Blog

  • შსს–მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზატორები დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი – 1975 წელს დაბადებული ა.ზ. და 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. 

    შსს–ს ინფორმაციით  ა.ზ. ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში სარეალიზაციოდ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, აფასოებდნენ და შემდგომ სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, სამალავებში ათავსებდნენ.

    დაჯგუფების წევრები აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდნენ, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდნენ.

    სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ა.ზ.-ს საცხოვრებელი ბინის და ამავე ბინაში მყოფი 6 პირის პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ემბაუმი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და​ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

    პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    დანაშაული 7–დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შსს–ს ინფორმაციით მხილებული არიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.

    გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • V საარტილერიო ბრიგადაში სამხედროების ოჯახის წევრები დასათვალიერებლად შეუშვეს

    თავდაცვის უწყების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა V საარტილერიო ბრიგადაში სამხედროების საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. მათ სამედიცინო პუნქტი, ყაზარმები, სასადილო და ყველა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ. V საარტილერიო ბრიგადაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 90-მდე სამხედრო გადის.

    თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ 6 თვეში ერთხელ, ღია კარის დღეების ფარგლებში, ადგილზე გაეცნონ კვების, საყოფაცხოვრებო და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღებაც დაათვალიერეს.

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით  უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახური, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, განახლებული ფორმით ფუნქციონირებს. ახალი სისტემით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო მოსამსახურეების ანალოგიურად, 10 კვირიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გადიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობით სარგებლობენ. გაიზარდა წვევამდელების ყოველთვიური ანაზღაურებაც.

  • ბათუმის პოლიციის სამმართველოში საკრებულოში ჩხუბის მონაწილეები გამოკითხეს

    აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბათუმის საკრებლოს წევრების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

    დეპუტატების განცხადებით, სამართალდამცავებს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან ჰქონდათ შეკითხვები.

    ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ორივე შემთხვევაში სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება ქართული ოცნების დეპუტატებმა დაიწყეს.

    მირდატ ქამადაძის თვლის, რომ  მმართველი გუნდის წევრებს მწვავე შეკითხვებზე პასუხის გასაცემად არ ჰყოფნით ინტელექტი ან ვერ თოკავენ ემოციებს და გადადიან ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

    ქართული ოცნების წევრები კი ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

  • ტრამპი: “ვიკილიქსის” შესახებ არაფერი ვიცი”

    ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ “ვიკილიქსის” შესახებ არაფერი იცის. ვებგვერდის თანადამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი ორი დღის წინ დააკავეს და მას ჰაკერული შეთქმულების ბრალდება წაუყენეს. ბრალდება ემყარება ასანჟის თანხმობას აშშ-ის მთავრობის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შესაღწევად პაროლის გატეხვაზე.

    47 წლის, წარმოშობით ავსტრალიელი ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. საელჩო მას ხუთშაბათს დაატოვებინეს. ეკვადორმა მას თავშესაფარი გაუუქმა და ის ბრიტანეთის პოლიციას გადასცა. ეკვადორის ოფიციალური განცხადების თანახმად, ის არღვევდა თავშესაფრის მიღების პირობებს იმით, რომ აგრძელებდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას.

    “ვიკილიქსი” არასამთავრობო არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ვებგვერდზეც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა საიდულომლო და კონფიდენციალური ინფორმაცია.

    დონალდ ტრამპს ასანჟის დაპატიმრების შესახებ ხუთშაბათს ჰკითხეს. “არაფერი ვიცი “ვიკილიქსის” შესახებ. ეს არაა ჩემი თემა”, თქვა ტრამპმა. “ვიცი, რომ რაღაც აქვს საერთო ასანჟთან. ვფიქრობ გენერალური პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას”, – ამბობს პრეზიდენტი.

    თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპს ხშირად მოჰყავდა “ვიკილიქსი” როგორც მაგალითი და წყარო დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის გატეხილი იმეილიებისა. პენსილვანიაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა: “ვიკილიქსი! მე მიყვარს “ვიკილიქსი!”

