Blog

  • როგორ დავუმეგობრდეთ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    სიტყვებმა, რომლებიც მამაკაცს ვერძს ესიამოვნება, შესაძლოა მამაკაც თევზებს გული ატკინოს და თავმოყვარეობა შეულახოს. მოგიყვებით, როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებთან, თუ მათთან მეგობრობა გვინდა.

    ვერძ მამაკაცთან ურთიერთობა ურთიერთგაგებასა და პატივისცემას უნდა ემყარებოდეს. ამას მოითხოვს მათი ღირსების გრძნობა. ამასთან, მათ თვითკმარ და მუდმივად სიმაღლეების დაპყრობისკენ მომართულ ნატურას სანტერესო მოსაუბრე სჭირდება, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრი მშვიდად და გარკვევით ჩამოაყალიბოს და სხვისი აზრიც პატივისცემით მოისმინოს.

    კურო მამაკაცს უნდა გვერდით საიმედო ადამიანი ყავდეს, რომელსაც ძალიან გაუფრთხილდება. კუროებთან თავი უბრალოდ და ბუნებრივად უნდა გეჭიროთ, დარჩეთ ის რაც ხართ და არ ეცადოთ თავი განსაკუთრებულად წარმოაჩინოთ. კურო პატიოსნებას ძალიან აფასებს – თქვენი სიტყვები ყოველთვის საქმეს უნდა შეესაბამებოდეს , ნათქვამი კი სინამდვილეს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლები მეგობრობაში ძალიან მგრძნობიარეები არიან და მათი გულისტკენა ადვილად შეიძლება, თუ მაგალითად სხვების მიმართ მომეტებული ყურადღება შეგატყოთ.

    ტყუპებთან ღრმა და მყარი ურთიერთობების დასამყარებლად მეტისმეტი მონდომება არ ღირს. მათი ზედაპირული ნატურა თქვენს მონდომებას მაინც წყალს გაატანს. ურთიერთობებში მათ სიმსუბუქე აინტერესებთ, ყოველგვარი ვალდებულებების და მოთხოვნების გარეშე. ასეთ არაერთგვაროვან და გაორებულ ნატურასთან ურთიერთობისას რაღაც საერთო, შეხების წერტილი უნდა იპოვნოთ. ასეთ შემთხვევაში ტყუპების მუდმივ ინტერესს შეინარჩუნებთ.

    კირჩხიბებისთვის გარშემომყოფებთან გახსნა ადვილი არ არის. ამიტომაც ხშირად ცხოვრებაში მეგობრებს პირველ ადგილზე აყენებენ. ისინი ძალიან აფასებენ მათ მიმართ კეთილგანწყობილ ურთიერთობას და ყოველთვის ცდილობენ საპასუხო კეთილგანწყობა არ დაიშურონ. კირჩხიბები ასევე ძალიან აფასებენ მათ, ვისაც მათი შეცდომების გაგება და ზოგიერთ სისუსტეზე თვალის დახუჭვა შეუძლია. თუ კირჩხიბმა თქვენში ეს დაინახა, ჩათვალეთ რომ მისთვის უახლოესი და მშობლიური ადამიანი ხართ.

    ლომ მამაკაცზე წინ არასოდეს დააყენოთ თავი. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მას გაუკეთოთ მასთან თანაბარ დონეზე ურთიერთობაა. ლომებს სიამოვნებთ ქება–დიდება, კრიტიკა და შეცდომებზე მითითება კი მათ სერიოზულ გაბრაზებას იწვევს. მეგობრულ ურთიერთობებში ყველაზე დიდი დარტყმა მათთვის შეიძლება ღალატი გახდეს, რასაც ლომები არასოდეს პატიობენ.

    ქალწულების ეგოისტი გულის მოგება მხოლოდ ქებით და აღტაცებით შეიძლება. ისინი ამას ხშირად იმსახურებენ კიდევაც. ქალწულების კრიტიკული ხასიათი კეთილგანწყობით და სითბოთი უნდა გაანეიტრალოთ. არ არის აუცილებელი მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა. გულითადი ემოციები ქალწულებს არ აღელვებს. მათი დაინტერესება მხოლოდ მახვილგონიერებით, საინტერესო მსჯელობით და ინტელექტუალური საუბრებით შეიძლება.

