Blog

  • პოლიციამ ბათუმში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 4 პირი: 1964 წელს დაბადებული ს.ჯ., 1986 წელს დაბადებული პ.ა., 1984 წელს დაბადებული ს.პ. და 1984 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 1984 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის აპრილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – 1959 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

    ასევე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჯ. ბრალდებულმა თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    რაც შეეხება პ.ა.-ს და ს.პ.-ს, პოლიციამ აღნიშნული პირები მეგობარი ქალებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავა.

    გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • ოზურგეთში ხანძარს მთელი ღამე აქრობდნენ

    ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გამთენიისას მოხერხდა. დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი – 30 ჰა ფართობი.

    ცეცხლი შემოქმედში გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის ქრობის და ცალკეული კერების დამუშავების პროცესი მთელი ღამის განმავლობაში  გრძელდებოდა.
  • მსახიობები, რომლებიც როლის გამო დაბერდნენ

    მათ ყოველი გადაღების წინ დაახლოებით 5 საათის გატარება უწევდათ საგრიმიოროში, რათა მოხუცებად გარდასახულიყვნენ. და ეს მსხვერპლი ცნობილმა ვარსკვლავებმა საინტერესო კინოპროექტების გამო გაიღეს. ვნახოთ, როგორ შეძლეს ვიზუალური გარდასახვა ჩვენმა საყვარელმა მსახიობებმა.

    ბრედ პიტი – ბენჟამინ ბატონის იდუმალი ისტორია

    ამ ფილმში მონაწილეობისთვის ბრედ პიტს ხუთი საათის განმავლობაში უწევდა გრიმიორის სავარძელში ჯდომა, რათა მოხუცად გარდასახულიყო. უფრო სწორად ახალგაზრდა ბენჟამინ ბატონად, რომელიც მოხუცი დაიბადა და თანდათანობით გაახალგაზრდავება დაიწყო.



    ქეით უინსლეტმა ფილმში „მკითხველი“ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაბერებული ზედამხედველის როლი ითამაშა, რომელმაც ციხეში 20 წელი გაატარა.


    ჯონი დეპმა განგსტერ უაიტ ბალჯერის როლი შეასრულა ფილმში „შავი მესა„, რომელმაც 19 მკვლელობის ორგანიზება მოახერხა და ამასთან, გამოძიების ფედერალურ ბიუროზე მუშაობდა. ჯონი დეპის ვიზუალური გარდასახვა ამ როლისთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ საკუთარ თავს პრაქტიკულად აღარ გავს.


    მილა იოვოვიჩი ფილმში “ბოროტების მკვიდრი“ 44 წლით დაბერდა. ეს ზომბი–ბოევიკის ბოლო, მეექვსე ნაწილში მოხდა. გრიმისთვის მას ყოველი გადაღების წინ 4 საათი სჭირდებოდა.



    ჰარი ოლდმანმა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში “დრაკულა“ ცნობილი ვამპირი გრაფის როლი ითამაშა
    .

    კრისტინ სკოტ ტომასი ფილმისთვის – „ბნელი დრო„ დაბერდა. მან ფილმში უინსტონ ჩერჩილის მეუღლის როლი ითამაშა.



    ჯიმ ქერი ფილმში “ლემონი სნიკეტ– 33 უბედურება“ ბოროტ გრაფ ოლაფად გარდაისახა და ამაზრზენი პერსონაჟი ითამაშა. გრიმი მართლაც შთამბეჭდავი იყო.

    მერილ სტრიპმა ძველი კლასიკური ზღაპრების მოტივებზე გადაღებულ ფილმში – “შორს ტყეში“ ბოროტი ჯადოქარის როლი ითამაშა და ვიზუალურადაც შესაბამისად გარდაისახა.

    ნიკოლ ქიდმანმა დეტექტიური სერიალის “ ტბის მწვერვალის“ მეორე სეზონში ოჯახის დედის როლი ითამაშა, რომელმაც ასაკში ქალთან რომანი წამოიწყო.

    ფილმში იდეალური ძარცვის შესახებ სახელწოდებით „უნაკლო„ დემი მური ხანდაზმულ ქალად გარდაისახა.

    ფილმში “მაკრატელხელება“ ვაინონა რაიდერმა, რომელიც იმ დროს 18 წლის იყო, მოხუცი ქალის როლი მოირგო, ოღონდაც ჯონი დეპთან ერთად ეთამაშა.

    ჯულიანა მური ფილმ “საათებში“ შესრულებული როლისთვის “დაბერდა“.

    ლეონარდო დი კაპრიოს ასაკის მატება და სერიოზული გრიმი დასჭირდა ფილმისთვის ჯ. ედგარი, რომელშიც ჯეი ედგარ ჰუვერის როლი შეასრულა.

    ჰელენა ბონემ კარტერი გარდასახვის დიდოსტატია და მისგან არავის აღარაფერი უკვირს, თუმცა მისი ყოფილი ქმრის, ტიმ ბერტონის ფილმებში ჰელენმა ყველაზე თამამი ექსპერიმენტები ჩაატარა. მაგალითად , ფილმში “დიდი თევზი“.

    მონიკა ბელუჩი ფილმისთვის – “მარტორქების სეზონი„ დაბერდა. ეს არის თურქულ –ირანული დრამა.

  • ოზურგეთში ტყე იწვის

    ოზურგეთში, შემოქმედი-გომის ტერიტორიაზე ტყეში  ხანძარია.ინფორმაციას ამის შესახებ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილზე მუშაობს  სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

  • ვინ არის ქალი, რომელიც პრეზიდენტს შეხვედრას სთხოვდა?

