Blog

  • შოკისმომგვრელია ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არაა მზად გახდეს EU-ს წევრი – იუკნევიჩიენე

    შოკისმომგვრელია და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არაა მზად გახდეს EU-ს წევრი – ამბობს, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

    “ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური, მაგრამ კრემლი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ყოფილი პრემიერმინისტრისგან რომელმაც ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან და ზუსტად ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი ყირგიზეთში, უნდათ მსგავსი კანონს დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ, კრემლი როგორ იქცევა ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის.” – ამბობს რასა იუკნევიჩიენე სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე. 

  • ვიმეორებ, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს – ბორელი რუსულ კანონზე

    “ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოში, რის დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება გამჭვირვალობის კანონთან, იგივე უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია დაინიცირებული. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო პირობა, რომ ამ კანონს აღარ დააინიცირებდა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. კომისარმა ვარჰეიმ და მე გასულ კვირას გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ვიმეორებ – ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. კომისია წარმოადგენს მოხსენებას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონის ხელახლა დაინიცირებით.”

    განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი – პაოუაშვილი

    დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი – პაოუაშვილი

    “სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ ქცევას, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე, იმისთვის რომ შემდეგ… მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”,

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

  • მოვიწვიე საქართველოს ელჩი “აგენტების კანონზე” სასაუბროდ, კანონი შეუთავსებელია EU-ს ღირებულებებთან – როთი

    “მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, რათა ვისაუბრო მასთან “აგენტების კანონზე.” მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს – კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.”

    წერს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, X-ზე.

  • 800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს – მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაქციაზე

    ‘800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს” – ამის შესახებ,  მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქართული ოცნების წევრმა, ლევან სურმავამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს განუცხადა, რომელმაც თავი ქართული ოცნების რეგიონების ოფისის წევრად წარუდგინა და ჰკითხა, აქციისთვის ხომ არ დაუწყიათ სიების გამზადება.

    “ხვალ თათბირი უნდა იყოს და მერმა ასე თქვა, რომ გვეტყვიანო და ჯერჯერობით არ დაგვიწყია [სიების გამზადება]… ჯერ თათბირი უნდა ჩავატაროთ, დავიბაროთ სოფლის წარმომადგენლები. რახან ორშაბათი არის, განსასაზღვრია შვებულებები… ჩვენ 800 კაცი დაგვავალეს… წინაზეც, მე მგონი, 800 კაცი წავიყვანეთ, თუ 700, არ მახსოვს… თავისუფლებაზე რომ ვიყავით, ორჯერ თან… არანაირი პრობლემა არ არის, დავორგანიზდებით… ხუთშაბათი-პარასკევს გექნებათ სია სახელების და გვარების და მანქანის ნომრების მიხედვით, მარშუტკებში ვინ, როგორ და რანაირად”. – უთხრა სურმავამ მთავარ არხს.

  • “დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად” – ფიფია კობახიძეს პასუხობს

    “დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად”  – ასე პასუხობს, დინამო თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას, რომელმაც განაცხადა, რომ ფიფია “როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში”.

    “საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან, დინამო თბილისზე და პირადად ჩემზე საუბრის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

    პირველ რიგში, მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოუყვანივარ, მითუმეტეს არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდება დინამო თბილისის შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

    რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს – სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

    დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

    დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

    2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დინამო თბილისის აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

    მხოლოდ გასულ, 2023 წელს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში დინამო თბილისის აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

    დინამო თბილისის აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში. წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 3-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 3-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი. დინამო თბილისი არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ერთიანობის იდეის საფუძველია.

    ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკრების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

    ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსკვლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

    დინამო თბილისის მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

    მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა”, – წერია განცხადებაში.

  • რითი განსხვავდება EU-ს დირექტივა, ოცნების ინიცირებული რუსული კანონისგან – პიტერ სტანოს განმარტება

    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო განმარტავს, თუ  რით განსხვავდება ევროკავშირში დირექტივის პროექტი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონისგან.

    “ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან.

    ჩვენ მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიციირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს.

    დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის.

    გარდა ამისა, დირექტივა ძლიერ გარანტიებს შეიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება. პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების მკაფიოდ განსაზღვრულ საზედამხედველო პრეროგატივებს და ეფექტური სასამართლო განხილვის უფლებას”, – ნათქვამია პიტერ სტანოს განმარტებაში.

  • 2-3 თეატრი უერთდება[პროტესტს], უმრავლესობა თეატრებში მხარს უჭერენ – წულუკიანი რუსულ კანონზე

    2-3 თეატრი უერთდება[პროტესტს], უმრავლესობა თეატრებში მხარს უჭერენ – წულუკიანი რუსულ კანონზე

    “მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, ელემენტარულ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ, კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა, არც ვაპირებთ. და თქვენდა იმედგასაცრუებლად მინდა გითხრათ, რომ ხელოვანთა უმრავლესობა, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში, მხარს უჭერს ამ კანონს”,

    თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. საქართველოს მასშტაბით, რუსული კანონი არაერთ თეატრში გააპროტესტეს.

  • საქართველოს რეპუტაცია არ დაზიანდება – დავითაშვილი ოფშორების კანონზე

    “ეს კანონი საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში უფრო მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება მოვიზიდოთ და საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა იყოს. კანონის მოტივაცია ეს არის […] საქართველოს რეპუტაცია არანაირად არ დაზიანდება”.

    აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

  • სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ, ეგ არის რუსული სცენარი – ჯაფარიძე კონტრაქციაზე

    რომ ეთქვათ, რომ კობახიძეს განახებთო, კობახიძეზე მაინც და მაინც არ ექნებათ, ალბათ, მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების მიზნით, რომ წამოვიდეს ახლა ადამიანი ხულოდან, გარდა იმისა, რომ ფულს აძლევენ, ეუბნებიან, რომ აი, ბიძინაც იქნება და გაგვამხნევებს.

    ამით პროტესტი არ გაჩერდება. ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში. ეგ არის რუსული სცენარი და აქეთ მხარეს ვინც არიან, არ ვიცი, პატარა ბავშვებით დაწყებული უფროსებით დამთავრებული, ყველას კარგად აქვთ ეგ გააზრებული.

    ამბობს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.