Blog

  • ქართველმა მორაგბეებმა რუსეთი კრასნოდარში 22:6 დაამარცხეს

    >საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ “ბორჯღალოსნებმა” ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ. მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 22:6 მოიგეს. ამ მატჩს ბორჯღალოსნები ჩემპიონის სტატუსით შეხვდნენ და შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. თუმცა რუსეთის ნაკრებთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ყოველთვის პრინციპულია და სპორტზე უფრო მეტ დატვირთვას ატარებს. 

  • მსხვილი ნარკობარონების დრო დასრულდა. ნარკობიზნესში ახალი მოდელი მკვიდრდება

    კოლუმბიელი პაბლო ესკობარი და მექსიკელი ჰოაკინ გუსმანი მეტსახელად ელ ჩაპო უკვე შევიდნენ ისტორიაში, როგორც ნარკობიზნესის ნამდვილი მეფეები. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ესკობარის სიკვდილთან და გუსმანის დაპატიმრებასთან ერთად გავლენიანი ნარკობარონების ეპოქა დასასრულს უახლოვდება.

    ორივე ლათინოამერიკელმა თავისი სისასტიკის, სიმდიდრის და ეშმაკობის წყალობით უზარმაზარი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ლიდერის სახელი მოიპოვა.

    ესკობარი და ელ ჩაპო თავისი ეპოქის – 20 საუკუნის ბოლოს და 21–ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე ძებნადი დამნაშავეები იყვნენ და მათ კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყნებში, არამედ აშშ–შიც.

    ორივემ მოახერხა ციხიდან გაქცევა. ორივე შედიოდა Forbes –ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში , ორივე დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებდა კონკურენტი კარტელების წინააღმდეგ. მათი ცხოვრების ისტორია მრავალ წიგნში, ფილმში და ტელესერიალშია მოთხრობილი.

    თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც მათ აერთიანებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ესკობარი და გუსმანი თითქმის ბოლო წარმომადგენლები არიან იმ ტიპის ნარკობარონებისა, რომელთა მსგავსი მსოფლიოში ქრება. ესკობარი 1993 წელს მოკლეს, გუსმანი კი ამერიკის ციხეში მეორე სამუდამო პატიმრობის განაჩენს ელოდება. კრიმინალური სამყაროდან მათი წასვლით ცენტრალიზებული ნარკოკარტელების და ლეგენდარული ლიდერების ეპოქა სრულდება.

    პოპულარობის ფასი

    ესკობარის და ელ ჩაპოს მსგავსი კრიმინალური ლიდერების თანდათანობით გაქრობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება.პირველ რიგში, ძნელია ახალი ნარკობარონების წარმოდგენა, რომლებიც ამდენ საზოგადოებრივ ყურადღებას მიიპყრობდნენ, რაც ესკობარმა და ელ ჩაპომ მოახერხეს.მათმა ცნობადობამ და გარკვეულწილად პოპულარობამაც კი მათ შესახებ არაერთი ლეგენდის შექმნა გამოიწვია და მრავალი სერიოზული პრობლემაც შეუქმნა.

    პაბლო ეკობარმა ძალები პოლიტიკაშიც მოსინჯა და კოლუმბიის პარლამენტში კონგრესმენის მოადგილეც იყო, რის შემდეგაც მისით პრესა აქტიურად დაინტერესდა. კონგრესში ადგილის დაკარგვის შემდეგ ესკობარმა კოლუმბიის იუსტიციის მინისტრის, როდრიგო ლარ ბონილიუს და გაზეთ Espectador –ის მფლობელის, გილერმო კანოს მოკვლა შეუკვეთა და ამგვარად ქვეყნის ხელისუფლებას ომი გამოუცხადა. რაც შეეხება გუსმანს, 2016 წლის იანვარში დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან ინტერვიუ მისცა მსახიობებს – შონ პენს და კეიტ დელ კასტილიოს, რის შემდეგაც მისი ადვოკატები ნიუ იორკის სასამართლოში აცხადებდნენ, რომ ის “საჯაროობით ტკბებოდა“.

    ადვოკატის განცხადების კონტექსტი ის იყო, რომ საჯაროობის გამო ჰოაკინ გუსმანის, ანუ ელ ჩაპოს გარშემო უამრავი მითი შეიქმნა და ყურადღების ცენტრში მოხვდა იმ დროს, როცა ისმაელ მაიო სამბადა, რომელსაც აშშ–ს ხელისუფლება ელ ჩაპოსთან ერთად სინალოას ნარკოკარტელის მეთაურობაში სდებდა ბრალს, დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან ისეთივე გავლენიანი და ცნობილი არ იყო, როგორც ელ ჩაპო.

