Blog

  • თუ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ – რატი ბრეგაძე

    „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში ასევე საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოს ის არის მარტო და ფაქტობრივად, სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოებაო. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. მისი სურვილია, რომ საკანშიც მარტო იყოს და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. მას დღეის მდგომარეობით, 3 ათასი ვიზიტორი ჰყავდა არასრულ 2 წელიწად ნახევარში. მაშინ, იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს ადამიანის მარტო ყოფნა, როცა ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად. თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ. ვინმე სხვა პატიმარს ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში, საკანშიც. თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენად ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია მარტო ყოფნა. ვფიქრობ, ამით ყველაფერს პასუხი გაეცა.

    საუბარი იყო, მათ შორის სეირნობასთან დაკავშირებით. იმასაც გეტყვით, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არც ერთხელ უსარგებლია სეირნობის უფლებით, ამის სურვილი არ გამოუხატავს. პირიქით, ყოველ შეთავაზებაზე უარს ამბობდა.”

    ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • 13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს

    13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს

    საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

    მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვინმეს სჯერა, რომ პრემიერი დანიშნული კადრი პრემიერის კორუფციაში შესაძლო ჩართულობას ობიექტურად შეისწავლის?! – ოქრიაშვილი

    “ეს ყველაფერი დემოკრატიულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რომელიც სისტემური კორუფციით, როგორც ონკოლოგიით დაავადებული არ არის, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ საქართველოში ვინ ნიშნავს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს?! პრემიერ-მინისტრი! და ვინმეს სჯერა, რომ პრემიერის მიერ დანიშნული კადრი პრემიერის კორუფციაში შესაძლო ჩართულობას ობიექტურად შეისწავლის?! მით უმეტეს, როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიცით, მას დღესაც მამამისი ინახავს. ცოტა ანეკდოტური სიტუაციაა, რომ 41 წლის პრემიერს დღემდე მამა ინახავს. ის, ვინც თავს ვერ ინახავს, ქვეყანას რამეს შემატებს?!
    დავუბრუნდეთ ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის დანიშვნის წესს. ევროკავშირის მიერ მოცემულ ცხრაპუნქტიან დათქმაში, ცალკე პუნქტად არის შეტანილი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი არ უნდა ნიშნავდეს! ის უნდა ინიშნებოდეს საზოგადოების, მათ შორის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური სპექტრის ფართო ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“.
    შეგახსენებთ, იქ, სადაც კორუფციაა, არ არსებობს ეკონომიკის განვითარება და კეთილდღეობა ყველა ადამიანისთვის. ასე რომ, ეს უბრალო საკითხი არ არის.
    როგორც კი შევცვლით ხელისუფლებას, მექნება წინადადება, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არასამთავრობო სექტორმა წარადგინოს და პარლამენტმა არა უბრალო უმრავლესობით, არამედ ისეთი მაღალი კვორუმით დაამტკიცოს, რაც ყველა შემთხვევაში ოპოზიციის ჩართულობას მოითხოვს.
    არ გვექნება მომავალში კორუფცია ? – გვექნება შანსი, განვავითაროთ ეკონომიკა და უფრო მეტ ოჯახს გაუჩნდეს მაღალი, ღირსეული შემოსავალი.”

    ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი , კახა ოქრიაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით.

  • საშიშია თუ არა ბავშვისთვის, ძაღლის ან კატის ყოლა სახლში – ინფექციონისტის განმარტება

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვლი განმარტავს, არის თუ არა საშიში ბავშვისთვის, სახლში შინაური ცხოველის ყოლა. ინფექციონისტის თქმით,  არსებობს ინფექციები, რომლებიც ძაღლისგან ან კატისგან შეიძლება გადაედოს ადამიანს თუმცა, უფრო მეტი ადამიანი ზოოონოზური ინფექციებით არასაკმარისად დამუშავებული ხორცით და ხილის და ბოსტნეულის არასწორი/არასაკმარისი რეცხვის გამო ინფიცირდება, ვიდრე შინაურ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით.

