Blog

  • თაკო ჩარკვიანის პარტია დღეს ოფიციალურად ფუძნდება

    თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური პარტია ოფიციალურად დღეს ფუძნდება. „კანონი და სამართალი“ -ეს არის ახალი პოლიტიკური გაერთიანების სახელი. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა  „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში იმართება. ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები შეკრებას მალე დაიწყებენ.

    „კანონი და სამართალი“ იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე. თაკო ჩარკვიანის თქმით ქვეყანას ყველაზე მეტად სწორედ კანონი და სამართალი აკლია.

    ცნობილია ისიც, რომ პარტია აპირებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

  • 2 ნივთიერება, რომლებიც მამაკაცის უშვილობას იწვევს დადგენილია

    კაცებში უნაყოფობის პრობლემასთან დაკავშირებით, შეშფოთება მთელ მსოფლიოში იზრდება. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ  მამაკაცებში სპერმის ხარისხმა ბოლო 70 წლის მანძილზე, საშუალოდ, 50%-ით იკლო.
    პარალელურად, იზრდება სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების სიხშირე და იმ გეოგრაფიული რეგიონების არეალი, სადაც კაცებში სპერმის რაოდენობა იკლებს – ნათქვამია 4 მარტს გამოცემულ სამეცნიერო კვლევაში. მისი ავტორები არიან ბრიტანელი მეცნიერები ნოტინგემის უნივერსიტეტიდან.
    მეცნიერების ჯგუფის დაკვირვებით, ანალოგიური პროცესები შეინიშნება შინაურ ცხოველებშიც, კერძოდ ძაღლებში. ადრეულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბოლო 26 წლის მანძილზე შესწავლილ ძაღლებში სპერმის ხარისხი 30 პროცენტით გაუარესდა.
    მკვლევარებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მიზეზი შეიძლება შენობებში არსებული გარემოს დაბინძურების ფაქტორები იყოს, რომელიც ერთნაირ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ასევე მის ყველაზე ახლო მეგობარ ცხოველებზე. ახალ კვლევაში სპერმაზე ორი ნივთიერების უარყოფითი გავლენა დადასტურდა, ორივე ქიმიკატი სპერმის დე-ენ-ემს აზიანებს.

    ეს მავნე ნივთიერებები ადამიანის მიერ ხელოვნურადაა შექმნილი. პირველია ფტალატების ჯგუფის DEHP აბრევიატურით ცნობილი პლასტმასის დამარბილებელი, რომელიც მას მეტ პლასტიურობას და გამძლეობას ანიჭებს. ის გამოიყენება ხალიჩების, იატაკის, ავეჯის, ნაჭრების, ტანსაცმლის, მილსადენების, სათამაშოების, ჭურჭლის და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთის წარმოებაში.

    მეორე ნივთიერებააა პოლიქლორირებული ბიფენილი PCB 153. ეს ქიმიკატი წესით ბევრ ქვეყანაშია აკრძალული, მაგრამ შემოწმების შედეგად, ჩანს, რომ გარემოში და საკვებშიც კი ის მაინც ფართოდ ფიქსირდება.
    ექსპერიმენტი ბრიტანეთში ადამიანების და ძაღლების სპერმაზე იდენტურად ჩატარდა. შედეგი ანალოგიური მიიღეს: ქიმიკატები იმ კონცენტრაციით, რაც გარემოშია, ერთნაირად მავნე, დამაზიანებელ გავლენას ახდენს როგორც ადამიანზე, ისე ძაღლზე.
    ნაშრომის წამყვანი ავტორი რიჩარდ ლი ამბობს, რომ სწორედ ეს “ხელოვნური ქიმიკატები, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სახლებში და სამუშაო ადგილებზე, უნდა იყოს პასუხისმგებელი სპერმის ხარისხის ვარდნაზე იმ გარემოში, რომელიც საერთოა ადამიანებისთვის და ძაღლებისთვის”. მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუსწავლიათ ორივე ნივთიერების ზემოქმედება კომბინაციაში.

    პროფესორ გარი ინგლანდის თქმით, “რაკი გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები ძირითადად დასავლური ინდუსტრიალიზაციის და ცხოვრების სტილისთვის არის დამახასიათებელი, შესაძლოა ქიმიკატების კონცენტრაცია გარემოში გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, განსხვავებული იყოს. მნიშვნელოვანი იქნება მომავალ კვლევებში იმის შესწავლა, თუ როგორ ახდენს ესა თუ ის რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გავლენას სპერმის ხარისხზე კაცებში და ძაღლებში”.

    ზოგადად, უშვილობა მთელ მსოფლიოში მცხოვრები წყვილების სულ ცოტა, 15 პროცენტს აწუხებს. საუბარია მინიმუმ 48.5 მილიონ წყვილზე. აქედან მამაკაცების უშვილობის გამო, ბავშვი არ უჩნდება დაახლოებით ნახევარს. მონაცემები მართალია გლობალურია, მაგრამ მთელ რიგ რეგიონებში არასრული აღრიცხვის გამო, სავარაუდოდ, ბოლომდე ზუსტი არ არის.
    დედამიწაზე სულ ცოტა, 30 მილიონი კაცი უნაყოფოა. კაცებში უშვილობის პრობლემა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში, ასევე აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება.
    გამოკითხვები ადასტურებს, რომ მომავალში დამატებითი კვლევებია საჭირო პრობლემის გამომწვევი მიზეზების და მკურნალობის მეთოდების დასადგენად. აუცილებლად შესასწავლია სტერეოტიპების და კულტურული ბარიერების გავლენაც სხვადასხვა რეგიონში.
  • რობოტებმა დიაგნოზი 97% სიზუსტით დასვეს და ბევრ ექიმს აჯობეს

    სწორი დიაგნოზის დასმას ხშირად უამრავი ინფორმაციის გადამუშავება, ანალიზი, მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და ზოგჯერ სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმებთან კონსულტაციაც სჭირდება. ახალშობილებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ან ისეთ პაციენტებში, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩივილებს ვერ აღწერს, სწორი დიაგნოზის დასმა კიდევ უფრო რთულია.

    ამერიკელმა და ჩინელმა ექიმებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ეს საქმე გარკვეულწილად ხელოვნურ ინტელექტს მიანდეს. კანგ ჟანგმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს ფილიალიდან  70 მეცნიერთან ერთად, კომპიუტერულ სისტემაში ჩინეთის ერთ-ერთი დიდი კლინიკის 1.3 მილიონი 18 წლამდე ასაკის პაციენტის ინფორმაცია შეიყვანა და რობოტი დიაგნოზის დასმაში გაწვრთნა.

    საავადმყოფოში პაციენტთა ვიზიტების შესახებ შეყვანილი ინფორმაცია მოიცავდა როგორც ექიმების ჩანაწერებს, ისე ჩივილებით შესული ადამიანების ავადმყოფობის ისტორიას და ლაბორატორიული ანალიზების შედეგებს. მოგვიანებით, რობოტ-პედიატრს ახალი პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმა დაავალეს და მიღებული შედეგები ჩვეულებრივი ექიმების მიერ დასმულ დიაგნოზს შეადარეს.

    აღმოჩნდა, რომ რობოტმა ვირუსული გრიპის , ინფექციური მონონუკლეოზის, ჩუტყვავილის, კიდურებზე და პირსახეზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარის დიაგნოზი 90-დან 97 პროცენტამდე სიზუსტით დასვა. ეს რა თქმა უნდა, სრულყოფილი შედეგი არ არის, მაგრამ არც ნამდვილი ექიმები არიან სრულყოფილი და ისინიც უშვებენ შეცდომებს – უთხრა საინფორმაციო სააგენტო “ფრანს-პრესს” კვლევის წამყვანმა ავტორმა კანგ ჟანგმა. ის კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლაში, გენომური მედიცინის ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორია.

