საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ თითოეული ჩვენგანის გულში უდიდესი ტკივილი გამოიწვია.
ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს – კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ.
Blog
-

ამ დროის განმავლობაში, ილია II ხალხისთვის მტკიცე საყრდენად იქცა – ყაველაშვილი
-

16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყება, ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება, ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16:00 საათზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-

პატრიარქს კი არ გლოვობენ, არამედ მრევლს (ამომრჩეველს) აწონებენ თავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან – რომან გოცირიძე
“პატრიარქს კი არ გლოვობენ, არამედ მრევლს (ამომრჩეველს) აწონებენ თავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უკეთ შეამკობს გარდაცვლილ, მართლაც რომ ისტორიულ პიროვნებას. ხან ხელისუფლება გაიჭრება წინ ზღვარგადასულ ქება-დიდებაში და ხან ოპოზიცია. ჯერ-ჯერობით ფრეა.”
წერს, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე.
-

ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას – საელჩო
საფრანგეთის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს მრევლს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.
“საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.
როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.
მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას” – წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
-

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს
“საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.” – ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადებით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ცოლი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამენ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
“უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.
მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის სულს”. – ნათქვამია განცხადებაში.
-

მეუფე ზენონი ხელისუფლებას მოუწოდებს არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში
მინდა მივმართო ხელისუფლებას და მოვუწოდო, რომ არანაირად არ დაუშვას, არ მისცეს თავს უფლება და ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. არც პირდაპირ და არც ირიბად.
ეს არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი პრინციპი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დამოუკიდებლად ავირჩიოთ ეკლესიის საჭეთმპყრობელი ისე, როგორც ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ასეც იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სახელისუფლებო წრიდან მივიღე.
-

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა
ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო
-

იერიშების შედეგად ირანის რეჟიმის “ბასიჯის” ძალების 300-მდე წევრია მოკლული – ირანული მედია
ირანული მედიის ინფორმაციით,ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შედეგად „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის“ ბასიჯის დაჯგუფების დაახლოებით 300 მეთაური და საველე თანამშრომელი დაიღუპა.დარტყმები მიმართული იყო ბასიჯის ძალების საკვანძო სამეთაურო და ოპერატიულ ცენტრებზე. იერიშები, სავარაუდოდ, შეეხო იმ სტრუქტურებს, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად და საზოგადოებრივი უკმაყოფილების კონტროლისთვის.
მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში საჰაერო იერიშის დროს მოკლეს “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა. სოლეიმანთან ერთად მოკლულები არიან მისი მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნებიც.
“ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – აცხადებს ისრაელი თავდაცვის ძალები (IDF).
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევისას დაზიანდა ბასიჯის დამხმარე დანაყოფის სარემონტო და ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სადაც ასობით ავტომობილი და მოტოციკლი ინახებოდა. აღნიშნული ტრანსპორტი გამოიყენებოდა ქუჩის ოპერაციებსა და უბნებში პატრულირებისთვის. პირველადი ინფორმაციით, ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებულია.
-

როგორც პოლიტპატიმარი, კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს – ხოშტარია
„შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული „დოქტრინების“ განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.
ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის „დოქტრინის“ ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები „რუსულ ოცნებასთან“, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.
გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.
რუსთავის ქალთა ციხე“,
ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია წერილში წერს.
-

მედიკამენტებით წნევის შენარჩუნება ხერხდება, ვითარება რთულია – კალოიანი პატრიარქზე
8 ექიმისგან შემდგარმა კონსილიუმმა კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მოინახულა. კომენტარი რეანიმატოლოგმა და პარტია ფედერალისტების წევრმა, ვახტანგ კალოიანმა გააკეთა.
“დღეს რეანიმატოლოგები შევიკრიბეთ. სამედიცინო დოკუმენტაცია და ანალიზების პასუხები ვნახეთ და პაციენტი გავსინჯეთ. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად ის რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება. შემდგომი დინამიკა მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა.
ამ ეტაპზე, სისხლდენა გაჩერებულია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, მკურნალობა სრული მოცულობითა და სწორადაა ჩატარებული და ეს მკურნალობა არანაირ რადიკალურ ცვლილებას არ საჭიროებდა. ამ ეტაპზე რაც შესაძლებელია, ოპტიმალურია გაკეთებული. ამ ეტაპზე მის მდგომარეობას რა პრეპარატები და ტექნიკური აღჭურვილობაც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია. ამ მხრივ დაატებითი მობილიზაცია საჭირო არაა”. – თქვა კალოიანმა.