Blog

  • არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე 11 პარტიას უარი ეთქვა, 2 განაცხადი კი არ განხილულა – ცესკო

    26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 11 პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს  რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა – 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი, ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო.

    საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა.

    აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა.

    მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან:

    • რეგისტრაცია გაიარა 17-მა;
    • უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

    11 პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები შემდეგია:

    • 4-მა პარტიამ არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები;
    • 5 პარტიას დაუდგინდა ხარვეზი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას და მათ მიერ წარმოდგენილმა შესწორებულმა დოკუმენტაციამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა;
    • 2 პარტიის ხელმძღვანელს განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.

    საერთო ჯამში, ცესკოს მიერ შემოწმდა 27 119 ფურცელზე წარმოდგენილი 780 049 მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, რეგისტრაცია გაიარა შემდეგმა 17-მა პარტიამ:

    1. „საქართველო“
    2. „მესამე გზა“
    3. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
    4. „გახარია საქართველოსთვის“
    5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
    6. „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
    7. „სამართლიანობისთვის“
    8. „ანა დოლიძე – ხალხისთვის“
    9. „თავისუფალი საქართველო“
    10. „მემარცხენე ალიანსი“
    11. „შეცვალე საქართველო“
    12. „დემოკრატთა ალიანსი“
    13. „ტრიბუნა“
    14. „მწვანეთა პარტია“
    15. „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“
    16. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
    17. „ქართველ ერთობა“

    აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ. აღნიშნული გამოვლინდა გადამოწმების შედეგად. შესაბამისად, ცესკომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით.

    შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პარტიებისა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ აქვს იმ 13 პარტიას, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

    აღნიშნული უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ 13 პარტიას:

    1.         „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

    2.         „ლელო საქართველოსთვის“

    3.         „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“

    4.         „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“

    5.         „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“

    6.         „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

    7.         „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“

    8.         „კანონი და სამართალი“

    9.         „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

    10.       „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“

    11.       „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“

    12.       „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

    13.       „პროგრესი და თავისუფლება“.

  • უკრაინამ ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია

    უკრაინამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ,  უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა  IPN-თან განაცხადა.

    “უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიევში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა”, – თქვა ხარიშინმა.

  • დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს უკრაინელ ხალხს სჭირდება – კობახიძე

    დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს უკრაინელ ხალხს სჭირდება – კობახიძე

    ელჩი უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან გაიწვია 2022 წლის 1 მარტს ანუ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს და ამისათვის დასახელდა 2 საბაბი. ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება და დღეს ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი, ჩვენს გზავნილებს იმეორებენ ახლა, ორი წლის თავზე. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები ჩვენი თვითმფრინავებით. ამ ორი საბაბით და არა მიზეზით უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოს ელჩი, შესაბამისად, აშკარაა რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, გახსოვთ, [მიხაილო] პოდოლიაკი, [ოლექსი] დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნას. […] აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება.

    რაც შეეხება ჩვენს მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება ჩვენგან უკრაინელ ხალხს.

    თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს, ჩაახშოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები – ხარიშინი

    ”’იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს, ჩაახშოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები” – განაცხადა ამის შესახებ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

    “როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა “პერფორმანსს”, რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ, საელჩოს შენობასთან, შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.

    სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა”. – ამბობს ხარიშინი ინტერვიუში.

    მისივე თქმით, უკრაინა არაა წინააღმდეგი, რომ საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე მიმდინარეობდეს, თუმცა იგი ამბობს, რომ ამისთვის უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილებაა საჭირო.

    “უკრაინაში ყოველთვის ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვიცავთ ამ წესს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს მონაწილე და მთავარი ძალა ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტისას. საზოგადოების, მოხალისეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, მაშინ მთელი საზოგადოება გაერთიანდა.

