Blog

  • პეტ მეთინი თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალის ჰედლაინერია

    {{ARTICLEIMAGE}}თბილისი 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერი ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინია. ის 20 გრემის ჯილდოს მფლობელია.

    „თიბისის“ ინფორმაციით, თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება.

    1 მარტს ივენთ ჰოლის სცენას პეტ მეთინი და მისი ტრიო დაიკავებს. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები – დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი წარსდგებიან.

    2 მარტს კი ფესტივალი პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.

    ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რეზო კიკნაძის ხელმძღვანელობით.

    პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარსდგება.

    ვრცლად პეტ მეთინზე

    20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ჩვენი დროის ყველაზე ორიგინალური ჯაზ-გიტარისტი, ლეგენდარული პეტ მეთინი ერთადერთი არტისტია მუსიკის ისტორიაში, რომელმაც გაიმარჯვა, გრემის 10 სხვადასხვა კატეგორიაში.

    მის მიერ შესრულებული მუსიკა რთულია რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას მიაკუთვნო, მაგრამ ცალსახაა, რომ მეთინი არის უნიკალური შემსრულებელი, რომელიც სცდება ჯაზის საზღვრებს. ჯაზ-გიტარისტი იმ იშვიათი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჩაატარონ ექსპერიმენტები, შეასრულონ ის მუსიკა რომელიც მათ სურთ და ამასთანავე არასდროს დაკარგონ მსმენელის სიყვარული.


    პეტ მეთინი ესბორნ სვენსონის ტრიოსთან ერთად

    პეტ მეთინმა, გიტარაზე დაკვრა 13 წლის ასკში დაიწყო. ნიჭიერმა მუსიკოსმა განათლება მაიამისა და ბერკლის უნივერსიტეტებში მიიღო. სადებიუტო ჩანაწერი 1974 წელს პოლ ბლეისთან და ჯაკო პასტორიუსთან ერთად გამოუშვა. 1974-77 წლები პეტ მეთინის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო. ამ პერიოდში გიტარისტი გარი ბერტონის ბენდთან მუშაობდა. 1978 წელს მეთინიმ საკუთარი ჯგუფი ჩამოაყლიბა, რომლის წევრებიც იყვნენ ლაილ მეისი (კლავიში), მარკ იგანი (ბასი) და დენ გოთლიბი (დასარტყამი ინსტრუმენტი). სწორედ ამ პერიოდში პეტ მეთინი იქცა ყველაზე პოპულარურ ჯაზ-მუსიკოსად, რომლის კონცერტებზე მელომანებით ივსებოდა ყველაზე დიდი სტადიონებიც კი.

    პეტ მეთინი მუდმივად თავს არიდებდა პროგნოზირებადი მუსიკის შესრულებას და არასდროს ერიდებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას. მნიშვნელოვანია, მეთინის ცალკეული პროექტები; მაგალითად 1980 წელს, მუსიკოსმა დიუი რედმანთან, მაიკ ბრეკერთან და ჩარლი ჰედენთან თანამშრომლობით გამოუშვა ალბომი “80/81“. პეტ მეთინის ცალკეული პროექტები ასევე ითვლის ერთობლივ ჩანაწერს სონი როლინსთან, 1990 წელს გამართულ ტურს ჰერბი ჰენკოკის კვარტეტთან ერთად, ტრიო ალბომის გამოშვებას დეივ ჰოლანდთან და როი ჰეინესთან ერთად და თანამშრომლობას ჯოშუა რედმანთან.

    {{VIDEO}}

    ჯაზ-გიტარისტს კარიერის განმავლობაში, არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული და ყველა მათგანი ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. მაგალითად, მუსიკოსის მიერ, 1994 წელს გამოშვებულმა ალბომმა, სახელწოდებით „Zero Tolerance for Silence“, მეთინს, როგორც ყველაზე კრეატიული შემსრულებლის სახელი დაუმკვიდრა. “ECM RECORDS”-ში ჩაწერილმა კომპოზიციებმა კი ცხადყო, რომ პეტ მეთინი, საკუთარი საშემსრულებლო მანერით მსოფლიო დონის მუსიკოსია.

