Blog

  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,აცხადებს შსს.

  • ყოფილ მეუღლეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა – შსს შემთხვევის დეტალებზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავეს. 

    ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ნ.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”,წერია შსს-ს ინფორმაციაში.

  • Apple ფასებს ამცირებს?

    ამერიკულმა კორპორაცია Apple–მა მიანიშნა, რომ შესაძლოა iPhone –ის სმარტფონებზე ფასები შეამციროს იმ ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში ნაციონალური ვალუტები დოლართან მიმართებაში შესუსტდა.
    ძლიერი დოლარი Apple–ს პროდუქციას ბევრად აძვირებს კონკურენტებთან მიმართებაში და განვითარებად ბაზრებზე გაყიდვებს ამცირებს, განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა.
    მისი თქმით, Apple–მ ზოგიერთ ქვეყანაში იანვრიდან ფასების შეცვლა დაიწყო. კუკს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ბაზრები, რომელსაც ეს ცვლილება შეეხება. ძნელი სათქმელია მოხვდება თუ არა ამ ქვეყნებს შორის საქართველო.
    ზოგადად, მსოფლიოში 2018 წელს სმარტფონების საცალო გაყიდვები 5%–ით შემცირდა. ასეთია ანალიტიკური კომპანია Canalys –ის მონაცემები.
  • სააკაშილი: თუ ოლიგარქებს ცოტათი შევაშინებთ ევროპის ცენტრში “ტიტუშკებს” გამოგზავნიან

    ბელგიაში განვითარებული მოვლენებზე გერმანულ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ემიგრანტებს, რომლებიც ეკონომიკურად მხარს უჭერენ საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ.

    “შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები თითქმის მთელი მსოფლიოდან. აქტივისტების და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. ადამიანებს, რომლებიც ფინანსურად მხარს უჭერენ თავიანთ ქვეყნებს, ამ ქვეყნების პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა მიგრანტების სპეციალური ბანკის ორგანიზება, რომლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. ამისთვის წამყვან სპეციალისტებს მოვიწვევთ. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში არის იგივე სიტუაცია, როგორიც უკრაინასა ან მოლდოვაში. მათ ოლიგარქები აკონტროლებენ. ერთი, ორი ან სამი ადამიანი ყველაფერს წყვეტს. ხოლო მათი აზრი, ვინც რეალურად ინახავს ამ ქვეყნებს – არავითარ აინტერესებს. თუკი ოლიგარქებს მხოლოდ ცოტათი შევაშინებთ ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნებს მოიპარავენ, შეავიწროებენ მედიას და მასიურად დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, ან ევროპის ცენტრში ე.წ. “ტიტუშკებს” გამოგზავნიან, მაშინ სხვების განსჯის მორალური უფლება არ გვექნება”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • ხაბეიშვილი: სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა და ივანიშვილის ხელისუფლებაც დასრულდება

    რა მოხდა ლიეჟში, რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს და რატომ ეშინია მისი საქართველოს ხელისუფლებას – ლევან ხაბეიშვილი “ბარიერში”. 

    “ხელისუფლება არის სრულ ისტერიკაში”, “ლიეჟში გააკეთეს ის, რაც გააკეთეს კორცხელში”, “ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის ყველა ნაბიჯის”, “თვითონ გაიქცხევა ბიძინა ივანიშვილი”, “მართლა ვინმეს სჯერა, რომ სააკაშვილის დამჭერები არიან ესენი”? “თუ ნაცმოძრაობას და სააკაშვილს ებრძვი, ფარცხალაძის, მურუსიძე- ჩინჩალაძის და კობახიძის გვერდზე როგორ ხარ? “სააკაშვილი რომ ჩამოვა ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლებაც დამთავრდება”, “აუცილებლად ჩამოვა მიშა, აბა სად წავა”. 

  • ცამეტი წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

    ცამეტი წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. სასმართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვალერი ირემაძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. ადვოკატი მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ბიძა 11 თებერვალს დააკავეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მიუხედავად ამისა ადგილის უქონლობის გამო იგი არ მიიღეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამასთან დაკავშირებით მედპერსონალი კომენტარს არ აკეთებს.

  • წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა

    წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. დაშავებული 7 ადამიანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

  • ლიეჟში, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე მივლენილი სპორტსმენები თბილისში დაბრუნდნენ

    ლიეჟში, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრაზე მივლენილი სპორტსმენები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდნენ. “კურიერის” ინფორმაციით, მათ კონგრესის შენობაში შესაღწევად და ღონისძიებაზე არეულობის მოსაწყობად ფრანგული პასპორტები წარადგინეს.

    რუსთავი 2 -ის ცნობით, “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ სააკაშვილის ღონისძიების ჩაშლის სანაცვლოდ სპორტსმენების ჯგუფს ბელგიაში მგზავრობა დაუფინანსა და დღიური ფულიც გადაუხადა:

    “დედაქალაქში მმართველი ძალის 5 აქტივისტი დაბრუნდა. ისინი ჟურნალისტის შეკითხვებს გაექცნენ, თუმცა “კურიერმა” მმართველი ძალის მიერ მოსყიდული იმ არაემიგრანტი ქართველების კადრები მოიპოვა, ვინც ბელგიაში საგანგებო დავალება შეასრულეს და თბილისში დაბრუნდნენ”.

  • შერონ სტოუნის და შარლიზ ტერონის სარისკო ჩაცმულობა

    ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა, რომ ცნობილი ვარსკვლავები ძალიან სარისკო “შიშველ“ ბადე კაბას იცვავენ საზეიმო ღონისძიებაზე. ასეთი ჩაცმულობა იშვიათად თუ ვინმეს უხდება, თუმცა შერონ სტოუნმა და შარლიზ ტერონმა მაინც გარისკეს.
    60 წლის შერონ სტოუნი ჯგუფ აეროსმიტის ლიდერის, სტივენ ტაილერის საქველმოქმედო საღამოზე სწორედ ასეთი ჩაცმულობით მივიდა. მუსიკოსი უკვე რამდენიმე წელია ამ წვეულებას გრემის ცერემონიის ტრანსლაციის დროს აწყობს. მიღებულ თანხებს კი ძალადობისგან დაზარალებული ქალების დახმარების ფონდში რიცხავს.
    შერონ სტოუნმა ამ არაფორმალური, ნახევრად როკერული წვეულებისთვის გრძელი ბადე–კაბა ჩაიცვა, რომლის შიგნით მხოლოდ შავი ფერის ბოდი ეცვა. სამკაულებიც მინიმალური რაოდენობით ეკეთა – მოზრდილი საყურე და რამდენიმე ბეჭედი.
    როგორც ჩანს თაყვანისმცემლებს შერონ სტოუნი ამ სარისკო სამოსშიც მოეწონათ. სოციალურ ქსელების კომენტარებში მას კვლავ ქალღმერთს, საოცრებას და მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს უწოდებდნენ.
    ცოტა ხნის წინ თაყვანისმცემლები შარლიზ ტერონმაც გააოცა.
    წვეულებებზე და საჯარო ღონისძიებებზე ის ყოველთვის ელეგანტურ და საგანგებოდ შერჩეულ კაბებში ჩნდება, თუმცა ერთხელ მანაც მიმართა ექსპერიმენტს და ბერლინალეს ფარგლებში გამართულ გალა ვახშამზე სახელწოდებით Cinema For Peace გრძელი შავი ბადე–კაბით მივიდა.
    გამჭვირვალე კაბის შიგნით Dior –ის შავი ბოდი ეცვა, ფეხზე კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.მართალია მას ამ სტილის ჩაცმულობა სხვებზე მეტად მოუხდა და თაყვანისმცემლების ნაწილი თვლის, რომ ის შეუდარებელია, მიუხედავად იმისა, რა აცვია, მაგრამ ზოგმა ის 80–იანი წლების აერობიკის მასწავლებელს შეადარა.

    კიდევ ერთი მსახიობი, რომელმაც 2019 წლის ბერლინალეზე სარისკო სამოსი მოირგო გერმანელი მსახიობი დიანა კრიუგერია. ფილმ “აგენტის“ ჩვენებაზე ის Givenchy გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომელიც ვერც ფეხებს უმალავდა, ვერც მუცელს და ვერც მხრებს.

