Blog

  • რუსებმა გამოგვყარეს სოხუმიდან, ოცნება კი ვერ ბედავს, მტერს მტერი დაარქვას – კორძაია

    დრო იმდენად ცოტაა, რომ ერთმანეთის მოფერების დრო ახლა არ გვაქვს, ერთმანეთის გამხნევების დროა. 35 წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ და ჩვენ ისევ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომ ისევ შეგვათრიონ საბჭოთა კავშირში – რუსეთში, რისთვისაც ჩვენმა ხალხმა სისხლი დაღვარა. როგორც კი საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი. მე ვარ სოხუმიდან და მახსოვს, როგორ გამოგვყარეს რუსებმა იქიდან. მახსოვს, როგორ მოვდიოდით მთებით, ფეხშიშველი, მშიერი, მწყურვალი და დღეს ვართ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ მტერს დაარქვას მტერი და მოყვარეს – მოყვარე.

    35 წელია მოვდივართ იდეით, რომ ავაშენებთ თავისუფალ, თავმოყვარე და მსოფლიო რუკაზე თავისი ადგილის მქონე სახელმწიფოს და უცებ, უცებ მოვიდა ვიღაც ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თაობების შრომა გადაყაროს წყალში და ეს ახალგაზრდები, დღეს ვინც თქვენს წინაშე იდგა, რატომ უნდა იბრძოდნენ ისევ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაშინ, როდესაც მათ სამყარო გახსნილი აქვთ. დღეს რატომ უნდა ვზეიმობდეთ იმას, რომ ლაზარე თავისუფალია, ახალგაზრდა ადამიანი დაიჭირეს და პოლიტიკური შურისძიების სიმბოლოდ აქციეს მარტო იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს, ენას და თავისუფლებას იცავდა. რომ გადავხედოთ წარსულს, არცერთ ხელისუფლებას ის არ უქნია, რასაც აკეთებს დღეს ქართული ოცნება.

    განაცხადა თამარ კორძაიამ ქუთაისში, სადაც მსვლელობა “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” გაიმართა.

  • არ გაიხსნას EU-სთან მოლაპარაკებები! – ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი

    „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. – გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტი, რონლის თანახმად, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

    1. მკაცრად ვგმობთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, რადგან ის დააწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რითაც დააზიანებს მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობას, რამაც უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
    2. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
    3. ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
    4. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმის წარმოება, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონპროექტს და აღარ წარადგენდა მსგავს კანონს; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;
    5. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას;
    6. ხაზს ვუსვამთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში;
    7. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს პირები, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
    8. ხაზს ვუსვამთ, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელ მედია თავისუფლად იმუშავებს;
    9. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს უაღრესად სადაო რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე გამოიყენება რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების ჩასახშობად.
    10. ვიხსენებთ, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ ზემოხსენებული კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს;
    11. შევახსენებთ საქართველოს მთავრობას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულების ვალდებულების შესახებ, რომელიც მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს აიღო და მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გააკეთონ იგივე;
    12. მოვუწოდებთ კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;
    13. მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე მისი შედეგების შესახებ;
    14. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;
    15. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;
    16. მოვუწოდებთ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, დააკვირდეს ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში;
    17. ვავალებთ ევროპარლმენტის თავმჯდომარეს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს

    ევროპარლამენტში თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 5 პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, Renew Europe, S&D, PPE და ECR) მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები. შემდეგ ერთობლივ ტექსტზე შეჯერდნენ. საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში ხვალ, 25 აპრილს უყრიან კენჭს. კენჭისყრაზე შესაძლებელია, საბოლოო ვერსიაში შესწორებები შევიდეს და ტექსტი კიდევ შეიცვალოს.

     

  • გალანტის თქმით, IDF-მ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრ  იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF]სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა.

    “სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს” – თქვა იოავ გალანტმა.

    თავდაცვის მინისტრის თქმით, IDF-ის მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს.

  • ‘”სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ” – შსს აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შემთხვევაში ემუქრება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შემთხვევაში ემუქრება. უწყების თქმით, ”რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ხოლო აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ”.

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას.

    ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

    ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

    მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

    გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

    „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

    აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ან ვირჩევთ რუსეთს ან ვირჩევთ ევროპას.. ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე! – ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

    მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა .  გრიგორიადისი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად დღეს შეიწყალა.

    ”პირველ რიგში მინდა მადლობა მოვუხადო პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება, ეხლა აქციები არის, აქციებზე შევხვდებით. მგონია, რომ [მოსამართლემ] პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.

    [რუსული კანონი] ძირს უთხრის დემოკრატიას, არ შეიძლება, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ასეთი კანონები მივიღოთ. ვაპირებ 7 საათზე მისვლას. […] ასე პირდაპირ თუ გაბედავდნენ [კანონის შემობრუნებას] არ მეგონა, მაგრამ გაბედეს. ხელისუფლება უკვე ყველაფერზეა წამსვლელი, ისეთ მდგომარეობაშია ჩემი აზრით. თან წინასაარჩევნო პერიოდია და დიდი ალბათობით, მაგის ბრალია ეს ყველაფერი. როდესაც ყველაფერზე მიდიხარ, ჩემი აზრით, სუსტად ხარ უკვე, ყველაფერს რისკავ. ყველანაირი გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ ხელისუფლება და ავტორიტარიზმი გააძლიერონ ქვეყანაში…

    ბიძინა ივანიშვილი მე მგონია, რომ რუსეთიდან არის მართული. შანსი არაა ვალდებულებები არ ჰქონდეს. დემოკრატიულ სვლებს თუ არ აკეთებ, მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ, თუ არა რუსეთს

    მე მგონია, რომ გარდატეხის პირას ვართ – ან ვირჩევთ რუსეთს ან ვირჩევთ ევროპას, შუაში ვერ ვიდგებით”  “

  • სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

    სასამართლომ “ლელოს” გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    კუპრაძე 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

    ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კუპრაძე პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და კორდონის გარღვევას ცდილობდა.

  • 29-ში ვინმე თუ სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, იქნება პროვოკატორი – მდინარაძე

    29-ში ვინმე თუ სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, იქნება პროვოკატორი – მდინარაძე

    29 აპრილს არის საყოველთაო შეკრება, იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. იმ დღეს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე მცირე ინციდენტსაც კი შეიძლება დაუკავშირდეს, შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც იქ რაღაც პროვოკაციის დაგეგმვის გამო შეიძლება მოხდეს.

    თუ იმ დღეს იქ ვინმე სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, ის იქნება პროვოკატორი, რასაც არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს. იმ დროს სხვა აქცია, რა თქმა უნდა, ვერ ჩატარდება.

    თქვა ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

  • პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

    პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

    საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.

    ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე ამბობდა, რომ პროცესი განზრახ ჭიანურდებოდა. სხდომები არაერთხელ გადაიდო, მათ შორის დასკვნითი სხდომაც.

  • შევიკრიბოთ საქართველოს გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის – კალაძე კონტრაქციაზე

    მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისა და განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის.

    მოდით, რათა ყველას გავაგონოთ და ყველამ იცოდეს, რომ მთავარი არის სამშობლო. საქართველო უპირველეს ყოვლისა. მეგობრებო, ყველას გელოდებით. მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, პატარებით – ეს იქნება ზეიმი.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 29 აპრილს პარლამენტთან ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.

  • ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავენ – როთი

    ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას განიხილავს.

    წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე.