Blog

  • შენ ხელმძღვანელობ ტროლებს! კიდევ ბევრი მტკიცებულება გვაქვს– ნოდარ მელაძე კოკა ყანდიაშვილს პასუხობს

    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, შაბათის კურიერის წამყვანი ნოდარ მელაძე კოკა ყანდიაშვილის ფეისბუქ სტატუსს ფეისბუქზევე პასუხობს. შაბათის კურიერმა გააკეთა სიუჟეტი რუსთაველის 12 ნომერში მდებარე “ტროლების ფაბრიკის“ შესახებ, რომელსაც მათი ინფორმაციით კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობდა. შაბათს გასულ სიუჟეტს კოკა ყანდიაშვილმა ორშაბათს უპასუხა და რუსთავი ორი “აღვირახსნილი ტყუილების ტირაჟირებაში დაადანაშაულა.“
    საპასუხოდ ნოდარ მელაძემ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა:
    “კოკა ყანდიაშვილი ორ დღიანი ფიქრის შემდეგ გადაგიწყვეტია პასუხის გაცემა. თუ პასუხები გქონდა, რომ გირეკავდა ავტორი გეპასუხა. ახლაც გიმეორებ იგივეს, შენ ხელმძღვანელობ ტროლებს!!! ზუსტად იცი რასაც გეუბნები, ისიც ვიცი ეგ ოფისი ვისთან ერთად იქირავე, წლების წინ. ძალიან კარგად იცი, შენი ტროლების ქარხნის “საგმირო საქმეები”, მემონტაჟეების ვაკანსიებს რომ აცხადებდი მუსიკალურ ვებ გვერდებზე, ხალხს გასაუბრებაზე რომ იბარებდი 1500 ლარიან ვაკანსიაზე, სხვა რომ ხვდებოდა შენი სახელით, პარალელურად ფბ პროფილებს შენ რომ გიგდებდნენ ინბოქსში და დისტანციურად ამოწმებდი იყო თუ არა სანდო. დაფაზე შენს ოფისში გასაშავებელთა სია, რომ გქონდა ჩამოწერილი მარკერით, მე ჩამოგიწერო გვარები, თუ შენით დაწერ? სანამ მარიამ გაფრინდაშვილზე რამეს დაწერ, შენი ტრილების ქარხნის სიას გადახედე, მორალურ ტერორს რომ უწყობდი ადამიანებს. ნუ ნერვიულობ კიდევ ბევრი მტკიცებულება გვაქვს, უფრო მეტი იქნება.
    P.S. ტროლების ქარხნის ბოლო სკანდალი გაიხსენე, ვისზე წერდით მანდედან, რის გამოც “გაიშარეთ” და ოფისი დაგაშლევინეს.
    გაგრძელება იქნება….“
  • რა გაფრთხილება მიიღო ივანიშვილმა აშშ–დან

    საქართველოში მყოფი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა. ინფორმაციას და კადრებს შუშის სასახლეში ვოლკერის ვიზიტის შესახებ კურიერი ავრცელებს. კურიერის ინფორმაციითვე სასაუბრო თემა TBC ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები იყო და ვოლკერმა დღეს საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ ბრძოლის ასეთი მეთოდებით ცეცხლს ეთამაშება და შესაძლოა ქვეყანა ინვესტორების გარეშე დატოვოს. ივანიშვილთან აუდიენციას წინ უძღვოდა შეხვედრა პრემიერ ბახტაძესთან.
    კურტ ვოლკერმა შეხვედრის შემდეგ კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
    „მთავარია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინები აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთების გადაზიდვა, ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები. ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს,“ – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
    ვოლკერი რუსეთის ეჭვებზეც საუბრობს, რომ პორტმა შესაძლოა ამერიკული წყალქვეშა გემებიც მიიღოს. ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პორტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მან როგოც გემები, ასევე წყალქვეშა ნავებიც მიიღოს.
    „პორტი, თავის თავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია,“ – აღნიშნა ვოლკერმა.
    კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განვითარების გზას დაადგება.
    „მე მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია, რადგან ყველა მხარეს სურს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან,“ – აცხადებს კურტ ვოლკერი.
    კურტ ვოლკერი ამერიკელი კარიერული დიპლომატია. 2008–2009 წლებში იყო აშშ–ს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. 2011 წლიდან მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორია. 2017 წლის ივლისიდან კი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.
    საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზი სავარაუდოდ ის შეშფოთებაა, რომელიც დასავლეთში საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების სერიოზული დარღვევებით ჩატარება, მედიასთან, ბიზნესთან, სასამართლოსთან და ზოგადად დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ მან ივანიშვილს ამ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ–ს გზავნილები გადასცა. მისი მოვლინება საქართველოში სავარაუდოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში უკვე ერთი წელია ელჩი არ ყავს. იან კელის ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ საქართველოში ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი შეფერხდა. თავდაპირველად კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა მოგვიანებით სოლიდურმა უცხოურმა გამოცემებმაც გაიმეორეს. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ინფორმირებული წყაროების ცნობით ბრინკის სავარაუდო დაბლოკვის მიზეზი ის შეხედულება გახდა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და ამასთან, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მაღალ ეშელონებთან მყარი პერსონალური კონტაქტები არ აქვს. აშშ–ს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკი სხვა კანდიდატურით აღარ ჩაანაცვლა და საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად 2018 წლის ნოემბერში როს უილსონი მოავლინა.
  • ზიდანი მადრიდის რეალში დაბრუნდა