    ”ბევრ მშობელს უკითხავს, ბავშვისთვის ძაღლის ან კატის სახლში ყოლა ხომ მავნეაო?
    ამ კითხვაზე პასუხს მცირე სტატისტიკით დავიწყებ:

    იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ძალიან ბევრ ადამიანს ყავს სახლში ცხოველი. აშშ-ში ოჯახების 70%-ს ყავს ძაღლი ან კატა (60 მილიონს ძაღლი, 40 მილიონს – კატა). ბრიტანეთში ოჯახების თითქმის 60%-ს ყავს შინაური ცხოველი. ეს სტატისტიკა მზარდია (აშშ-ში ბოლო ოცი წლის მანძილზე 58%-დან გაიზარდა 70%-მდე).

    ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს სოციალური იზოლაციის განცდას, ამცირებს დეპრესიის რისკს და ზოგადად დაკავშირებულია უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობასთან. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის დროს, როდესაც იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის შინაური ცხოველი ზოგჯერ საუკეთესო საშუალება იყო მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ნერვული სისტემის დაავადებების დროს რეაბილიტაციის მთელი რიგი პროგრამები იყენებს შინაური ცხოველის ჩართვას ამ პროცესში (animal-assisted program).

    გარდა ამისა, ძაღლის ყოლა აიძულებს პატრონს ფიზიკურად უფრო აქტიური იყოს (გასეირნებისას ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე ყოფნა), რაც ასეთი იძულების გარეშე ზოგჯერ ძალიან ეზარება ადამიანს.

    ბევრი ადამიანი ძაღლის ან კატის ყოლის საწინააღმდეგო არგუმენტად ცხოველის ბეწვზე შესაძლო ალერგიას ასახელებს. საერთო ჯამში ცხოველის ბეწვზე ალერგიის სიხშირე ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ოთახის მტვერზე და სხვა ბევრ ალერგენზე, თუმცა, თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ადამიანს აქვს რომელიმე ცხოველის ბეწვზე ალერგია, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არგუმენტია.

    რაც შეეხება ინფექციურ დაავადებებს – რა თქმა უნდა, არსებობს ინფექციები, რომლებიც ძაღლისგან ან კატისგან შეიძლება გადაედოს ადამიანს (ცოფი, ბარტონელოზი ანუ კატის ნაკაწრის დაავადება, ტოქსოპლაზმოზი, ლეპტოსპიროზი და სხვ), თუმცა უფრო მეტი ადამიანი ზოოონოზური ინფექციებით არასაკმარისად დამუშავებული ხორცით და ხილის და ბოსტნეულის არასწორი/არასაკმარისი რეცხვის გამო ინფიცირდება, ვიდრე შინაურ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით.

    ჩვენი ქვეყნის პრობლემა ცხოველის სახლში ყოლა კი არა, ის მიუსაფარი ცხოველებია, რომლებიც მრავლად არიან ქუჩებში და ისინი აქ სწორედ ადამიანების უპასუხისმგებლობის გამო მოხვდნენ. სწორედ აქ არის ინფექციური დაავადებების პრობლემა. სანამ იარსებებს ადამიანი (არ ვიცი საერთოდ ადამიანი თუ შეიძლება ვუწოდო), რომელიც ცხოველს სახლიდან აგდებს, ყველა დანარჩენი არგუმენტი უბრალოდ უადგილოა. ცხადია, სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ამას, მაგრამ ჩვენს სინდისზეც ბევრია დამოკიდებული.

    ვიცი, რომ ძალიან ძნელია ძაღლის და კატის მოვლა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ პოზიტივი იმხელაა, ყველაფერს გადაწონის და შვილებისთვის უარის თქმის საბაბად, გთხოვთ, ინფექციებს ნუ მოიშველიებთ.

