Blog

  • ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას აუქმებდა ვეტო დაადო

    დონალდ ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას აუქმებდა ვეტო დაადო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დოკუმენტს თეთრ სახლში, ადმინისტრაციის წევრების თანდასწრებით მოაწერა ხელი. ტრამპმა პრეზიდენტობის განმავლობაში ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში ხმათა 2/3 -ია საჭირო. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა მექსიკასთან საზღვარზე 15 თებერვალს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც კონგრესმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად, მას 6 მილიარდი დოლარი არ გამოუყო. საგანგებო მდგომარეობის შემოღება კი ტრამპს საშუალებას აძლევს კონგრესის გვერდის ავლით გამოიყენოს საჭირო თანხები.

  • ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი მკაცრდება

    ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი მკაცრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჯასინდა არდერნის განცხადებით ცვლილება ძალაში უახლოეს საათებში შევა. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა თავისუფლად არის შესაძლებელი. ამისთვის უბრალო ლიცენზიაც კი საკმარისია. ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა 16 წლის ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო ავტომატური იარაღის ყიდვა 18 წლის მოქალაქეებს. 

    15 მარტს მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 28 წლის ბრენტონ ტარანტი წინსაწარი დაკავების საკანში 5 აპრილამდე დარჩება. ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც. არიან დაშავებულებიც. პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების, შემდეგ კი ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. მალევე მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში განხორციელდა.

    თავდასხმის ფაქტებზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ქმედებებს განმარტავს. ბრენტონ ტარანტი თავდასხმის პროცესს სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერშიც გადასცემდა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით სულ ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.

    ტერორისტული აქტიდან მალევე ინტერნეტში გავრცელდა მეჩეთზე თავდამსხმელის იარაღის მჭიდის ფოტოც, რომელზეც დავით აღმაშენებლისა დ დავით სოსლანის სახელები ქართულად აწერია. ამოღებული იარაღის შესახებ საქართელოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.

  • პრეზიდენტი ირაკლი კვარაცხელიას პანაშვიდს პირადად არ დაესწრება

    საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას  პანაშვიდს მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაესწრება:
    “ჩემი ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში ჩავა და ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით, სამძიმარს გამოუცხადებს.ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.“ – წერს საალომე ზურაბიშვილი.

    ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს და თბილისში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარეს, შემდეგ კი  თბილისიდან სენაკში გადაასვენეს. გარდაცვლილი დაასვენეს სენაკის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, სადაც ირაკლი კვარაცხელია ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან დევნილობის შემდეგ. მას კვირას დაკრძალავენ.
    ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.
    13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.
    ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის არაძალადობრივი ხასიათი.
    გარდაცვლილის ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. მათთვის უცნობია, რა მიზნით გადავიდა ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ გალის რაიონში.
  • ივანიშვილმა რუსებს საიდუმლოდ რაღაც დაუთმო–რა მოხდა ხურვალეთში ირაკლი ოქრუაშვილის აზრით

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ხურვალეთში მომხდარ მოვლენებს აფასებს და თვლის, რომ გუშინდელი ამბავი ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა, სიტუაციის განმუხტვა კი იმის ხარჯზე მოხდა, რომ ივანიშვილმა რუსებს სავარაუდოდ “რაღაც დაუთმო.“

    ირაკლი ოქრუაშვილი:

