Blog

  • “ნასვამები იყვნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს“–ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კაგებე“ მოკლულ და გატაცებულ ქართველებზე“

    “ნასვამები იყვნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს“–ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კაგებე“ მოკლულ და გატაცებულ ქართველებზე“

    ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. „საზღვრის“ დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

    „დაკავების მცდელობისას მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შეჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    მათი ინფორმაციით, ე.წ. „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით „საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს, მეორე კი – დააკავეს.

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუსის განცხადებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

    შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

    საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნით, 6 ნოემბერს ერგნეთში გაიმართა ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ოფიციალური თბილისის გარდა მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

    თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.

    როგორც შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, დოთიაშვილი არის „ოქროს მოწმე.

    „დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი კითხვები, რაც არის გაჟღერებული, ეს არის მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯა.

    ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან დასტურს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

    მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ჩვენი მოქალაქის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობის პირველი შემთხვევა.

    ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია მკვლელობასთან დაკავშირებით არის ის, რომ რაც მოხდა ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს… ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოკლული კი გადასვენებულია პროზექტურაში”, – თქვა ირაკლი ანთაძემ.

  • საჩუქარი ხელყუმბარით–უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ზალუჟნის თანაშემწე მის დაბადების დღეზე აფეთქდა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მისი ტელეგრამ არხზე დაადასტურა მისი თანაშემწის, მაიორის გენადი ჩასტიაკოვის გარდაცვალება.

    “ენით აუწერელი ტკივილი და მძიმე დანაკლისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და პირადად ჩემთვის.

    დღეს, ტრაგიკულ ვითარებაში, მისივე დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში გარდაიცვალა ჩემი თანაშემწე და ახლო მეგობარი მაიორი გენადი ჩასტიაკოვი.ერთ-ერთ საჩუქარში უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გენადის ცოლი და ოთხი შვილი დარჩა. ვუსამძიმრებ ოჯახს…

    სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან გენადი იყო ჩემთვის საიმედო საყრდენი, რომელმაც მთლიანად მიუძღვნა თავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას.

    მიზეზები და გარემოებები წინასწარი გამოძიების ფარგლებში დადგინდება.

    მარადიული ხსოვნა!“–წერს ზალუჟნი.

    უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში UNIAN-ის სააგენტოს წყარომ განაცხადა, რომ ზალუჟნის თანაშემწე ხელყუმბარასთან დაუდევარი მოპყრობის გამო გარდაიცვალა. მისი თქმით, გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე  საბრძოლო ხელყუმბარები გადასცეს, რომელთაგან ერთ-ერთი დაუდევარი გამო  აფეთქდა.

    უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენადი ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • წინდაუხედავმა ქმედებამ მსხვერპლი არ მოგვიტანოს – ანდრია ჯაღმაიძე კირბალზე

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და

    უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო.

    ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის).

    როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში, ქართველი სასულიერო პირები და მრევლი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა.

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზის შიგნით ტაძართან, ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი, დღეს კი სამწუხაროდ მსხვერპლი გვაქვს.

    მლეთაში მდებარე ლომისის ტაძარში, ქედზე, ანალოგიური ვითარება გვაქვს, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ანალოგიური საფრთხეების ქვეშ. 15 წელია ოკუპაციის შემდეგ გასული და მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები პერიოდულად ამოდიან ახალგორის ბაზიდან, ჩვენ შევძელით ამ ტაძარზე ზრუნვა.

    დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში.

    25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები.

    მე როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს.

    ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური.

    წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

  • “რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში” – ვიოლა ფონ კრამონი

    “”რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. ” – ასე ეხმაურება, სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელეობას, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

    “რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს 200-წლიანი გამოცდილება იმისთვის, რომ იცოდეს, რომ მოძალადის დამშვიდება არ მუშაობს. ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს”, – წერს კრამონი.

  • დამნაშავის დასასჯელად საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს – პაპუაშვილი კირბალზე

    შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახსა და მეგობრებს.

    ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და რისკებს ატარებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.

    საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.

    საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, აღნიშნული ფაქტი დროულად შეაფასონ და ოკუპაციის დასრულების მიზნით, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.

    წერს Facebook-ზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

  • “მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

    “მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ” – რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს.

    “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ.

    ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

    მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით”- ნათქვამია განცხადებაში.

  • მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად – ღარიბაშვილი

    მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად – ღარიბაშვილი

    “მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად” – ამის შესახებ ნათქვამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც “საქართველოს მთავრობის” ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

    ”გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

    მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.
    ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.

    აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

    მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი
    ირაკლი ღარიბაშვილი”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

    ამ წუთებში Კირბალისკენ სამოქალაქო აქტივისტები მიდიან

    ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, სოფლის შესასვლელი მათ გადაკეტილი აქვთ და ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

  • კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს! – პრეზიდენტი რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

    ”ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.

    ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს.

    სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას”.

    წერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

    ამ წუთებში Კირბალისკენ სამოქალაქო აქტივისტები მიდიან

    ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, სოფლის შესასვლელი მათ გადაკეტილი აქვთ და ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

  • ყველა რუსის მხარდამჭერის დედას შევ**ი მე! რუსებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქე! – ქაცარავა

    ლომისის ტაძრის მიმდებარედ, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ყველა რუსის მხარდამჭერის დედას შევ**ი მე! – აცხადებს ატისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

    ”საშინელი ამბავი მხოდა, რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 1 საათის წინ კირბალშ გახსნეს ცეცხლი და ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი მოკლეს, მეორე არის გატაცებული. ყველანაირ ზღვარს სცილდება. ძალიან მაგარი ადამიანი მოკლეს რუსებმა.. დადასტურებული ინფორმაციაა სამწუხაროდ უდიდესი ტრაგედიაა.. ეს არის გამომწვევაზე მეტი. ყველა რუსის მხარდამჭერის დედას შევ**ი მე! პოლიცია არ მიშვებს მე, გადაადგილების უფლებას არ მაძლევს რომ ჩავიდე სოფელ კირბალში. როგორ ფიქრობთ რა უნდა გავაკეთოთ ხალხო? გაგებით მოვეკიდოთ? გავატაროთ? პრაგმატულ პოლიტიკას მივენდოთ? ქოცურ პრაგმატულ პოლიტიკას?! რუსებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქე! მე ვფიქრობ შეკრების დრო მოვიდა. ეს ადამიანი რომელიც მოკლეს უმაგრესი ადამიანი იყო. მეშინოდა ამის თქმის, ბოლო წამამდე მქონდა იმედი რომ ტყუილი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ ეს დადასტურდა. გადავყლაპოთ ესეც? რას გვეტყვიან ახლა ქოცები? პროვოკაცია იყოვო? ჩვენი ბრალია ისევ? ვეცდები ჩავიდე კირბალში თუ არადა შევხვდეთ ქალაქში. ამის ასე დატოვება არ შეიძლება!”- აცხადებს დავით ქაცარავა.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

    რუსების მიერ მოკლული მოქალაქე თამაზ გინტურია.

    ამ წუთებში Კირბალისკენ სამოქალაქო აქტივისტები მიდიან

  • რუსების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – სუს-ი

    რუსების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – სუს-ი

    “რუსების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე” – ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

    მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, – წერს სუსი.