Blog

  • ” ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა, რუსეთის ნამდვილ განზრახვას აჩვენებს” – მიშელი

     “ყველასთვის, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას. შეტევები კიდევ უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა ემთხვევა ახალ წლის არდადეგებს. უკრაინის სული არ შეიძლება დაირღვეს. ევროკავშირი დგას უკრაინასთან.”

    განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში.

  • „ყველაზე მძიმე წელი იყო 2023 ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში…სამწუხაროდ ის ვერასოდეს დასრულდება ჩვენს მეხსიერებაში“ – კულუმბეგოვი

    „ყველაზე მძიმე წელი იყო 2023 ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში…სამწუხაროდ ის ვერასოდეს დასრულდება ჩვენს მეხსიერებაში“ – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 2023 წელს აჯამებს.

    „ყველაზე მძიმე წელი იყო 2023 ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში…სამწუხაროდ ის ვერასოდეს დასრულდება ჩვენს მეხსიერებაში…

    ვისურვებდი ის წელი დარჩეს ყველაზე ცუდად ჩვენს ცხოვრებაში და 2024 წელი იყოს მცირედით უკეთესი მაინც.ბედნიერ 2024 წელს გისურვებთ!“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

  • ტოკიოს აეროპორტში მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

    ტოკიოს ჰანედას აეროპორტში იაპონიის ავიახაზების (Japan Airlines)-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მსოფლიო მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა ცეცხლმოდებული თვითმფრინავის კადრებს ასაფრენი ბილიკიდან, რომელშიც 379 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

    ავიაკომპანიის ინფორმაციით ალმოდებული თვითმფრინავიდან  ყველა მგზავრის და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია მოხდა.

    კადრებში ჩანს უზარმაზარი ცეცხლი, რომელიც თვითმფრინავს მოედო. მეხანძრეები ცეცხლს დიდხანს ებრძოდნენ, თუმცა თვითმფრინავი პრაქტიკულად მთლიანად დაიწვა.

    სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა,  2021 წელს გამოშვებული  Airbus A350–ია. ის რეისს კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ნიუ ჩიტოზის აეროპორტიდან ტოკიოს მიმართულებით ასრულებდა.

    იაპონური მაუწყებლის კადრებში ჩანან მგზავრები, რომლებიც ალმოდებული თვითმფრინავიდან გასაბერ პანდუსზე ხტებოდნენ გადასარჩენად.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა სააგენტო Reuters-მა და იაპონურმა მაუწყებელმა განაცხადეს, რომ იაპონიის ავიახაზების რეისი შესაძლოა ჰანედაში დაშვების შემდეგ იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა .

    იაპონური მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი გადაარჩინეს, დანარჩენი ხუთი კი დაკარგულად ითვლება.

    სანაპირო დაცვა ამბობს, რომ მისი თვითმფრინავი, რომელიც სავარაუდოდ  სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა,  ნიიგატას აეროპორტისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის  ნოტოს ნახევარკუნძულზე.

    Flightradar-ის ვებგვერდის ცნობით, თვითმფრინავი ჰანედას აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:47 საათზე დაეშვა.

    ჰანედას აეროპორტმა ინციდენტის შემდეგ  ყველა ასაფრენი ბილიკი დახურა.

  • უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი – ზელენსკი

    „ჩართულია ყველა საჭირო სერვისი, 500-ზე მეტი მაშველი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურიდან. კიევსა და ხარკოვის ოლქში ამჟამად 92 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, დაიღუპა 4 ადამიანი. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 12:44 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ ბაჯში იყო.

    მიწისძვრის სიძლიერე 4,3 მაგნიტუდას შეადგენდა.

  • რუსეთმა კიევი და ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

    რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

    კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით  დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

    უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვეს.

  • რუსებმა უკრაინას 35 დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა ყველა დრონის მოგერიება შეძლეს

    რუსული ძალები უკრაინას წუხელ Shahed-ის 35 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონის მოგერიება შეძლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა კიევსა და მიკოლაივში ხანძრები გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

  • წელს მტერი საკუთარ თავზე იგრძნობს უკრაინული იარაღის რისხვას – ზელენსკი

    წელს მტერი საკუთარ თავზე იგრძნობს უკრაინული იარაღის რისხვას. ჩვენი აღჭურვილობა, ტექნიკა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, ჩვენი საზღვაო “მისალმება” მტერს და უკრაინული წარმოების სულ მცირე მილიონი FPV ტიპის დრონი, რასაც ჩვენ გულუხვად გამოვიყენებთ ხმელეთზე, ცაში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. წელს მტერი ისე, როგორც არასდროს იგრძნობს, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდება შავი ფურცელი რუსული ფლოტის ისტორიაში

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • დანიის დედოფალმა მოულოდნელად სამეფო ტახტზე უარი თქვა

    დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ერისადმი საახალწლო სატელევიზიო მიმართვის დროს მოულოდნელად სამეფო ტახტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

    ტახტიდან ოფიციალური გადადგომა 14 იანვარს შედგება. სწორედ ამ დღეს შესრულდება 52 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ის დედოფალი გახდა.