    ამ კონტექსტში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აპრილში, როცა თქვენთან ცნობილი მოვლენები მიმდინარეობდა (რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები), მკაფიოდ განაცხადა, სხვა უფლებების გარდა, რომლებიც უნდა დაიცვან ამა თუ იმ ქვეყნებმა, რომლებიც თავს ევროპულად მიიჩნევენ, შედიან ევროპულ სტრუქტურებში, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ დაუჭერს მხარს უცხო ქვეყნის აგენტების კანონს იმ ფორმით, როგორითაც ის არის. ეს კანონი, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიხედოს, ანდა საერთოდ გაუქმდეს, როგორც ამას გთავაზობთ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა. დავამატებ, რომ უკრაინამ უკვე გადაიტანა მსგავსი ეპიზოდი თავის ისტორიაში. ეს მოხდა 2013-2014 წლების ზღვარზე, უმაღლესმა რადამ იმ დროინდელი შემადგენლობით, მაშინ სამთავრობო პარტია „რეგიონები“ დომინირებდა, მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავდნენ უკრაინელების თავისუფლებას, ეგრეთწოდებული დრაკონული კანონები. ამან გამოიწვია მთელი უკრაინელი საზოგადოების გადატვირთვა. პარტია „რეგიონები“ სამუდამოდ გაქრა და მასთან ერთად სამარცხვინოდ გაიქცა უკრაინის მაშინდელი მეთაური ვიქტორ იანუკოვიჩი. ასე რომ, ასეთია ჩვენი მიდგომები ამასთან დაკავშირებით”. – ჟურნალისტის კითხვას, მისი ხედვით, გადაუხვია თუ არა საქართველომ დასავლურ ვექტორს, ხარიშინმა ასე უპასუხა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

    ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ, მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ – ჯაფარიძე

    „მე და ჩემი ძმა არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ ამ არჩევნებში“,

    ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ კითხვას, არის თუ არა ძმის, ზურა ჯაფარიძის კონკურენტი, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.

  • უკრაინელებმა კურსკში, მე-3 სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურეს

    უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

    მდინარე სეიმზე ხიდის განადგურების შესახებ  ინფორმაცია, თავდაპირველად, რუსულ Z ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.

    უკრაინული მედიების ინფორმაციით, ეს რუსების ლოგისტიკისთვის ძლიერი დარტყმაა – ახლა რუსი სამხედროების მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი.

    ეს კურსკის ოლქში რიგით მესამე ხიდია, რომელიც უკრაინელებმა გაანადგურეს. 16 აგვისტოს იერიშის შედეგად პირველი, ხოლო 18 აგვისტოს მეორე სტრატეგიული ხიდი დაინგრა.

  • ომს შვებულება არ აქვს! – ელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს იარაღის მიწოდება დააჩქარონ

    ომს შვებულება არ აქვს! – ელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს იარაღის მიწოდება დააჩქარონ

    “ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს”,

    განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

     

  • შსს-მ კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით თანხის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავა

    შსს-მ კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით თანხის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული ზ.ი. და ამავე წელს დაბადებული რ.ბ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარების, ასევე, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით მოქალაქეებს დაუკავშირდნენ და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხები მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს.

    ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ი. და რ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

    სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ”, – წერია განცხადებაში.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე , 25 – 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ულამაზესი მამაკაცი, მილიონების ადამიანის კერპი და საფრანგეთის სიამაყე ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    2019 წელს მსახიობმა ორი ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო დროს ის შვეიცარიაში ცხოვრობდა.2024 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის სასამართლომ მსახიობი ქმედუუნაროდ გამოაცხადა.

    ვარსკვლავი 18 აგვისტოს გარდაიცვალა, იუწყება Le Figaro. გარდა ამისა, გაჩნდა ინფორმაცია, რომ დელონი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გარდაიცვალა. “ალენ დელონი იმდენჯერ მოკვდა ეკრანზე, რომ ეს თითქოს უკანასკნელი დუბლია ღმერთმა, რომელიც ცუდი სცენარისტია, თქვა: “გადაღებულია!”. დელონი აღარ ადგა”, – ნათქვამია სტატიაში.

    ალენ დელონი დაიბადა საფრანგეთში 1935 წლის 8 ნოემბერს, ის ვარსკვლავი გახდა ფილმების “კაშკაშა მზეზე”, “როკო და მისი ძმები” (1960), “ლეოპარდი” (1963), ასევე “შავი ტიტა” შემდეგ. გაათავისუფლეს ” (1964). წლების მანძლზე ის მსოფლიოში ულამაზეს მამაკაცად და  სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა.ფილმები მისი მონაწილეობითმსოფლიო კინოს საგანძურს განეკუთვნება.