Blog

  • ეკა ბესელია დანაშაულის ინიციატორების დასჯას მოითხოვს

    ეკა ბესელია გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს და გამავრცელებელი პირების პასუხისმგებლობის გარდა, მათ დასჯას მოითხოვს, ვისგანაც წამოვიდა ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, ამის შესახებ პარლამენტის იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს შსს-ს მიერ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 16 ადამიანის დაკავების შესახებ.

    “მივესალმები გამოძიების სწრაფად მოქმედებას – რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია და არ არის დასასრული იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. დაკავებულ პირთა რაოდენობაც მეტყველებს ამაზე, თუმცა, ეს რიცხვი როგორც ჩანს, გაცილებით მეტია. ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, რადგან მთავარია, გარდა გამავრცელებელი პირების პასუხისმგებლობისა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება. ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების, ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში. ამაზე ველოდები პასუხს გამოძიებისგან. ის რომ, გუშინაც ვრცელდებოდა ეს უკანონო ჩანაწერი, ამის თაობაზე ინფორმაცია ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა და სწრაფი მოქმედება და პრევენციული ღონისძიებებია საჭირო”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

    როგორც ცნობილია, ეკა ბესელია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართავს შეხვედრას.

    “გარკვეული პროცედურებიც იქნება ჩასატარებელი. ეს არის ის მეთოდი და ფორმა, რომელიც მიიჩნევა ყველაზე სამარცხვინო, მდაბიო და ამაზრზენ ბრძოლის ფორმად ოპონენტებთან და ეს არის მორალური ტერორის ერთ-ერთ დაუშვებელი სახე. ამიტომ ამ ფორმასთან ბრძოლა საჭიროა.

    საჭიროა სხვათა დასაცავად მკაცრი რეგირება. ეს ჩემზე არ მოქმედებს, ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი, ამიტომ პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ ადამიანზე და ორგანოზე, რომელსაც ევალება, ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიები დაცული იყოს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული. მიზანია ჩემი განეიტრალება, ჩემი შეჩერება, ან ჩემზე მორალური წნეხი. ეს მიზანი ვერ მიიღწევა. მე იმ საქმეს ახლაც ვაგრძელებ რისთვისაც ეს პროცესი დავიწყე. ეს არის სამართლიანობის იდეა, სამართლიანი სასამართლო და ქვეყანაში დამოუკიდებელი, გამართული მართლმსაჯულება”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • თინა ბოკუჩავა: კადრები სუს-მა ჩვენ მხარდამჭერებს ივანიშვილის დავალებით, ვირუსულად გაუგზავნა

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში სუს-ს ადანაშაულებს. ოპოზიციონერის მტკიცებით, სწორედ ამ უწყებამ გაუგზავნა ჩანაწერები მათ აქტივისტებს ქვეყნის მასშტაბით, ვირუსულად, რომ შემდეგ ვიღაც დაეკავებინათ. ბოკუჩავა ამბობს, რომ სუს-ი ვერ დააკავებდა რეალურ დამნაშავეს იქედან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნის მმართველი, ბიძინა ივანიშვილია. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, ვერავინ დაიჯერებს, რომ ასეთი კადრები ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვრცელდება. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მთავარი დამნაშავე არის ყოფილი პრემიერი, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს, ღიად საუბრობდა ადამიანების პირად ცხოვრებაზე და ასე აქრობდა პოლიტიკოსებს პოლიტიკური ველიდან.
    “პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება, რადგან არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ათობით ჩვენ მხარდამჭერს გაუგზავნა კადრები, რადგან ხვდებოდნენ, რომ ვინმე უნდა დაესაჯათ – ცხადია, ვერ დასჯიდნენ ადამიანს, ვინც ეს დაკვეთა გააკეთა, რადგან ეს არის ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გადააქვს ისრები სხვაზე – მტრის ხატის შექმნა “ნაციონალური მოძრაობისგან” არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა. მან დაავალა სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის გაეგზავნათ ეს კადრები – რამდენიმე დღის წინ, ეს კადრები ერთ-ერთი დეპუტატის რძლის “ინბოქსში” აღმოჩნდა”,განაცხადა ბოკუჩავამ.
  • თეა წულუკიანი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებზე კომენტარს აკეთებს

    ვინც ამას ავრცელებს მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე – აცხადებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ გამოძიება დამნაშავეებს სწრაფად დაადგენს და დააკავებს. მისი აზრით ასეთი კადრების გავრცელება ქალების ტერორს ისახავს მიზნად და არც ბესელია და არც ამგვარი ფაქტის სხვა არცერთი მსხვერპლი არ გაჩერდება და ფარხმალს არ დაყრის.

    „ვისზეც არ უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი, იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი, თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას.

    მე პირადად ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და მიზნად ისახავს ქალზე ტერორს და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, რა თქმა უნდა, ვგმობ, მაგრამ მინდა აქვე დავსძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს.ქალი არის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული და მე იმედი მაქვს ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულებაც განხორციელდება,”-განაცხადა წულუკიანმა.

  • 147-ე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    147-ე სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა. სკოლაში, სადაც ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა, ახლა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, თუმცა უკვე გაირკვა, რომ მომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.

    ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები, სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინიო დახმარების სამსახურები.  

    აღსანიშნავია, რომ ზარის ავტორმა მოგვნიანებით კვლავ დარეკა და თქვა, რომ იხუმრა.

  • შსს: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 ადამიანი დააკავეს

    პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე.

    ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

    გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

    მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

    გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

    ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები”,განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

    “ნაციონალური მოძრაობა” ამ ბრიფინგამდე იუწყებოდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე პარტიის აქტივისტები დააკავეს.

  • “ნაციონალური მოძრაობა”:პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე პარტიის აქტივისტები დააკავეს

    პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” ორი აქტივისტის დაკავების შესახებ თავად ეს პარტია იუწყება, შსს კი ჯერ ინფორმაციას არ ავრცელებს. ოპოზიური პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ მათი აქტივისტები დააკავეს. მათივე ცნობით, ისინი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა მიღებული შეტყობინების შესახებ დაწერეს.
    “მეც აღმოვჩნდი ერთ-ერთი ადრესატი ამ გზავნილის. როგორც ჩანს ვიღაცებს გვაზიან კუდზე და გვისმენენ და გვაკონტროლებენ, თუმცა რატომ, ვერ ვხდები. შეკითხვა ჰქონდათ ის, რომ ვინმეს გადავუგზავნე თუ არა, ვისგან მივიღე. სტატუსი კი მქონდა გამოქვეყნებული და კი ვამბობდი სტატუსში, რომ მიუღებელია ასეთი რაღაც”,აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა ქობულაძე.
    ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცველებმა კადრების გამავრცელებლები დააკავონ, ის პირები აიყვანეს, რომლებსაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დაუდგენელი პირებისგან გაეგზავნათ.
  • ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

