Blog

  • გამოსახულია როგორც ტირანი, რომელმაც თავი დაიმდაბლა და აზრი ჰკითხა წმინდანს – სამების არქიმანდრიტი სტალინზე

    “წმინდა მატრონას ხატი რამოდენიმე თვეა, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოაბრძანეს აღნიშნულმა ადამიანებმა. რაც შეხება გამოსახულებებს, თვითონ შემომწირველებმაც ახსნეს თუ რატოა დახატული. როგორც ტირანი, იმხელა იმპერიის მმართველი, რომელმაც თავი დაიმდაბლა და მივიდა ადამიანთან, რომელიც წმინდანია და აზრი ჰკითხა. რაზე უნდა გვქონდეს პოზიცია. თუ ცუდ კონტექსტშია ეს ადამიანი. მატრონა არის თუ არა წმინდანი? შევთანხმდეთ ამ თემაზე…ანუ არის წმინდანი და აქედან გამომდინარე, თუკი ისტორიულად ეს დახატულია სხვადასხვა ადგილზე და არანაირად არ არის კარგ კონტექსტში, რა პრობლემაა? ადამიანის აღქმის ამბავია რა, მეტი არაფერი”

    აცხადებს, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

  • ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ! – კობახიძე ლაშა ბუღაძეზე

    “შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა ” – ასე ეხმაურება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მწერალ ლაშა ბუღაძის ფეისბუქ სტატუსს.

    “ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა.
    ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს.
    ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლის და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად მინდა გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას რუსეთი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა.
    კათოლიკე პაპმა იულიანურისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დააწესა და მართლმადიდებელი ეკლესიაც იულიანურ კალენდარზე ჯერ კიდევ მაშინ, ანუ იმ დროს დარჩა, როდესაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულისგან განსხვავებით, ჯერ ავტოკეფალიაც კი არ ჰქონდა მოპოვებული.
    ანუ მართლმადიდებლური შობა უწინ ქართულია თუ რუსული, ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა.
    ამ და სხვა ფსევდოლიბერალების მაგალითზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა, თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს.
    ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ!
    ყველა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს კი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს!”- წერს კობახიძე.

    ”გილოცავთ რუსულ შობას.ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შევხვდით. ”- დაწერა ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში.

  • გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა

    თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

    გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება.

    “გაცნობებთ, რომ ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა 3-ის მიმდებარედ, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 7 იანვრის 23:45 საათიდან, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა მთისძირის, კახეთის გზატკ. 36, 36ა, 36ბ, 36ვ, უშაკოვის, ყვარელის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აფანასიევის, გეზათის, საბარგოს დასახლების, კაკაბეთის, კალანდაძის, კოპცოვის, მათიაშვილის, მესხეთის, მიქელაძის, ნავთლუღის დასახლების, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ონიანის, რატილის, სერგი დურმიშიძის, ტვიშის, ტოლენჯის, ყვარელის, ყარყარაშვილის, შერვაშიძის, სამხედრო დასახლების, წალენჯიხის, ხარაბაძის, ხაჩატურიანის, საბანაკოს დასახლების, საბანაკოს 1 ქუჩის და დასახლების, გუჯარეთის 1 და 2 ქუჩის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, კოტე ბაქრაძის, კაკაბეთის, გოჩა ყარყარაშვილის, ანდღულაძის, ზანდუკელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ნავთლუღის დასახლების, უზნაძის, ქობულაძის, შალვა მშველიძის, ჩოჩუას, ჯანელიძის, მესხეთის, კვაჭანტირაძის, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება მელაანის შეს. 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ და საბიუჯეტო ობიექტებს. კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ანდღულაძის ქ. 66, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16, გედევანიშვილის ქუჩას (1-დან 29-ის ჩათვლით), ჯორჯ ბუშის ქ. 60 (მელაანის ქ. 60), საბანაკოს დასახლების 1ქ. 2ქ, 3ქ, ყვარელის 2ჩ.3, 103, 107ბ, 109, დედოფლისწყაროს I შეს. 2, საინგილოს ქ. 5, ჩიხი 5, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3-3 (იგივე 3ზ), 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, ირბახის ქ. 18-ში, ირბახისა და წურწუმიას ქუჩების კვეთა, ნაკვ. 50/025, 50/026-ში, ასევე ნაკვ. 50/029-ში მდებარე შპს ,,მოედანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 52, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, კოპცოვის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,პალა”-ს, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე (წურწუმიასა და ირბახის ქუჩების კვეთა) შპს ,,მაილინ გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ს. დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, ავლიპ ზურაბაშვილის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ტოლენჯის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული საზკებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ ,,ისანი”-ს მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს ,,უნიქ სტეი ჰოტელს”, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს ,,ვარკეთილი 95”, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ ,,სოფიო გაბედავა”, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულება და მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა.

    გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება.

    თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

    გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ. ონკანები კი იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში,“ – ნათქვამია განცხადებაში

  • ჩვენ შევწირეთ სამებას – ინაშვილი სტალინის გამოსახულებიან ხატზე

    საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

    “დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, დასწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს…

    …კიდე ერთხელ ვამბობ, ისეთი ხატწერა შექმენით, თქვენ რომ გინდათ. ილია ჭიღლაძე და პეტრე აფერისტი გამოსახეთ ხატებზე და ილოცეთ ბატონო. თქვენ თქვენი კერპები გყავთ და იმათ დაუნთეთ სანთელი. ჩვენ დაგვანებეთ თავი, რომლებსაც გვჯერა კიდეც, რომ წმინდა მატრონა დიდი წმინდანია და ვლოცულობთ კიდეც და სანთელსაც ვანთებთ და ძალიან კარგად გვესმის რატომ არის ერთ-ერთ ეპიზოდში სტალინი გამოსახული ამ ხატზე…

    …რას ვიზამთ, ასეთი ეპოქაა, ასეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, რომ სულ თავი უნდა იმართლოს ჩვენნაირმა ხალხმა და სულ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში, თურმე. არ ვაპირებთ თავის მართლებას, არაფერი არა გვაქვს თავის სამართლებელი. ჩვენ შევწირეთ ეს ხატი სამების ტაძარს…

    …ეს უაზრო დისკუსია, ახლა სწორედ შობის დღეს რომ არის გაჩაღებული, ესეც ეტყობა ძალიან სიმბოლურია. ეკლესიის მტრები, როგორც წესი, სწორედ ესეთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებზე აინთებიან და აფეთქდებიან ხოლმე. გვესმის ჩვენ ეს, ჩვენ რელიგიურად ვუყურებთ სწორედ ამ ყველაფერს და გვესმის, რატომ ხდება ეს ყველაფერი”. – ამბობს ინაშვილი ვიდეოში.

     

     

  • იტალიაში მკვლელობის ბრალდებით 32 წლის ქართველი დააკავეს

    იტალიელმა კარაბინიერებმა დააკავეს 32 წლის ქართველი მამაკაცი, რომელი გამოძიების ინოფრმაციით  ეჭვმიტანილია 25 წლის ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე.

    იტალიური მედიის ინფორმაციით იძებნება მისი თანამზრახველი, ასევე ქართველი, რომელთან ერთადაც ის 25 წლის ტუნისელს თავს დაესხა. მკვლელობა  პარასკევს საღამოს ქალაქ პიზას ცენტრში დანის გამოყენებით მოხდა.  მოკლული პოლიციისთვის წვრილმანი დანაშაულებით იყო ცნობილი. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

    მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პიზას პოლიციის ოპერატიული განყოფილების კარაბინერებმა საგამოძიებო განყოფილების კოლეგებთან ერთად იპოვნეს, რომლებმაც მობილური ქსელების მომხმარებლების იდენტიფიკაცია და ქალაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების შემოწმება განახორციელეს.

    მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველის დაკითხვები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოძიება იმის დადგენას შეეცდება, კონკრეტულად რომელმა ეჭვმიტანილმა მიაყენა ტუნისელს მომაკვდინებელი დარტყმა.

  • პატრიარქმა კირილმა შესთავაზა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წასულ ემიგრანტებს უკან მიღება, თუ ისინი “მონანიებით” დაბრუნდებიან.

    პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya-1-ისთვის მიცემულ საშობაო ინტერვიუში თქვა, რომ ადამიანები, ვინც ქვეყანა დატოვეს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, შეიძლება დაბრუნდნენ, თუ ისინი დაბრუნდებიან “იმის გაცნობიერებით, რომ მათ მართლაც შეცდომა დაუშვეს”.

    „არ არის საჭირო ცოდვილი ადამიანის განდევნა, თუ ის მოდის სინანულის გრძნობითა და დანაშაულის შეგნებით. თუ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი და რაღაცნაირად მის წინააღმდეგაც კი გამოვიდნენ, დაბრუნდნენ იმის გაგებით, რომ მართლაც დაუშვეს შეცდომა, მაშინ სამშობლო მათ ვერ უარყოს“, – განაცხადა პატრიარქმა.

    „შეიძლება ჯერ კიდევ იყოს რაღაც სამართლებრივი თემები, რამდენად არიან ეს ადამიანები ჩართულნი რაიმე სახის დანაშაულებრივ საქმიანობაში, მაგრამ ეს აღარ ეხება სასულიერო პირებს. მე კი  ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ამ ადამიანებს შორის არიან საკმაოდ ღირსეულები, მაგრამ ისინი, ვინც შეცდომა დაუშვა, ან შეშინდა, ან ნამდვილად ცდილობდა ეპოვა ცხოვრებაში უფრო მოსახერხებელი, კომფორტული, მაგრამ ამ გზაზე შერცხვენილი აღმოჩნდა”- დაასკვნა მან.

    მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობისკენ მოუწოდებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებები თითქოს მშვიდობას ქადაგებდა, პატრიარქ კირილის გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო ომის მხარდამჭერი  ხდებოდა და ზაფხულში იგი პირველად მოხვდა ბრიტანეთის სანქციების სიაში „უკრაინაში რუსეთის  სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის“ გამო.

    ამ კვირაში ცნობილი გახდა ხოხლის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსეი უმინსკის მსახურების აკრძალვის შესახებ, რომელიც ომის წინააღმდეგი იყო. მაისში მოსკოვში გაიმართა მღვდელ იოანე კოვალის საეკლესიო სასამართლო პროცესი, რომელმაც სიტყვა “გამარჯვება” შეცვალა სიტყვით “მშვიდობა” ლოცვაში “წმიდა რუსეთისთვის”, რომელიც პატრიარქის კურთხევით ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში იკითხებოდა 2022 წლის შემოდგომიდან.

  • ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის სარდლობა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განადგურებულია

    ისრაელის არმია აცხადებს, რომ მდაასრულა ჰამასის სამეთაურო სტრუქტურის დემონტაჟი ჩღაზას სექტორის ჩრდილოეთში.

    IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა მხოლოდ სპორადულად და “მეთაურების გარეშე მოქმედებენ”.

    მისი თქმით, ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლი მოკლა.

    მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ახლა ორიენტირებულია ჰამასის ლიკვიდაციაზე ღაზას სექტორის სამხრეთ და ცენტრში.

    ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ძალებმა ომის დაწყებიდან 22 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

    სექტორის ეს ტერიტორია განადგურდა და 2.3 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის უმეტესობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

    ისრაელის შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასის ბოევიკებმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 1200 ადამიანი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე და დაახლოებით 240 მძევალი აიყვანეს.

    ზოგიერთი მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ჰამასისდა სხვა ჯგუფების ტყვეობაში კვლავ რჩება 120-ზე მეტი მძევალი.

    პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს დაადასტურა, რომ ისრაელი გააგრძელებს ჰამასის ლიკვიდაციის კამპანიას, მძევლების დაბრუნებას და უზრუნველყოფს, რომ ღაზა აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის.

    “ჩვენ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ… სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ განცხადებაში.

    იმავდროულად, ჰეზბოლას ბოევიკებმა შაბათს ათობით რაკეტა გაისროლეს ჩრდილოეთ ისრაელში. მათი თქმით, ეს იყო წინასწარი პასუხი ამ კვირაში ბეირუთში ჰამასის მაღალჩინოსნის მკვლელობაზე.

    სალეჰ ალ-არური მოკლეს ისრაელის სავარაუდო ქირურგიული დარტყმის შედეგად ლიბანის დედაქალაქში მდებარე შენობაზე.

    ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ 62 რაკეტით დაარტყა მერონის საჰაერო მოძრაობის მართვის ბაზას. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ლიბანიდან დაახლოებით 40 გაშვება აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა შაბათს განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია კონფლიქტის ღაზას სექტორის მიღმა გავრცელების და “ძალადობის გაუთავებელი ციკლის” თავიდან აცილებაზე.

    ბლინკენმა ეს განცხადება საბერძნეთში გააკეთა, საიდანაც იორდანიაში გაფრინდა. ის რეგიონში ერთი კვირა დარჩება.

  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე–სრული ტექსტი

    პატრიარქის საშობაო ეპისტოლე–სრული ტექსტი

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ისსაქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

    „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი)

    მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, – წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს.

    ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისათვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში…

    მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით?

    ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, – ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, – თავის თავზე ორიენტირებული.

    ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება – გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები – მოხმარების საგნად ქცეულნი. ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც” მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი. ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, – თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ. ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული.

    როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს:

    „შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს.144,13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს.21,29) და სხვა. მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში.

    შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან:

    ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, – წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი.ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა. სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო. ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა. ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს გაუცხადა დაფარული. ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, – ვერცხლის, მუცელი და თეძოები, – სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, – რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო.

    ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა.

    ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად.მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენიმეჯერ იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი.ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, – ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.

    მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, – გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა.

    და მართლაც, ნაბუქდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2.45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო.

    ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი – უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა.

    იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს.

    მისი წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.

    „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28), – აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო.

    შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ.12, 17-18).

    თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას. ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.

    კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი; ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს – მართლმორწმუნეს. შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.

    ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.

    * * *

    ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.

    სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.

    მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.

    დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.

    ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.

    ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.

    ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება? ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას. ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.

    ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.

    * * *

    ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, – ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.

    უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა. ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომები სიბრძნის ულევი წყაროა.

    გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.

    გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17- 21).

    მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველსაგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა. ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ. კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.

    როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად. ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას. იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.

    ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ…

    ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!

    სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!

    უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.

    გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.

    და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს. „უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი),

    ამინ! ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

    ილია II

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

    თბილისი, ქრისტეშობა, 2024

  • Alaska Airlines-ის თვითმფრინავმა ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა

    Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა, რის გამოც აშშ-ის ორეგონის შტატში ავარიულად დაშვება მოუწია. Boeing 737 Max 9 პორტლენდიდან კალიფორნიაში უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა აფრენიდან 35 წუთში, კორპუსის გარე ნაწილისა და ფანჯრის დაკარგვის შემდეგ, უკან დაბრუნდა.

    Alaska Airlines-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორტზე ეკიპაჟის ჩათვლით 177 ადამიანი იმყოფებოდა და თვითმფრინავი „უსაფრთხოდ დაეშვა”. ეს ინფორმაცია აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სააგენტომაც დაადასტურა.

    ავიაკომპანიის ცნობით, ისინი 65-ივე Boeing 737 Max 9-ს დროებით გააჩერებენ და მათ ინსპექტირებას ჩაუტარებენ. „თითოეული თვითმფრინავი ექსპლუატაციაში მხოლოდ სრული ტექნიკური და უსაფრთხოების შემოწმების დასრულების შემდეგ დაბრუნდება”, – განაცხადა Alaska Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ მინიკუჩიმ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ.

  • ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა–თავდასხმა გიორგი ნაზღაიძეზე

    ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძეზე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე მას და მის მეგობრებს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს, რომელთაგან ერთ-ერთმა დანის ორჯერ დარტყმა სცადა. ნაზღაიძის თქმით, მათ დახმარების მიზნით მანქანა მხოლოდ ერთმა გოგონამ გაუჩერა, რომელიც ასევე გახდა შეიარაღებული თავდამსხმელების სამიზნე. საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით არის აღძრული, ტელეწამყვანი პოლიციამ უკვე გამოკითხა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგობრებზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებია.

    “ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე,  იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები. ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!“– დაწერა გიორგი ნაზღაიძემ სოციალურ ქსელში.