    პეტ მეთინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომია Beyond the Missouri Sky (Short Stories), რომელიც მუსიკოსმა 1997 წელს, ჩარლი ჰეიდენთან ერთად გამოუშვა. სწორედ აღნიშნულმა ალბომმა მოუტანა მეთინს ერთ-ერთი გრემის ჯელდო. Beyond the Missouri Sky (Short Stories) მუსიკოსის კარიერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა. თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სიმფნიურ ორკესტრთან ერთად, მსმენელი წინაშე პეტ მეთინი სწორედ აღნიშნული ალბომით წარდგება.

     

  • ათი პროდუქტი, რომლებიც სიმსივნური დაავადებების რისკს ამცირებს

    რა საკვები უნდა ჩავრთოთ მენიუში რეგულარულად, რომ სიმსივნური დაავადებების რისკი შევამციროთ.ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ზუსტი მიზეზი თანამედროვე მედიცინისთვის უცნობია. ექიმები მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომლებმა შეიძლება სიმსივნის გაჩენას ხელი შეუწყონ. მათ შორის არის გარემო და ეკოლოგია, ცხოვრების არაჯანსაღი წესი და არაჯანსაღი კვება. გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა მიღებამ შესაძლოა ბევრ უსიამოვნებას აგარიდოთ.


    ბროკოლი

    ბროკოლი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე, მათ შორის სიმსივნით დაავადების რისკს ამცირებენ.ეს ბოსტნეული მდიდარია სულფოროფანით – ნივთიერებით, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს და მინიმუმამდე დაჰყავს სიმსივნის ჩამოყალიბების რისკი. დიეტოლოგები გვირჩევენ ბროკოლი კვირაში ერთხელ მაინც მივირთვათ. ასეთივე სასარგელო თვისებები აქვს ბრიუსელის კომბოსტოს, ამიტომაც ეს ბოსტნეული შეგიძლიათ მენიუში მონაცვლეობით შეიტანოთ.

    მოცვი
    მოცვი ანტოციანინის წყაროა. ეს კი ძლიერი ანტიოსიდანტია, რომელიც თავისუფალ რადიკალებს “ბოჭავს“ და სიმსივნეს განვითარების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ის ელაგის მჟავას შეიცავს, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზმს აახალგაზრდავებს, არამედ სიმსივნურ უჯრედებსაც ბლოკავს. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი, თუმცა ამ სიაში მოცვი ყველაზე ეფექტურია, თანაც მხედველობისთვისაც სასარგებლოა.

    პომიდორი

    ლიკოპინს, რომელსაც პომიდორი შეიცავს და რომელიც ამ ბოსტნეულს წითელ ფერს აძლევს, შეუძლია თავისუფალი რადიკალები გაანადგუროს და ეფექტურად ებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს. განსაკუთრებით ბევრია ეს ნივთიერება პომიდორ ჩერიში. ლიკოპინის უკეთ ასათვისებლად პომიდორს ზეითუნის ზეთი უნდა მოასხათ: ცხიმი ანიოქსიდანტის მოქმედებას აძლიერებს.

    ავოკადო

    გლუტატიონის მაღალი შემცველობის გამო ავოკადო ცნობილია როგორც ძალიან ეფექტური ანტიოქსიდანტი. ეს ნივთიერება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და სიმსივნის გაჩენას ხელს უშლის. გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ავოკადოსგან უამრავი გემრიელი კერძის გაკეთება შეიძლება.
    ციტრუსები
    ციტრუსებში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. ფორთოხალი და ლიმონი იმუნიტეტს ასტიმულირებს და სიმსივნური უჯრედების განადგურებას უწყობს ხელს. გრეიფრუტს კი ორგანიზმიდან კანცეროგენები გამოყავს და ამით ბევრად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის რისკს.

    მწვანე ჩაი
    მწვანე ჩაის დადებითი თვისებები დიდხანს შეიძლება ჩამოვთვალოთ. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ორგანიზმს წმენდს და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასაც უშლის ხელს. მწვანე ჩაი კიბოს უჯრედებს გამრავლებაში უშლის ხელს. ექიმები გვირჩევენ დღეში ერთხელ მაინც დავლიოთ მწვანე ჩაი.

    კაკალი

    კაკლის სასარგებლო თვისებებზე ბევრს არ საუბრობენ, არადა ის იმუნური უჯრედების აქტიურობას ზრდის. ექიმები თვლიან, რომ კაკალი ადრეულ სტადიაზე კიბოსთან ბრძოლასაც კი უწყობს ხელს, რადგან კიბოს უჯრედების გამრავლებას აფერხებს.