    საქართველოში დაბრუნებულმა ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში ვრცლად ისაუბრა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, მის ეჭვებზე და ვარაუდებზე, დამოკიდებულებაზე უმრავლესობის წევრების პოზიციის მიმართ და ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე.
    ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უკავშირდება მის მიერ საჯაროდ გამოთქმულ კრიტიკულ პოზიციას მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე:
    “ არასოდეს ამ შვიდი წლის განმავლობაში მე ღია კრიტიკით არ გამოვსულვარ გარეთ. რა თქმა უნდა, შიგნით მქონდა ძალიან ხშირად და ბევრ საკითხზე კრიტიკული პოზიცია, მაგრამ საჯაროდ მე ეს პირველად ვთქვი როცა გადავდექი. ამ პროცესს ემთხვვევა ამ მეთოდით ბრძოლა. ეს ხომ მეთოდია, დაუშვებელი, უკანონო, სამარცხვინო ამაზრზენი. ზღვის დონეზე დაბალი რომ გაქვს თავმოყვარეობა იმ ადამიანების ხელწერაა. ამ პროცესს ემთხვევა ამ მეთოდით ბრძოლა. მიზანი რა უნდა იყოს ? მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ პროცესში რომ დგახარ მყარად, ამ წერტილში, რომელიც უკავშირდება სამართლიანობის იდეის დაცვას ამ პროცესიდან გაგიყვანონ, გაგაჩერონ, დისკრედიტაცია მოახდინონ, მორალურად გაგტეხონ. თქვა რომ აღარ გინდა, არ შეგიძლია ეს ბრძოლა. მიზანი ეს არის. ძალიან ცხადად ჩანს. ამ წერტილში სადაც მე ვდგავარ, როდესაც მე ვცდილობ, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად სამართლიანობის იდეის დაცვას და სამართლიანი სასამართლოს იდეის გადარჩენას, მიზანია ამ წერტილიდან გაგიყვანონ. ეს არის მიუღწეველი მიზანი, ვინც მე მიცნობს უნდა მიხვდეს ეს მეთოდები ჩემთან არ ჭრის და ვინც არ მიცნობს გამიცნობს და ნახავს როგორია ეკა ბესელია ასეთ დროს და მიხვდება, როგორ იქცევა ის და რამდენად შესაძლებელია მისი დაძვრა და გაყვანა ამ სივრციდან. სანამ ცოცხალი ვარ ამას ვერავინ ვერ მოახერხებს.“
    ეკა ბესელიას თქმით ის ამ დღეებში ივანიშვილთან შეხვედრას და ამ თემაზე საუბარს აპირებს. შეხვედრა და მისი ფორმატი იგეგმება. ეკა ბესელია ამბობს, რომ არ უნდა იმის დაჯერება, რომ ამ პროცესის უკან მისი გუნდი დგას. თუმცა უმრავლესობის წევრთა ნაწილის პოზიციით გაღიზიანებას არ მალავს.
    “მინდა დავინახო ვინ ემიჯნება ამ პროცესს. ყალბი სიტყვებით, ყალბი ფრაზებით და ქვეტექსტში შეპარული ორაზროვანი განწყობით კი არა, რაც რამდენიმე კომენტარში მოვისმინე და სირცხვილი იყო ის კომენტარი რამდენიმე ადამიანის. არ მინდა დავკონკრეტდე და სახელები და გვარები იყოს ჩემი საუბრის შინაარსი. ასე საუბარი– არ მინახავს და არ უნახავს და ამიტო…, უხერხულია ასე საუბარი. ყველამ თავის იმიჯს და თავის თავს უნდა სცეს პასუხი თორემ მე არ მჭირდება არავისი ჭირისუფლობა და არ მომწონს მსხვერპლის როლში ყოფნა. არ ვარ ის კატეგორია, ვინც საჭიროებს შეძახილს, გამხნევებას და ჭირისუფლობას. ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა სწორად დანახვა, სახელის დარქმევა და გამიჯვნა“.
    ეკა ბესელია აღშფოთებულია მოსამართლე გვრიტიშვილის სატელევიზიო გამოსვლით, რომელმაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა: “უნდა დაისვას შეკითხვა დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა პოლიტიკურ პროცესებს, როცა გარკვეულმა ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოინდომა წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირა მოსამართლეების თემას.“
    ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ გამოსვლის შემდეგ მკვეთრ პოზიციას და რეაქციას ელოდა, თუმცა თანაგუნდელების ნაწილისგან ეს ვერ ნახა. ბესელია თანაგუნდელებისგან მკაფიო პოზიციის გამოხატვას ელის. და აინტერესებს, გაემიჯნებიან თუ არა მკაფიოდ ისინი ამ პოზიციას და იმ ადამიანს, რომელსაც უვადოდ ამწესებდნენ უზენაეს სასამართლოში.
    შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამის უკან იდგნენ მისი თანაგუნდელები ბესელია პასუხობს:
    “ფაქტია რომ ემთხვევა პოლიტიკურ პროცესს, ღია დაპირისპირებას სასამართლო თემაზე. ფაქტია, რომ გავრცელებული კადრები მტკიცებულებად დევს იმ საქმეში, რომელიც არის განხილვის პროცესში. ფატია ისიც, რომ ამ ჯგუფს – მოსამართლეების ჯგუფს ამაგრებს გარკვეული ჯგუფი რომლებიც არიან პარლამენტში. მე ვამბობ ფაქტებს და არ ვაკეთებ ჯერ დასკვნებს, იმიტომ რომ არ მინდა აზრი დავუკარგო გამოძიებას.“
    ეკა ბესელია ამბობს, რომ ომს უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც 21-ე საუკუნეში გაბედა ამ მეთოდებით ბრძოლა.