    კოლუმბიური ფონდის – “იდეები მშვიდობისთვის“ ექსპერტი და აშშ–ს ვუდრო ვილსონის ფონდის თანამშრომელი, ხუან კარლოს გარსონი ამბობს, რომ კრიმინალურ სამყაროში “მოდა“ იცვლება და სახელოვანი ლიდერების დრო წარსულს ბარდება. “კრიმინალური სტრუქტურები სულ უფრო ხშირად დებენ ფსონს ნაკლებად ცნობილ ლიდერებზე, რადგან მათი მიზანია კრიმინალური საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ. ლიდერის პოპულარობა კი მათ წინააღმდეგ მუშაობს“ – ამბობს ხუან კარლოს გარსონი.

    მოძველებული მოდელი

    სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დღეისათვის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებები ლათინურ ამერიკაში თანდათანობით ცდილობენ უარი თქვან ცენტრალიზებული, ვერტიკალურად ინტეგრიგებული კარტელის მოდელზე სათავეში ერთი გავლენიანი ლიდერით.

    მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებების დანაწევრების ტენდენცია ნაწილობრივ ხელისუფლებების მხრიდან მზარდი ზეწოლით აიხსნება, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ინფორმაცია და ტექნიკური რესურსები აქვთ ნარკომოვაჭრეთა დევნისთვის.

    მაგალითად, გუსმანის სასამართლოზე ერთ–ერთი მთავარი სამხილი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გაშიფრული ზარები და მესიჯები იყო, რომელთა საშუალებით ის თავის დანაშაულებრივ ორგანიზაციას მართავდა. გუსმანი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

    “ნებისმიერი კრიმინალური სტრუქტურისთვის სერიოზული დილემაა, რომ ერთის მხრივ მკაცრი ცენტრალიზება კონტროლის გაუმჯობესებას იწვევს, მეორეს მხრივ კი ამ ორგანიზაციებს ხელისუფლებების წინაშე უფრო დაუცველს და ადვილად მოსახელთებელს ხდის“– ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ექსპერტი ლოუელა ანხელიკა დიურან–მარტინესი. თუმცა მეორეს მხრივ, დაჯგუფების დანაწევრების შედეგად ლიდერები თანდათანობით კარგავენ შესაძლებლობას ნარკობიზნესის მთელი ჯაჭვი აკონტროლონ: ნარკოტიკის წარმოებიდან მის გაყიდვამდე. ამას კარგად ახერხებდა ესკობარი მისი მედელინური კარტელით და ელ ჩაპო, რომელიც სინალოას კარტელს მეთაურობდა.

    “შესაძლოა დაჯგუფებები უფრო რეგიონულებად იქცნენ, საერთაშორისო ცნობადობის ნარკობარონების გარეშე, რომლებიც ტელესერიალების გმირები ხდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლოკალურ დონეზე ძლიერი ლიდერები არ იკვეთებიან“– ამბობს ექსპერტი.

    მართვის სტრუქტურის გარდა ტრადიციულ ნარკობაზარს პრობლემები ახალმა პროდუქტებმაც შეუქმნა.სინთეტიკური ნარკოტიკების მზარდმა პოპულარობამ კრიმინალური ბაზრის სტრუტურა შეცვალა – წერს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ექსპერტი სტივენ დადლი.
    “ მექსიკური კარტელები ისეთი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იქმნებოდა, როგორებიც არის კოკაინი და ჰეროინი. მათი წარმოება სერიოზულ სამუშაო ძალას მოითხოვს, რენტაბელობა კი მხოლოდ დიდი მოცულობების დროს მიიღწევა, ამიტომაც გამოიწვია ამ ტიპის ნარკოტიკებით ვაჭრობამ დიდი, ცენტრალიზებული კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა, რომლებსაც უზარმაზარი საერთაშორისო ქსელების კონტროლი შეეძლოთ, რაც როგორც პროდუქციის წარმოებას, ასევე მის გავრცელებას მოიცავდა.სინთეტიკური ნარკოტიკების წარმოება კი უფრო იაფი ჯდება“ – წერს ექსპერტი თავის სტატიაში სახელწოდებით “დიდი კარტელების დასასრული“, რომელიც ჟურნალ Foreign Affairs–ში გამოქვეყნდა. მას მაგალითად მოჰყავს ოპიოდური ანალგეტიკი ფენტანილი, რომელიც ჩინეთში იწარმოება და ფოსტით იგზავნება აშშ–ში, სადაც პატარა ჯგუფები მის საცალო გაყიდვას აწარმოებენ.

