Blog

  • სწორედ რეგულაციების შედეგია ასეთი ძვირი რომაა სესხის აღება – გიგა ბოკერია

    სწორედ რეგულაციების შედეგია ასეთი ძვირი რომაა სესხის აღება – გიგა ბოკერია

    ამ ვითარებაში გამოსავალია არა დამატებითი რეგულაციები, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი, საკუთარი შრომით მოიპოვონ შემოსავალი და ასეთ რთულ და ტრაგიკულ ვითარებაში არ აღმოჩნდნენ. ყველა, ვინც დღეს დამატებითი რეგულაციებს მოითხოვს მდიდარი ევროპული ქვეყნების მაგალითებით, ივიწყებს იმას, რომ ამ სფეროში უამრავი რეგულაცია უკვე შემოტანილია ამ რეჟიმის წყალობით. ზერეგულაციები დაწესდა სწორედ მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით და მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ რეგულაციების შედეგია, რომ ასეთი ძვირია სესხის აღება და მაგას მიჰყავს შემდგომ მოქალაქეები სწორად ამ კატასტროფულ მდგომარეობამდე. თუ ევროპიდან სოლიდარობის მაგალითები გვინდა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს არ უნდა ჰქონდეთ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და ამაზე უნდა ზრუნავდეს საზოგადოება და სახელმწიფო.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულია 20 პირი, დაწყებულია გამოძიება – შსს-ს განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების დროს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 18, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით, 2 პირი დააკავა.

    ”შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
    მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.

    შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.

    პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.

    გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

    ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

    გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი.

    დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • რუსეთმა დღეს დილით უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაშავებულები და დაღუპულები

    რუსეთმა დღეს დილით უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევის და ხარკოვის ოლქების დაბომბვა ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დაიწყო.

    Ту-95МС–ების მიერ გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტებმა დილის ექვს საათზე უკრაინის საზღვარი გადალახა და მანევრების შემდეგ კიევზე, ხარკოვზე და პავლოგრადზე დარტყმა განახორციელდა. გამოცხადდა საჰაერო განგაში. სოციალურ ქსელებში დაიწყო ინფორმაციის გავრცელება რაკეტების კურსის და მოსალოდნელი სამიზნეების შესახებ. ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. მალევე გამოჩნდა პირველი კადრები, რომლებიც სარაკეტო დაბომბვის შედეგებს ასახავს. დაშავდა ათობით ადამიანი. არიან დაღუპულებიც.

    დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ეს არის რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მეხუთე კომბინირებული შეტევა. ამჯერადაც რუსეთმა ერთდროულად გამოიყენა ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალჟნის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს 41 რაკეტა ისროლა, რომელთაგან 21 უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

    დილით უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად ქვეყანაში 5 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი კიევში. თუმცა, მოგვიანებით ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალი, რომელიც დაღუპულად ითვლებოდა, გადარჩა და საავადმყოფოშია.

    კიევის მერის ინფორმაციით დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

    კიევის სოლომენსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები სპორტკომპლექსის სახურავს და კოლეჯის სახელოსნოს დაეცა. კიევის აქიტექტურის და მშენებლობის კოლეჯის შენობა შიგნიდან მნიშვნელოვნად დაზიანდა. კოლეჯის დირექტორის თქმით ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ქუჩაში მან ბევრი სისხლი და დაჭრილი მამაკაცი დაინახა.

    კიევის სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები კერძო სახლს დაეცა და ხანძარი გააჩინა. მეზობელ სახლებში ჩაიმსხვრა შუშები, დაზიანდა პარკირებული მანქანები. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ.

    კიევის დარიცინის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები მრავალსართულიან სახლს და საბავშვო ბაღის ტერიტორიას დაეცა. პეჩერსკის რაიონში კი ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას.

    რუსულმა არხებმა გაავრცელეს კიევის თავზე მფრინავი რუსული რაკეტის კადრები, რომელიც სითბურ ხაფანგებს იგერიებს.