     

  • ევროკავშირი:არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით

    ბრიუსელში, “საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში” გამოქვეყნდა. განახლებული ,”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” შესაბამისად, ანგარიშში განხილულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ასახავს პერიოდს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის სხდომიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2019 წლის 5 მარტს გაიმართება. 35-გვერდიანი დოკუმენტში, რომელიც სფეროების მიხედვით პუნქტებად არის დაყოფილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც მოიცავს.

    ანგარიშის ავტორები მოხსენებას პოლიტიკური ვითარების აღწერით იწყებენ:”2018 წლის მაისში ყოფილი პრემიერი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 2018 წლის 13 ივნისს თანამდებობა დატოვა. ის შეცვალა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მთავრობის ოპტიმიზაციის შედეგად კაბინეტი 11 მინისტრამდე შეამცირა. ოქტომბერსა და ნოემბერში საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც ამომრჩეველმა ბოლოჯერ აირჩია პრეზიდენტი პირდაპირი წესით. დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი უმრავლესობა უჭერდა, მეორე ტურში აირჩიეს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის თანახმად, არჩევნები საერთო კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიონალურად იყო ადმინისტრირებული. ამავდროულად ანგარიში ხაზგასმით აღინიშნავს, რომ პროცესს ზიანი მიაყენა ერთი მხარის გაუმართლებელმა უპირატესობამ და ორივე მხარის ნეგატიურმა კამპანიამ. შეინიშნებოდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები”,წერია ანგარიშში.

    “რაც შეეხება კორუფციის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, საქართველო აგრძელებდა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად. აღნიშნული პოლიტიკის შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა; თუმცა არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით. 2017 წლის საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელია 56/100 (2016 წელს – 57/100), რაც უფრო მაღალია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით”,წერია ამგარიშში.

    მისივე მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საქართველომ გააუმჯობესა შიდაკანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან (სტამბოლის კონვენცია) დაეახლოებინა: ინფორმაციის გავრცელების კამპანიებისა და საზოგადოების დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ გაიზარდა პოლიციისთვის ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შეტყობინება. დეპარტამენტი ოჯახში ძალადობისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. კვლავ მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა”.

    ევროკავშირი მის ანგარიშში ეხება თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციების თემასაც: 2018 წლის მაის-ივნისში საქართველომ მასობრივი პროტესტის ორი ტალღა განიცადა. პირველი თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების წინააღმდეგ. ჩატარებულ ოპერაციას მოყვა, როდესაც ათასობით ადამიანმა 2018 წლის მაისში ძალის გადამეტება გააპროტესტა. დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების მეორე ტალღის მიზეზი იუსტიციის სისტემის (პროკურატურისა და სასამართლოების) სავარაუდო ხარვეზები იყო:

    “2018 წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლის სანქციები მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით და 2018 წლის ივლისში ადმინისტრაციული ჯარიმები. 2018 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობისთვის საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც ამავდროულად მარიხუანას მოხმარებას ზღუდავდა. პარალელურად, მთავრობა გამოვიდა კანონპროექტის ინიციატივით, რომელიც სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანას წარმოებას დაუშვებდა, მაგრამ ამ კანონპროექტმა უთანხმოება გამოიწვია და ის პარლამენტმა დაბლოკა”.

    დოკუმენტში ნახსენებია ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის ფაქტიც: საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 2017 წლის დეკემბერში სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ბუნდოვანი გადაწყვეტილების შემდეგ; რამაც აიძულა მთავარი პროკურორი 2018 წლის 31 მაისს თანამდებობიდან გადამდგარიყო.

    დოკუმენტის კიდევ ერთი ქვეთავი ასეთია: მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება:

    “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნესების მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აღქმული დონე საშუალოზე მაღალია, თუმცა ტენდენცია დაღმავალია”.