    ეს ყველაფერი ცხადყოფს, რატომ არის რომ ელ ჩაპოს დაკავებისა და ექსტრადიციის შემდეგაც კი აშშ–ში ნარკოტიკების ზედოზირებით სიკვდილის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, მექსიკაში კი ასევე რეკორდულია მკვლელობების მაჩვენებელი.

    “ნარკოდაჯგუფებებს შორის კონკურენცია გაიზრდება“– ამბობს მწერალი მალკოლმ ბეიტი, რომელიც ნარკობარონების და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ არაერთი წიგნის ავტორია. “უახლოეს წლებში ჩვენ იმდენ ახალ დაჯგუფებას ვიხილავთ, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა. ნაკლები ნარკობარონები, მეტი ნარკომოვაჭრე ჯგუფები“– ასეთია მწერლის სამწუხარო პროგნოზი.
  • გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში დაკრძალეს

    ოკუპირებულ გალის რაიონში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ირაკლი კვარაცხელიას პარაკლისი სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში  გადაუხადეს. დაკრძალვაზე ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ, თუმცა ხელისუფლების პირველი პირები სენაკში არ ჩასულან.

    29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

  • “ნიკას გარეშე არსებობა ვერ წარმომედგინა“–სააკაშვილი ნიკა რურუას დაბადების დღეს სტატუსს უძღვნის

    დღეს ნიკა რურუას დაბადების დღეა. ის 51 წლის გახდებოდა.  ნიკა რურუას მისი მეგობრები და თანამებრძოლები იხსენებენ. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მეგობარს ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა და 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს გადაღებული ფოტო დადო:

    “დღეს ნიკა რურუას დაბადების დღეა.ის იყო ზოგჯერ ძალიან უხეში და ბევრჯერ მაგრად გვიჩხუბია..და შემდეგ ყოველთვის ვრიგდებოდით .იმიტომ,რომ ნიკას გარეშე არსებობა,მაინც ვერ წარმომედგინა და ყველაფერს რაც არ მომწონდა ვივიწყებდი….ვერ წარმომედგინა იმიტომ,რომ ის იყო სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის ზუსტი საზომი და ახალი იდეების უშრეტი წყარო.მისი სიკვდილიც ხანდახან მისი მორიგი გამოხტომა მგონია და მინდა დავურეკო,კარგი მოდი,დავივიწყოთ და ხვალ შემომიარეთქო…ამჯერად, შერიგება აღარ გამოგვივა.უბრალოდ მისმა გარდაცვალებამ ის მასწავლა,რომ დრო ძალიან ცოტაა და მისი გაფლანგვის ფუფუნება არავის გვაქვს .საქართველო უკვე მეშვიდე წელს ფლანგავს ფუჭად…“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • საპროტესტო აქცია დუშეთში

    დუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულების გაიაფებას ითხოვენ, გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი გზის სავალი ნაწილიდან ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

    ამ დროისთვის სამანქანო გზა გახსნილია და მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან.

  • ბაბურინს, ზატულინს და მიგრანიანს “აფხაზეთის უნივერსიტეტის“ საპატიო წოდება მიანიჭეს

