Blog

  • აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს – შსს

    აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს – შსს

    გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივუი სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს. განცხადება ბრიფინგზე ივანიშვილის შს მინისტრმა, გეკა გელაძემ გააკეთა.

    მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და კანინიერი ქურდობა

    “სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის “კანონიერ ქურდს”, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური

    ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური

    ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ღამით ირანში განხორციელებული დარტყმების შედეგად ბასიჯის ძალების სარდალი გოჰლამ რეზა სოლეიმანი მოკლეს. IDF-ის განცხადებით, თეირანში სოლეიმანზე, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა, ზუსტი იერიშის მიტანა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის წყალობით გახდა შესაძლებელი.

    “ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – წერს ისრაელის არმია.

    ამავდროულად, ისრაელური მედია წერს, რომ დღეს ღამით ისრაელის არმიამ იერიში ირანის უზენაესი საბჭოს მდივანზე, ალი ლარიჯანზეც მიიტანა.

  • მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება  – სარჯველაძე პატრიარქზე

    მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება – სარჯველაძე პატრიარქზე

    “მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება ” –  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

    “მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული, კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული – იქნებ აღმოჩნდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები.აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია” – განაცხადა სარჯველაძემ.

    რაც შეეხება პატრიარქის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან ან უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სარჯველაძე ამბობს, რომ “ამ წუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება.

    “რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი. უნდა ვუთხრა საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, უზრუნველყოფილია. ჩვენ ვმსჯელობთ, ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნეს ჩართული იმისთვის, რომ უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ არავინ მისი მდგომარეობით არ შეიძლება დღეს კმაყოფილი იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა” – განაცხადა სარჯველაძემ

  • ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური – მეუფე შიო

    ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური – მეუფე შიო

    „როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.

    ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“

    ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.

  • სპეცოპერაციის დროს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები დააკავეს

    სპეცოპერაციის დროს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები დააკავეს

    აჭარაში, სპეცოპერაციის დროს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები დააკავეს. ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებს რეზო წულუკიძის ცოლმა, ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა.წულუკიძეემი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

    “რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე”. – უთხრა ბათუმელებს ნარი ფუტკარაძემ.

  • ილია II მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში – კლინიკის დირექტორი

    ილია II მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში – კლინიკის დირექტორი

    კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ცნობით ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე რჩება.  კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, ილია მეორეს აღენიშნებოდა კუჭიდან სისხლდენა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული და მდგომარეობა საყურადღებოდ ფასდება.

    “პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია” – თქვა სოფიო ასპანიძემ

    ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

  • ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი – ირაკლი კობახიძე “მოსკოვის მექანიზმზე

    ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი – ირაკლი კობახიძე “მოსკოვის მექანიზმზე

    “ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს.”  ასე აფასებს, “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს და აცხადებს, რომ  ანგარიში შედგენილია მანკიერი, ვიწროპოლიტიკური ინტერესის კარნახით საქართველოს წინააღმდეგ. მისი თქმით დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას და არ ასახავს საქართველოში მიმდინარე ობიექტური რეალობის ანალიზს.

    “რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო “ქართულ ოცნებას” არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო/ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს.

    გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.

    ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო.

    აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას “საქართველოს რესპუბლიკა” ეწოდება თუ საქართველო” – თქვა კობახიძემ

  • ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე – ოპოზიციის ალიანსი

    ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე – ოპოზიციის ალიანსი

    “ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე” – “ოპოზიციის ალიანსის” განცხადებით პასუხისმგებლობას იღებენ გააკეთონ ყველაფერი რათა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს.  “ოპოზიციური ალიანსის” პოზიცია პარტია “დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ გაახმოვანა სპეციალურ ბრიფინგზე.

    “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშმა ფუნდამენტურად შეცვალა ვითარება. ეს არის აბსოლუტურად ახალი საერთაშორისო რეალობა. ბუნებრივია, რომ ოპოზიციის ალიანსს აქვს ახალი პასუხისმგებლობები ამ რეალობაში. თუ აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი იყო უბრალოდ არალეგიტიმური, დღეს ეს რეჟიმი არალეგიტიმურთან ერთად უკვე არის ბრალდებული რეჟიმი.

    ამიტომ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ “მოსკოვის მექანიზმის”ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს, მათ შორის დღეს საზოგადოებას გვინდა მოვუყვეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ. იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ჩვენ მომავალი 1 თვის განმავლობაში გავაკეთებთ:

    პირველი – არის კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც გავაკეთებთ ამას იმისთვის, რომ მან განახორციელოს საკუთარი მანდატი. გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექცირების უფლებამოსილება.
    მომავალი 1 თვის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს.

    მეორე, არის ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და “მოსკოვის მექანიზმში” არსებული კონკრეტული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, ვინც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამ თანამშრომლობაში არ შევა. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მან დაიწყოს გამოძიება საკუთარი წესდების შესაბამისად. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც ვერავითარი გავლენა რეჟიმს ვერ ექნება.

    მესამე, არის უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები. კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები ეროვნულ დონეზე გამოიძიონ. ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე, ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში.

    მეოთხე, არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა გამოძიება დაიწყო, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე”, – განაცხადა ლემონჯავამ.

  • ქართველებს ცხოვრება რეპრესიების პირობებში უწევს – ელინა ვალტონენი

    ქართველებს ცხოვრება რეპრესიების პირობებში უწევს – ელინა ვალტონენი

    “ქართველებს ცხოვრება რეპრესიების პირობებში უწევს ” – ამის შესახებ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ელინა ვალტონენიმ განაცხადა. მისი  განცხადებით საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და ქართველ ხალხს რეპრესიების პირობებში უწევს ცხოვრება.

    “ფინეთი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და არა მხოლოდ ვაკვირდებოდი სიტუაციას, არამედ ვიმყოფებოდი საქართველოში ძლიერი სოლიდარობის გამოსახატად ქართველი ხალხის მიმართ, რომელთაც უწევთ ცხოვრება რეპრესიების პირობებში. უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული მორი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ როგორც ევროკავშირი, ჩვენც ფხიზლად უნდა ვიყოთ” – თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიუსელში.

  • “სხვა მიმართულების განვითარების სივრცე ჩნდება” – სონღულაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე

    “სხვა მიმართულების განვითარების სივრცე ჩნდება” – სონღულაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე

    “ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ერთის მხრივ ნარჩენების მართვის ნაწილში, მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის ნაწილში. ეს ორივე მიმართულება იყო მოტივატორი იმის, რომ ამ მიმართულებით რეფორმები განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები იყო გამართული. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როდესაც ერთი მიმართულება იცვლება, იქ აუცილებლად ჩნდება სივრცე და შესაძლებლობა ახალი მიმართულებების განვითარების. ბიზნესი ყოველთვის აკეთებს ადაპტირებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ბიზნესის მიდგომა არის პასუხისმგებლობიანი გარემოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შესაძლებლობა იმის, რომ გარემოზე იზრუნონ”.

    განაცხადა, “ქართული ოცნების”  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.