი მძიმე და შავბნელია” – ამის შესახებ “ქართული ოცნების”  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

    „რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყავდეთ. ამ მაყურებლების „ბაბლში“ გარკვეული რაოდენობა შეაგროვეს, მაგრამ მთლიანად საქართველოზე გავლენა ვერ მოახდინეს. დაიშალნენ იმ იდეით, რომ ეჩვენებინათ, თითქოს, პლურალისტური ოპოზიციური საზოგადოებაა, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან ერთი მიმართულებით უტევს, მაგრამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნია. ჩამოყალიბდნენ, დავიწროვდა მათი ეს სამოქმედო გეგმა, ერთ კალაპოტში ჩაჯდა და ქვეყნის დანგრევას გულისხმობს. ისინი არც იმ დაშლის ვითომდა პერიოდში, არც ერთად ყოფნის პერიოდში, არასდროს უარყოფდნენ, რომ ლიდერები იყვნენ „ნაცმოძრაობაში”. ამას არასდროს უარყოფდნენ არც მოქმედებებით, არც განცხადებებით.

    იგივე ხალხია, იგივე გენპროკურორი, იგივე გენერალური მდივანი, იგივე მინისტრი, იგივე პოლიტსაბჭოს წევრი და „ნაცმოძრაობასთან” და სააკაშვილთან დაკავშირებული. სააკაშვილი მათი ლიდერია. რასაკვირველია, ამასაც არავინ მალავს, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მთავარია, რა არის მათი მიზანი. მიზანი ძალიან მძიმე და შავბნელია. იქით სალომე ზურაბიშვილს საერთოდ აღარ ახსენებენ. იქით „ლელო” და გახარიას პოლიტიკური პარტიები გვერდზე დარჩნენ, თითქოსდა, ამ ხნის განმავლობაში არასდროს უთანამშრომლიათ. ამით ცდილობენ გარკვეული პლურალისტური გარემოს შენარჩუნებას, მაგრამ რეალურად, საზოგადოებამ გადაუსწრო ცოდნაშიც, ინტელექტშიც და ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. სალომე ზურაბიშვილს ენერგიაც აღარ აქვს. ხელში „ქარტია“ მისცეს, „ქარტიას“ ხელი ყველამ მოაწერა და ახლა მოუწოდებდნენ, რომ ეს „ქარტია“ კაბინეტიდან სააბაზანოში გადაიტანოს. ეგ არის ის პრობლემა, რომელიც ახასიათებს მას. პრაქტიკულად, დატოვეს ისეთ პოზიციაში, როდესაც პრეზიდენტის დროშით ხელში დაიარება და ამბობს პრეზიდენტი ვარო. უკვე ეჭვებს ქმნის საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ როლში დატოვეს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ყველა მონაცემი გააჩნდა, რომ კარგი, მართალი, სწორი, ინტელექტუალური ლიდერი ყოფილიყო ამ ქვეყანაში,” – განაცხადა ვოლსკიმ.

  • არჩევნები ჩატარდება ომის დასრულების შემდეგ – ზელენსკი

    არჩევნები ჩატარდება ომის დასრულების შემდეგ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  თქვა, რომ არჩევნები ჩატარდება არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის, არამედ ომის დასრულების შემდეგ.

    “რეალური კითხვა მდგომარეობს იმაში, როდის შევძლებთ არჩევნების ჩატარებას? ისინი ნამდვილად გაიმართება ომის დასრულების შემდეგ და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს.[…] “მე არ ვარ სრულებით დარწმუნებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, შევხედავ, რა ენდომებათ უკრაინელებს.” – თქვა ზელენსკიმ.

  • საბერძნეთში  საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ის კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

    საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ის კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

    საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ის კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.  ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. სუდას ყურეში განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ობიექტები. ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.

    წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.

    მამაკაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.

     

  • შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვიეს – შსს ლიბერთიზე

    შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვიეს – შსს ლიბერთიზე

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.

    არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.

    სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.

    სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.

    მუშაობენ ყველა შესაძლო ხანძრის გამომწვევ სხვა ვერსიაზე.

    ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა.” – წერია უწყების განცხადებაში.