Blog

  • შსს ზუგდიდში ოპოზიციის წევრების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ  განცხადება გაავრცელა ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრის დაკავების შესახებ.

    “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

    სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

  • „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გაათავისუფლეს

    „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გაათავისუფლეს. ზუგდიდის პოლიციის შენობა მან ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

    „ნაცვალად იმისა, რომ უსაფრთხოებას იცავდნენ, დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით და იმ კანდიდატის დენით, რომელიც არჩევნებს იგებს. სამწუხაროდ, პოლიცია აქციეს ამ იარაღად. მივდიოდით პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რა დროსაც ახორციელებდნენ თვალთვალს, მათ ვთხოვეთ ეჩვენებინა საბუთები, როდესაც არ გვაჩვენეს გამოვიძახეთ პოლიცია. არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები”,- განაცხადა პატარაიამ.

    მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში განუმარტეს, რომ დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში ამ დრომდე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი.

    დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია,ასევე პარტიის წევრები ანი წითლიძე  და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

  • ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს

    ზუგდიდში ვითარება დაიძაბა,  სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის ინციდენტი მოხდა. დაკავებულები არიან  “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია, საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია.

    ვითარება იმ დროს დაიძაბა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრებს მართავდა. მერობის კანდიდატის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

    ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობი პირები და რატომ დაჰყვებოდნენ ისინი მერობის კანდიდატს.

    ვითარების განსამუხტად ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ოპოზიციის წევრები დააკავეს.

  • ივანიშვილის ქონება შარშანდელთან შედარებით 300 მილიონით გაიზარდა


    Forbes Georgia–ს მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება შარშანდელთან შედარებით 300 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ის მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში 365–ე ადგილს იკავებს. ფორბსმა ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდისა და კლების მაჩვენებელი გრაფიკულად წარმოადგინა 2010 წლიდან ამ პერიოდის მანძილზე ყველაზე მდიდარი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს იყო. ამ წელს მისმა ქონებამ 6.4 მილიარდი შეადგინა. მას შემდეგ კლება იწყო, თუმცა 2019 წლის მონაცემებით ის უფრო მდიდარია, ვიდრე 2010 წელს იყო.

  • ქართულმა ოცნებამ ლადო კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარად ოფიციალურად წარადგინა

    ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის რაონის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე ოფიციალურად მთაწმინდის პარკში წარადგინა. წარდგენისას სცენაზე ავიდნენ და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პრემიერ მინისტრმა და თბილისის მერმა.

    მამუკა ბახტაძის თქმით დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მისი აზრით სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო.

    “საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა. ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა – ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს მე ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვის განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა. შარშან ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში ჩვენი მოქალაქეებისგან მივიღეთ კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენი საზოგადოება ელოდება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს და მე მსურს, შეგპირდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს. მთაწმინდა არის გამორჩეული ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის. ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი – ლადო კახაძე. ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება“. – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

    კახა კალაძე ამბობს, რომ მთაწმინდის რაიონი თბილისის გულია და საქართველოს ახალი ისტორია, სწორედ აქ, ამ ისტორიულ უბანში იწერება.

    “დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ქართველი, თითოეული მთაწმინდელი, ამ ულამაზესი რაიონის ქუჩებში,შევქმნით ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიას, რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათა მკვლელ ომს, თუ სამოქალაქო დაპირისპირებას, ადგილი აღარ ექნება ტრიბუნიდან შუღლისკენ მოწოდებებს, ადგილი აღარ ექნება ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და სწორედ 9 აპრილის იდეალებით ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის საქმეს. სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღსავსე, სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარმოდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად. ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით.

    სწორედ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულებაა ის, რაც ბოლო დროს ჩვენს ყოველდღიურობას და მითუმეტეს პოლიტიკას ძალიან აკლია. ამიტომ, მთაწმინდელებს დეპუტატობის კანდიდატად წარვუდგენთ თავის ქვეყანაზე და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. ბატონ ლადო კახაძეს. ბატონო ლადო, თქვენ იცით, რომ მთაწმინდაზე ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რადგან მის მდიდარ არქიტექტურულ და კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით არსებული პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად და გასავითარებლად.

    მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და ჩვენ თქვენთან ერთად, მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა ავითვისოთ, რაც არსებითად გაზრდის მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდელების თანადგომით, თქვენ ღირსეულად გაიმარჯვებთ და თქვენი სახით, თბილისს, მთაწმინდის ოლქს პარლამენტში კიდევ ერთი ღირსეული ქომაგი შეემატება.

    თბილისი აუცილებლად იქნება სისოცხლით, ტრადიციებით, კეთილდღეობით სავსე ქალაქი და ამას ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად შევძლებთ!“ – განაცხადა კალაძემ.

  • ბრექსიტი 31 ოქტომბრამდე გადაიდო

    ევროპის კავშირის ლიდერები  შეთანხმდნენ , რომ ბრიტანეთს ბლოკის დატოვებისთვის დამატებით 7 თვე მისცენ. ლონდონს ახალი ვადა 31 ოქტომბრისთვის დაუწესდა.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ლიდერებთან ბლოკის დატოვების პირობებზე შეთანხმებას გასულ წელს მიაღწია. თავიდან ევროკავშირის დატოვების ვადად 29 მარტი იყო დათქმული. ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ დააყენა კენჭისყრაზე და სამჯერვე ჩააგდო.