    უფრო მნიშვნელოვნად დაზიანდა ხარკოვის საცხოვრებელი უბნები. ხარკოვის დაბომბვის შედეგად ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლი. ფანჯრები ჩაიმსხვრა ათასამდე ბინაში. პოლიცია და მაშველები დაჭრილებს ეხმარებოდნენ და დანგრეული სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. გარდაიცვალა სამი ადამიანი – ორი ქალი და ერთი მამაკაცი. მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა.

    ხარკოვი გვიან ღამითაც დაიბომბა, დილით კი სარაკეტო შეტევის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ხარკოვში რუსების საჰაერო შეტევის შედეგად გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაჭრილები. მათ შორის ბავშვები.

    ერთი ადამიანი – 43 წლის ქალი დაიღუპა პავლოგრადში, დნეპროპეტროვსკის ოლქში მაშინ, როცა სამსახურში მიდიოდა და ქალაქის ერთ–ერთ სკვერში გაიარა. დაშავდა ერთი მამაკაცი. სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა რვა მრავალსართულიანი სახლი და ერთი სკოლა.

    რუსეთსი თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯგუფური შეტევა “მაღალი სიზუსტის შორეული მანძილის იარაღით “ უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე განახორციელა და თითქოსდა შეტევის მიზანი მიღწეულია. კრელის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ კიევის და ხარკოვის დაბომბვა არ შეიძლება ჩაითვალოს საპასუხო დარტყმად დონეცკის ბაზარზე განხორციელებულ შეტევაზე, სადაც კვირას 27 ადამიანი დაიღუპა.

    როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ასევე პესკოვი კვლავ ამტკიცებენ, რომ რუსი სამხედროები არ ახორციელებენ დარტყმებს სოციალურ ობიექტებზე, საცხოვრებელ კვარტლებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუმცა ამ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება დღევანდელი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგებს ასახავენ.

  • გაზი არ გამოგვიყენებია, წიწაკის სპრეი თავად ბინაში მყოფებმა გაუშვეს – აღსრულების ბიურო

    აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს სადაც უარყოფენ, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას გაზის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

    “ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

    აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

    აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს”. – წერია აღსრულების ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან არიან შეკრებილნი მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ.

    პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

  • უარს ვამბობთ უკრაინის და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე – ლავროვი

    “ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდნენ ხელისუფლებაში კიევის რეჟიმის ლიდერები, არამედ ქვეყნის მრავალწლიანი ძარცვისა და მის ხალხზე ძალადობის, უკრაინისთვის ტრაგიკული სიტუაციის მიზეზების აღმოსაფხვრელად.

    ყველა სხვა მშვიდობიანი გეგმა, პლატფორმა და ფორმულა, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ბატონები უშედეგოდ დაატარებენ, საერთო არაფერი აქვს მშვიდობასთან და მხოლოდ ომის გაგრძელებას ემსახურება. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბრიუსელი, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვისაც და დასავლეთისთვისაც”,

    აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

  • პოლიციამ გამოსახლებისას სახლში გაზი გაუშვა – ვახუშტი მენაბდე

    კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ კეკელიძეზე პოლიციამ გამოსახლებისას სახლში გაზი გაუშვა.

    ”პოლიციამ გაზი გაუშვა სახლში. გამოსახლების პროცესში. ხალხი რომ აიძულოს შენობის დასატოვებლად”.- წერს მენაბდე.

    შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა.

    მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

    ამ დროისთვის დაკავებულია 4 ადამიანი.

  • ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – ზურაბიშვილი

    “ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ” – წერს Facebook-ზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

    ”ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!”- წერს ზურაბიშვილი.

    ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა.

    მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

     დაკავებულია 4 ადამიანი.
  • ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები ნათესავებს გაუგზავნა – დაკავებულია 36 წლის კაცი

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 37 წლის კაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ მან ყოფილ მეუღლეს მობილური წართვა და საკუთარ ტელეფონში მისი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. შემდეგ კი, შურისძიების მოტივით, ისინი დაზარალებულის ნათესავებს გაუგზავნა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მ, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს Whatsapp-ის საშუალებით გადაუგზავნა.

    საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

  • მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება – ჯონ კირბი

    მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება. რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. შესაბამისად, უკრაინის სარდლობას უკვე რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენონ იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.

    ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია კვლავ იღებს დახმარებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ისინი ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნიან. გარდა ამისა, რუსებმა საკუთარი თვითმფრინავებისა და იარაღის წარმოება დაიწყეს”,

    აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი.

  • ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2008 წლის დანაშაულები გამოვიძიოთ და დამნაშავეებმა აგონ პასუხი – ხალხის ძალა

    ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2008 წლის დანაშაულები გამოვიძიოთ და დამნაშავეებმა აგონ პასუხი – ამის შესახებ, ხალხის ძალა განცხადებას ავრცელებს და ამტკციებს, რომ დასავლეთში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე აქტიურად მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ უკრაინა ომშია ჩაბმული.

    “ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორს, მაიკლ მაკფოლს ინტერვიუში ათქმევინეს, საქართველო, რომელიც 2008 წელს მოწინავე ქვეყანა იყო, NATO-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინას ჩამორჩაო.

    ლოგიკურად უნდა დავსვათ კითხვა, რით უსწრებს უკრაინა საქართველოს დღეს, რითაც საქართველო უკრაინას 2008 წელს უსწრებდა. იმედი გვაქვს, მაკფოლი ადამიანების წამება-გაუპატიურებას, ელიტურ კორუფციას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას არ გულისხმობდა, რითაც სააკაშვილის რეჟიმი იუშჩენკოს ხელისუფლებას ნამდვილად დიდი უპირატესობით უსწრებდა და რითაც ახლა ზელენსკის ხელისუფლებამ ლამის სააკაშვილის რეჟიმიც უკან ჩამოიტოვა.
    რჩება ერთადერთი კრიტერიუმი, რომელსაც მაკფოლი 2008 წელს საქართველოს მოწინავეობაში შეიძლება გულისხმობდეს. 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი და იომა, ახლა კი ამას ზელენსკის ხელისუფლება აკეთებს. ანუ პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ NATO-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგველაპარაკებიან, თუ ვიომებთ. ისიც დაგველაპარაკებიან, თორემ NATO-ში ახლად ნაომარ ქვეყანას რომ არავინ მიიღებს, ამას 2008 წლის ქართული გამოცდილებაც მოწმობს.

    ღმერთმა ქნას, უკრაინამ აღიდგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა აშკარად უმძიმესია. დაღუპულია ათეულობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ასეულობით ბავშვი, მოსახლეობის მეოთხედი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, უკრაინის ეკონომიკა 30 პროცენტით შემცირდა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, რუსეთს დღეს ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა, ქვეყანაში ყვავის კორუფცია, მიმდინარეობს მედიისა და ბიზნესის მიტაცება და მონოპოლიზაცია. რომც დავუშვათ, რომ 2-3 წელიწადში უკრაინას NATO-ში მიიღებენ, საკითხავია, ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება თუ არა NATO-ს წევრობა იყოს რაიმე ხელშესახები მორალური თუ პრაქტიკული ნუგეშის მომტანი უკრაინელი ხალხისთვის.

    მაკფოლის მინიშნება კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ძირ-ფესვიან გამოძიებას საჭიროებს. რადგან ომთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დასრულებულია და საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ორივე სასამართლოში ეფექტიანად დაიცვა, ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც ნაცმოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო.

    ამის მიღმა, ისიც გასარკვევია, თუ რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი “ცივილიზებული სამყაროს ლიდერად” უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს. გასარკვევია, ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს “მაღალი” ტიტული დაიმსახურა.

    ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული არჩევნების შემდეგ სრულფასოვნად გამოვიძიოთ და დამნაშევეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი” -ნათქვამია განცხადებაში.