    ზინედინ ზიდანი სანტიაგო სოლარის ნაცვლად მადრიდის რეალის მწვრთნელად დაინიშნა. ფრანგი მწვრთნელის დაბუნების შესახებ მადრიდის რეალმა თავის ვებგვერდზე დაწერა.

    “ ფრანგი დაბრუნდა კლუბში, რომელშიც ისტორიას ქმნიდა როგორც მოთამაშე და როგორც მწვრთნელი“ –წერია კლუბის პრეს სამსახურის განცხადებაში.

    ზიდანთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე ვადით დაიდო. ზიდანი მადრიდის რეალს წარსულშიც წვრთნიდა– 2016 დან 2018 წლამდე. სამი სეზონის მანძილზე მან კლუბთან ერთად სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ერთი ესპანეთის ჩემპიონატი, ორი კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.

    2018/19 წლის სეზონი რეალისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან გამოვარდა და პრაქტიკულად დაკარგა ეროვნული ჩემპიონატის მოგების შანსი.
    ზიდანმა რეალი 2018 წლის მაისში დატოვა. მას შემდეგ ის უმუშევარი იყო.

  • მსუქანი მოდელი ღამის კლუბში არ შეუშვეს

    ცნობილი ამერიკელი PLUS-SIZE მოდელი, ნაომი ჩაპუტი მაიამის კლუბში არ შეუშვეს. მან ფეის კონტროლი ვერ გაიარა.
    გასულ კვირას ნაომი ჩაპუტმა, რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც ნაო, პრომოუტერთან შეხვედრა მაიამის კლუბ Story –ში დაგეგმა, თუმცა კლუბში იმის გამო არ შეუშვეს, რომ რეპერ Future -ს, რომელიც იმ ღამეს კლუბში მღეროდა “ვიღაც მსუქანა ქალების“ კლუბში ხილვა არ სურდა.
    ინციდენტის შემდეგ მალევე ნაომ ეს ისტორია ინსტარგრამზე თავის 211 000 ხელმომწერს მოუყვა შემდეგ კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ღამის კლუბის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო.
    რეპერი პრეტენზიებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “ყველა ქალი უყვარს“ . თუმცა თავის მართლება მასაც და კლუბსაც სასამართლოში მოუწევთ.

  • სააკაშვილი ხაზარაძეს მონასტერში წასვლას ურჩევს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძეს დღის ბოლოს კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის.

    “ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური ….მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას.“ – წერს სააკაშვილი მის ფეისბუქ გვერდზე. 

    სააკაშვილის მხრიდან კრიტიკა დღეს მამუკა ხაზარაძემ პალიტრასთან ინტერვიუს გამო დაიმსახურა.  ინტერვიუში თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ წერილს, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოაქვეყნა დღესაც ხელს მოაწერდა. საუბარია წერილზე, რომლის დაწერასაც მისგან იმ მუქარის წერილში ითხოვდნენ, რომელიც ხაზარაძის თქმით შს მინისტრმა გაუგზავნა და რომელიც საუბარი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში დაუშვებელია. 


    ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როცა ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი – სააკაშვილი ხაზარაძეზე

  • ცნობილები, ვინც ბოტოქსზე უარი თქვა და ბუნებრივი სახე დაიბრუნა

    ბევრმა ვარსკვლავმა, ვინც ბოტოქსი და სხვა კანქვეშა შემავსებლები მოსინჯა, საბოლოოდ ამაზე უარი თქვა და საკუთარი სახის დაბრუნება ამჯობინა. ისინი მიხვდნენ, რომ ჯობს ბუნებრივი გარეგნობა გქონდეს, ვიდრე რეზინის თოჯინას დაემსგავსო. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს და თავად განსაჯეთ, რა უფრო უხდებათ – ბოტოქსით და ფილერებით დაბერილი სახე თუ ბუნებრივი.
    კამერონ დიასი – 46 წლის. 7 წლის წინ ბოტოქსის გადაჭარბებული გამოყენებისგან კამერონის სახე თანდათან ცვილის ფიგურას დაემსგავსა. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ჯობს დაბერდეს, ვიდრე “სხვისი სახე ატაროს.“

    რენე ზელვეგერი – 49 წლის. მისი ამჟამინდელი გარეგნობა  ისეთია, როგორიც მაყურებელმა შეიყვარა. როცა ჰოლივუდის ვარსკვლავი 2014 წელს ერთ–ერთ ღონისძიებაზე სრულიად შეცვლილი გამოჩნდა, თაყვანისმცემლები შოკში ჩავარდნენ. აშკარა იყო, რომ მან ღაწვები და ცხვირტუჩის ნაოჭი ამოივსო, ასევე თვალების გარშემო ბოტოქსი გაიკეთა. ბოლოს კი რენე ზელვეგერმაც გადაწყვიტა საკუთარი სახე დაიბრუნოს.

    კორტნი კოქსი – 54 წლის . მსახიობმა ფილერების და ბოტოქსის გამოყენება 40 წლის ასაკში დაიწყო, რადგან როგორც თვითნ ამბობს საკუთარი გარეგნობით კმაყოფლი არ იყო. თუმცა შეჩერდა, როცა მიხვდა რომ უკვე საკუთარ თავს აღარ გავდა.

    კაილი მინოუგი – 50 წლის. ამბობს, რომ ბოტოქსის პროცედურების მრავალწლიანი გამოყენების შემდეგ გადაწყვიტა გახდეს ისეთი, როგორიც არის და ბოტოქსს და სხვა შემავსებლებს ახლოსაც აღარ ეკარება.

    კაილი ჯენერი – 21 წლის. ტუჩების დაბერვაზე საუბრისას კაილი ჯენერი ამბობს, რომ მეტისმეტად ღრმად შეტობა და ეს ძალიან მტკივნეული იყო. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა 17 წლიდან ტუჩის შემავსებლებს იყენებს, რადგან მუდმივად ქონდა კომპლექსი, რომ წვრილი ტუჩები აქვს. გასული წლის ივლისში მან შემავსებლებზე უარი თქვა და ბუნებრივ სახეს იბრუნებს.

  • ქაოსი თუ ბრექსითის გადავადება–ბრიტანეთი კვლავ გაურკვევლობაშია

    ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების პროცესის ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ისევ ვერ შეძლეს, ძველი კი ბრიტანეთის პარლამენტისთვის ჯერჯერობით მიუღებელია.

    სამშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტი მეორედ უყრის კენჭს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებულ შეთანხმებას. მის მიღწევას ბრიტანელებმა ორ წელზე მეტი დრო მოანდომეს.

    საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტმა იანვარში ხმა არ მისცა და დიდი უმრავლესობით ჩააგდო. ეს ტერეზა მეისადმი გამოცხადებულ ყველაზე დიდ უნდობლობად და ერთგვარ დამარცხებად ითვლება პრემიერობის პერიოდში. სასწორზე ტერეზა მეის პოსტზე დარჩენის საკითხიც კი დადგა.

    დღეს ისე ჩანს, რომ შეთანხმების გატანის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. პრემიერმა ტერეზა მეიმ საჯაროდ აღიარა, რომ მისი დამტკიცების არანაირი გარანტია არ აქვს. “არავინ იცის, რა მოხდება” – თქვა მან.

    გარდამავალ პროცესზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ეს ე.წ. გაყრა რამდენიმე მიმართულებით იქნება მტკივნეული პროცესი. პრობლემები იქმნება არამარტო ბიზნესების გაყოფაში, არამედ ეკონომიკური, უსაფრთხოების, საკანონმდებლო, კულტურული და პოლიტიკური კავშირების დაცალკევების გამოც.

