Blog

  • კრიშტიანუ რონალდუ და მისი შეყვარებული ტურინში სეირნობისას შენიშნეს

    სასამართლოში პრობლემების მოგვარებისა და 21 მილიონ დოლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ 33 წლის კრიშტიანუ რონალდუ დასასვენებლად ტურინში გაემგზავრა. რეალ მადრიდიდან იუვენტუსში გადასვლის შემდეგ რონალდუ დროის უდიდეს ნაწილს სწორედ იტალიაში ატარებს. ფეხბურთელს ყველგან თან ახლავს 25 წლის შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი. გოგონას ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა და შეყვარებულის გვერდში დგომა ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

    ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა ქალაქში სეირნობისას გადაიღეს. მათ ხელგადახვეულებმა მოიარეს ქალაქის ქუჩები, შემდეგ კი გრან მადრე დი დიოს ეკლესიაში შევიდნენ. ეს ეკლესია ტურინის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ეკლესიაში ცოტა ხანი დაჰყვეს და შემდეგ ქალაქში სეირნობა გააგრძელეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტაძარში წყვილი რამდენიმე თვის წინაც შენიშნეს. ამბობენ, რომ სწორედ ამ ტაძარში შეიძლება გამართოს წყვილმა საქორწილო ცერემონიალი.

  • ანჯელინა ჯოლი ჰუმანიტარული მისიით ბანგლადეშში ჩაფრინდა

    ბოლო დროს მსოფლიო მედია ძირითადად ანჯელინა ჯოლის პირად ცხოვრებაზე იყო ორიენტირებული. განქორწინების ხანრძლივი პროცესი მასსა და ბრედ პიტს შორის როგორც იქნა დასრულდა და მათ ბავშვებზ ერთობლივი მეურვეობის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
    მსახიობი დიდი ხანია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და როგორც ჩანს, პირადი პრობლემების მოგვარებისთანავე კვლავ დაუბრუნდა საყვარელ ამპლუას.  გუშინ ვარსკვლავი, რომელიც ამავე დროს ლტოლვილთა საქმეებში გაეროს ელჩია, ბანგლადეშში ჩაფრინდა ბანაკ როხინჯას ესტუმრა.
    ბანგლადეშში მდებარე ბანაკში როხინჯას ეთნოსის 730 000 წარმომადგენელი ცხოვრობს. ისინი მიანმიდან 2017 წელს სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გაიქცნენ.

    შავი თავსაფრით შემოსილი ჯოლი ორი სახელმწიფოს საზღვარზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ჰუმანიტარული ვითარება შეაფასა. ლტოლვილთა ამხელა ნაკადს ბანგლადეში დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. ანჟელინა, რომელიც როხინჯას დევნილი ეთნოსის წარმომადგენლებს 2015 წელს და 2006 წელს ინდოეთშიც შეხვდა, სიტყვით პირდაპირ ბანაკის ტერიტორიაზე გამოვიდა.

    მან განაცხადა, რომ გაერო აპირებს თანხების შეგროვებას ლტოლვილთა დასახმარებლად. ორგანიზაციის ინფორმაციით მათი საჭიროებებისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია საჭირო.  ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში ანჯელინა ჯოლი ქვეყნის პრემიერ–მინისტრთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას აპირებს.

    ლტოლვილთა საქმეების ადგილობრივი კომისრის, აბულ კალამის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ჯოლი შეძლებს ინფორმაცია მიაწოდოს ყველას, რაოდენ ღრმა კრიზისშია რახინჯას ხალხი. მას იმედი აქვს, რომ მათ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენენ.

    შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ხშირად სტუმრობდა მსოფლიოს არასტაბილურ და განვითარებად რეგიონებს. გაეროს მისიით ის უკვე არაერთხელ იყო ერაყში, ლიბანში, იორდანიაში, სიარიაში და სხვა ქვეყნებში.
  • უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომა ისევ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით

    ქართული ოცნების უმრავლესობა ხვალ დილით 11 საათზე კიდევ ერთხელ შეიკრიბება. შეხვედრას ამჯერადაც დაესწრება ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ბოლო 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შაბათს გაიმართა ოცნების ერთი ნაწილი, კონკრეტულად კი ბესელია და მისი თანამოაზრეები არ მალავდნენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. თუმცა მწვავე კომენტარებისგან ყველა თავს იკავებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოლო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს შორის ურთიერთობების დარეგულირება ვერ მოხერხდა. დღეს უმრავლესობა გედევან ფოფხაძემ დატოვა. ხვალ სავარაუდოდ ქართული ოცნების მთავარ ოფისში სხდომა საკმაოდ მწვავე იქნება.

  • ლონდონში კარლ მარქსის საფლავი დააზიანეს

    უცნობმა პირებმა ლონდონში, ჰაიგეითის სასაფლაოზე კარლ მარქსის სასაფლავის ქვა დააზიანეს.
    “კარლ მარქსის საფლავი შეურაცხყოფილია! ის ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაცამ უროთი გადაუარა… საფლავის ქვას რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანთ წესრიგში.“ – ნათქვამია ტვიტერზე სასაფლაოს ოფიციალურ გვერდზე.
    ფონდ Friends of Highgate Cemetery –ს ხელმძღვანელმა, იენ დანგველმა გაზეთ გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ ფაქტს “პოლიტიკური გამოხატვის უჩვეულო ფორმა უწოდა.“
    “ჩვენი აზრით ეს იყო აქცია კარლ მარქსის წინააღმდეგ. ეს შემთხვევითობა არ არის. ფოტოზე ხედავთ, რომ თავმდამსხმელები მთელი ძალით ცდილობნენ ქვიდან კარლ მარქსის სახელის წაშლას.“ – ამბობს დანგველი.
    ლონდონის პოლიციამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და შესაბამისი პერსონების გამოკითხვის შემდეგ გამოძიების დახურვა გადაწყვიტა ახალი ინფორმაციის გამოჩენამდე.

    კარლ მარქსი ჰაიგეითის სასაფლაოზე 1881 წელს დაასაფლავეს. მისი საფლავის ქვა ოფიციალურად 1956 წელს გაიხსნა. 1970 წელს ვანდალებმა თვითნაკეთი ბომბის საშუალებით მისი აფეთქება სცადეს, ქვაზე სვასტიკა დახატეს და საღებავი მიასხეს.

  • სიცრუეა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტები გაიხსნა – საგარეო უწყება

    საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბოლო დროს გავრცელებულ დეზიინფორმაციაზე აკეთებს განმარტებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება. ოფიციალური თბილისის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი. მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია, რომელსაც სამწუხაროდ მხარს უჭერენ საქართველოში მმართველი ხელისუფლების ოპონენტები.

    “ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან”, განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

    დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა, 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარულ კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს და აღნიშნა, რომ აღნიშნულ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.

    “მოგეხსენებთ, რომ შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს და წარმოადგენს, მხოლოდ ორ მხარეს შორის – რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსების თაობაზე. ყველაფერი არის ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე და სპეკულაციები”.

    მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება შეხვედრები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის.

    “ჩვენ ველით, რომ მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც იქნება განხილული ყველა ტექნიკური საკითხი. საქართველოს დელეგაციაში იქნებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იქნება გაჟღერებული ამ შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფერი საერთო ამ დეზინფორმაციას არ ააქვს რეალობასთან”- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    დავით ზალკალიანისვე განმარტებით, ამ დრომდე არ მომხდარა და არ იგეგმება ასევე ზემოაღნიშნული შეთანხმების რევიზია ან გადახედვა.

    “არ მომხდარა არანაირი რევიზია დადებული შეთანხმების და არც იგეგმება ყველაფერი ხორციელდება 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში და არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება არ განიხილება საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” , აღნიშნა მინისტრმა

  • საოკუპაციო ხაზთან 4 თებერვალს დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს

    სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან 4 თებერვალს დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ  დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში გადასცეს, მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანენ. 

    მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა კი გაქცევა შეძლეს.

