Blog

  • “თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს“ ვახტანგ კიკაბიძე საყვარელი მეგობრის გარდაცვალებაზე და მათ მეგობრობაზე

    9 აპრილს მოსკოვში საბჭოთა და რუსული კინოს კლასიკოსი, რეჟისორი გიორგი დანელი დაკრძალეს. მის დაკრძალვას არ დასწრებია მისი უახლოესი მეგობარი და მის ოთხ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. ის რუსეთში 2008 წლის რუსეთ–საქარველოს ომის შემდეგ არ ჩადის და არც კონცერტებს მართავს.

    ვახტანგ კიკაბიძემ მისი საყვარელი მეგობარი ბიბისისთან საუბარში გაიხსენა –   მათი ერთობლივი მუშაობა ლეგენდარულ ფილმებზე და მეგობრობა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეს გრძელდებოდა. ბიბისის კორესპოდენტმა კიკაბიძე რეჟისორის დაკრძალვის წინა დღეს ჩაწერა.

    “გია წავიდა… თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს. ძალიან მიჭირს ლაპარაკი. მისი დავიწყება ძალიან ძნელი იქნება. 45 წელი ახლო მეგობრები ვიყავით.
    ოჯახის წევრებმა იცოდნენ, მე არაფერი არ ვიცოდი (გიორგი დანელიას სიკვდილი) და არ მეუბნებოდნენ. მე კლინიკაში ვიწექი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. მოსკოვიდან დამირეკეს და მკითხეს, ჩავიდოდი თუ არა დაკრძალვაზე.

    დაკრძალვაზე ჩასვლა არ შემიძლია. ჯერ ერთი, ჯანმრთელობა და მეორე – ვიზები. რუსეთის ვიზის თხოვნას არ ვაპირებ. უკვე მეათე წელია რუსეთში არ დავდივარ.  გიას სიკვდილი რომ გავიგე მთელი ღამე არ მძინებია. კინემატოგრაფმა დიდი დარტყმა მიიღო, არსებიბით. იმიტომ რომ დანელია გენიალური რეჟისორი იყო, მსოფლიო კლასის.

    მე რომ კინოს მსახიობი გავხდი, დანელიას ბრალია. მე ქუჩაში გავიზარდე. როგორც ჩანს ღმერთმა გადაწყვიტა ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა და მასთან შევეხვედრებინე.ვიცი, რომ კინოში მსახიობის ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ყველას ვეუბნები რომ მთავარი რეჟისორია. არიან რეჟისორები, რომლებიც კინოს მაყურებლისთვის კი არა საკუთარი თავისთვის აკეთებენ. ტარკოვსკი იყო ასეთი. გია კი თავისთვისაც აკეთებდა და სხვისთვისაც. “მიმინო“ ისე გადაიღო, რომ ყველა მაყურებელს ვინც ამ ფილმს უყურებდა თავი ფილმის გმირებად წარმოედგინა.

    ოთხ ფილმზე ვიმუშავე მასთან ერთად და ნასწავლი ტექსტით არასდროს მივსულვარ. კინოში ასე არ ხდება. მსახიობმა ტექსტი ზეპირად უნდა იცოდეს. ჩვენ კიდევ ვსხდებოდით და ყველაფერს ახლიდან ვწერდით. რაღაც სიუჟეტები იცვლებოდა. ვგიჟდებოდი იმპროვიზაციაზე.
    როცა გადაღებას ამზადებდა, სახლში ყველა კადრს ხატავდა, ახლა სამწუხაროდ რეჟისორები ასე არ მუშაობენ. გადაღების დაწყებამდე უკვე ზუსტად იცოდი მთელი განლაგება. მერე მთელ ჯგუფს კრებდა და ყველა განიხილავდა როგორ უნდა გადაეღოთ. ყველა რაღაცას სავაზობდა. ყველას უსმენდა და საუკეთესოს ირჩევდა. აი ასეთი იყო – უმსუბუქესი ადამიანი.

    კოლოსალური იუმორი ქონდა. ცხოვრებაში რაღაცეებს ერთნაირად ვუყურებდით და ამას მაშინვე მივხვდით.

