Blog

  • გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს “ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”მადლობას უხდის

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით საუბრობს და ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან თანამშრომლობის პერიოდს იხსენებს. კვირიკაშვილის განცხადებით, განსხვავებულ პოზიციებს ხელი არ შეუშლია, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ მხარეებს ეთანამშრომლათ.

    “ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში”,-დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში.

    გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”, თქვა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ამჟამად საქმიანობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში მრჩევლის პოზიციაზე განაგრძობს.

    სად განაგრძობს საქმიქნობას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, უცნობია. გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ შეუწყდება. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქციაც, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. შედეგები ასევე გამოირჩა იმით, რომ ქვეყანაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

  • მსოფლიოს პუტინის არ ჯერა თუმცა თვლის, რომ რუსეთის გავლენა იზრდება

    ვაშინგტონ პოსტი. აშშ.

    6.12.2018

    ავტორი: ადამ ტეილორი

    ცოტა ხნის წინ 25 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიმართ ნეგატიური  განწყობაა. ამავე დროს, გამოკითხულთა აზრით მსოფლიო არენაზე რუსეთის გავლენა იზრდება.ამაზე მეტყველებს  ამერიკული ორგანიზაცია  Pew Research Center –ის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულიახალი კვლევა.
    {{ARTICLEIMAGE}}

    კვლევის შედეგებით  მიუხედავად იმისა, რომ  რუსეთი მრავალ პრობლემას ეჯახება, მათ შორის აშშ–ს სანქციებს, გეოპოლიტიკურ იზოლაციას და დაუნდობელი ქვეყნის რეპუტაცია აქვს, პუტინმა მოახერხა მთელ მსოფლიოში რუსეთის გავლენის პროეცირების საშუალებები მოეძებნა.

    ისეთ საკვანძო რეგიონებში, როგორიც არის მაგალითად ახლო აღმოსავლეთი მოსკოვს დღეს აშკარად ისეთი გავლენა აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არ ჰქონია და ხშირად ამერიკულ ინტერესებს ეჯახება.

     

    მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე აშშ და რუსეთი ხშირად ებრძვიან ერთმანეთს გავლენისა და ძალაუფლების გამო, ბევრ ქვეყანაში ტრამპს და პუტინს ერთნაირად აღიქვამენ: კვლევითი ორგანიზაცია Pew –ს მონაცემებით ამ ორი ლიდერის შედარებისას ნეგატიური შეფასებების მნიშვნელოვანი ურთიერთგადაფარვა ხდება. ასეთი გადაფარვა მაგალითად არ მომხდარა ტრამპის და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ან გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შედარებისას და ჩინეთის ლიდერის, სი ცზიანპინის შედარებისასაც კი. ზოგიერთ ქვეყანაში ტრამპისა და პუტინის მიმართ ნეგატიური შეფასებების ურთიერთგადაფარვა ძალიან დიდი იყო: ესპანელი რესპოდენტების 83 % ორივე მათგანის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. საფრანგეთში კი ამ მაჩვენებელმა 77% შეადგინა.


     

    საინტერესოა, რომ ქვეყნების უმეტესობაში ტრამპისა და პუტინის დადებითი შეფასებების ურთიერთგადაფარვა შედარებით უმნიშვნელო იყო. ფილიპინები ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც რესპოდენტთა უმრავლესობის (54%) განცხადებით მათ  ჯერათ, რომ ეს ორი ლიდერი საერთაშორისო ასპარეზზე სწორად იქცევა.

    პუტინის მიმართ, რომელსაც ბრალს სდებენ საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებში პირად მონაწილეობაში – მაგალითად აშშ–ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენაში ან ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე თავდასხმაში, უკიდურესად ნეგატიური განწყობაა იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც კვლევა ჩატარდა. ოცდახუთივე ქვეყანაში საშუალოდ გამოკითხულთა მხოლოდ 26% თვლის, რომ პუტინი საერთაშორისო პოლიტიკაში სწორ ნაბიჯებს დგამს. საპირისპირო პოზიცია აქვს გამოკითხულთა 63%–ს.

