Blog

  • რუსული სამხედრო სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აფეთქების ექო ქართულ სოფლებში

    საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დღეს, მთელი დღის განმავლობაში ცხინვალიდან სროლის და აფეთქებების ხმები ესმოდათ. ყველაზე კარგად სროლის ხმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგო.

    ერგნეთის მცხოვრების ლია ჩლაჩიძის განცხადებით, საღამოს აფეთქებების და სროლის ხმა უკვე შეწყდა, მაგრამ დღის განმავლობაში ცხინვალში მიმდინარე სამხედრო სწავლებების ექო ქართულ სოფლებშიც კარგად ისმოდა. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პატრულირებენ.

    რუსეთის საოკუპაციო, მეოთხე სამხედრო ბაზის პირადმა შემადგენლობამ თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში, ქალაქის სიახლოვეს, ძარწემის სასროლეთსა და ერედვის მიმართულებით მუდმივად მიმდინარეობს.

    13 თებერვალს სოფელ დიცის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აუფეთქებელი ჭურვები გააუვნებელყვეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფელ დიცში რამდენიმე სახლს მინები ჩაემსხვრა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნის შესახებ საქმის კურსშია. უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლებები რეგიონში საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

  • ქუცნაშვილმა ივანიშვილის მიერ დახურულ შეხვედრაზე ნათქვამი სიტყვები გაასაჯაროვა

    მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ არსებული პიროვნული დაპირისპირების ფონზე, განქორწინება ჯობდა.

    “ბატონ ბიძინას დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ პარტიაში არსებული შეუთანხმებლობა თუ შეუსაბამობა შეერბილებინა. გუნდში ეს ხალხი შეუსაბამოა – მიუხედავად მოწოდებისა, მიუხედავად საუბრებისა, პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის საკითხები – ამ შემთხვევაში განქორწინება ჯობს. დღეს მიმდინარეობს ოპოზიციის ჩანაცვლების პროცესი – დღეს ოპოზიცია არ უყურებს ჩვენგან წასულებს სანდოდ და საიმედოდ იმიტომ, რომ აცნობიერებენ – ეს არის ჩანაცვლების პროცესი. ბოლო თათბირზე, რომელსაც ვესწრებოდი, ბატონმა ბიძინამ მისცა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და უთხრა – გნებავთ, დარჩით, გნებავთ, წაბრძანდით, გნებავთ, გაგრიცხავთ – კალთები ბატონ ბიძინას არავისთვის ჩამოუხევია”,თქვა ქუცნაშვილმა “ტვპირველის” ეთერში სტუმრობისას.   

    ზვიად კვაჭანტიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • აშშ–მ რუსეთის ტროლების ფაბრიკას შეუტია

    აშშ–ს შეიარაღებული ძალების კიბერმეთაურობამ რუსული “ინტერნეტ კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა. ეს სააგენტო “ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი და პეტერბურგშია განლაგებული. შეტევა 2018 წლის ნოემბერში, აშშ–ს შუალედური არჩევნების დროს განხორციელდა.  გამოცემა Washington Post – ის ცნობით, შეტევის შედეგად სააგენტო ინტერნეტიდან გამოირთო.
    სააგენტოს ამერიკულ განყოფილებასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ ამერიკის კიბერმეთაურობამ მართლაც მოახერხა ტროლების ფაბრიკის ერთ–ერთი განყოფილების მსოფლიო ქსელიდან გამორთვა.
    წყაროს ინფორმაციით სპეცოპერაცია 5 ნოემრის საღამოს, აშშ–ს შუალედური არჩევნების წინა დღეს ჩატარდა და იმ სერვერების გამორთვა მოხდა, რომელთა საშუალებითაც ამერიკული განყოფილება მუშაობდა.
    Washington Post – ის ცნობით, ეს აშშ–ს კიბერმეთაურობის პირველი ოპერაცია იყო, რომელმაც გასულ წელს ახალი უფლებამოსილება მიიღო, რათა რუსეთის მხიდან მოსალოდნელი კიბერსაფრთხეები აღკვეთოს.

    მოგვიანებით ენ ბი სი–მ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირადად მოაწერა ხელი განკარგულებას კიბეროპერაციის ჩატარების შესახებ. ტელეკომპანიამ ამ ოპერაციას ყველაზე მკაცრი ნაბიჯი უწოდა მათ შორის, რაც ტრამპის ადმინისტრაციას ოდესმე გადაუდგამს აშშ–ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.

    ტელეარხის წყაროების ცნობით ტროლების ფაბრიკამ გლობალურ ინტერნეტზე წვდომა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგა და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ აღადგინა.
    თავად აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში და კიბერმეთაურობაში ტროლების ფაბრიკის წინააღმდეგ ოპერაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბიბისი–ს განუცხადა, რომ სამხედროები არ აკომენტარებენ დაგეგმილ და უკვე ჩატარებულ საიდუმლო ოპერაციებს კიბერსივრცეში.
    ჯერჯერბით გაურკვეველია, მოჰყვება თუ არა ამერიკულ კიბეროპერაციას სერიოზული შედეგები. ინფორმირებული წყარო აშშ–ს შეიარაღებული ძალებიდან ამბობს, რომ ოპერაციის მიზანი შესაძლოა უბრალოდ რუსეთისთვის იმის ჩვენება იყო, რა შეუძლიათ ამერიკის კიბერდანაყოფებს საფრთხის შემთხვევაში.
    რუსული მედია “ინტერნეტ კვლევების სააგენტოს“ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია.
    გასული წლის მარტში აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ კომპანიის და პირადად პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. 2018 წელს ამერიკის კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს ჟიურიმ ოფიციალურად დაადანაშაულა სააგენტო აშშ–ს 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში.
    საბრალდებო დასკვნის მიხედვით კომპანიის თანამშრომლები სოცქსელებში აშშ–ს მოქალაქეების სახელით ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ და იქ ათავსებდნენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მადისკრედიტებელ ინფორმაციას.
    პრიგოჟინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას ტროლების ფაბრიკასთან არაფერი აკავშირებს . გასული წლის ნოემბერში ბი ბი სი იტყობინებოდა, რომ ინსტაგრამის ადმინისტრაცია რუსული ტროლების ფაბრიკის ახალი ყალბი პროფილების დაბლოკვას შეეცადა, თუმცა მხოლოდ მათი მცირე ნაწილის დაბლოკვა შეძლო.
  • სააკაშვილს ვერავითარ შემთხვევაში დავუჭერ მხარს – დავით უსუფაშვილი

    “სააკაშვილს მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა მხარს ვუჭერ იმას, რომ მისი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი მოქალაქეები პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები”, ამბობს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი. 

  • უპრეცედენტო მოცემულობა ოპოზიციაში – უგულავა “დაპირისპირებულების გაერთიანებაზე”

    “ქართული ოცნება“ არის პარალიზებული, პრობლემა არის ივანიშვილში, ხელისუფლებამ უნდა დათმოს მაჟორიტარული სისტემა და ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ არჩევნებით“, განაცხადა “ევროპული საქრთველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

  • ბურჯანაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” “თანამშრომლობის” მიზეზებზე

    ხელისუფლებამ მოახერხა – დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთ მაგიდასთან დავსხედით”,განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ. 

    ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებენ. ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი – 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგნლები დღეს ერთ მაგიდასთან მსჯელობდნენ.

  • ზვიად კვაჭანტიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ზვიად კვაჭანტიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა – შესაბამისი თხოვნით დეპუტატმა ბიუროს უკვე მიმართა. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება გარკვეულწილად პროტესტია იმის საწინააღმდეგოდ, რაც დღეს  პარლამენტში ხდება.

    “გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, ჩემთვის მტკივნეული, თუმცა სწორი იქნება. მე ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებმაც მიიღეს ანალოგიური გადაწყვეტილება. მიზეზი მხოლოდ მოსამართლეების საკითხი არ ყოფილა, თუმცა ეს იყო ყველაზე დიდი წითელი ხაზი”, ამბობს კვაჭანტირაძე. 

    საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას კობა ნარჩემაშვილიც არ გამორიცხავს. ამბობს, რომ მორალურად მიუღებელი იქნება, დარჩეს გუნდში მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება ექნება.

    “თუკი ოპონირების რეჟიმში იქნება თემები, რომლებიც აზრთასხვადასხვაობას გამოიწვევს, უბრალოდ მორალურად იქნება მიუღებელი ჩემთვის, თან ვიყო უმრავლესობაში, თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა – ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ”, განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • პარლამენტის თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უმზადებენ

    მმართველი გუნდიდან წასული ეკა ბესელია კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სათანადოდ ვერ აცნობიერებს რეალობას. “პარლამენტი არ არის საკუთარი “საძმაკაცოს” ადგილი, აცხადებს ბესელია და კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. 

    “მე მგონი, ვერ ხვდება, რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ის რომ, ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება, არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინა პარლამენტში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და გული დამწყდა, როდესაც დავინახე, როგორ ინგრევა, რაც ძალიან დიდი რუდუნებით, 4 წელი ვაშენეთ. მე მგონი, ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა”, განუცხადა ბესელიამ “რუსთავი2-ს”. 

    ამავე არხთან საუბარში ბესელიას სულისკვეთებას იზიარებს დავით ჭიჭინაძე, რომელიც კობახიძის ადგილს ლონდონში, “მადამ ტუსოს” მუზეუმში ხედავს. 

    “კობახიძე გასაშვებია პოლიტიკიდან, ადგილიც კი მივუჩინე, მადამ ტუსოს მუზეუმში. კარგია რომ ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან ამაში. ის უნდა წავიდეს პარლამენტიდან და პოლიტიკიდან, რადგან “ქართული ოცნების” რეიტინგი ეცემა, რაც ცუდია, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

    საპარლამენტო ოპოზიცია იმპიჩმენტის შესაძლო დაყენებას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საკანონდებლო ორგანო ბიძინა ივანიშვილის კონტროლისგან გათავისუფლდეს.

    “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ჭანჭიკია.

    “ამ ინიციატივისთვის მხარის არდაჭერა არ იქნებოდა სწორი. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე ვერ იქნებოდა იქ, სადაც არის. ქალბატონი ბესელია რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს ბატონ კობახიძეზე? გულისხმობს ბატონ ივანიშვილს? თუმცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ იქნება სწორი, რომ ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ერთი, თუნდაც მსხვილი ჭანჭიკის მოშორებას”, განაცხადა ნიკა მელიამ.

    “ქართული ოცნების” შიგნით პოლიტიკური გუნდის რღვევის პროცესს კობახიძის იმპიჩმენტს თუ სხვადასხვა თანამდებობის პირების ჩამოშორებას, ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა იმ პროცესს და მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ივანიშვილის გავლენებს პარლამენტს და იმ მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლითაც ეს პარლამენტი გამოირჩევა,” ეს კი ირაკლი აბესაძის განცხადებაა  “ევროპული საქართველოდან”.


    განმარტებისთვის: პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი ასეთია:

    1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

    2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

    3. პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

    4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს.

    5. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.

    6. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

    7. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, პარლამენტის წევრს, რომელმაც ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უფლება არა აქვს, კვლავ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის დასმაში.

    8. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს.

  • საფეხბურთო კლუბმა მილანმა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა

    იტალიური საფეხბურთო კლუბი ”მილანი” თბილისის მერს დაბადების დღეს ულოცავს. კახა კალაძე მილანში 2001-2010 წლების განმავლობაში თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ორჯერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ”ჩემპიონთა ლიგის” მოგება.
    მის ანგარიშზე მილანის მაისურით 284 მატჩში მიიღო მონაწილეობა.  

    {{ARTICLEIMAGE}}