Blog

  • MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი თბილისში ხვალიდან, ეტაპობრივად შემოვა

    თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კახა კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ერთეული ავტობუსიდან ნაწილი უკვე დამზადებულია, რომლის ფერზე გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.
    “90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც კომპანია MAN-მა გაიმარჯვა. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. უახლოეს მომავალში კი დამატებით, 90 ერთეული შემოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაგეგმილი. ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე დამზადებულია და რამდენიმე დღეში, თბილისში შემოვა. ეს არის ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსი, რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერები იმისთვის, რომ ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული. გათვალისწინებულია ასევე, შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილი”, განაცხადა კახა კალაძემ.
    მისივე თქმით, დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს. “ახალი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ მეტროში მგზავრთა ნაკადი 25%-ით არის გაზრდილი და ახალ შემადგენლობებს ვამატებთ იმისთვის, რომ პიკის საათებში მოცდის დრო შევამციროთ. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს”, განაცხადა თბილისის მერმა.
    კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გამოვეხმაურო წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით”, აღნიშნა კახა კალაძემ.

    MAN-ის ახალი ავტობუსების პირველი ნაკადითბილისში გამოსაგზავნად უკვე მზადაა. ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით – გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან; ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე. ავტობუსები ასევე, აღჭურვილია ანტივანდალურივიდეომონიტორინგის სისტემითა და გააჩნია გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

  • იუვენტუსი სალაჰში 200 მილიონ ევროს იხდის. რონალდუს რეკორდი მოხსნილია

    ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობა ლივერპულის ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შეძენაში იმდენად დაინტერესებულია, რომ მზად არის მასში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. პოტენციური ტრანსფერი შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება აღმოჩნდეს. ის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2018 წლის ზაფხულში იუვენტისის მიერ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში რეალისთვის გადახდილი 100 მილიონი ევრო.
    იუვენტუსის ხელმძღვანელობა ეგვიპტელი ფეხბურთელის კანდიდატურას 25 წლის თავდამსხმელის, პაოლო დიბალას შემცვლელად განიხილავს, რომლის შეძენითაც თავის მხრივ მადრიდის რეალია დაინტერესებული.
    26 წლის სალაჰი იტალიის ჩემპიონატში უკვე მონაწილეობდა. ლივერპულში გადასვლამდე ეგვიპტელი ფიორენტინასა და რომას გუნდებში თამაშობდა. ინგლისის ამჟამინდელი ჩემპიონატის გათამაშებაში კი ფორვარდმა 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზეა 17 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა.
  • “ქუჩის ბიჭების” წევრის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

    ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 

    “2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის ირაკლი ნოზაძის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ. სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი”, წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს  განცხადებაში.

  • მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილის და საპატრიარქოს “განაჩენს” ელის

    ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

    7 არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ პირველივე დღეებიდან, მამალაძის მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, რამაც განაჩენის გამოტანამდე დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა შექმნა. პრეზიდენტისადმი მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკანოზის საქმეზე გამოტანილი განაჩენები დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

    არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება კი ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.


    არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებას მიესალმება მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახი. თორნიკე მამალაძე, რომელიც უკვე მერვე დღეა, პროტესტს საპატრიარქოსთან გაშლილ კარავში გამოხატავს და ძმის საკანში ზიარებას მოითხოვს, ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია – აიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებლობას, ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

    დეკანოზის უფლედამცველიც ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მიხეილ რამიშვილი 2 წლის წინ დეკანოზის დაკავების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს და იმედოვნებს, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილზე გავლენას არ იქონიებს.

    პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის ოჯახმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადრეც მიმართა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პირის პოსტი ისე დატოვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ ეტაპზე უცნობია, რა პოზიცია აქვს ახლადარჩეულ პრეზიდენტს და საერთოდ განიხილავს თუ არა ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული საქმის ბრალდებულის შეწყალების საკითხს სალომე ზურაბიშვილი.

    აღსანიშანავია, რომ დღეს გაიმართა პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი, რომელზეც ჟურნალისტებმა ხატია მოისწრაფიშვილს შეწყალების კომისიის დაკომპლექტების თემაზე დაუსვეს შეკითხვა.


    მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან დღემდე შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი.პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, როგორ დაკომპლექტდება შეწყალების კომისია. “პრეზიდენტი უფლებამოსილია კომისიის არარსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმრები, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას, შეწყალების სამ აქტს უკვე მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გითხარით: კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება მისი დაკომპლექტება. ამ ეტაპზე არ განიხილება არც ერთი გვარი და დაკომპლექტების საკითხი,”განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

     

  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია

    ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ კვლავ გაიმარჯვა და იგი 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა.

    ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში ქართველმა ძალოსანმა 17 800 ხმა მოაგროვა.

    ლაშა ტალახაძე, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად, ზედიზედ მეორედ დასახელდა.

    შეგახსენებთ, გასული წლის 21 დეკემბერს ლაშა ტალახაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

  • Facebook-ი ყალბ ამბებთან ბრძოლის განყოფილებას აფართოებს

    როგორც ირკვევა, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებული ახალი ამბის გამომქვეყნებელს Facebook-ი დასჯის. რა ფორმით ეს ჯერ უცნობია. 

    ბოლო ორ წელში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. არაერთი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიისას Facebook-ი დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელებას ვერ უმკლავდება.

    მათი განცხადებით, ინდოეთში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნებისთვის ე.წ ”Fake news”-თან ბრძოლის განყოფილება გაფართოვდება და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან სოციალურ ქსელში დაცული იყოს ახალი ამბის ნამდვილობა.

  • მათიკაშვილი ბესელიას ყოფილ კომიტეტში დაწინაურდა

    “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის კომიტეტმა 10 ხმით აირჩია. მათიკაშვილის კანიდატურა კოლეგებს კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა – პირველი მოადგილის შერჩევა და წარდგენა სწორედ კომიტეტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ოხანაშვილმა ამ პოსტზე ეკა ბესელია შეცვალა – რაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო იუსტიციის საბჭოსთან და გუნდთან დაპირისპირების შემდეგ ბესელია გადადგა. კომიტეტის ახალი ხელმძღვანელობით დაკომპლექტების შემდეგ ბესელიას თანამოაზრე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დღეს ამბობს, რომ ცოტა ხანში შესაძლოა, იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს. მათიკაშვილმა კი გოგიჩაიშვილის ეჭვებს სპეკულაცია უწოდა.