    ძალიან ხშირად გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ როცა ომი დაიწყო, რუსეთში აღარ დავდიოდი. ეს თემა დავხურე. ის რუსეთის მოქალაქე იყო, კინოთი ცხოვრობდა. რამდენადაც ვიცი მას აქ, საქართველოში არავინ არ ეძახდა ფილმების გადასაღებას. ჩემი აზრით, ყველა ქართველმა არ იცის როგორი ქართველი გვყავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მასზე ლოცულობდნენ. ეს იყო უნიკალური რეჟისორი.
    ერთმანეთს ვურეკავდით ხოლმე. მერე უკვე, როცა ჯანმრთელობა ძალიან შეერყა მითხრა: “ბუბა, ალბათ მალე წავალ. მე ხომ შენზე უფროსი ვარ, შენზე ადრე უნდა წავიდე. როცა შენც წამოხვალ, ჭიშკარში შემოსვლისას წმინდა პეტრეს მხარეს წამოდი, მარჯვენა მხრიდან დაგელოდები.
    ძალიან ცოტა მეგობარი დამრჩა – თითებზე ჩამოსათვლელი , უკვე ისეთ ასაკში ვარ. ბევრი უკვე იქით წავიდა. ალბათ ოდესმე იქ შევიკრიბებით. ადამიანმა დაბადებით ღმერთისგან საჩუქარი მიიღო და ლამაზად უნდა წავიდეს. გია ძალიან იტანჯებოდა. ასე არ უნდა ეავადმყოფა. სხვანაირად უნდა ყოფილიყო.“– ამბობს კიკაბიძე.

    ვახტანგ კიკაბიძემ მეგობარს გამოსათხოვარი წერილი გაუგზავნა, რომელიც მოსკოვში, კინოს სახლში გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ფოტოგრაფმა იური როსტმა წაიკითხა:

    “გია, მადლობა შენ ჩვენი 50 წლიანი მეგობრობისთვის. იმ ბედნიერებისთვის, რომელიც შენ მაჩუქე, როცა შენი შესანიშნავი ფილმების გმირად ამირჩიე“– ნათქვამია წერილში.

  • დაკავებული მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლეს

    გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს ზუგდიდში დაკავებული მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლეს.

    მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სარეზოლუციო ნაწილი კი  19 აპრილს გამოქვეყნდება.

    მანუჩარ ჩხეტიას გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს საარჩევნო ზეწოლას უკავშირებს.

    სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები გუშინ, ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.

    დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მართავდა, რა დროსაც მას უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.

    ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები. ოპონენტები დაკავებებს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ.

  • ბენ აფლეკი შეყვარებულს მეორედ დაშორდა

    მსახიობი ბენ აფლეკი, რომელიც ამჟამად 46 წლის გახლავთ უკვე მეორედ დაშორდა 38 წლის ლინდსი შუკუსს. ბენის შეყვარებული კომედიური ტელეშოუს პროდიუსერია, რომელთან ურთიერთობა ბენმა თებერვალში აღადგინა. მანამდე ისინი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. მიზეზი დისტანციური რომანი გახდა, ანუ ბენ აფლეკი ძირითად დროს ლოს ანჟელესში ატარებს, სადაც მისი ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერი და მათი საერთო შვილები ცხოვრობენ და სადაც ის ძირითადად მუშაობს . შუკუსი კი ნიუ იორკში ცხოვრობს და მუშაობს. იქვე ცხოვრობს მისი ყოფილი ქმარი და ბავშვი. პირველი დაშორების შემდეგ წყვილი ისევ შერიგდა, თუმცა მეორედაც იგივე მოტივის გამო დაშორდნენ ერთმანეთს.
    “ფიზიკურმა დისტანციამ დაშორებაში დიდი როლი ითამაშა. მათ ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ, თუმცა მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვათ. მეორე შანსმა არ იმუშავა.“ –უყვება მედიას წყვილთან დაახლოებული წყარო.

    შეყვარებულთან პირველი დაშორების შემდეგ ბენი დეპრესიაში ჩავარდა და გალოთდა. შემდეგ კი სარეაბილიტაციო ცენტრში აღმოჩნდა.
    ამჯერად მსახიობი ალკოჰოლს არ ეტანება, ფსიქოლოგთან დადის და საკუთარ თავზე მუშაობს. მსახიობის მეგობრები ამბობენ, რომ ის თანდათან მწყობრში დგება.
  • შიშველი ნაომი ქემფბელი მეტროში. სუპერმოდელი ვალენტინოს დაუბრუნდა