    მარგრეტეს წასვლის შემდეგ, დანიის მეფე მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი გახდება.

    ”მე ტახტს ჩემს შვილს, გვირგვინოსან პრინც ფრედერიკს დავუტოვებ,” – თქვა მან.
    83 წლის მარგრეტე II დანიის ისტორიაში სამეფო ტახტს ყველაზე ხანგრძლივი დროით იკავებდა.  ის ტახტზე ავიდა მამის, მეფე ფრედერიკ IX-ის გარდაცვალების შემდეგ 1952 წელს.

    ბრიტანეთის სამეფო ტრადიციისგან განსხვავებით, 55 წლის პრინცი ფრედერიკის ოფიციალური კორონაციის ცერემონია არ გაიმართება. სამაგიეროდ, სასახლე იმავე დღეს გამოაცხადებს მის ტახტზე ასვლას.

    დედოფალი მარგრეტე პოპულარული ფიგურაა დანიაში და ბევრი დანიელი ელოდა, რომ ის ტახტზე სიკვდილამდე დარჩებოდა.

    ყოველწლიურად საახალწლოდ ის დანიელებს სატელევიზიო ეთერში სიტყვით მიმართავს.

    წელს, გარდა ტახტზე უარის თქმის მოულოდნელი განცხადებისა, მარგრეტე II-მ ისაუბრა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომებზე, ასევე კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების მნიშვნელობაზე.

    დანიის სამეფო ოჯახმა ევროპის სხვა სამეფო ოჯახების მსგავსად, თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემების წინაშე აღმოჩენის გამო დანიის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა შეემცირებინა სამეფო ოჯახის წევრებთა რაოდენობა.

    ამან გამოიწვია საჯარო განხეთქილება სამეფო ოჯახში გასულ წელს მას შემდეგ, რაც მეფისნაცვლის ფრედერიკის უმცროსი ძმის, პრინც იოაკიმის შვილებს სამეფო ტიტულები ჩამოართვეს.

  • Washington Post-ის გამოძიება:როგორ არწმუნებს კრემლი ფრანგებს, უყვარდეთ რუსეთი და არ დაეხმარონ უკრაინას

    Washington Post-ის შაბათის ნომერში გამოქვეყნდა გამოცემის კორესპონდენტის კეტრინ ბელტონის სტატია, რომელიც ეძღვნება საფრანგეთის უკიდურესი მემარჯვენეების ახალ მცდელობებს შეცვალონ ქვეყნის პოლიტიკა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

    კრემლის მხარდამჭერები უკიდურესი მემარჯვენეების ფლანგიდან, იყენებენ „მჯელობებს უკრაინაში ომისთვის გადახდილი ფასის შესახებ და სულ უფრო მეტად აზავებენ მას იმ აზრთან, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკული იდეაა და საფრანგეთი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც დიდ ზესახელმწიფო და აღადგინოს  კავშირები რუსეთთან“.–ასკვნის ავტორი.

    კრემლმა კი, როგორც ვაშინგტონ პოსტის წყაროებით მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, იცის მემარჯვენეების მზარდი პოპულარობის შესახებ და სურს ამით ისარგებლოს.

    დოკუმენტები, რომლებზეც ბელტონი წერს, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით იქნა მოპოვებული.

    სერგეი კირიენკო

    ამ დოკუმენტების თანახმად, სერგეი კირიენკომ, პუტინის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, დაავალა კრემლის პოლიტიკურ სტრატეგებს, განავითარონ პოლიტიკური დესტაბილიზაციის კამპანია საფრანგეთში სოციალური ქსელების, ფრანგი პოლიტიკური აქტივისტების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების გამოყენებით.

    მაგრამ იმ პირთა კონკრეტული სახელები, ვინც ამაში უნდა იყოს გამოყენებული, დოკუმენტებში არ არის ნახსენები.

    ამ პროექტის მონახაზების პირველი პრეზენტაციები კრემლს უკვე 2022 წელს გადაეცა და აჩვენა, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ საფრანგეთში, სადაც რუსეთისადმი სიმპატიით განწყობილი ადამიანების მნიშვნელოვანი ფენა დარჩა, შესაძლებელი გახადა მსგავსი პროპაგანდისტული კამპანიის განხორციელება.