    ეს ციფრები არსებითად დაბალი მაჩვენებელია სხვა მსოფლიო ლიდერების მაჩვენებლებთან შედარებით, როგორებიც არიან მაგალითად მერკელი და მაკრონი. თუმცა მცირედით მაინც აღემატება ტრამპის მაჩვენებლებს. მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც პუტინის მიმართ უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი  – ფილიპინები (63%) , ტუნისი (55%)

    რაც შეეხება ზოგადად რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, ის ცოტა უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე პირადად პუტინის მიმართ დამოკიდებულება. საშუალოდ 34% რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 54% კი უარყოფითად. ფილიპინები (63%), ტუნისი (55%), სამხრეთ კორეა (53%) და საბერძნეთი (52%)   არიან ქვეყნები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა.

    ბოლო წლების მანძილზე ქვეყნების უმეტესობაში არსებითად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პუტინის და რუსეთის მიმართ დადებითად არიან განწყობილი. შვედეთში რესპოდენტთა წილი, რომლებიც რუსეთის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი 2007 წელს 59% იყო, 2018 წელს კი 79%.

    ქვეყნების უმეტესობაში პუტინის მიმართ ნდობა, რომელიც ისედაც დაბალი იყო, კიდევ უფრო დაეცა. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში გაიზარდა – პირველ რიგში ფილიპნებზე, სადაც 2014 წელს არსებული 34% ნდობა 2018 წლისთვის 61% მდე გაიზარდა.

    თუმცა რუსეთის ნეგატიური რეიტინგის ზრდის მიუხედავად, ასევე იზრდება რესპოდენტთა წილი, რომლებიც თვლიან რომ მსოფლიოში რუსეთის გავლენა გაიზარდა. კვლევის შედეგების მიხედვით საშუალოდ გამოკითხულთა 42 % თვლის, რომ ამჟამად მოსკოვი მსოფლიოში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ათი წლის წინ. შედარებისთვის, გამოკითხულთა მხოლოდ 19% თვლის, რომ რუსეთის როლი შემცირდა, 28% კი დარწმუნებულია, რომ იგივე დარჩა.

    აშკარაა, რომ პირდაპირი კავშირი რუსეთის გავლენის ზრდასთან დაკავშირებულ რწმენასა და მის მიმართ დადებით დამოკიდებულებას შორის არ არსებობს. მხოლოდ ფილიპინელ რესპოდენტთა 23 % თვლის, რომ რუსეთი ამჟამად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე 10 წლის წინ. 22% თვლის, რომ მისი როლი შემცირდა. მაგრამ საბერძნეთში და ტუნისში გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ რუსეთი დღეს უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. (65% და 59% შესაბამისად).

    საშუალოდ, გამოკითხულთა 31% თვლის, რომ ამჟამად ამერიკა ბევრად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ასპარეზზე, ვიდრე 10 წლის წინ. ამასთანავე, საშუალოდ 70% დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საქმეებში ჩინეთის როლი გაიზარდა.

    რუსეთს არ გააჩნია ზესახელმწიფოს ისეთი სტატუსი, რომელიც აშშ–ს და ჩინეთს აქვთ. მიუხედავად უზარმაზარი ტერიტორიისა და მოსახლეობის დიდი რაოდენობისა,  მისი მშპ მხოლოდ 1,5 ტრილიონი დოლარია, რაც სამხრეთ კორეისა და კანადის მშპ–ს უტოლდება.

    თუმცა რუსეთმა როგორც ძვირადღირებული ნაბიჯები – მაგალითად სირიი სამხედრო კამპანია –  ასევე ნაკლებხარჯიანი ნაბიჯები – როგორიც არის მაგალითად დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი აქტი – გადადგა, რომლებმაც საერთაშორისო მოვლენებზე შესამჩნევი გავლენა მოახდინეს.

    კრემლის იმიჯმეიკერებმა ასევე გაათამაშეს პუტინის პიროვნების კარტი, რათა უცხოურ აუდიტორიაზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. “ჩვენ განზრახ ვქმნიდით იდუმალების ატმოსფეროს პუტინის პიროვნების გარშემო – განაცხადა პუტინის ყოფილმა პოლიტტექნოლოგმა გლებ პავლოვსკიმ ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში. – უნდა შექმნილიყო ძლიერი სახე  სუსტ სახელმწიფოში.“

    რუსეთის შიგნით პუტინი კვლავ ძალიან პოპულარულ ფიგურად რჩება.  ბოლო დროს მისი რეიტინგი რუსეთში ოდნავ შემცირდა – 66% –მდე. თუმცა ასეთი  რეიტინგი ალბათ ბევრ დასავლელ ლიდერს შეშურდებოდა. საინტერესოა, რომ პრობლემების უმეტესობა, რომელსაც პუტინი ეჯახება შიდაპოლიტიკური ხასიათისაა. თუმცა ის თავისი პოპულარობის შესანარჩუნებლად საგარეო პოლიტიკას იყენებს. Pew research center – ის კვლევის თანახმად რუსეთის მოქალაქეთა 72% თვლის, რომ დღეს რუსეთი საერთაშორისო არენაზე ბევრად დიდ როლს თამაშობს, ვიდრე 10 წლის წინ.