    48 წლის ნაომი ქემფბელი 14 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გახდა ვალენტინოს სახე. ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანიისთვის სუპერ მოდელი ნიუ იორკის მეტროში ჩავიდა, სადაც ფოტოგრაფებმა – ინესმა და ვინუდმა რამდენიმე დახვეწილი შავ–თეთრი ფოტო გადაიღეს. ერთ–ერთ მათგანზე მოდელი მატარებლის მოლოდინში ბაქანზე ზის. შიშველ მოდელს მხრებზე ბრჭყვიალა მოსასხამი აქვს მოხვეული, მუხლებზე კი ბრენდის ჩანთა უდევს.
    ფოტოსესიის შემქმნელებმა ასეთი უჩვეულო ადგილის შერჩევა თავისებურად ახსნეს. ფოტოგრაფების ჩანაფიქრით, მეტროპოლიტენში ერთმანეთს ხვდება თანამედროვეობა და კლასიკა. “ქალაქებში ისტორიები მიკროსკოპული მომენტებისგან იქმნება, წარმოსახვისა და ვარაუდების ხარჯზე. ერთი წამში, ერთ თვალის შევლების შემდეგ წარმოვიდგენთ ხოლმე მათ ცხოვრებას, ვისთან ერთადაც ვმგზავრობთ, ახლოს ჩავუვლით ან ვმოგზაურობთ.“ – ამბობენ ფოტოგრაფები.
    მეორე გამოქვეყნებულ ფოტოზე მოდელი იმავე მოსასხამში დგას, კედელზე მიყრდნობილი. უკანა ფონზე კი მიმავალი ვაგონის სინათლეები ჩანს.
    “ბედნიერი ვარ, რომ ისევ ამ ბრენდის სახე გავხდი“ – ამბობს ნაომი, რომელმაც მარტში ფურორი მოახდინა, როცა პარიზის მოდის კვირეულზე ვალენტინოს ჩვენებაზე გამოვიდა.
    ნაომი ქემფბელი ბოლო ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია.
  • ინგლისში კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა, ხალხს პერფორმანსის ნაწილი ეგონა

    ვეტერანი   კომიკოსი იან კოგნიტო ხალხთან სცენაზე ერთ-ერთი ნომრის შესრულების დროს გარდაიცვალა, ეს ხალხს მისი პერფორმანსის ნაწილი ეგონა და 5 წუთი იცინოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

    დამსწრეების თქმით, 60 წლის კომიკოსი სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მათ ეს პერფომანსის ნაწილი ეგონათ, სინამდვილეში კი იან კოგნიტო ცუდად  გახდა.

    მაყურებლების თქმით, 10 წუთით ადრე ის გულის შეტევაზე ხუმრობდა.მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სწორედ გულის შეტევა გახდა.

    “ჩვენ ძალიან ცუდად ვიგრძენით თავი, რადგან ის სკამზე იჯდა, ჩვენ კი ხუთი წუთის განმავლობაში მასზე ვიცინოდით, ვიფიქრეთ რომ პერფორმანსის ნაწილი იყო”, – თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ.

    მას შემდეგ, რაც თანამშრომლები მიხვდნენ რომ იან კოგნიტო ცუდად იყო, ხალხს აუდიტორია დაატოვებინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

    ექიმებმა მალევე დაადასტურეს რომ კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა.

  • ქუთაისში დაკარგული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს

    ქუთაისში დაკარგული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გოგონას მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.მათი თქმით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.

    შეგახსენებთ, გოგონა თითქმის სამი საათის განმავლობაში დაკარგული იყო. მან საკუთარ  ფეისბუქზე გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა და სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა. მის ძებნაში ჩართული იყო საპატრულო პოლიცია.

  • ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში დამწვარი მამაკაცი გურამ გოგიჩაიშვილის მამაა

    დღეს, საქართველოს მთავარმა მაგისტრალზე, ქალაქ გორთან მომხდარი ავტოკატასტროფა მსხვერპლით დასრულდა.  გარდაცვლილი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი და საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის ლეგიონერის გურამ გოგიჩაიშვილის მამაა.

    შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი დიდ მონაკვეთზე გავრცელდა. ცეცხლს 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულში მერობის კანდიდატი წარადგინა

    გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულში მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი დაასახელა.

    მუსტაფაევი მოსახლეობას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და ნიკა მელიამ წარუდგინეს.

    მერობის კანდიდატმა იმ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა, რის წინაშეც მარნეულის მოსახლეობა დგას. აგილ მუსტაფაევის თქმით, მისი მთავარი ამოცანა მარნეულში კორუფციის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

  • ქუთაისში მაშველებმა ხიდის ქვეშ გაჭედილი ძაღლი გადაარჩინეს

    ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ, წყლის ჩამკეტ ფარზე ჩარჩენილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი.

  • “ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი”-ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე

    აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის ორი წევრის მიერ მისი იმპიჩმენტის  საკითხის დასმის ფაქტს გამოეხმაურა.

    ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარის  ტელევიზია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაწუყებელი. მისი განცხადებით, არხი იგივე სტანდარტებით გააგრძელებს მუშაობას.

    “ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა – უკვე აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ, მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია, პროცესები, რაც ვითარდება დამოუკიდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები. გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა”,- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

    შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა,- აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.