    ეგრეთწოდებული “აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამეცნიერო საბჭომ რუს პოლიტიკოსებს – სერგეი ბაბურინს და კონსტანტინ ზატულინს, ასევე პოლიტოლოგ ანდრანიკ მიგრანიანს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება მიანიჭა.
    “სპუტნიკ აფხაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო გვარამია ზატულინს ბაბურინს და მიგრანიანს “ასუ“–ს მეგობრებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ყოველთვის იცავენ “რესპუბლიკის“ ინტერესებს.
    “კონსტანტინ ფიოდოროვიჩ ზატულინი ომის შემდეგ მალევე მოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში ,სტუდენტებს რამდენიმე ლექცია ჩაუტარა, შემდეგ კი იყო რამდენიმე მრგვალი მაგიდა რუსეთში და იქ ზოგიერითი ცრუპატრიოტი ცდილობდა ეთქვა, რომ ასუ რაღაც გაუგებარი უნივერსიტეტია, რაზეც ზატულინმა ურჩია ის გზა გაევლოთ, რაც ამ უნივერსიტეტმა გაიარა და მერე შეედარებინათ “ასუ“ თავისი სასწავლო დაწესებულებებისთვის.“ – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი და ყვება, რომ ზატულინი ბევრჯერ იმყოფებოდა აფხაზეთში და ყოველთვის ინტერესდებოდა უნივერსიტეტში არსებული ვითარებით.
    რაც შეეხება სერგეი ბაბურინს ალეკო გვარამიას თქმით ის ჯერ კიდევ 1990–იან წლებიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული აფხაზეთთან, მხარს უჭერდა მის დამოუკიდებლობას და კონკრეტულად მათ უნივერსიტეტს. საპატიო ტიტულიც ამისთვის დაიმსახურა.
    რაც შეეხება ანდრონიკ მიგრანიანს, “ასუ“ ს რექტორის თქმით “მისი მრავალრიცხოვნი ინტერვიუები აფხაზეთთან დაკავშირებით მეტყველებს, რომ ის ობიექტური ადამიანია“.
    “ის შემპირდა, რომ ჩამოვა და ჩვენს სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს.“ თქვა გვარამიამ.
    საპატიოდოქტორის სტატუსის მინიჭების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორი ნომინანტებისგან სხვადასხვა ფორმით დახმარებას ელის.
    რაც შეეხება თავად ნომინანტებს, მიგრანიანი ამ წოდების მიღებას სასიამოვნო მოულოდნელობას უწოდებს.
    “ყოველთვის ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მადლიერი ერი აფხაზი ერია. “
    მიგრანიანი კი ამობს, რომ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც აფხაზეთში მისთვის შეიძლებოდა გაეკეთებინათ.მისი აზრით აფხაზები გულწრფელად მადლიერნი არიან იმის გამო, რომ ის კეთილგანწყობით და უანგაროდ ეკიდება რესპუბლიკას და აფხაზი ხალხის პრობლემებს.
    შეგახსენებთ, რომ სამივე ზემოთჩამოთვლილი პერსონა საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ წლების მანძილზე აგრესიული პოზიციით და მძაფრი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.
  • ორთაჭალაში ის მშენებლობა შეჩერდა, საიდანაც სამი მუშა გადმოვარდა

    ორთაჭალაში ის მშენებლობა შეჩერდა, საიდანაც გუშინ 3 მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ორი დაიღუპა. სამინისტროში ამბობენ, რომ ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობსითვის კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

    “გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება,” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • რუსეთმა საქართველოს ყველა მტკიცებულება უნდა გადასცეს – ევროკავშირის ელჩი კვარაცხელიას საქმეზე

    ევროკავშირის ელჩი საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

    “ევროკავშირი მიესალმება მისი ცხედრის სწრაფად გადმოცემის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას ყველა საჭირო მტკიცებულება გადასცეს მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ექმნებათ კონფლიქტისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად.“– ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

    29 წლის ირაკლი კვარაცხელია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზური მხარე ამბობს, რომ მან თავი მოიკლა. თუმცა ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.
  • კლუბში და რესტორანში თანხის გამოძალვისთვის ბათუმში 6 ადამიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავა. მათ შორის ორი თურქეთის მოქალაქეა. შსს–ს ინფორმაციით ექვსივე წარსულში ნასამართლევია. ესენი არიან:1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი.
    მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა. ისინი, თანამზრახველებთან ერთად, ამ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.
    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • მოკლული პოლიციელის ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

    სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის რეალური მიზეზი მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი. ხმაურიან აქციაზე ბუტა ანთაძის ოჯახმა ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო.ირკვევა, რომ ღამით მძინარე პოლიციელი სახლიდან, რომელიც წესით ფილტვების ანთების გამო ბიულეტენზე უნდა ყოფილიყო, სოფელში სამორიგეოდ გაუშვეს, რადგან ივანიშვილის მიერ შერჩეულ ხეს ესკორტი სჭირდებოდა და მთელი პოლიციის განყოფილებაც ღამის საათებში ქუჩაში გაიყვანეს.

    პოლიციის განყოფილების უფროსი 16 მაისის ღამეს მოკლეს. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა დანით დაჭრა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბესიკ ტაკიძემ ბუტა ანთაძეს ზურგში დანით მხოლოდ ერთი ჭრილობა მიაყენა. 14 სანტიმეტრის სიღრმის შემავალი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. პოლიციელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

    ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მკვლელისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. ბუტა ანთაძის ახლობლებს ბათუმის ცენტრალური გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ითხოვდნენ.