    წყარო: ამერიკის ხმა

  • საკვები სოდის სასწაულმოქმედი თვისებები. მითები და რეალობა

    ინტერნეტ სივრცეში უამრავ რეცეპტს და რჩევას წააწყდებით სოდასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს უამრავ დაავადებას კურნავს – გულძმარვიდან დაწყებული სიმსივნით დამთავრებული. ღირს თუ არა მართლაც ამ ტენდენციის აყოლა და სოდის “ყოვლისშემძლეობის“ დაჯერება.
    ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, როგორც ქიმიკოსები საკვებ სოდას უწოდებენ, ოფიციალურად გამოდის წამლის სახით. ის ვენაში შეყავთ მძიმე ინფექციების, მოწამვლის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა შემთხვევებში, როცა აციდოზი (სისხლში მჟავიანობის მომატება) ვითარდება. ეს არის გადაუდებელი თერაპიის საშუალება. არცთუ დიდი ხნის წინ სოდა ფხვნილის სახით იყიდებოდა გულძმარვის საწინააღმდეგოდ. საბჭოთა დროში კი სოდის რექტალური სანთლები იყიდებოდა ე.წ. ზღვის დაავადების საწინააღმდეგოდ.
    ფხვნილები და სანთლები გაყიდვაში დიდი ხანია აღარ გვინახავს, თუმცა არავინ გვიშლის ჩვეულებრივი საკვები სოდა გამოვიყენოთ. ის მართლაც ეფექტურია ზოგიერთი დაავადების დროს. მაგალითად, სოდა ათხევადებს ნახველს და ამსუბუქებს ხველას. ამ შემთხვევაში სოდის მიღების ოპტიმალური ფორმა სოდიანი ინგალაციაა. თუმცა შესაძლებელია ცხელ რძესთან ერთად მისი მიღება – 1/3 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა რძეზე.
    სხვათა შორის, სოდა შედის ხველის საწინააღმდეგო მრავალკომპონენტიანი – თერმოპსისის და ტერპინკოდის წამლების შემადგენლობაში. ისინი ძალიან იაფი ღირს თანამედროვე პრეპარატებთან შედარებით, თუმცა ეფექტურობის მხრივ არ ჩამოუვარდება.გაციებისა და სტომატიტის დროს პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლებაც ეფექტურად ითვლება.
    თუმცა სოდას ყველაზე ხშირად გულძმარვის დროს იყენებენ. დიდი ქიმიკოსობა არ არის საჭირო მისი მოქმედების მექანიზმის გასაგებად. სოდა – ტუტე ნივთიერებაა, რომელიც მარილმჟავას ანეიტრალებს, რომელიც თავის მხრივ გულძმარვას იწვევს. ის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მოქმედი და ეფექტური ანტაციდია. თუმცა არცთუ საუკეთესო. მჟავასთან მისი სწრაფი რეაქციის დროს ბევრი ნახშირმჟავა გაზი გამოიყოფა, რაც რაც კუჭის გაფართოებას, შედეგად კი მჟავის ახალი პორციის გამოყოფას იწვევს. ამას რიკოშეტის სინდრომს უწოდებენ. სოდას ხანმოკლე მოქმედება აქვს, ამიტომ მისი მიღება ადამიანს ხშირად უწევს, რამაც შეიძლება ალკალოზი, ანუ სისხლის ალკალიზაცია გამოიწვიოს. ამიტომაც თუ გადაწყვიტეთ გულძმარვა სოდით გაანეიტრალოთ, მხოლოდ ერთჯერადად და ეპიზოდურად. ხანგრძლივი მკურნალობისთვის ჯობს თანამედროვე ანტაციდები გამოიყენოთ.
    როცა ინტერნეტში კითხულობთ, რომ საკვები სოდის უნარს ბაქტქერიები დახოცოს, კიბოს თერაპიაში იყენებენ, გაითვალისწინეთ, რომ ამას კვალიფიციურ მსჯელობასთან საერთო არაფერი აქვს. არც ბაქტერიები და არც სოკო კიბოს არ უკავშირდება. თუმცა რეალობა ის არის, რომ ექიმები მაინც სერიოზულად სწავლობენ სოდის როლს კიბოს მკურნალობაში. ის ავთვისებიან უჯრედებს წამლების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის და ამით თერაპიის ეფექტურობას ამაღლებს. გასულ წელს ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარებმა ასეთი მოქმედების მექანიზმი გაშიფრეს. ლაბორატორიულ ცხოველებს, რომლებიც კიბოთი იყვნენ დაავადებული სოდიან წყალს ასმევდნენ. შედეგად ავთვისებიანი უჯრედები წამლების მოქმედებას უკეთ ექვემდებარებოდნენ.
    2018 წელს აშშ–ში, ოგასტის უნივერსიტეტში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ნახევარ ჩაის კოვზ სოდას შეუძლია დაეხმაროს ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებს, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს, როცა ადამიანის იმუნური სისტემა ორგანიზმს თავად უტევს აგრესიულად და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. სოდამ სისხლის იმუნურ უჯრედებში, ელენთაში და თირკმელებში ცვლილებები გამოიწვია, რომლებმაც ეს აგრესია შეასუსტა. ეფექტი აშკარა იყო როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. გარდა ამისა სოდამ თირკმელის უკმარისობის დამუხრუჭება გამოიწვია.
    კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება და მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. თუმცა როგორც გამოცდილება აჩვენებს, იაფფასიანი მეთოდები და პრეპარატები ბაზარზე ძნელად მკვიდრდება.ფარმაცევტული კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი და ადვილია ისეთი პრეპარატების აქტუალიზაცია, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს და დიდ მოგებას ტოვებს. თუმცა სოდას მაინც აქვს შანსი. მასთან დაკავშირებულ კვლევებს არა რომელიმე ფირმა, არამედ აშშ–ს ნაციონალური ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტი აფინანსებს.
  • რატომ უკიდიათ საპატრიარქოს შესასვლელში რუსეთის პატრიარქის პორტრეტი. საპატრიარქოს განმარტება