    ამ სტილის ჩაცმულობა როგორც წესი ხშირად უგემოვნო ჩაცმულობად ინათლება და კრიტიკას იმსახურებს, თუმცა ამჯერად ისიც გადაურჩა მოდის კრიტიკოსთა და თაყვანისმცემელთა კრიტიკის ტალღას.

  • ბრიტანელი მეცნიერების რევოლუციური აღმოჩენა სიმსივნის მკურნალობაში

    ბრიტანეთის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა რევოლუციური წამალი შექმნეს, რომელმაც ახლახანს გაიარა კლინიკური ცდები და ექვსი სახის სიმსივნის სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად აღიარეს.
    ინოვაციური თეარაპია “ტროას ცხენის“ პრინციპით მუშაობს. შემქმნელებმა წამალი “დამალეს“ და ტოქსიკური მოლეკულები უწყინარი ანტისხეულით შენიღბეს. ამგვარად ის პირდაპირ სიმსივნეში ხვდება და შიგნიდან ანგრევს.
    ცდები კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესული ფორმების მქონე პაციენტებზე ჩატარდა, რომლებსაც დაავადების გვიანი სტადია ჰქონდათ და რომლებსაც მანამდე ვერცერთმა სხვა ტიპის მკურნალობამ ვერ უშველა.
    საუკეთესო შედეგი ახალმა წამალმა საშვილოსნოს ყელის და შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს აჩვენა: მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნა პაციენტთა მეოთხედს, რომლებსაც მანამდე განუკურნებლად თვლიდნენ. სიმსივნე ან ზომებში შემცირდა, ან ზრდა მთლიანად შეწყვიტა .
    გარდა ამისა, ბრიტაპნელი მეცნიერების ცნობით თერაპია ეფექტური აღმოჩნდა ფილტვების, კუჭნაწლავის , საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმსივნის მკურნალობისას. თუმცა არაეფექტური აღმოჩნდა პროსტატის კიბოს მკურნალობაში.

    ტროას ცხენი

    წამალი, რომელსაც თავად შემქმნელები TV ( tisotumab vedotin ) -ს უწოდებენ, ორგანიზმში ვენიდან შეჰყავთ და ის შეიძლება ითქვას, რომ ქიმიისა და იმუნოთერაპიის ჰიბრიდია.

    ტოქსიკური ნივთიერება ანტისხეულის ბოლოზეა მიმაგრებული, რომელიც CD142 ცილაზე მაგრდება. ასეთი ცილა განსაკუთრებით ბევრია კიბოს უჯრედების ზედაპირზე. მოლეკულა საბოლოოდ სიმსივნის შიგნით შეიწოვება, სადაც ტოქსინი თავისუფლდება და სიმსივნურ უჯრედებს შიგნიდან ანგრევს.
    თერაპიას თანმდევი უარყოფითი ეფექტებიც აქვს, თუმცა ისინი ასატანია. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გულის რევა, მომეტებული დაღლილობის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენა.
    კლინიკური კვლევების პირველ ეტაპში 150 სიმსივნით დაავადებული მონაწილეობდა ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, აშშ–დან და შვედეთიდან.
    თუმცა თერაპიის შედეგები იმდენად იმედისმომცემი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ კვლევის გამოქვეყნებამდე მეცნიერებმა მეორე ეტაპი დაიწყეს, ამჯერად უკვე რამდენიმე ასეული განუკურნებელი პაციენტის მონაწილეობით.
    კვლევის ხელმძღვანელის, კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორის, ჯოან დე ბონოს განცხადებით წამალი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ხორხის და თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობისთვისაც:
    „პრინციპული სიახლეა თავად თერაპიის მოქმედების პრინციპი. წამალი კიბოს უჯრედებში აღწევს, როგორც ტროას ცხენი და მათ შიგნიდან ანადგურებს“ – ამბობს ის.
    კითხვაზე, როდის გახდება მსგავსი თერაპია ხელმისაწვდომი რიგითი პაციენტებისთვის და როდის გასცდება ის კლინიკური კვლევების ჩარჩოებს, პროფესორი ბონო პასუხობს, რომ ხუთი წლის შემდეგ, ან შესაძლოა ცოტა ნაკლებ დროშიც.