    ჯანჯაფილი

    ჯანჯაფილის ფესვი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ანტიკანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა. ის იმუნიტეტს აძლიერებს, სიმსივნურ უჯრედებს ბლოკავს და ორგანიზმში ახალწარმონაქმნების ზრდას აჩერებს. ჯანჯაფილი შეგიძლიათ არა მხოლოდ საკვებში არამედ ჩაიშიც ჩაიმატოთ. ეს სასმელს პიკანტურ გემოს მისცემს და ორგანიზმს გააჯანსაღებს.


    ყურძენი
    ყურძენი რესვერატროლს შეიცავს. ეს არის მცენარეული ჰორმონი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს. ეს ნივთიერება სიმსივნით უკვე დაავადებულ ორგანიზმსაც წაადგება, რომ აღარაფერი ვთქვათ სიმსივნის პროფილაქტიკაზე.

    ნიორი
    ყველასათვის ცნობილია, რომ ნიორი ვირუსებთან საბრძოლველად ეფექტურია. თუმცა როგორც ირკვევა მას არა მხოლოდ გაციების, არამედ ონკოლოგიის პრევენციაც შეუძლია. ნიორი ფიტოცინციდებს შეიცავს, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს გამრავლებაში ხელს უშლის. ერთი კბილი ნიორი დღეში და თქვენი ორგანიზმი დაცულია. ამასთან, ნიორი აუცილებლად ნედლი სახით უნდა მიირთვათ. ტემპერატურული დამუშავებისას სასარგებლო ნივთიერებები არ ნარჩუნდება.

  • გააძევეთ ეს კომპანია: კალაძის დავალება მერიას

    თბილისის მერია შპს ტაოსთან, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს. დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომპანიის გაძევება მოითხოვა. კახა კალაძის განცხადებით, შპს ტაოს სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა გამოვლენილი ხარვეზების გამო მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში სამუშაოები შეაჩერა. კალაძემ სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა, რომელზეც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია ასახული.

    ტაქსების თეთრად გადაღებვა პირველი მარტიდან დაიწყება. თბილისის მერი ამბობს, რომ მარტიდან ავტომობილების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს, მხოლოდ ის ტაქსის მძღოლები მიიღებენ, რომელთაც ტექდათვალიერება გავლილი ექნებათ. ტაქსების გადაღებვას კი კომპანია, ალმა უზრუნველყოფს, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ორი წლით ტაქსებზე რეკლმის განთავსების უფლება ეძლევა.

    კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში 4 ახალი შემადგენლობის დამატებაზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, მეტროსადგურებში მოცდის დროს შეამცირებს. ასევე დააანონსა მიწისზედა მეტროს პროექტებიც, რომელიც ორი – სამგორი- ლილოს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით იგეგმება. პროექტებთან დაკავშირებით მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

    დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. კახა კალაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართებით ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომელთაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსწავლე ახალგზრდობის სასახლეს. უკვე გამოცხადებულია კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტირების ღირებულება კი 599 000 ლარია.

  • “ზედანიას სურს, მიბაძოს სტალინს და ჰიტლერს, მაგრამ არ გამოსდის”: ხმაური ილიაუნიში

    “ბიზნესის სკოლა ჩვენია”, ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია სასწავლო დაწესებულების შენობაში გაიმართა.

    სტუდენტები უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შეწყვეტას მოითხოვენ.

    სტუდენტებმა წაიკითხეს ილიაუნის მოწვეული ლექტორების განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიზნესსკოლისთვის პირვანდელი სტატუსის დაბრუნებასა, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას მოითხოვენ.

    აქციაზე მივიდა უნივერსიტეტის რექტორი. გიგა ზედანიამ სტუდენტებს სხვა ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

    სტუდენტებმა რექტორს ჰკითხეს, რატომ მიიღო უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება მათი ჩართულობის გარეშე, რასაც ხმაური მოჰყვა.

    “კომუნიკაციის პრობლემას ვერ მიგვარებ, რა უნდა მომიგვარო” – მიმართა აქციის მონაწილე სტუდენტმა რექტორ ზედანიას, რის შემდეგაც მიკროფონთან მივიდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ემზარ ჯგერენაია. სტუდენტებმა მისი მოსმენა არ ისურვეს და სთხოვეს, შეეწყვიტა საუბარი.