    ბიძინა ივანიშვილის საპატრიარქოში სტუმრობის შემდეგ გამოხმაურება მოყვა იმ ფოტოს, რომელზეც კედელზე ჩამოკიდებული რუსეთის პატრიარქის, ალექსი პირველის პორტრეტი ჩანს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკულ შეფასებებს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით პასუხობს:

    “საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა.

    ესენია:

    რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I, რომელიც 1943 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ პირველად ოფიციალურად ჩამოვიდა საქართველოში და მცხეთაში უწმიდეს კალისტრატესთან ერთად ერთობლივი წირვა აღასრულა.
    და

    მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.

    ასე რომ, ნებისმიერი პიროვნება კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პიროვნების პორტრეტთან.

    დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე, ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.

    სამწუხაროდ, ბოლო დროს ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

    P.S. კადრში ჩანს ორივე პატრიარქის ფერწერული ტილო.“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • სუსმა ქრთამის აღების ბრალდებით მებაჟე დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი გია გ. დააკავეს.

    სუს–ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა. კერძოდ, იგი არ დააფიქსირებდა არადეკლარირებულ საქონელს, რომელიც ავტომანქანაში მალულად იქნებოდა განთავსებული, რის სანაცვლოდაც მოქალაქეს ქრთამის სახით ეტაპობრივად 5000 ლარი გამოართვა.

    გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • ნაპოვნია უძველესი ადამიანის ახალი სახეობა

    არქეოლოგმა არმანდ მიჯარესმა ფილიპინების გამოქვაბულში ძვლების უცნაური ნარჩენები იპოვა. ძვლები ძალიან ჰგავს ადამიანისას, მაგრამ არც იმდენად, რომ იგივე სახეობად ჩაითვალოს.

    ჰომინიდების ჯგუფის პრიმატი ადამიანის ერთგვარი ბიძაშვილია, რომელიც მასზე გაცილებით დაბალია და ლიტერატურულ პერსონაჟებს, მცირე ზომის ჰობიტებს ჩამოჰგავს. მას ლათინურად Homo Luzonensis უწოდეს.

    აღმოჩენის პრეზენტაცია ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ხუთშაბათს, 11 აპრილს გაიმართა. არქეოლოგ არმანდ მიჯარესის თქმით, პრიმატი დედამიწაზე დაახლოებით 50 ათასიდან 67 ათასამდე წლის წინ სახლობდა. მეცნიერი ასევე ამბობს, რომ ამ სახეობის წარმომადგენლები სავარაუდოდ, აღმოჩენის ადგილზე არ ცხოვრობდნენ, მათი ძვლები გამოქვაბულში შესაძლოა წყალმა შერეცხა.

  • რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადება ყველაზე მეტი მილიარდერი

    ბრიტანულმა ბიზნესრესურსმა, The UK Domain–მა ფორბსის მილიარდერთა განახლებული სია გააანალიზა, რათა განესაზღვრა, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადება სტატისტიკურად ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი. შედეგები სიის 250 წევრის დაბადების დღეების თარიღების ანალიზს ეფუძნება.
    როგორც ირკვევა, მდიდრების ტოპ–სიაში ყველაზე მეტი სასწორია, ანუ 23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები. სულ 250 კაციანი სიიდან 27 მილიარდერი სწორედ სასწორია.
    ასტროლოგები ამას სულაც არ თვლიან გასაოცრად. სასწორის მმართველი პლანეტა– ვენერა ცნობილია არა მხოლოდ მისი სასიყვარულო ხიბლით, არამედ სიმდიდრის მიზიდვის უნარითაც. ეს არის წონასწორობის ნიშანი, ამიტომაც ფულთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მისი წარმომადგენლები აწონ–დაწონვის შედეგად იღებენ. გარდა ამისა, სასწორების ხასიათი პრაქტიკულად გამორიცხავს იმპულსიურ საქციელს თუ შენაძენს. ისინი ყველაფერს დიდხანს იაზრებენ.
    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – მათ კოსმიურ რუკაზე მერვე სახლი, რომელიც ტრანსფორმაციას უკავშირდება კუროს მიერ იმართება და დაბადებასა და სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასწორებს უფრო მეტი შანსი აქვთ კარგი მემკვიდრეობა მიიღონ.
    თუმცა ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად ფილოსოფიის დოქტორი, ასტროლოგი და მკვლევარი კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტიდან რაჯ ჩადხა, რომელიც ამტკიცებს, რომ მრავალი წელია მდიდარი ადამიანების ასტროლოგიურ მონაცემთა ბაზას აკეთებს და ვერ დაადასტურებს, რომ მილიარდერების უმრავლესობა სასწორები არიან. მისი აზრით შეუძლებელია თეორია მხოლოდ ერთ მონაცემზე – ოფიციალურ ზოდიაქოს ნიშანზე დააფუძნო. მისი აზრით ყველა პლანეტა ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული – მათი ფართობითი ძალა და ნატალურ რუკაში მდებარეობა. სწორედ ეს ინდივიდუალური თანწყობა ახდენს გავლენას ადამიანის ბედზე.
    რეიტინგის კრიტიკოსებს კიდევ ერთი არგუმენტი აქვთ: ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნების სიის ბოლოში აღმოჩნდნენ მშვილდოსანი და თხის რქა. (ფორბსის 250 კაციან სიაში 8 თხის რქა და 8 მშვილდოსანია). არადა, ნებისმიერმა ასტროლოგმა იცის რამდენად შრომისმოყვარეები, ამბიციურები და კონსერვატიულები არიან ფულთან ურთიერთობაში თხის რქები, რაც მათ საშუალებას აძლევს დიდი ქონება დააგროვონ. მაგალითად, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი – ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი სწორედ თხის რქაა.
  • ყაზბეგში გზის მშენებლობა კერძო ნაკვეთებზე მეპატრონეთა ნებართვის გარეშე დაიწყეს

    ყაზბეგში ტურისტული გზის მშენებლობა ადგილობრივების კერძო მიწის ნაკვეთებზე ხელისუფლებამ მათი ნებართვის გარეშე დაიწყო. 

    სნო-ჯუთა-როშკის დამაკავშირებელი ტურისტული გზის პროექტირება დასრულდა, თუმცა, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება ვერ შედგა. კომპენსაციის სახით, სნოელებს კვადრატულ მეტრში 10 ლარი შესთავაზეს.

    ადგილობრივებისთვის, ვისთვისაც მიწა შემოსავლის ძირითადი წყაროა, ეს თანხა მიზერულია. უარის მიუხედავად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამუშაოები მაინც დაიწყო.

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში გზა 29 ნაკვეთზე გავა. მოსახლეობა ითხოვს, მათი მიწები საბაზრო ფასის მიხედვით შეაფასონ და კომპენსაცია ისე გადაუხადონ.

    მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად სოფელ სნოში დღეს ყაზბეგის მერი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეთანხმება ვერ შედგა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, მოსახლეობას რატომ ჩამოაჭრეს ტერიტორიები დაუკითხავად.

    გზის მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, ტურისტული მაგისტრალი სნოსა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს, ჯამში, 200-კილომეტრიანი მარშრუტი ჭიუხებზე სამანქანო გზის გაჭრასაც ითვალისწინებს და 140 მილიონი ლარი ჯდება.

    მხოლოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ამბიციური პროექტი 4 სოფელის მოსახლეობის მიწებზე გაივლის. შეთავაზებულ 10 ლარზე ადგილობრივები უარს ამბობენ, მიუხედავად ამისა, კერძო საკუთრებაში მეპატრონეების გვერდის ავლით, გზა მაინც გაყავთ.