Blog

  • ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

    ირანში, ქალაქ კერმანში, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 84 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 284 დაშავდა.

    ISIS-მა ტელეგრამის არხებში აფეთქების ორი ორგანიზატორი დაასახელა. მათ ე.წ. კამიკაძე-ქამრები ეკეთათ.

    პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.

  • ”დაიწყო ხროტინი და გული გაუჩერდა… ახლა ჩვენი საშიშროება ტვინია” – როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზურა ბერიკაშვილი რამდენიმე დღეა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. 28 დეკემბერს, ბერიკაშვილი საავადმყოფოში გაჩერებული გულით შეიყვანეს. ექიმებმა,გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს.

    მსახიობი ჯერჯერობით ისევ კომაში რჩება და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    პრაიმტაიმი, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მანანა ბერიკაშვილის ინტერვიუს ავრცელებს: 

    ”წამოვიდა თირკმლის ფუნქცია, გული ნორმაშია, ფილტვების ორმხრივი უმძიმესი ანთება ჰქონდა და ჩაქრა, ღვიძლი და სხვა ორგანოები, რაღაცნაირად, მოწესრიგდა. ნახევრად ხელოვნურ სუნთქვაზეა და აქვს ბუნებრივი კომა.

    ახლა ვესაუბრებით ბერლინის ცნობილ, მრავალ პროფილურ “შარიტეს” კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების მედიკოსებს. დღეს თუ ხვალ, ჩვენი და იქაური ექიმების კონსილიუმი (ზუმის პლათფორმაზე) შედგება. მთავარია ის, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება.[…]ახლა გავიგეთ, რომ თურმე, ინსულინდამოკიდებულებს, ანუ დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. მას რომ ტკივილი ეგრძნო, წავიყვანდით და ჩაიდგამდა სტენტს და არ გამწვავდებოდა მდგომარეობა.

    დილით სპექტაკლიდან მოვიდა სახლში და დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდა, კუჭზე დამაწვაო და კანფეტი ჩაუწუწნია. როგორც ჩანს, ეგონა შაქარი დაუვარდა. მოკლედ, დაიწყო ხროტინი და გაუჩერდა გული.

    ბედია, ალბათ, ზუსტად შვიდ წუთში მოვიდა სასწრაფო და ფაქტობრივად, ზურიკოს სიცოცხლე გვაჩუქეს. ელექტრო შოკით მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარია, საოცარი ექიმი. აქამდე ასე, კუს ნაბიჯებით მოგვიყვანა. და მიდის უკეთესობისკენ. რეანიმაციული თვალსაზრისით, გაუკეთდა მაქსიმუმის მაქსიმუმი და შედეგიც არის. უბრალოდ, ახლა ჩვენი საშიშროება თავის ტვინია.

    დიდი მადლობა ქართველ ექიმებს, შეუძლებელი გააკეთეს. ერი და ბერი ერთად დგას ზურასთვის ფეხზე”.- ამბობს  ზურა ბერიკაშვილის და.

  • იმის გამო, რომ ოპოზიციამ დემოკრატიული პროცესი ჩააგდო, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო – ქადაგიშვილი ივანიშვილზე

    „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან აბსოლუტურად პოზიტიურად იქნა აღქმული. რაც მთავარია, ამ წელს, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური ხარისხის გამოწვევებთან გამკლავება უხდება და ძლიერი კონსოლიდაცია მართლაც მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ქვეყანაში ნორმალური და სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, როდესაც ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე რეალური დადებითი გავლენა არ გააჩნია და მხოლოდ უკიდურესი მარგინალიცაზიით არის დაკავებული, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დემოკრატიული კონტროლის გარეშე რჩება და შესაძლოა გარკვეული რისკები გაჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ რისკების თაობაზე ისაუბრა და ის ამ რისკების დასაზღვევად არის – ეს არის შესაძლო რისკი და არა ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა მისადაგებული იყოს იქითკენ, რომ ქვეყანაში კორუფციის რისკების გაჩენის პრევენცია მოხდეს“,

    ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე დასმულ კითხვას.

  • ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა კაცმა თითები დაკარგა

    ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა კაცმა თითები დაკარგა. ინფორმაციას  გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

    კლინიკა ბაუში (ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში) თქვეს, რომ ერთი კაცი 40 წლისაა, რომელმაც ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. მეორე პაციენტი კი 25 წლის კაცია, რომელსაც თითი კლინიკაში შეყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა.

  • კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა – მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.

    ადგილზე მძიმე ტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული. ვერ ხერხდება მესტიიდან პაციენტების გადმოყვანა, მანქანების გრძელ რიგში დგანან ტურისტები და ადგილობრივები, რომლებიც 4 საათზე მეტია გზის გახსნას ელოდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვაზე ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ და მხოლოდ ადგილზე მისულებს განუცხადეს, რომ გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.

    აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაწილისთვის მოძრაობა აკრძალულია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთიდან 1 კილომეტრში იყო.

    მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.

  • დააკავეს TBC ბანკზე თავდამსხმელი,მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიბისი ბანკზე თავდამსხმელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”. – წერია განცხადებაში.

  • ცინცაძეზე თიბისი ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა

    საბურთალოზე,  ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა.

    როგორც ცნობილია, კაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხა.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • ირანში გენერალ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებას, სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა

    ირანში, ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. აფეთქებას ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე  73 ადამიანი ემსხვერპლა, 170 კი დაშავდა.

    პირველი აფეთქება საფლავიდან 700 მეტრში მოხდა, ხოლო მეორე კილომეტრით იყო დაშორებული.

    ოფიციალური პირების თქმით თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმს უკავშირდება, თუმცა დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

    ამასთანავე ვრცელდება  არაოფიციალური ინფორმაცია რომ აფეთქება “ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია”, თუმცა, ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ “ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი – ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა”.