  • პატრიარქის გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის ზიარების თაობაზე ცნობილია


    საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ნებას რთავს სასულიერო პირებს, პირადი პასუხისმგებლობით აზიარონ გიორგი მამალაძე. საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა”.

    “4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია,აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

    “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს. სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც. ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა”,-წერია განცხადებაში.

  • მაურინიო გადასახადების დამალვისთვის დააჯარიმეს

    მანჩესტერ იუნაითედის ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ გადასახადების დამალვა აღიარა. მას ესპანეთის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პატიმრობას გადაურჩა და სანაცვლოდ მსხვილი ჯარიმა გადაიხადა.
    ესპანეთში ორ წლამდე პატიმრობამისჯილ ადამიანებს, რომლებსაც ბრალად არაძალადობრივი დანაშაული ედებათ ციხეში იშვიათად უშვებენ.  ციხის ნაცვლად მაურინიო 182 500 ევროს ღირებულების ჯარიმას დაუმატებს მანამდე უკვე დაკისრებულ ჯარიმას – 2 მლნ ევროს.
    მაურინიოს ბრალად ედებოდა 2011 – 2012 წლებში ესპანეთის ბიუჯეტში 3.3 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების არგადახდაში. ეს ის პერიოდია, როცა ის მადრიდის რეალის მწვრთნელად მუშაობდა.
    პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რამდენიმე კომპანია დააფუძნა და სწორედ ამ კომპანიების ანგარიშებზე ირიცხებოდა მისი ფოტოების გამოყენების უფლების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.
    ბრალდების მტკიცებით მაურინიოს მიზანი ესპანეთის საგადასახადო ინსპექციისგან მისი შემოსავლების დამალვა იყო. ხანმოკლე სასამართლო მოსმენის შემდეგ პროკურატურამ და მაურინიომ საპროცესო გარიგება დადეს.
  • “კალაძე ასე არ უნდა საუბრობდეს: ბესელია “რადიკალური გადაწყვეტილების” მოლოდინში

    {{ARTICLEIMAGE}}
    “არ გიღირს შენი თანაგუნდელი?”, ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია “ქართული ოცნების” გენერალლურ მდივანს, კახა კალაძეს, რომელმაც ბესელიას ღია კარზე მიუთითა.

    “თუ ამას გულისხმობს კახი, იძულებით არავინ არავისთან ჩერდება და უნდა გაგვაერთიანოს ერთნაირმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა – თუ ამას დავშორდებით, რა თქმა უნდა, კარი ყველასთვის იქნება ღია”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია

    2018 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას.
    2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ  შსს  ინფორმაციას  აქვეყნებს.  მინისტრის  მოადგილემ,  ნათია  მეზვრიშვილმა  უწყებაში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დანაშაულის მკვეთრად გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა:
    “დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დანაშაულის გაუმჯობესებულ აღრიცხვიანობას ეფუძნება, რომლის თანახმად, რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც. ბუნებრივია, დანაშაულის რეგისტრაციის ამგვარი პრაქტიკა 2018 წელს ციფრებში გვაძლევს სხვაობას 2017 წელთან შედარებით. თუმცა, მხოლოდ ციფრები ვერ გახდება ქვეყანაში რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი. მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის შინაარსის, დანაშაულის აღრიცხვის პრაქტიკის, პოლიციისადმი მომართვიანობის მაჩვენებლის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. მხოლოდ ციფრებზე დაკვირვებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია. დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი ან უცვლელია, ან შემცირებულია, ხოლო მატება, ძირითადად, იმ დანაშაულებზე მოდის, რომელთა აღრიცხვიანობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ან რომლებზეც მომართვიანობა გაიზარდა.
    კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, უცვლელია მკვლელობების (სსკ-ის 108-ე, 109-ე მუხლები) მაჩვენებელი, 2,5 %-ით შემცირებულია ყაჩაღობა, ხოლო 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად, მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე, მუქარაზე, იძულებასა და თაღლითობაზე, ანუ იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა.
    დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით. მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ – გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ – საპოლიციო საქმიანობის ხარისხის ზრდას”.