    ექსპერიმენტმა ხელოვნური ინტელექტის სიძლიერე, მთელ რიგ სხვა, გაცილებით რთულ და შედარებით ნაკლებად გავრცელებულ დაავადებებშიც დაადასტურა, როგორიცაა მაგალითად ბაქტერიული მინინგიტი. ამ დაავადების შემთხვევაში, ელექტრონულმა პედიატრმა დიაგნოზი 93 პროცენტის სიზუსტით დასვა.

    კუჭ-ნაწლავის დაავადებებში დასმულმა დიაგნოზის სიზუსტემ 85% შეადგინა. მკვლევარები გააოცა იმ ფაქტმა, რომ რობოტმა ისეთ დაავადებებს შორის აღმოაჩინა ლოგიკური კავშირი, რომელიც წინასწარ შეყვანილ ინფორმაციაში არც კი იყო. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ასევე წარმატებით დაისვა ასთმის, ფილტვების ანთების და ბევრი სხვა დაავადების დიაგნოზი.

    კანგ ჟანგი ამბობს, რომ მომავალში, რობოტი წარმატებით შეასრულებს პედიატრის ფუნქციების უმეტესობას. თუმცა, მისი თქმით, ბოლომდე “ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ექიმს”. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ დაეხმარება კლინიცისტებს, რომ საკუთარი მოვალეობა უფრო ხარისხიანად, ნაკლებ დროში და ნაკლები დანახარჯებით შეასრულონ.

    რობოტი შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდეს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ნაკლებად კვალიფიციური კადრები მუშაობენ, ან მიუვალ ადგილებში, სადაც სამედიცინო ცენტრები საერთოდ არ არის. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის სხვა ენებზე გადაყვანა და სპეციალიზაციის მიხედვით, კლინიკებზე მორგებაც ძალიან იოლად და სწრაფად არის შესაძლებელი.

    კანგ ჟანგის თქმით, ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო ინფორმაციის სწორად გადამუშავების უნიკალური უნარი აღმოაჩნდა. ის არაჩვეულებრივი სისწრაფით ახერხებს სამედიცინო ისტორიის, სისხლის ანალიზის, თუ ექოსკოპიური ტესტების პასუხების შეჯერებას და სწორი დიაგნოზის დასმას. კანგ ჟანგი ამბობს, რომ რობოტს არასდროს ავიწყდება სტატისტიკური მეთოდები, რაც ნამდვილ ექიმებს ზოგჯერ გამორჩებათ ხოლმე.

    მეცნიერთა გუნდმა ხელოვნური ინტელექტის დიაგნოზის აკურატულობა 20 პედიატრის მიერ დასმულ დიაგნოზს შეადარა, რომელთაც სხვადასხვა ხანგრძლივობის გამოცდილება ჰქონდათ. მათ შორის, ზოგი დამწყები იყო, ნაწილი კი კარგად გამოცდილი. საბოლოო შედეგების მიხედვით, ახალგაზრდა პედიატრებს რობოტმა აჯობა, მაგრამ დიდი გამოცდილების მქონე პედიატრები მაინც ვერ დაჯაბნა.

    კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი, საჭირო ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, დიაგნოზს ზრდასრულ პაციენტებშიც ასეთივე წარმატებით დასვამს. ის შეიძლება განსაკუთრებით გამოადგეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებებს, სადაც პაციენტს, მედპერსონალის ნაკლებობის გამო, რიგში საათობით უწევს ყოფნა.