    უბრალოდ, ვასწავლოთ ცხოველებთან სწორი მოქცევა, ხელის ხშირი ბანა (ეს ისედაც გამოადგებათ) და არაფერი დაემუქრებათ.

  • თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

    „რუსული ენის შევიწროებაზე“ პოსტის გამო,  რუს პროპაგანდისტს,  თინა კანდელაკს, ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს.

    ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფო ამას არასდროს პატიობს. აიბაკ სმადიაროვის თქმით, საწყენია, როდესაც ყაზახეთის შესახებ ხალხს არასწორი ინფორმაცია აქვს.

    „სახელმწიფო ასეთ რამეს არასოდეს აპატიებს, ის ვერ ჩამოვა ყაზახეთში და თუ ჩამოვა, ვერ შემოვა“, – უთხრა ჟურნალისტებს კანდელაკთან დაკავშირებულ კითხვაზე სმადიაროვმა.

    კანდელაკმა დაწერა, რომ „ყაზახეთში ნელა, მაგრამ ერთგულად აგრძელებენ რუსული ენის შევიწროებას სახელმწიფო დონეზე“.

    ამის შესახებ, კანდელაკმა მას შემდეგ დაწერა,  რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო,  შეუცვალონ რკინიგზის სადგურებს რუსული სახელწოდებები.

    ყაზახეთში, 1989 წლიდან სახელმიწფო ენად ყაზახურია აღიარებული, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, ოფიციალური სტატუსი რუსულ ენასაც უნარჩუნდება.

  • ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს, დინამო თბილის რომ ვიყიდო – კალაძე

    ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს, დინამო თბილის რომ ვიყიდო -ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

    20 იანვარს გაავრცელა ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია რომ კალაძე კლუბის შესყიდვითაა დაინტერესებული.

    ”დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ დინამო თბილისი შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს.

    არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი
    თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე
    მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე
    ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს თბილისის დინამო, მე უბრალოდ ამას
    ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის
    შესაძლებლობა”. -ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

  • ქართუდან ივანიშვილის რამდენიმე თაობა მოგებას ვერ მიიღებს, რა კორუფცია – ვოლსკი

    ქართუდან ივანიშვილის რამდენიმე თაობა მოგებას ვერ მიიღებს, რა კორუფცია – ვოლსკი

    ნამდვილ პოლიტიკოსებს ბერიკაობა არ უხდებათ და ეს ბერიკაობა მიმდინარეობს ახლა. რაღაც კლოუნადაა შექმნილი. ადამიანმა, რომელმაც შექმნა ფონდი და თავისი რესურსების დიდი ნაწილი გადაურიცხა და ეს ფონდი საქველმოქმედო თუ სხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელეს, აქ რა კორუფციაზე ან მოგებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. რა პროექტებსაც ფონდი ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე თაობა იქიდან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს.

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ფონდი ქართუს შესახებ.

  • აღვირახსნილი კამპანიაა ეკლესიის მიმართ, არ მგონია, რომ ეს დასაშვები იყოს – სარჯველაძე

    “კვლავაც ისმის აღვირახსნილი, ნეგატიური კამპანია ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. მე არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რომელსაც ცალკეული პირები ამ მიმართულებით იყენებენ, დასაშვები იყოს. იმიტომ, რომ ეს სინამდვილეში, შეურაცხყოფს ბევრი ადამიანის, სასულიერო პირების ღირსებას”,

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე.

  • ოცნებას იმხელა მხარდაჭერა აქვს, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია – კალაძე

    ქართულ ოცნებას დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა საზოგადოებაში, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ესაა რეალობა და მოცემულობა, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს. ქართულ ოცნებას აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს და მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს.

    ამბობს ჟურნალისტებთან თბილისის მერი კახა კალაძე.

  • თოვლი, ნისლი, გზებზე ლიპყინული – როგორი ამინდი იქნება 24 იანვრამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

    დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.