    სასწორი მათი მადლიერი იქნება, ვინც ყოყმანის და მერყეობისგან გაათავისუფლებს. მეგობრებს უნდა შეეძლოთ მხარი დაუჭირონ, დაამშვიდონ, შეაქონ მათი იდეები და გეგმები. სასწორებთან ურთიერთობისას მეტისმეტად ემოციური ნუ იქნებით. ნურც ტემპერამენტს გადმოანთხევთ. მათ უფრო მშვიდი ადამიანები და სასიამოვნო საუბრები იზიდავს. სასწორები მძიმედ განიცდიან მარტოობას, ამიტომაც ასეთ დროს გვერდით უნდა დაუდგეთ.

    მორიელს
    ისეთი მეგობარი ჭირდება, რომლიც იმ უკიდურესობებისგან დაიცავს, მორიელს რომ ახასიათებს. არ არის საჭირო მისი პროვოცირება კამათში და დაძაბულ საუბარში, რომელშიც შეიძლება მისი აგრესია გამოვლინდეს. მორიელთან ძალდაუტანებელი ურთიერთობა ჯობს, მსუბუქი ხუმრობით და იუმორით გაჯერებული. მორიელს ეს ყველაზე ძალიან მოსწონს.

    მშვილდოსანს ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან კომუნიკაბელურია, შეუძლია ადამიანებში განუმეორებელი ინდივიდუალურობა დაინახოს. მშვილდოსნების ინტერესები მრავალმხრივია, ამიტომაც ასეთი მამაკაცები ძირითადად საინტერესო მოსაუბრეები არიან. ეს არის გულღია ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერთან იურთიერთოს, ამიტომაც მოუყევით მეტი თქვენს შესახებ. თქვენს შორის ძალიან მალე გაჩნდება სიახლოვის და მეგობრობის განცდა. თუმცა მეტისმეტად დაჟინებით ნურაფერს მოახვევთ თავს, ნურც ყველა თქვენს საიდუმლოს მოუყვებით – მშვილდოსნებს სხვისი საიდუმლოს შენახვა უჭირთ. მხოლოდ იმ ადამიანის საიდუმლოს ჩატანენ სამარეში, ვისაც ნამდვილ მეგობრად თვლიან.

    თხის რქასთან დამეგობრება თუ გინდათ, პირველ რიგში უნდა დაამტკიცოთ, რომ საიმედო ადამიანი ხართ. არ ხართ ქარაფშუტა და თხის რქის ნდობას იმსახურებთ. უნდა შეგეძლოთ თხის რქა ისეთი მიიღოთ, როგორიც არის – მისი სამყაროთი, რომელიც თვითონ შექმნა თავის წარმოსახვაში. თუ ხშირად იქნებით გამგებიანი და თანაგრძნობას გამოიჩენთ, თხის რქა შესაძლოა მოგეჩვიოთ კიდეც და მეგობრად ჩაგთვალოთ.


    მერწყულს
    თვითკმარი ადამიანები იზიდავს, რომლებისგანაც ბევრი რამ შეიძლება მიიღოს. მათთვის ადამიანის სტატუსი საინტერესო არ არის. უფრო შინაგანი სამყარო აინტერესებთ. ურთიერთობებში ფრთხილად მხოლოდ მაშინ უნდა იყოთ, როცა მერწყული საკუთარ აზრს გამოთქვამს – არ შეეცადოთ მის გადარწმუნებას, მაინც ვერ შეძლებთ.

    თევზებს მსუბუქი ხასიათის კეთილგანწყობილი ადამიანები უყვართ. ისინი გახსნილნი არიან ურთიერთობებისთვის, ამიტომაც მათთან დამეგობრების შანსი ყველას აქვს. თუმცა ამით ბოროტად არ უნდა ისარგებლოთ და თევზებთან ურთიერთობისას თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცეთ. მათზე ზეწოლა არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ. უხეშობა და თავხედური ტონი არაკონფლიქტური თევზებისთვის მიუღებელია.

  • შსს ოთხი ახალგაზრდის წამებას უარყოფს. რა მოხდა გლდანი–ნაძალადევის პოლიციაში

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის კურიერის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომლითაც 5 თებერვალს გლდანი–ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში მომხდარის განსხვავებულ ვერსიას აღწერს.
    კურიერის ანონსში საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის შენობაში ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი რადიატორზე მიაბეს და აწამეს, მანამდე კი ბორკილებდადებული ძირსდაგდებული ცემეს. ერთ–ერთი ახალგაზრდის მშობლები და ახლობლები ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვდნენ. საპასუხოდ შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებებს უარყოფს.
    “მიმდინარე წლის 5 თებერვალს, მოქალაქე თორნიკე ც.-ზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა ჯგუფურად, რის შესახებაც მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მანვე პოლიციას მიუთითა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებზე: წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისათვის და ხულიგნობისათვის ნასამართლევ, 1999 წელს დაბადებულ თემურ ს.-ზე, წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ, 1999 წელს დაბადებული თორნიკე ს.-ზე და ამჟამად ქურდობისთვის ბრალდებულ 1998 წელს დაბადებულ თამაზ კ.-ზე.
    დაზარალებულის მითითების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პირები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
    პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის დაწყებამდე, სავარაუდო ბრალდებულთაგან ერთ-ერთი თემურ ს. თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, თემურ ს.-მ მასთან ერთად დანაშაულის სავარაუდო ჩადენაში მონაწილე დანარჩენ 2 პირს მოუწოდა, დაერბიათ პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, რაც განახორციელეს კიდეც. მიუხედავად პოლიციის არაერთგზის მოწოდებისა, აღნიშნული პირები განაგრძობდნენ სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ბუნებრივია, პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციელებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა.
    თემურ ს.-ს, თორნიკე ს.-ს და თამაზ კ.-ს ბრალი წარედგინათ მოქალაქე თორნიკე ც.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობისთვის და პოლიციის შენობაში სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობისთვის.
    პოლიციის შენობაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებულის მამამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლის მიზნით. გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგად, ამ დროისთვის, აღნიშნული ფაქტის დროს პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა ან ძალის გადამეტება არ დასტურდება. საქმის მასალები ასევე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში.
    პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი დაფიქსირებულია ამავე შენობაში დამონტაჟებულ კამერებზე. “– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში, რომელსაც თან ვიდეოკადრებიც ერთვის.
  • აუთვისებელი 169 მილიონი ლარი და შეუსრულებელი პროექტები

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე 2018 წლის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა და შესაბამისად, 169 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა.
    “საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ეს აუთვისებელი 169 მილიონი ლარი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ 30 ლარით გაზრდილიყო პენსია, ან 25%-ით შემცირებულიყო საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც გააიაფებდა ისედაც გაძვირებულ პროდუქტებს
    ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, რას ნიშნავს უნიათობა და უვიცობა, რომელიც უკვე დანაშაულის ტოლფასია“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

  • ბანკის ახევის ყველაზე მაშტაბური, შთამბეჭდავი და გრანდიოზული ოპერაცია – უგულავა თიბისის საქმეზე

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში „თიბისი ბანკის“ ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული. უგულავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. „ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, აუცილებლად გააკეთებს. ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს, დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია აახიოს, აახევს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ თიბისი ბანკი აახიოს, აახევს. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ“ – ამბობს გიგი უგულავა. მისივე განცხადებით, საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა შავმა კატამ.
  • დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების გამო მიიღო.

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომლის საშუალებით მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის მიღებას კონგრესის თანხმობის გარეშე შეძლებს. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა კედლის მშენებლობისთვის 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი უთხრა.

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტსაც, რომლითაც ქვეყნაში ე.წ. შათდაუნის განმეორება თავიდან აიცილეს.