    “ავიდეთ აუდიტორიაში და ერთმანეთს გავაგებინოთ. არც თქვენ გესმით ჩემი და მეც არ მესმის თქვენი”,-ამ სიტყვებით ხმაურის ფონზე დატოვა სტუდენტების შეკრების ადგილი ზედანიამ და შეხვედრა აუდიტორიაში მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორის ამ მოთხოვნას სტუდენტები არ დათანხმდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მათი მხრიდან დათმობა იქნება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რექტორმა უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა.

    “ზედანიას სურს, იყოს ბელადი, ცდილობს დაემსგავსოს სტალინს და ჰიტლერს, მაგრამ არ გამოსდის”, – ასეთი იყო ერთ-ერთი სტუდენტის რეპლიკა.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე “ახდენილი ოცნებების ქალაქის” მოწყობას იწყებს

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “მუყაოს ქალაქში” მასშტაბურ სამუშაოებს აანონსებს. რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის ახდენილი ოცნებების ქალაქად გადაქცევას გეგმავს: 

    “მინდა გაცნობოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას.

    სულ მალე ე.წ ოცნების ქალაქი გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად.

    სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას, ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში.

    “მუყაოს ქალაქში” ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს სამუშაო ჯგუფი და მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა, ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით, რათა არავის დარჩეს უსამართლობის განცდა”, აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

    ინფორმაციისთვის: მუყაოს ქალაქი” ხელვაჩაურში, 25-ე და 53-ე ბატალიონების ყოფილ ტერიტორიაზეა. აგებულ ფიცრულებში ათასობით ადამიანი შესახლდა და მათი ნაწილი ეკომიგრანტია.

  • ინდეოთში მამაკაცი მაშინ დააკავეს როდესაც ხელბარგით 1 თვის ლეოპარდი საზღვარზე გადაჰყავდა

    ინდოეთში 45 წლის მამაკაცი ბარგის გაჩხრეკვის შემდეგ დააკავეს. როგორც გაირკვა მამაკაცი ხელბარგით  1 თვის ლეოპარდის ქვეყანაში გადაყვანას აპირებდა.

    პოლიციის ოფიცრებმა მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს როცა მისი ბარგიდან უცნაური ხმები გაიგონეს, როდესაც მისი ხელბარგი გაჩხრიკეს  1 თვის ლეოპარდი აღმოაჩინეს.

    როგორც აეროპორტის თანამშრომლები აცხადებენ ცხოველი შოკში იმყოფებოდა. თანამშრომლებმა პატარა ვეფხვს რძე დაალევინეს. მოგვიანებით ვეფხვი ჩენაის ზოოლოგიურ პარკს გადასცეს.

  • ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბანკი გვირაბის გამოყენებით გაძარცვა

    {{ARTICLEIMAGE}}ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვისთვის 27 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.

    დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

    ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის“ ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს. ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან.

    ძარცვა ადგილობრივი დროით 2-ის ნახევარზე მოხდა. ბანკში სიგნალიზაციის ხმა დაკეტილი საცავიდან გაისმა. სანამ ბანკის წარმომადგენლებმა საცავი გახსნეს დაახლოებით 20-30 სადეპოზიტო ყუთი უკვე მოპარული იყო და მძარცველები იქ უკვე აღარ იყვნენ.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი 150 დეპუტატს წერილობითი განცხადებით მიმართავს

    პანკისში სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტის 150 დეპუტატს წერილობითი განცხადებით მიმართავს. მალხაზ მაჩალიკაშვილს აინტერესებს პარლამენტის წევრების პოზიცია, ემხრობიან თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ ამ ხელისუფლების იმედი უკვე აღარ აქვს, თუმცა ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე არ ეტყვიან, რატომ ესროლა სპეცრაზმელმა მის შვილს. 

  • 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმე: ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

    გორში მოკლული გოგონას ნანა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ურიკაზე და ბავშვის ტანსაცმელზე აღმოჩენილი დეენემის კვალი, ამ საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ეკუთვნის. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იმ მავთულებზე აღმოჩენილი დეენემიც, რომლითაც გოგონას ხელ-ფეხი ქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძეს ეკუთვნის. ექსპერტიზის დასკვნას ბავშვის ბაბუაც ენდობა, რომელიც ასევე გაეცნო მას და ახლა სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება.

    შეგახსენებთ, 2017 წლის 25 ოქტომბერს 8 წლის გოგონას ცხედარი მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის 141 მუხლითაც წაუყენეს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.