    “რა მოხდა სინამდვილეში გუშინ ხურვალეთში?
    ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ რუსები მართლაც შემოვიდნენ და ე.წ. “გამყოფის” (და არა საზღვრის) გადმოწევა სცადეს. ამას მიზეზად კი სახელისუფლებო მედიამ და მისმა მხარდამჭერებმა რამოდენიმე სამოქალაქო აქტივისტის პროვოკაციული ქმედება დაგვისახელა, რომლებიც გახშირებული გატაცებების ფონზე ადგილობრივებისათვის საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარებას გეგმავდნენ.
    ვის გჯერათ, რომ რუსებმა იმის გამო გადმოიწიეს თითქოს თბილისიდან წასასვლელად მომზადებული და არა უკვე ჩასული რამდენიმე ახალგაზრდა, ადგილობრივებისათვის დახმარებას აპირებდა, იმის ფონზე, როდესაც სოფელში მათ ჩვენივე პოლიცია არ უშვებდა?
    სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. “დიდი თამაშის” მცირე და ბინძური ნაწილი.
    ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში (და არამარტო) შევარდნაძის პოლიტიკის მემკვიდრე და გამგრძელებელი გახდა. ასეთი პოლიტიკის შინაარსი შემდეგია: შენს მოკავშირეს (დასავლეთს) ეუბნები, რომ მის მხარეს ხარ და სინამდვილეში ატყუებ. ისევე როგორც, შენს მტერს (რუსეთს) ეუბნები რომ დასავლეთის მხარეს არ იქნები და მასაც ატყუებ. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ პოლიტიკას ერთი ადგილის თამაშის პოლიტიკა ჰქვია და მეტწილად სწორედ ეგეთი თამაშის გამო “გადაეხა” შევარდნაძის ხელისუფლება 2003 წელს. ივანიშვილს კი სწავლა არ შეუძლია არც სხვის შეცდომებზე და არც საკუთარზე.
    ერთი კვირის წინ კარასინის გზავნილი ივანიშვილისთვის ყვითელი ბარათის ჩვენების ტოლფასი იყო. გზავნილი მარტივი იყო: ან ჩვენთან ხარ ან ჩვენს წინააღმდეგ. ივანიშვილმა არათუ მოკავშირეებს მიმართა, მომეხმარეთო, არამედ ორივე მხარესთან “დუმილის უფლება” გამოიყენა. შედეგმა არ დააყოვნა და რუსებმა ხურვალეთის გუშინდელი მოქმედებით ოდნავ გაწითლებული ბარათი აჩვენეს ივანიშვილს. გზავნილის შინაარსი ისევ მარტივი იყო. თუ ჩვენთან არ ხარ ჯერ ხურვალეთს დავიკავებთ და ისე აგირევთ შიგნით, ხოლო ეგეც თუ საკმარის არ აღმოჩნდა გორი-თბილისის ტრასამდე ამოვიწევთო.
    ასევე ფაქტია, რუსებმა გუშინ უკან დაიხიეს და ხურვალეთიდან გავიდნენ. რის სანაცვლოდ? გჯერათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ანდასავლეთის შეეშინდათ ან შერცხვათ? მე არა.
    აბა რა მოხდა?
    მოხდა ის, რომ ივანიშვილმა საიდუმლო არხების მეშვეობით რუსებს სანაცვლოდ რაღაც დაუთმო (მინიმუმ დაპირდა). ამიტომაა ეს თამაში “ბინძური”, რადგან ჩვენ ვერ გავიგეთ რა დავთმეთ.
    ჩემი დასკვნა ამ ყველაფრიდან კი ასეთია.
    თუ ივანიშვილმა ისეთი რამ დათმო, რაც საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან წითელი ხაზის გადაკვეთის ტოლფასია, მისი საქმე ქვეყნის შიგნით მალე ცუდად იქნება. თუმცა, მისი საქმე ნებისმიერ შემთხვევაში ცუდადაა, რადგან რუსები მათი მოქმედების სტილიდან გამომდინარე მალე ახალი ბარტყის გადაგდებას მოსთხოვენ.
    რუსებმა კი ერთი რამ უნდა იცოდნენ. თუმცა, ალბათ იციან და მაგითიც აშანტაჟებენ ივანიშვილს. თუ ისინი ხურვალეთს ან რომელიმე დასახლებულ პუნქტს დაიკავებენ, სანამ მათ მოვკითხავთ, ივანიშვილს ჩამოვაგდებთ მისი უმოქმედობის და უსუსურობის გამო.
    პ.ს. თუმცა რუსებმა ალბათ ისიც მშვენივრად იციან, რომ ივანიშვილს მაგ ყველაფრის გარეშე მალე არჩევნებით მაინც გავაგდებთ და მაგიტომაც ჩქარობენ.
    პ.პ.ს. დამიჯერეთ ეგრეა. ხანდახან “ჩემნაირი” ადამიანის ტყუილიც დაიჯერება.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე.
  • ივანიშვილის გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

    გაზეთ “ბათუმელების“ ინფორმაციით ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის შერჩეული ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. მორიგი ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ.

    ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება.

    სოფელ ზენითიდან დენდროლოგიური პარკისთვის სულ სამი ხის გადატანაა დაგეგმილი.

    ბათუმელები შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ გიგანტური ხე სოფელ ზენითის სავტომობილო გზაზეა გაჩერებული.

  • თაღლითობის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გ, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ო., კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მ. და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პ.
    სუსას განცხადებაში ნათქვამია: გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ამავე კომისიის თავმჯდომარე ზაზა გ-მ და კომისიის წევრებმა სამველ ო-მ, გელა მ-მ და მამუკა პ-მ სამსახურებრივი მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. ამის შედეგად ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
    გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
  • არჩილ თალაკვაძე გაქურდეს

    საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფომირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.

    მძარცვლები მე-12 კორპუსის მესამე სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში, ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა.

    არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კომენტარს ამ თემაზე ხვალ გააკეთებს.