  • NATO რუსეთს რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობების დაცვისკენ მოუწოდებს

    ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობები დაიცვას. განცხადება ნატოს გენ მდივანმა მიუნხენის 55-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

    იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსიევროპაში რუსეთის ბირთვული რაკეტების რაოდენობის გაზრდისთვის ემზადება.სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უნდა მოემზადოს ისეთი მსოფლიოსთვის, რომელსაც შესაძლოა, მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება საერთოდ არ ჰქონდეს. სიტყვით გამოსვლის დროს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ვითარების გამოსწორებისთვის ექვსთვიანი ვადა აქვს. ამ ხნის განმავლობაში რუსეთს ხელშეკრულების აღდგენა შეეძლება.

  • ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტები დაფიქსირდა

    ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტები დაფიქსირდა. განცხადებას ახალი საქართველოს წევრები აკეთებენ და ამბობენ, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვთ.

    ოპოზიცია ბაღებში საკვები პროდუქტების შემოწმების მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. თეონა ჭალიძე ამობს, რომ ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი სამტრედიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირდა, თუმცა მისი ინფორმაციით მსგავს ფაქტებს ადგილი სხვა ბაღებშიც აქვს. ოპოზიცია ამბობს, რომ ამის დადასტურებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ლაბორატორიული შემოწმების საშუალება არ აქვთ. სწორედ ამიტომ ახალი საქართელოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბაგ-ბაღებში ბავშვთა კვების რაციონიდან ლაბორტორიული შემოწმებისთვის ნიმუშის აღების უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს.

  • 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

    აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შსს-მ უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულს აჭარაში სასტუმრო აქვს, სადაც გოგონას დედა მუშაობდა. სწორედ მან გაამხილა ეს ამბავი.

    ქალი კამერებთან იმ დეტალებს იხსენებდა, რაც მას 8 წლის ქალიშვილმა უამბო. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფდა ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ დაკავებამდე გამოკითხვაზე დაიბარა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

  • სროლის შედეგად მოკლულია 5 ადამიანი. აშშ

    ხუთი ადამიანი გარდაიცვალა ამერიკაში, ილინოისის შტატის ქალაქ ავრორაში სროლის შედეგად. მამაკაცმა ცეცხლი კომპანია Henry Pratt –ის შენობაში გახსნა, რომელიც არმატურას აწარმოებს. მამაკაცის ვინაობა ცნობილია. ის 45 წლის ჰარი მარტინია, რომელიც სავარაუდოდ კომპანიაში მუშაობდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
    ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით პოლიციელები სროლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ოთხ წუთში ადგილზე მივიდნენ. მსროლელმა შეტევა მათზეც მიიტანა. თვითმხილველის თქმით მარტინი ლაზერიანი პისტოლეტიდან ისროდა. პოლიციამ მისი ადგილზე ლიკვიდაცია შეძლო.
    ხუთი გარდაცვლილის გარდა დაჭრილია პოლიციის ექვსი თანამშრომელი.
  • დეკანოზი მამალაძე ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რჩება

    დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ  ღუდუშაურის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია რჩება, სადაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იშემიური შეტევით გუშინ მიიყვანეს.
    დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, თუმცა, ექიმები ინსულტის კერას ჯერჯერობით ვერ პოულობენ.
    ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოკვლევები გრძელდება და დეკანოზი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია როდის გადაიყვანენ მას პალატაში.
    ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის ცნობიერება ნათელია, ის კონტაქტურია, ადეკვატურია და ამჟამად მასზე მონიტორინგი ხორციელდება.
    „გამოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. მიზეზი ჰოსპიტალიზაციის გახდა ის, რომ მარჯვენა მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს. შესაბამისად, უკვე ეძებენ კერას, რისგან არის ეს გამოწვეული და რა შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რამდენი ხანი დარჩება კლინიკაში. ინტენსიურში არის, მე მასაც ვესაუბრე და არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზუსტად 2 წლის უკან ამ რიცხვში, როდესაც კლინიკაში მოიყვანეს,“ – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.