    ბრიტანეთში 3 მილიონი ევროპის კავშირის მოქალაქე ცხოვრობს. ევროკავშირში კი 1.5 მილიონი ბრიტანელი. ისინი შიშობენ სამხახურების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სახლების, ცხოვრების უფლების და ბევრი სხვა პრობლემების გამო, რაც ბრექსიტს ახლავს თან.

    მთავრობები იძლევიან დაპირებებს, რომ ბრექსიტის შემდეგ ამ ადამიანებს ცხოვრების და მუშაობის უფლებას არ წაართმევენ. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე არაფერია გარანტირებული.

  • მავთულხლართების ზონა:ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზებზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა

    „მავთულხლართების ზონა“ ასე ქვია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე დაფიქსირებულ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზეა საუბარი. 

    ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ძირითადად, ეყრდნობა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას. კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში 8 ვიზიტი განახორციელა. შეხვედრები გაიმართა ასევე  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. გამოკითხვის გზით და სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის მიღების შედეგად გამოვლენილი პრობლემები გაანალიზდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით.

    ანგარიში ასახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე მიმდინარე მასობრივ უფლებადარღვევებს, მათ შორის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, უკანონოდ დაკავებულ პირთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის, გადაადგილებისა და განათლების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს.

    აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე ადამიანთა დაკავება ხშირად ხდება  ე.წ. გამყოფი ხაზების მიღმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაკავებებს აქვს შემთხვევითი ხასიათი და მოსახლეობისათვის რთულია პროგნოზირება, თუ რა ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს მათი დაკავება. დაკავების გარკვეულ იზოლატორებში არ არის სათანადო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებულ პირთა მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას.

    აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000-ს ადამიანს შეადგენდა.

    გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის პრობლემურია სათანადო დოკუმენტაციის მიღება, რაც მათ უზღუდავს გამყოფ ხაზზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ეს შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დეტალურად არის განხილული ანგარიშში.

    ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ.

  • ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე – ნიკა მელია ხაზარაძეს მიმართავს

    კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის დღესაც  ხელს მოაწერდა იმ წერილს, რომელიც არჩევნების მეორე ტურის წინ გაავრცელა და რომლის გავრცელებასაც მისგან მუქარის წერილით ითხოვდნენ, ნიკა მელია პასუხობს: 

    “მამუკა ხაზარაძე ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე – გაძალებთ იმის თქმას და დაწერას, რასაც ფიქრობთ.

    მოდი ახლა და გაიგე, რასაც თქვენ ამბობთ, ამას ისევ გაძალებენ თუ თვითონაც ასე ფიქრობთ და უბრალოდ დესერტად გაძალებენ.

    ჰიპოთეტური საფრთხე გაშინებთ – აი, საააკაშვილი რომ საქართველოში დაბრუნდება და ‘გაგაკულაკებთ‘ მაგის გეშინიათ და ბიძინამ რომ უკვე გაგაკულაკათ, ამის სულაც არ გეშინიათ“ – წერს ფეისბუქ–გვერდზე ნიკა მელია.

  • თეა წულუკიანმა თანამდებობიდან წასვლა პრაქტიკულად დაადასტურა

    იუსტიციის მინისტრმა დღეს კომენტარი გააკეთა თანამდებობიდან მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
    “შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას მიმდინარეს ამჟამად თუნდაც პარლამენტში არ ეხება.
    ეს არის ჩემთვის ძალიან მაშტაბური და მნიშვნელოვანი საკითხი და თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული და ფასეულობათა წინააღმდეგობა იქნება, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, რადგან თანამდებობა არ არის ფასეულბა.
    ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას და რომელიმე პროცესს მათ შორის პარლამენტში მიმდინარეს. ამიტომაც თავს შევიკავებ ღიად საუბრისგან.
    შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში ამ თემაზერაიმე ტრაგიკული არ ხდება . ეს არის ჯანსაღი პროცესი. თუ ვნახე რომ ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული ვიტყვი რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას.“ – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.
    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანს თანამდებობიდან უშვებენ უკვე ერთი კვირაა ვრცელდება. ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით ახლო მომავალში ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს.