Blog

  • არ შეგვიძლია დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ გადადგმული შემაშფოთებელი ნაბიჯისა – ფოტიგა

    „ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.[…]დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი შემაშფოთებელი ნაბიჯებისა“,

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

  • სალომე ზურაბიშვილი კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება

    სალომე ზურაბიშვილი კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება

    საქართველოს პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება.

    შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქის ოჯახს დღეს გამართულ ბრიფინგზეც გამოუცხადა სამძიმარი და მომხდარს რუსეთის “მშვიდობიანი პოლიტიკა” უწოდა.

  • ”ესა მშვიდობა არის? ლამის არის სახლში შემოვიდნენ” – კირბალის მცხოვრები

    “უპატრონო ქვეყანა. რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, შვილო! რა უნდა მოხდეს? ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით ქვეყანა, დიდი, პატარა.[…]მეცინება, მთავრობას რა უნდა? სად არის მთავრობა? არამგონია, რუსები დაისაჯონ. აბა, ვინ დასაჯეს? ოთხოზორია და ისინი რომ მოკლეს, დაისაჯნენ? ესენი ხმას არ იღებენ […] მშვიდობა იყვესო. რა მშვიდობა? ესა მშვიდობა არის? ლამის არის სახლში შემოვიდნენ. გეუბნები, აქ მოვიდნენ, არაყი მომეციო”.

    აცხადებს ამის შესახებ, სოფელ კირბალის ადგილობრივი “მთავარ არხთან” საუბრისას.

  • საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად – ფიშერი

    “გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რუსეთის ძალების მიერ, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად”.

    საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას ეხმაურება.

  • ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული – ქადაგიშვილი

    “ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული. […] ვიღაცა რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას, მეტ დაპირისპირებას მოჰყვება მეტი ესკალაცია სიტუაციისა. ეს ესკალაცია რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს დღევანდელი ოპოზიციიდან? მათი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა”,

    აცხადებს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქის მკვლელობაზე.

  • EU მკაცრად გმობს სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – ჯოზეფ ბორელი

    ევროკავშირი მკაცრად გმობს სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და ამასთანავე, კიდევ ერთი ადამიანის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული მოქალაქე. რუსი სამხედროების ყოფნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა.

    წერს ევროავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი X (Twitter) -ზე.

  • წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოუკლავთ იგივე მოცემულობაში – სარჯველაძე

    წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოუკლავთ იგივე მოცემულობაში – სარჯველაძე

    “ამ ხელისუფლებაზე ხელის გამოშვერა ამ ტრაგედიაზე აბსოლუტურად მცდარია. ეს არის რა თქმა უნდა, სპეკულაციური დამოკიდებულება ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება ამ ტრაგედიის გამოყენება პარტიული კინკლაობისთვის. ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არის ტრაგედია. ეს არის უბედურება ქვეყნისთვის, რომელიც უნდა აერთიანებდეს მთელ ქვეყანას. არ შეიძლება ეს ვინმემ შიდა პარტიული ბრძოლისთვის გამოიყენოს, ეს უბრალოდ ამორალური იქნება.

    წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოუკლავთ იგივე მოცემულობაში, როგორც ახლა ამ ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს ოკუპაცია გრძელდება და სწორედ ამის მსხვეპლი გახდა ეს უკანასკნელი. ღმერთმა ქნას, რომ ეს ყოფილიყოს უკანასკნელი მსხვერპლი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. მთელი ქვეყანა უნდა დავდგეთ მტკიცედ, შეურიგებლად ოკუპაციასთან”,

    ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

  • გასაკვირია, ვინმეს რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების იმედი ჰქონდეს – ზურაბიშვილი

    არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა. ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება. ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ რუსეთის აგრესიას და მის განცხადებებს, რომ ვითომ არის ჩვენი ერთსულოვანი მეგობარი და რეალურად ვხედავთ როგორ იქცევა ჩვენ ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი. ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ და არც გვჯერა სხვა პერსპექტივის. ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის და ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რამე ისწავლოს, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენ პარტნიორებთან და ჩვენი მომავალი ევროპაშია.

    ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

  • ნათელი მაგალითია, თუ რა დესტრუქციას იწვევს რუსეთის ოკუპაცია – მილერი

    შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ. ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა დესტრუქციას იწვევს რუსეთის მიერ როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორიის, ასევე სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია.

    წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი.

  • საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა, აშშ–დან და ევროკავშირიდან გაიზარდა

    საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება, ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ–დან გზავნილების მოუცლობა კი გაზრდილია.

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის სექტემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ  წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა ჯამში შემცირდა. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 283.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 26.7%–ით – 103.3 მილიონი დოლარით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

    2022 სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა  387.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 177.4 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის სეტქემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქედან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა173.94 მლნ დოლარი. ევროკავშირის ქვეყნები – 91.99 მლნ; აშშ – 28.67 მლნ.

    საინტერესო ამ სტატისტიკაში ის არის, რომ კლება წელს მთლიანად რუსეთიდან გზავნილების ხარჯზე მოხდა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რუსეთიდან გზავნილები 65.81%–ით შემცირდა. თუ შარშან სექტემბერში რუსეთიდან 173 .94 მლნ დოლარი გამოიგზავნა, წელს ეს მაჩვენებელი 59.47 მლნ დოლარია. რუსეთის წილმა გზავნილების მთლიან მოცულობაში 2023 წლის სექტემბერში 20.95% შეადგინა. არადა 2022 წელს ეს წილი რეკორდულად მაღალი იყო. მაგალითად, სექტემბრის თვეში 44.84%. 2022 წლის ზოგიერთ თვეში კი 59%–მდე მიაღწია.

    ეს დიაგრამა ასახავს რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის და კლების მაჩვენებელს 2021 წლის აგვისტოდან 2023 წლის სექტემბრამდე.

    რუსეთისგან განსხვავებით გაზრდილია გზავნილების მოცულობა აშშ–დან და ევროკავშირიდან. თუ 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირიდან გზავნილების მოცულობა 91.99 მლნ დოლარი იყო, აშშ–დან კი 28.68 მლნ დოლარი, 2023 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 110.64 მლნ დოლარი შეადგინა, აშშ–დან კი 41.25 მლნ დოლარი . 2022 წლის სექტემბერში  ევროკავშირიდან გზავნილები საერთო მოცულობის 23.76% იყო, აშშ–დან  7.41%. 2023 წლის სექტემბერში ევროკავშირის წილი 38.97%–მდე გაიზარდა, აშშ–სი კი 14.53%–მდე. ჯამში ევროავშირიდან და აშშ–დან ფულადი გზავნილების წილი საერთო მოცულობაში  2022 წლის სექტემბერში 31.17% იყო, 2023 წლის სექტემბერში კი 53.5%.

    ცალკე აღებული ციფრები უფრო საინტერესო ხდება, თუ მათ დინამიკას შევხედავთ.

    რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში უკრაინაში ომის დაწყებამდე, 2020–2021 წლებში  საერთო მოცულობის 20%–ის ფარგლებში მერყეობდა.

    მაგალითად, 2021 წელს, რუსეთიდან გამოგზავნილი თანხების მოცულობა 375 მილიონი დოლარი იყო.

    2022 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციაც კი დაიწყო, თუმცა, უცებ, ომის დაწყებისთანავე იწყება ნახტომისებრი ზრდა.

    თუ 2022 წლის იანვარში და თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 22 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა, 2022 წლის მარტში უკვე 133 მლნ დოლარი შეადგინა, აპრილში კი 313.9 მილიონი დოლარი. ჯამში 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ სტაბილური კლება დაიწყო. მართალია 2023 წლის სექტემბრის გზავნილების მოცულობა ომამდელ პერიოდს კვლავ აღემატება, თუმცა კლების ტენდენცია გრძელდება.

    განსხვავებულია დიაგრამა აშშ–ს შემთხვევაში. აშშ–დან ფულადი გზავნილების მოცულობა ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება.

    2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ევროკავშირიდან გზავნილების მოცულობა. თუ 2022 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 780 მილიონი დოლარი გამოიგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 950 მილიონს გადააჭარბა.

    შედარებისთვის: 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, ანუ პირველ 9 თვეში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 701 მლნ დოლარი იყო.