    “გვეგონა სპეცოპერაცია ტარდებოდა, იმდენი პოლიცელი იყო, მთელი დღე ზევით ქვევით დარბოდნენ ” ყვება ნუცუბიძის ქუჩის ერთ ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

  • ბერა ივანიშვილის ახალ კლიპში მისი ცოლიც მონაწილეობს

    ბერა ივანიშვილის youtube  არხზე დღეს მისი ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მისი მეუღლეც მონაწილეობს. სიმღერის სახელწოდებაა She Said Yes (მან თქვა დიახ) და ვიდეოს სიუჟეტში ხელის თხოვნის სცენა რამდენჯერმე მეორდება. ბერამ ახალი კლიპის პრეზენტაცია ფეისბუქის გვერდზეც ჩაუშვა სტატუსით:

    “დღეს განსაკუთრებული გრძნობებითა და ემოციებით გიზიარებთ კლიპს, რომელიც ასახავს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ დღეს. 

    ასეთი დღე ყველა ეპოქაში ყველა ადამიანისთვის იყო და იქნება განსაკუთრებული.

    გადადით ბმულზე და კომენტარებში გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.
    ვაზიარებთ! “ – წერს ბერა.

    ბერა ივანიშვილმა გასული წლის 11 ნოემბერს მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძეზე იქორწინა.

  • აშშ–ს და ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს

    შეერთებული შტატებმა, ევროკავშირმა და კანადამ კოორდინირებული გადაწყვეტილებით, რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს. ახალი სანქციების შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ერთობლივი სანქციების ახალი რაუნდის მიზეზია “რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” და ისინი უწესდება “ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან გაუმართლებელ თავდასხმას სამ უკრაინულ გემზე.”

    შეერთებული შტატები ასევე დამატებით სანქციებს უწესებს “ექვს რუსულ კომპანიას, მათ შორის, გემთმშენებელ კომპანიებს, ორ ინდივიდუალურ პირს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკაინაში ორკესტრირებულ “არჩევნებში” იყვნენ ჩართული და ორ რუსულ ენერგო და სამშენებლო კომპანიას, რომლებიც საქმიანობას ყირიმში აწარმოებს.”

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ხუთი წლის განმავლობაში, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო, ჩვენ, ჩვენს ტრანს-ატლანტიკურ მოკავშირეებთან ერთად, ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ წარმოებულ დამაზიანებელ და არაკანონიერ ქმედებებს, მათ შორის, ქეჩის სრუტესთან განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდასხმა წარმოადგენდა საშიშ ესკალაციას და საერთაშორისო სამართლის დარღვევას.”

    ამერიკის დიპლომატიური უწყება რუსეთს მოუწოდებს “დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ჩამორთმეული გემები და დაკავებული მეზღვაურები და ღია დატოვოს ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა უკრაინულ პორტებში გემების ტრანზიტისთვის.”

    “ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაშიც ტერიტორიული წყლებიც შედის.”

    სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას რუსეთის მიმართ “მკაფიო გზავნილით” ამთავრებს და ამბობს, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე არ გადგება, სანამ რუსეთი საერთაშორისო ნორმებსა და კანონებს არღვევს და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობა ერთსულოვანია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გაწეულ ძალისხმევაში.”

  • ხმაურის ფონზე დამტკიცებული თბილისის გენგეგმა

    ხმაურის ფონზე დამტკიცებული თბილისის გენერალური გეგმა – 37 მომხრე, 4 წინააღმდეგი – საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. სხდომა, რომელზეც გენგეგმა დედაქალაქის მერის მოადგილემ წარადგინა, ხმაურის, ოპოზიციის მწვავე კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას მხარი არ დაუჭირა და განაცხადა,რომ ეს კალაძე-ივანიშვილის პირადი ბიზნესგეგმაა და არა დედაქალაქზე მორგებული ექსპერტების მიერ შედგენილი ქალაქის განვითარების დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობის „კრიტიკის საგანი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაც გახდა, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციის მომიჯნავეა და რომელსაც ოპოზიციის თქმით სტატუსი ეცვლება, რომ იქ მშენებლობა იყოს შესაძლებელი. საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილს ფანტაზიის უნარი „მოუწონა“.

    „ევროპული საქართველო“ გენეგმის განხილვას დაესწრო თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. უმარვლესობამ კი ოპოზიცია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, ახალი გენერალური გეგმა არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქალაქის დოკუმენტია. დედაქალაქის გენერალურ გეგმა საკრებულოში მერის მოადგილემ წარადგინა. მაია ბითაძის თქმით, დოკუმენტი დედაქალაქისთვის უპრეცედენტოა. კომპაქტურობა, შეკავშირებულობა და მწვანე ქალაქის კონცეფცია – ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომლებსაც ბითაძის თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს. გენერალურ გეგმაზე მისმა ავტორებმა – „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმაც ისაურებს თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი“ 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება ამ დრომდე ჭიანურდებოდა.