    ორგანიზაციამ გამოკითხვა 2018 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლის ჩაატარა. მასში თითოეული ქვეყნის 915–დან: 2521–მდე მოქალაქე მონაწილეობდა. ყოველ ქვეყანაში ცდომილება +- 2.8 –5.1% –ს შეადგენს.

    სტატიის ორიგინალი

    https://www.washingtonpost.com/world/2018/12/06/russian-influence-is-perceived-growing-around-world-despite-global-mistrust-putin/?noredirect=on&utm_term=.00d3a6251f11

  • 10 აუცილებელი ატრიბუტი მამაკაცის გარდერობისთვის

    სამოსი ნებისმიერი შემთხვევისთვის

     




    მამაკაცებს ნაკლებად უყვართ მაღაზიებში სიარული, თუმცა ბევრ მათგანს აქვს სურვილი კარგად გამოიყურებოდეს. როგორ შევქმნათ იდეალური გარდერობი, სადაც ყველა საჭირო შემთხვევისთვის შესაფერისი სამოსი და აქსესუარები მოიძებნება. გთავაზობთ მამაკაცის გარდერობის ათ აუცილებელ ატრიბუტს:


    {{ARTICLEIMAGE}}


    1. შავი, ტანზე კარგად მომდგარი კლასიკური შარვალ– კოსტუმი



     

     

    საკვანძო სიტყვა აქ არის – კარგად მომდგარი. არ დაიზაროთ საგულდაგულოდ შერჩევა, ან მკერავთან მისვლა და შეკერვა. შარვლის სწორ სიგრძეს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. ტანზე კარგად მომდგარი კარგი კოსტუმი ყოველთვის ამშვენებს მამაკაცს. ერთი ხელი ასეთი სამოსი დიდხანს მოგემსახურებათ.  ის ოფისშიც შეგიძლიათ ჩაიცვათ  და საზეიმო ღონისძიებებზეც. მრავალფეროვნების შეტანა კი აქსესუარების ცვლით, მაგალითად სხვადასხვა ჰალსტუხებით შეიძლება.


     

    2. თეთრი პერანგი

    მამაკაცის გარდერობის საფუძველთა საფუძველი თეთრი პერანგია. მისი სწორად შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ოდნავ გამოწეული მუცელი შეიძლება კლასიკური თარგით დაიფაროს. მხრებთან სწორად გაკეთებული ნაკერები კი მხრებს გამოკვეთს და უფრო მამაკაცურ იერს მოგცემთ. თეთრი პერანგი უხდება როგორც პიჯაკს, ასევე ჯინსსაც.

    3. საბაზო მაისურები



    გარდერობში ასეთი მინიმუმ შვიდი მაისური უნდა გქონდეთ. სასურველის სხვადასხვა ფერის. სამი მათგანი აუცილებლად პოლოსი უნდა იყოს. ფავორიტია თეთრი კლასიკური მაისური. ის უნივერსალურია და ნებისმიერ  სამოსს უხდება. რაც შეეხება ნახატებიან და წარწერებიან ჭრელ მაისურებს კლასიკურ საბაზო კომპლექტაციაში არ შედის. ისინი მხოლოდ შესაბამის შემთხვევაში, შესაბამის ადგილზე და დროს შეგიძლიათ ჩაიცვათ. ამიტომ თქვენი შეხედულების მიხედვით განსაზღვრეთ, არის თუ არა მათი ადგილი თქვენს გარდერობში.

    4. მეზღვაურის მაისური

    ეს ტრენდი არასოდეს ძველდება და მოდიდან არ გადადის, საკმაოდ მამაკაცური და მოსახერხებელია. ზოლიანი სამოსი საკმაოდ უნივერსალურია და თანამედროვე მამაკაცის ყოველდღიურ გარდერობს კარგად ავსებს.

    5.
    კლასიკური ჯინსი


    მუქი ლურჯი ან მუქი ნაცრისფერი ჯინსი მამაკაცის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. არ არის საჭირო გამორჩეული სილუეტი და თარგი. ჯინსი ტანზე იდეალურად უნდა იჯდეს, როგორც თქვენი სხეულის განუყოფელი ნაწილი. და რა თქმა უნდა, მიაქციეთ ყურადღება სიგრძეს. ის ზუსტად თქვენი უნდა იყოს. მოკლე ჯინსის ადგილი საბაზო გარდერობში არ არის.

    6. ტყავის ქურთუკი

    ბევრი მამკაცისთვის ტყავის ქურთუკი გარდერობის საბაზო ელემენტია. ამჟამად ეს სამოსი აქტუალობის პიკზეა და პრაქტიკულად ყველა სეზონზე გამოყენებადია. ასეთი ქურთუკის შეხამება ნებისმიერ სამოსთან შეიძლება. თუმცა ძირითადად ჯინსთან და სვიტრთან ერთად იყენებენ, რომელიც თქვენს საბაზო გარდერობში შედის. ჟანრის კლასიკაა შავი ტყავის ქურთუკი და თეთრი მრგვალყელიანი მაისური.

    7. ე.წ. ოქსფორდები

    ეს არის კლასიკური ფეხსაცმელი ყველა დროისთვის და ყველანაირი შარვლისთვის. უხდება კლასიკურ შარვალ–კოსტუმს და ჯინსსაც.  სასურველია შავი ოქსფორდები. ამ მოდელის ნაცვლად შეგიძლიათ კლასიკური დერბი შეიძინოთ.

    8. კედები

    უნივერსალური ფეხსაცმელი სასეირნოდ, სამსახურში სასიარულოდ და ზოგჯერ წვეულებაზე ჩასაცმელადაც კი. კარგი კედი რა თქმა უნდა ჯინსს და მაისურს უხდება, თუმცა მამაკაცები ხშირად მას კლასიკურ პიჯაკსაც წარმატებით უხამებენ.

    9. ჯემპრი

    ყველა მამაკაცის გარდერობში უნდა იყოს რამდენიმე ნეიტრალური ფერის v–ს ფორმის ყველიანი ჯემპრი, რომლის შიგნითაც პერანგსაც ჩაიცვამთ და მაისურსაც.ნეიტრალური ფერის ამ სტილის ჯემპრის კომბინირება მთელ დანარჩენ გარდერობთან შეგიძლიათ. შავი ფერი მაინც ყველაზე მომგებიანია.

    10. ყოველდღიური პიჯაკი

    ყოველდღიური პიჯაკი შეიძლება უფრო არაფორმალური თარგის იყოს, ვიდრე ოფიციალური პიჯაკი. თუმცა სასურველი ისიც კარგად იყოს ტანზე მომდგარი. იდეალურია, თუ ეს პიჯაკი მუქი ყავისფერი იქნება. ეს საუკეთესო ფერია იმისათვის, რომ ნებისმიერ სხვა სამოსს შეუხამოთ. ყოველდღიური პიჯაკი ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ. თან თქვენს იმიჯს სერიოზულობას და მამაკაცურობას შემატებს.

     

  • ნაომი ქემფბელი ბარბერის საშობაო კამპანიაში

    დროა იფიქრო შობაზე

    ცნობილი ბრენდი Burberry საშობაო სარეკლამო კამპანიას სარეკლამო რგოლით შეუერთდა, რომლის დევიზია: დახუჭე თვალები და იფიქრე შობაზე.

    სარეკლამო რგოლში მთავარ როლებს მსახიობ კრისტინ სკოტ ტომასი, მეტ სმიტი, მომღერალი მია, სუპერმოდელი ნაომი ქემფბელი და მისი დედა, ვალერი მორის–ქემფბელი ასრულებენ. რეჟისურა ჯუნო კალიპსოს ეკუთვნის, რომელმაც რეალობასა და ფანტაზიას შორის ნამდვილი ბრიტანული შობის განწყობა შექმნა, მისი რიტუალებით თუ სიურპრიზებით – ჭირვეული ბრიტანული ამინდიდან და დაგვიანებული მატარებლიდან დაწყებული ოჯახური თავყრილობით დამთავრებული.

  • “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნება” ამომრჩწველთა ხმების მოპარვაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2016 წლის მერის არჩევნებში იმაზე ნაკლები ხმა მიიღო თბილისში, ვიდრე ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში.

    სწორედ ჩატარებული არჩევნების გამო, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, გაყალბდა, ისინი საკითხების განხილვას საკრებულოში დღეს არ დაესწრნენ. ოპოზიციის ბოიკოტი არ უკვირთ “ქართულ ოცნებაში”, სადაც ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლიდან ისედაც ბოიკოტის რეჟიმშია.

    საკრებულოს სხდომაზე დღეს 40 საკითხი განიხილება, მათ შორის ტაქსების რეგულაციები, რომელსაც დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. რეგულაციების მოხედვით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ა და ბ კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც განსხვავებული პრივილეგიები და ვალდებულებები ექნებათ.

  • ზოგჯერ საჩუქარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საჩუქარი

    ელტონ ჯონი საშობაო რეკლამაში

    ბრიტანულმა მაღაზიების ქსელმა,John Lewis & Partners, რომელიც ამავე დროს ევროპაში უმსხვილესი მაღაზიების ქსელია, 2018 წლის საშობაო კამპანიის ფარგლებში ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. ის საჩუქრის ძალაზე და იმაზე მოგვითხრობს, თუ რა გავლენა მოახდინა ერთმა საჩუქარმა ერთი პატარა ბიჭის ცხოვრებაზე.

    ვიდეორგოლის მთავარი გმირი ელტონ ჯონია. სწორედ მის სიმღერაზეა აწყობილი სიუჟეტი, რომელიც ქრონოლოგიურად უკან მიუყვება ელტონ ჯონის ცხოვრებას იმ მომენტამდე, როცა ერთ საშობაო დილას მან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო. ამ საჩუქარმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

    ზოგჯერ საჩუქარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საჩუქარი – ასეთია ვიდეორგოლის დევიზი.

  • ლავროვი წუხილს გამოთქვამს, რომ წლების წინ “ზურაბიშვილთან მიღწეული შეთანხმება არ შესრულდა”

    {{ARTICLEIMAGE}}

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უსურვებს, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების წლებს იხსენებს.  

    “სალომე ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მოლაპარაკებებში ჩემი პარტნიორი 2005-2006 წლებში. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მიღწეული ზოგიერთი შეთანხმება ქართულმა მხარემ არ შეასრულა, რადგან როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, ამის პარალელურად, ჩვენ თბილისთან შევთანხმდით ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ეს იყო დეტალურად შემუშავებული შეთანხმება. სამწუხაროდ, მოგვიანებით ქართულმა მხარემ უარი თქვა ასეთი ცენტრის შექმნაზე, რაც სამწუხაროა, რადგან მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ერთი ხაზი. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის”, ამბობს რუსი დიპლომატი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

  • “ამ საკითხებზე არ გვიდავია… სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა” – რაზე ისაუბრეს ლავროვმა და წერეთელმა?

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა. გიგი წერეთლის განცხადებით, მილანში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.

    “როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სხვა შეხვედრებთან ერთად, მქონდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ეხებოდა კონკრეტულ თემას. რუსეთთან ეუთო ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობს. რუსეთი ეუთო-ს წევრია, თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ ეუთო-ს საერთო საკითხების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოზე, რუსეთის მიერ იმ პრინციპების დარღვევაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც არის ჩვენს ურთიერთობებში. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანის უფლებებს. შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე. არ შემიძლია, დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მას არ უთქვამს, რომ პრობლემები არ არის და ჩვენ არ გვიდავია ამ საკითხებზე. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეუთო-ს ფილოსოფიაა, რომ გვჭირდება დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა, რომ მთავარია ჰელსინკის პრინციპები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი”, თქვა გიგი წერეთელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

    შეგახსენებთ, ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი ერთი წლის ვადით პრეზიდენტად 2018 წლის ივლისში აირჩია.

    ცნობისათვის, საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ და მათი ურთიერთობები შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება.

    მოსკოვში 2012 წლის 25 ოქტომბერს თავის შეიცარიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ჰკითხეს, კიდევ რამდენი ხანი იქნებოდა საჭირო შვეიცარიის შუამავლობა მოსკოვსა და თბილისს შორის. ლავროვმა უპასუხა, რომ ამ კითხვის ადრესატი ის არ არის.

    “ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. სააკაშვილმა გააკეთა ეს”, თქვა ლავროვმა.

    ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა. საქრთველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პრაღაში 24 მაისს შეხვდა.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში წერია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა 2018 წლის პირველ კვარტალში, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში “პოზიტიური” დინამიკის შესახებ ისაუბრეს.