    წელს კრემლის რეკომენდაციები მედია სტრატეგებისთვის უფრო კონკრეტული იყო: გაზარდეთ მესიჯების რაოდენობა, რომლებიც ხელს შეუწყობდა იმ აზრს, რომ სხვისი ომისთვის ფასის გადახდა ცუდი იდეაა.

    მერკელი, პუტინი მაკრონი 2019 წლის ბოლოს

    საპასუხოდ, მიღებული დოკუმენტების მიხედვით, შემუშავდა სახელმძღვანელოები „ბოტ ფერმებისთვის“. მაგალითად, ეს: შექმენით 200-სიმბოლოიანი კომენტარი შუახნის ფრანგის სახელით, რომელიც საფრანგეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი „იდიოტურ ავანტიურად“ მიიჩნევს.

    ამ წარმოსახვითი ფრანგისთვის ერთ-ერთი არგუმენტი იქნება ის, რომ უკრაინის მხარდაჭერა იწვევს „ინფლაციას და ცხოვრების დონის დაქვეითებას“.

    კრემლის სპიკერს, დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს ასეთი დოკუმენტების არსებობის შესახებ.

    მან ამ ინორმაციას უწოდა „კიდევ ერთი ფეიკი და სრული სისულელე“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კირიენკო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაკავებულია საშინაო პოლიტიკით და რომ „მთელი ევროპა იტანჯება“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით და ამის კიდევ ერთხელ დამტკიცება არ არის საჭირო.

    მაგრამ, როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, სოციალურ ქსელებში აქტივობის ანალიზი აჩვენებს, რომ იყო მცდელობები საფრანგეთის შიდა პრობლემები პრორუსული ნარატივების პოპულარიზაციისთვის გამოყენებინათ.

    Alto Intelligence არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ევროპაში ანომალიური ციფრული მედიის აქტივობის მონიტორინგზე. მათი დათვლით,  პარიზში არაბი მოზარდის მკვლელობით გამოწვეული არეულობის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა კომენტარის თითქმის მესამედი მომხმარებელთა პატარა  – 1,2% -იანმა ჯგუფმა უზრუნველყო.და კომენტარების ამ მასაში 24,2% პრორუსული იდეების პოპულარიზაციას ეწეოდა.

    ანგარიშების უმეტესობა, რომლებმაც ეს კომენტარები დაწერეს, დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან – მარინ ლე პენთან, ნაციონალური გაერთიანების ხელმძღვანელთან (ყოფილი ეროვნული ფრონტი) და ერიკ ზემურთან.

    შემოდგომაზე, ჰამასის თავდასხმების შემდეგ ისრაელის დასახლებებზე და ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ ღაზაში, გაჩნდა მტკიცებულება, რომ ანტიისრაელური პროტესტი საფრანგეთში, ირიბად ან რუსული დეზინფორმაციული ქსელების გამოყენებით დაკავშირებული იყო მოსკოვთან.

    ექვსთვიანი საპარლამენტო გამოძიება საფრანგეთის პოლიტიკაში საგარეო ჩარევის შესახებ მივიდა დასკვნამდე: “რუსეთი აწარმოებს მდგრად დეზინფორმაციულ კამპანიას ჩვენს ქვეყანაში” და ხაზი გაუსვა ლე პენის პარტიის როლს, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, “ბევრ განსაკუთრებულ კავშირს ინარჩუნებს კრემლთან”, და, არსებითად, მოქმედებს როგორც „საკომუნიკაციო არხი“ რუსული შეხედულებების გავრცელებაში.

    ლე პენს მოსკოვთან კავშირში დიდი ხნის განმავლობაში ადანაშაულებენ, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ 2014 წელს რუსეთიდან სესხი აიღო. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლე პენი აღარ არის ისეთი აქტიური პუტინის მხარდასაჭერი და მისი კომენტარები ომის შესახებ ძირითადად ხაზს უსვამს იმას, რომ ანტირუსული სანქციები ზიანს აყენებს საფრანგეთის ეკონომიკას.

    თუმცა, მისმა “ნაციონალურმა გაერთიანებამ“ უარი თქვა უკრაინის მხარდაჭერაზე რამდენიმე საპარლამენტო კენჭისყრაში.

    და ბოლო თვეებში, ამ  პარტიის წევრები და სხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები კვლავ ალაპარაკდნენ  მოსკოვთან კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე.

    ბევრი მათგანი არ მალავს, რომ საფრანგეთის არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობა რუსეთს აძლევს კარგ შანსს, შემდგომშიც სცადოს ძირგამომთხრელი საქმიანობა და რყევების გამოწვევა.