Blog

  • ადვოკატი აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებულების ნაწილი ნაცემია

    გუშინ, 15 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ნაწილი ნაცემია. ამის შესახებ ინფორამაციას ადვოკატი  ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს. მისი თქმით, რამდენიმე დაკავებულს სერიოზული დაზიანებები აქვს. 

    აქციაზე გუშინ, პოლიციამ  14 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით  დააკავა

    “გუშინ ჩვენ შსს-ში არ გვანახეს ეს ადამიანები და იქვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ მოხდა მათზე ძალადობა და დღეს ეს ეჭვი გამართლდა. მე როდესაც მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, ერთ-ერთს აღენიშნება კისერზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე აქვს შემოხეული ტანსაცმელი და სხვა ჩემიდ დაცვის ქვეშ მყოფებიც აღნიშნავდნენ, რომ ყველანი ურტყამდნენ, როდესაც აკავებდნენ. ყველა ამბობდა, რომ თურმე იქ იყო დრონი, პოლიციის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ზემოთ არის დრონი და ნუღარ ურტყამთ. სწორედ ამ დრონმა გადაარჩინა ეს ადამიანები, რომ კიდევ დამატებით არ მოხდა მათზე ძალადობა”- ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

  • გამოცდილების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეებს არ მივეცით პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება – შსს

    ”გამოცდილების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეებს არ მივეცით პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება” – შსს გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    ”შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან.

    15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

    რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

    წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.

    ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.

    საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

    აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
    აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.
    სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა, ამ კანონით რუსეთის აგენტი შეგვიძლია ვეძახოთ – ჟვანია

    ამ კანონს თუ იღებენ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი კაპიტალი რუსეთში იშოვა და ამ კანონიდან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ვუწოდოთ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. ლეგალური უფლება გვექნება, ივანიშვილს ვეძახოთ რუსეთის აგენტი. ქართული ოცნების მოქმედ პარლამენტარებს, რომლებიც ქონებებს, ბიზნესებს რუსეთში ფლობენ, შეგვიძლია რუსეთის აგენტები ვუწოდოთ. ამათი მიზანია ქვეყანაში იყოს მუდმივი დაპირისპირება. 12 წელი ქვეყანა მართეს ისე რომ ებრძოდნენ ნაციონალებს. […] ახლა მტრის ხატი იქნება ეს არასამთავრობოები. ამ კანონს ჰქვია გამჭვირვალობის შესახებ, ამ დროს, კანონი თვითონ არის უკიდურესად გაუმჭვირვალე. ძირითადი მუხლები არის სრულიად იდუმალებით მოცული.

    უთხრა გამოცემა ბათუმელებს ზურაბ ჟვანიას ძმამ, გიორგი (გოგლა) ჟვანიამ.

  • ალეკო, ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა – წილოსანი

    დღეს არჩევანი გამჭვირვალობის კანონის მასშტაბს სცდება. ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილსა და მის მიმდევრებსა და ქართული ოცნების ლიდერებს შორის – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ლიდერებს შორის […] ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

  • ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ – მათიკაშვილი

    ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ – მათიკაშვილი

    “ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის, ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ. […] კიდევ ერთხელ ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის არ შეარჩენს”.

    ამბობს “ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი.

  • ვინც მხარს დაუჭერს დღეს რუსულ კანონს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტერი იქნება – დეკანოიძე

    ეს არ არის კანონის განხილვა მარტო, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც გუშინ იყო იურიდიულ კომიტეტზე და რომელიც დღეს იქნება საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში.

    რაც შეიძლება პროტესტი უნდა იყოს დიდი, რაც შეიძლება უნდა იყოს წინააღმდეგობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ამ კანონის მიღება ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს ახლა, სასესიო დარბაზში დღეს, ეს ადამიანი იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების მტერი”,

    აცხადებს, ევროოპტიმისტების წევრი ხატია დეკანოიძე.

  • კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში – კრამონი

    ევროპარლამენტის პოზიცია ქართული ოცნების რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ამის თაობაზე განვაცხადებთ ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში.

    წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

  • არ უნდა ისარგებლო ბოროტად აკრედიტაციით, პროტესტისთვის – პაპუაშვილი ონლაინმედიებზე

    პარლამენტის შენობაში მედიის ყოფნის და აქ მუშაობის მიზანი არის გაშუქება პარლამენტის საქმიანობის ანუ ჟურნალისტური საქმიანობა, იმისთვის რომ საზოგადოებამ გაიგოს რა პროცესებია პარლამენტში, რა განიხილება, როგორ განიხილება და ა.შ. სწორედ ამისთვის არსებობს აკრედიტაცია. 340 ჟურნალისტი არის აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში, აქედან 290 არის 17 ტელევიზიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც არსებობს დღესაც, 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში.

    რაც შეეხება ონლაინმედიებეს, ბიუროს სხდომაზე ვნახეთ, რომ ონლაინგამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა – გაშალა პლაკატი. გუშინაც ვნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა, გამზადებული ჰქონდათ პლაკატები, წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ამიტომ, არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შეხვიდე შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

  • საქართველოს სჭირდება სტალინი. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა – “ოცნებას” რუსული კანონისთვის, კრემლის პროპაგანდისტი დუგინი აქებს

    პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი საკუთარ ტელეგრამ არხზე, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას, აქტიურად ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმაც ეს გზა გაიარა და ახლა დადებითი ეფექტი აქვთ. დუგინი აცხადებს, რომ საქართველოს ”საქართველოს სჭირდება სტალინი”.

    “საქართველოს პარლამენტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ჯერ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რის შემდეგაც მას პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრის. მოსმენებში ოპოზიციაც მონაწილეობს. ამასობაში, პარლამენტის წინ კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგეების აქცია იმართება.

    თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მწვერვალზე ვართ. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. რამდენი ლიბერალური სააგენტო რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. ნამდვილი ავგიას თავლები. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ განვწმენდთ მათ…

    საქართველოს სჭირდება სტალინი. თორემ გლობალისტი ნაძირლები და სირცხვილი დაანგრევს ამ ლამაზ ქვეყანას. აწიეთ ხელი, გაშალეთ ფეხები.“ – წერს დუგინი.

  • როგორ დაუგეგმავადაც დაიწყო პროტესტი ასე უნდა გაგრძელდეს.. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, იდეის გამო არიან გამოსულები – მელია

    როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს, აქ ხელოვნური ჩართულობა არ არის აუცილებელი და არც სასურველია. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, ეს ხალხი იდეის გამოა გამოსული, ეს ხალხი არის ევროპული და ეროვნული იდეის განსახორციელებლად გამოსული. წინაპრებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ახლა გვაქვს ვალდებულება განვახორციელოთ იდეა, რომელიც რა თქმა უნდა, უპირატესი ყველასთვიც, ეს არის ეროვნული და ევროპული იდეა,“ 

    აცხადებს  “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.