    ბრიტანეთს ახალი ვადა ამ პარასკევს ეწურებოდა. ამ ეტაპზე, თუკი ორივე მხარე მიღწეულ შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრიტანეთი ევროპის კავშირიდან 1 ნოემბერს გავა.

  • სკარლეტ იოჰანსონის თამამი ჩაცმულობა “შურისმაძიებელთა“ პრემიერაზე

    34 წლის სკარლეტ იოჰანსონი ფილმ “შურისმაძიებლები: ფინალი“–ს ლონდონური პრემიერის ვარსკვლავი გახდა.მსახიობს საღამოზე ტომ ფორდის შავი ატლასის კომბინიზონი ეცვა ასიმეტრიული ყელით და ღრმა დეკოლტეთი. რა თქმა უნდა, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ვარცხნილობა ფართო განხილვის თემა გახდა.
    თავად სკარლეტმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: “იმედი მაქვს ფილმი მაყურებელს მოეწონება და ისინი იპოვნიან პასუხებს ფილმის ბოლო ნაწილში დასმულ კითხვებზე“.

    ფილმში იოჰანსონი ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს – შავ ქვრივს, ნატაშა რომანოფს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით შურისმაძიებელთა გუნდის ცოცხლად გადარჩენილი წევრები და მათი მოკავშირეები ამუშავებენ გეგმას, რომლითაც სუპერბოროტმოქმედი ტანოსი უნდა დაამარცხონ.

  • „დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს“ – ზურაბ გურული

    ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული  ქართული წარმოების პირბადეებს სოციალურ ქსელში ეხმაურეა. როგორც ის აღნიშნავს პირბადეების გამოყენება ვირუსს ვერ 100%-ით გაფილტრავს, თუმცა მისი გამოყენება ვარგისია მხოლოდ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

    „ბევრი შეკითხვა მივიღე ინბოქსში და ამიტომ საჯაროდ ვუპასუხებ ყველას ჩემს მოსაზრებაზე ქართული წარმოების ნიღბებთან დაკავშირებით. ფართო მასებისათვის მოსახმარი ნიღაბის მთავარი დანიშნულებაა ვირუსის განსაკუთრებულად დიდი, ტოქსიკური დოზებისაგან თავის არიდება, საუბარით, ხველებითა და ცემინებით გამოფრქვეული ნერწყვის მექანიკური შეჩერებით. ამასთან, სახეზე ხელის უშუალოდ შეხების შანსების მაქსიმალური შემცირება.

    ვირუსის ფილტრაციას ასეთი ნიღბები ვერ მოახდენენ და არც არიან ამისთვის შექმნილი. ვირუსმფილტრავი ნიღბების წარმოება ძალიან ჩახლართული და რთული ტექნოლოგიაა, ამასთან ძვირადღირებულიც, ამიტომ მათი მასობრივი წარმოების აწყობა ხანგრძლივ პროცესსა და დიდ თანხებს მოითხოვს. ამასთან, ფართო მასებს ნამდვილად არაფერში სჭირდებათ ვირუსმფილტრავი ნიღბები. სოციალური დისტანციის დაცვა და უბრალო მექანიკური ბარიერი ცხვირპირზე საკმარისია.

    ვირუსმფილტრავი ნიღბები სჭირდებათ სამედიცინო პროფესიონალებს და დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სხვა ადგილებში მომსახურე პერსონალს.შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის ქართული ნიღბები საკმარისია და არავითარი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმება არ სჭირდება, რადგან აბსოლუტურმა დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს. ამიტომ ამაზე აპელაცია კომიკურია და ვერ ვხვდები რა უნდა შეემოწმებინა ლაბორატორიას.

    ვიზუალზე და ფინანსურ მაქინაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს უკვე მოქალაქეთა ესთეტიკური და პოლიტიკური პრეფერენციების სფეროა და მე პირადად სისულელედ მიმაჩნია მასში ჩარევა, მითუმეტეს რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ფრიად კმაყოფილია! ” – დაწერა საკუთარ ფეისბუქზე  ზურაბ გურულმა.

  • ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სანდრა რულოვსის შეხვედრაზე

    „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დღეს, ზუგდიდში მოსახლეობასთან სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

    მათი ინფორმაციით, მთავარი მოქმედი გმირი მმართველი პარტიის აქტივისტი გიორგი გოგინავა იყო, რომელიც სიტუაციის პროვოცირებას მაშინ შეეცადა, როცა ოპოზიციის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრებოდა, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

    ვიდეოკადრებს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

  • სანდრა რულოვსი სოფელ ჭითაწყაროში დევნილებს შეხვდა(ვიდეო)

    დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ ჭითაწყაროში იმყოფებოდა. ზუგდიდის მერობის კანდიდატი დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

    კორპუსს, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, ქარმა სახურავი გადახადა, რის გამოც მაცხოვრებლებს   წვიმის დროს, ბინაში წყალი ჩასდით.

    “ხელისუფლება მობინადრეებს არაერთხელ დაჰპირდა როგორც სახურავის, ასევე კორპუსამდე მისასვლელი გზის შეკეთებას, თუმცა არც ერთი მოუგვარებია. ჭითაწყაროელებს სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც დაპირებებს შეასრულებს. ზუგდიდის მერის არჩევნები ამისთვის მშვენიერი შანსია” – განაცხადა სანდრა რულოვსმა.