  • დაჭრილმა ქართველმა ჯარისკაცებმა კალიფორნიაში 38 მედალი მოიპოვეს

    საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12 დაჭრილმა ჯარისკაცმა კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სპორტული შეჯიბრებები 7 ქვეყნის წარმომადგენელ, დაახლოებით, 200 მონაწილეს შორის სპორტის 8 სახეობაში გაიმართა. ტურნირები 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს დამთავრდა.
    ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს – აქედან 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
    საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა შვიდ ტურნირში მიიღეს. კალათბურთში, ფინალურ მატჩში მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და წლის ჩემპიონები გახდნენ. ამასთან ერთად, მათ იასპარეზეს მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტში და მიზანში სროლაში.
    დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ამ ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.
    ქართველმა ჯარისკაცებმა 2019 წლის თამაშები შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:
    ჯონი თოფურია – 5 ოქრო
    რეზო გორგაძე – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
    ახმედ საფაროვი – 3 ოქრო, 1 ბრინჯაო
    ალუდა სეთურიძე – 2 ოქრო, 2 ბრინჯაო
    ალიკა გითოლენდია – 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
    გოგიტა ხოზრევანიძე – 1 ოქრო, 1 ვერცხლი
    დავით ნარეშელაშვილი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
    გრიგოლ მინაგორაშვილი – 1 ოქრო
    გუგა ჩიმახიძე – 1 ოქრო
    ჯიმშერ ჩხენკელი – 1 ოქრო
    არჩილ აბულაძე – 1 ოქრო
    ლაშა სურმანიძე – 3 ვერცხლი
  • ვინ მართავს ხელისუფლების “ტროლების ფაბრიკას“. ერთ–ერთი კონსპირაციული ოფისი გაშიფრულია

    შაბათის კურიერის ინფორმაციით რუსთაველის 12 ნომერში მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში ქართული ოცნების “ტროლების ფაბრიკა“ ფუნქციონირებდა, რომელიც ფუნქცია ხელისუფლების ოპონენტებზე და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე ყალბი ახალი ამბების შექმნა და მათი დისკრედიტაცია იყო.
    რუსთაველის თორმეტ ნომერში მდებარე შენობა პირველად პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ ახსენა. მისი თქმით თიბისი ბანკზე ზაფხულში კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დროსაც ბანკის სერვერები დროებით გაითიშა. თიბისის IT სამსახურმა დაადგინა შენობა და ოთახი, საიდანაც ეს თადასხმა მომდინარეობდა და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, თუმცა დღემდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდია.
    რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას ოთხი მფლობელი ჰყავს – ავიაკომპანია აირზენა, შპს ნოა-ნოა, ეთერ გაიაშვილი და კომპანია სილქნეტი.
    შენობაში შესვლა საშვის გარეშე შეუძლებელია. დაცვის სამსახური ყველა სართულს აკონტროლებს.
    ოფისი, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა და რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს, კურიერის ინფორმაციით რამდენიმე წლის წინ ყანდიაშვილმა ტურისტული სააგენტოსთვის იქირავა, თუმცა, ტურების შესაძენად მისული ხალხი რუსთაველის 12-ში არავის უნახავს.
    სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ კონსპირაციული ოფისი, სადაც ქართული ოცნების ტროლების დაჯგუფება მუშაობდა, შენობის მესამე სართულზე იყო განთავსებული. დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, კურიერმა შენობაში შესვლა მოახერხა.
    მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა შს სამინისტროში წერილი გააგზავნა და აცნობა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმას რუსთაველის 12-დან განხორციელდა, კონსპირაციული ოფისის დაცლა დაიწყეს, ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერია დარჩენილი.
    რუსთაველის 12-ში დაადასტურეს, რომ ყანდიაშვილი ტროლების დაჯგუფების ოფისში ხშირად დადიოდა.
    კურიერმა მოიპოვა კონსპირაციულ ოფისში დასაქმებული იმ ადამიანების სია, ვინც საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებსა და პოლიტიკოსებზე ყალბ ახალ ამბებს იგონებდნენ და ავრცელებდნენ. სიაში პირველი ალექს ამაზაშვილია. ის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტია.
    საიდუმლო ოფისის თანამშრომელთა 17-კაციან სიაშია ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი. მან კურიერთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ რუსთაველის გამზირზე ოფისში ქართული ოცნების პრესამსახურის უფროსმა, კოკა ყანდიაშვილმა, დაასაქმა, თუმცა ამბობს, რომ ის ინტერნეტ გამოცემაში მუშაობდა.
    კოკა ყანდიაშვილი ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
    კურიერის ერთ-ერთი ვერსიით, კოკა ყანდიაშვილთან ერთად ტროლების და ბოტების მუშაობას სოციალურ ქსელში უშიშროების ყოფილი მინიტრის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის ტელევიზიის სახე – შალვა რამიშვილიც აკონტროლებს. თუმცა, რამიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის 12 ნომერში ოფისი არასდროს ჰქონია და იქ არც ყოფილა.
    ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე კი ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის დავალებით მოქმედებს, ტროლებისა და ბოტების მუშაობისთვის კი მათ კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა საგანგებოდ შეარჩიეს, რადგან აქ სილქნეტის აპარატურის ნაწილია განთავსებული და თუ პოლიტიკური ნება იქნება შესაძლებელია ამ აპარატურის საშუალებით დაიწყო კიბერ შეტევა რომელიმე ორგანიზაციაზე.

  • შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს გახარიას წერილი გადასცა კურიერმა დაასახელა

    შაბათის კურიერის ინფორმაციით ბიზნესმენი, ვინც მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მუქარის წერილი მიუტანა მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძეა. გიორგი გახარია თბილისში ამაღლების თორმეტ ნომერში მეორე სადარბაზოში ცხოვრობს. ბადრი ჯაფარიძე კი პირველ სადარბაზოში. ისინი მეობლები არიან და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ქონდათ.  კურიერის ინფორმაციით მათ ორმა წყარომ დაუდასტურა, რომ გახარიას წერილი ხაზარაძეს სწორედ ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა. თუმცა უცნობია, სად გადასცა გახარიამ ჯაფარიძეს ეს წერილი. არსებობს ორი ვერსია – შს მინისტრის კაბინეტი და კორპუსის საერთო ავტოფარეხი .
    მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით შუამავლის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა არ არის გამორიცხული გამოძიების შემდეგ ეტაპზე ის ოფიციალურად დაასახელოს. ჯერჯერობით გახარიას წერილი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, რათა დადგინდეს, არის თუ არა მასზე შინაგან საქმეთა მინისტრის თითის ანაბეჭდები.

  • მეგან მარკლის მინი კაბა და სიტყვა ფემინიზმის შესახებ

    მეგან მარკლმა პუბლიკა კიდევ ერთხელ გააოცა. სასექსის ჰერცოგინიამ ლონდონის სამეფო კოლეჯში ფემინიზმის თემაზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მისი ჩაცმულობა საკმაოდ თამამი იყო. ფეხმძიმე მეგანმა მინი კაბა აირჩია შავ–თეთრი გეომეტრიული პრინტით, რომელიც მის მუცელს ხაზს უსვამდა. ფეხზე კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. კაბაზე ზევიდან შავი ბლეიზერი ეცვა და ძალიან მოდურად გამოიყურებოდა.
    ღონისძიებაზე ის მოდელ ადვოა აბოასთან, ავსტრალიის ყოფილ პრემიერ მინისტრთან და მომღერალ ენი ლენოქსთან ერთად მონაწილეობდა.
    ქალთა საერთა შორისო დღეს ცნობილი გახდა სამეფო კარზე მეგან მარკლის ახალი თანამდებობის შესახებ. პრინცი ჰარის მეუღლე ფონდ Queen’s Commonwealth Trust–ის ვიცე პრეზიდენტი გახდა, რომელიც ქალებს ეხმარება.

  • ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ეტყობოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  ორი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

  • ევროპული საქართველოს წევრს დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხნენ

    ევროპული საქართველოს წევრს დავით ნაფეტვარიძე თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. როგორც მისი ცოლი, ნანა კოკაია ამბობს, უცნობმა კაცმა მოულოდნელად დავით ნაფეტვარიძეს ქვა ჩაარტყა. ექიმის თქმით , ამბობს  ნაფეტვარიძეს  ტვინის შერყევა აქვს და მარცხენა ხელის ცერა თითი აქვს ამოვარდნილი. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

  • შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს

    შალვა ნათელაშვილი თიბისი ბანკის საქმეს გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილი ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ და ასევე სხვა ბანკირებმაც წინასაარჩევნოდ ლეიბორისტულ პარტიას საბანკო კრედიტზე უარი უთხრეს. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის სხვაობა არაა რადგან ივანიშვილმა პოლიტიკის და საქართველოს პრივატიზაცია მოახდინა, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ხალხი