Blog

  • ივანიშვილისგან ვხედავთ იმავე ქმედებებს, რაც დავინახეთ პუტინისა და ლუკაშენკოსგან წლების წინ – კუბილიუსი

    “ეს იგივეა, რაც პუტინმა და ლუკაშენკომ გააკეთეს. თავიანთი მმართველობის პირველ წლებში მათაც მოჰქონდათ თავი დემოკრატებად, მაგრამ შემდეგ დაიწყეს ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და იქცნენ დიქტატორებად. დღეს ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ამ ქვეყნებში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილისგან იმავე ქმედებებს, რაც დავინახეთ პუტინისა და ლუკაშენკოსგან წლების წინ და ალბათ ნათელია, საით მოძრაობს საქართველო ასეთი ლიდერების ხელში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვაშფოთებს ევროპარლამენტში”.

    ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან”.

  • ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ, გიხსნათ ბოროტი ძალებისგან – წილოსანი

    “ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან.. თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება”.

    წერს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ნინო წილოსანი. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დაწერეს, რომ “ქვეყნის გამყიდველებს”, წითელ პარასკევს, სიმბოლურად, 30 თეთრს ურიცხავდნენ.

  • კანონი მოფიქრებულია “ოცნების” პატრონების მიერ მოსკოვში, ქართველებო იყავით ძლიერები! – კინზინგერი

    “ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ სურთ, მისი ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე. ახლახან “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. ეს კანონი მოფიქრებულია “ქართული ოცნების” პატრონების მიერ მოსკოვში. ამის გამო, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რასაც მთავრობამ დემონსტრანტების სასტიკი დარბევით უპასუხა. როგორც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: იყავით ძლიერები; საქართველოს პოლიციისთვის: ნუ დაჩაგრავთ საკუთარ ხალხს. ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი,”

    ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

  • საქართველომ თავი შეიკავა საფრანგეთის კრიტიკისგან, როცა პარიზში მომიტინგეებს ბრუტალური მეთოდებით დაუპირისპირდნენ – საგარეო

    საქართველომ თავი შეიკავა საფრანგეთის კრიტიკისგან, როცა პარიზში მომიტინგეებს ბრუტალური მეთოდებით დაუპირისპირდნენ – საგარეო

    “აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

    არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება”.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყების კრიტიკას პასუხობს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვა.

  • მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ – შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი

    მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ – აცხადებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი, გოგა რაზმაძე.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რეორგანიზაციის შემდეგ, პრაქტიკულად გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციის გარეშე დატოვეს. დეპარტამენტს შეუცვლეს სახელი. გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები (მათ შორის, ჩემიც). ახალი დებულების თანახმად, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვეტს, რა კატეგორიის დანაშაულს დამონიტორინგებს დეპარტამენტი. 2023 წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრე. აღნიშნული რეორგანიზაცია დაამთხვიეს რუსული კანონის მიღებას. წინა წელს სწორედ ამ კანონის საჯაროდ გაპროტესტება არ მაპატია სისტემამ.[…] მივმართავ დეპარტამენტში დარჩენილ ჩემს მეგობრებს – ამოიღეთ ხმა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რეაგირება თქვენი კანონისმიერი ვალდებულებაა. ყველას ვერ გაგიშვებენ, თუმცა ცალ-ცალკე აუცილებლად მოგერევიან, რომელმაც პრაქტიკულად უფუნქციოდ დაგვტოვათ. არც გკითხეს ისე გადაგანაწილეს სხვადასხვა სამმართველოებში (ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს). საკუთარი აზრი დააფიქსირეთ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ესეც თქვენი ვალდებულებაა. ჩემთვისაც ეს სამსახური (სადაც 12 წელი ვმუშაობდი) ჩემი შვილების რჩენის ერთადერთი წყარო იყო. თუმცა, ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას. თქვენ გაქვთ ერთადერთი და ვფიქრობ, ბოლო შანსი ღიად დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ბოლო დღეებში ძალადობის გამპრავებელ სპიკერად გვევლილება, არის ამ ყველაფრის შემოქმედი. არა რუსულ კანონს” – ამბობს რაზმაძე.

  • “ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის“–ბუდუ ზივზივაძე

    ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო

    არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
    .
    საქართველოს გზა ევროპაშია.

    ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის.

    ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

    პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო

    ბუდუ ზივზივაძე, ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი

  • Anonymous-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი დაჰაკა

    უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი – police.ge დაჰაკა.

    ინფორმაციას ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

    “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი გათიშულია Anonymous-ის მიერ”, – წერია მათ სოციალურ ქსელში.

     

  • გმირთა მოედანზე ერთი მოქალაქე დააკავეს – რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

    რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება – ამ წუთებში გმირთა მოედანზე მოქალაქეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას ჯერ-ჯერობით არ აძლევს. პოლიციამ ერთი მოქალაქე გზის გადაკეტვის მცდელობის გამო დააკავა.

    პარალელურად აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზეც.

    ბოლო 2 კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი, მასშტაბური აქციები იმართება. ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა, ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს.

    გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

    პირველი მაისის ღამის შემდეგ დაკავებულია 65-მდე ადამიანი.

  • რომ არა ივანიშვილი არ ექნებოდათ ბიჭებს ის შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს – რაგბის კავშირის პრეზიდენტი

    “რომ არა „ფონდი ქართუ“ და ივანიშვილი არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს” – აცხადებს, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე, რითიც მორაგბეების მიერ აქციების მხარდამჭერ შეფასებებს გამოეხმაურა.

    “გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებზე და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.

    გარდა ამისა მინდა ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა რაც გაგვაჩნია. ასევე მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს”, – აამბობს ტყემალაძე.

  • ძალადობა, რაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ვიხილე შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან! – ევროსაბჭო

    ვგმობ იმ ძალადობას, რაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ვიხილე. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან – ასე ეხმაურება, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

    “ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ “უცხო გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებაზე, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ მისი უკან გაწვევის მოწოდებების მიუხედავად. ევროპული დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან მის თავსებადობაზე ძლიერი შეშფოთებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინოს რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

    სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის დაცული გარემო აუცილებელია ცოცხალი და სრულად ფუნქციური დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებისთვის და არ უნდა ზღუდავდეს მათი თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას.

    ასევე ვგმობ იმ ძალადობას, რაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ვიხილე. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც ბევრჯერ გამოავლინეს მათი საფუძვლიანი კავშირი დემოკრატიასთან, უნდა შეეძლოთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიანად განხორციელება.

    იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორიც ბოლო წლების მანძილზე იყო. კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე” – ვკითხულობთ განცხადებაში.