    ქალი, რომელიც 9 აპრილს მემორიალთან მისულ პრეზიდენტს შეხვედრას უშედეგოდ სთხოვდა,  “ჯაბა კრედიტისგან” დაზარალებული პენსიონერი ლამზირა ქორიძე აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე აქვეყნებს.

    კუპრაძის ინფორმაციით, ქალბატონი თანხას “ჯაბაკრედიტში” სახლის საყიდლად აგროვებდა. მოულოდნელად მან გაიგო, რომ საფინანსო ორგანიზაცია გაკოტრდა და თანხის დაბრუნებაზე კლიენტს  უარი განუცხადეს. ქალბატონი ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
    ირაკლი კუპრაძე საზოგადოებას დაზარალებულის დახმარებას სთავაზობს.

  • ქალი, რომელმაც ლატარიაში 590 მილიონი მოიგო შვილს უჩივის

    90 წლის ამერიკელმა ქალმა, გლორია მაკენზიმ შვილს და მის თანაშემწეებს სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით, რომ ისინი არაგონივრულად განკარგავენ მის ქონებას. ფლორიდის მცხოვრებმა ქალმა 2013 წელს ლატარიაში უზარმაზარი თანხა – 590 მილიონი დოლარი მოიგო.

    გლორია მაკენზი აშშს ისტორიაში Powerball–ის ლატარიის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული გახდა. გადასახადების გამოკლების შემდეგ მაკკენზის 278 მილიონი დოლარი დარჩა.

    ქალი ამტკიცებს, რომ მისი ფული არასწორად და უტვინოდ განკარგეს და წარუმატებელ პროექტებში დააბანდეს, რის შედეგადაც მილიონობით დოლარი დაკარგა.

    მისი შვილი, 60 წლის სკოტ მაკენზი თვლის, რომ საჩივარი უსაფუძვლოა.

    როცა გლორია მაკენზიმ 2013 წელს ლატარიის ჯეკპოტი მოიგო,  84 წლის იყო. მისი თქმით, მოგების ნახევარი შვილს მისცა, რომელმაც პირობა დადო, რომ მას ცხოვრების ბოლომდე მიხედავდა და მოუვლიდა.ვინაიდან ქალს მსხვილი თანხების განკარგვის გამოცდილება არ ქონდა, მან შვილს თავისი წილის განკარგვაც ანდო.

    საჩივარში ნათქვამია რომ შვილის და მისი ფინანსური მრჩევლების მიერ განხორციელებული წამგებიანი ინვესტიციები გლორიას ათეულობით მილიონ დოლარად დაუჯდა და გონივრული მართვის შემთხვევაში ინვესტიციებით ბევრად დიდ მოგებას მიიღებდა.

    სკოტი კი თვლის, რომ დედის ბრალდებები უსაფუძვლოა და მან დედას საინვესტიციო კონსულტანტი თავად წარუდგინა, რომელმაც მისი ფული ნაკლებ სარისკო და ნაკლებად მომგებიან ბიზნესში სწორედაც რომ ქალის მიერ შერჩეული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დააბანდა და მისი სიმდიდრე შეინარჩუნა.

    ამასთან, უცნობია ამჟამად რამდენ თანხას ფლობს გლორია მაკენზი. გასულ წლებში მან არაერთი ძვირადღირებული შენაძენი გააკეთა. მოგებისთანავე ხანდაზმულმა ქალმა ქალაქგარეთ მდიდრულ უბანში სახლი იყიდა დაახლოებით 600 კვ. მ. ფართობით და ხუთი საძინებლით, რაც დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2 მილიონი დოლარი შესწირა მენის შტატში საკუთარი სკოლის სახურავის რემონტს.

  • კურიერმა ტარიელ ონიანი საქართველოს ამომრჩეველთა სიაში იპოვა

    კურიერმა გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი – ტარიელ ონიანი, ქართველ ამომრჩეველთა ერთიან სიაში იპოვა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემის მიხედვით, ქუთაისელი ონიანი ახლა ბოლნისშია რეგისტრირებული – სოფელ რატევანში მე-15 ქუჩაზე ნომერ მე-3 სახლში.

    კურიერის მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე, როდის აღიდგინა ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს მოქალაქეობა და, თუ არ აღიდგინა, როგორ მოხვდა მაშინ ის ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

    სერვისების განვითარების სააგენტოში კურიერს განუცხადეს, რომ ეს საკითხი პირად ინფორმაციას შეიცავდა და პასუხს ვერ გასცემდნენ.

    ტარიელ ონიანი რუსული ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს, რადგან რუსეთი მის ქვეყანაში დატოვებას არ აპირებს და დეპორტაციას გეგმავს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში მოხდება მისი დეპორტაცია. ერთ–ერთი ვერსიით მას ესპანეთში ან საქართველოში გაამგზავრებენ, თუმცა იმის გამო რომ ონიანი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, ეს უკანასკნელი ვერსია პრაქტიკულად გამოირიცხებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ონიანი ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული მას საქართველოს მოქალაქეობაც აღმოაჩნდეს. ესპანეთში ტარიელ ონიანს მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები და პატიმრობა ელის, რის გამოც მისთვის შესაძლოა საქართველოში დაბრუნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყოს.

    რუსული მედიის ინფორმაციით, 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ონიანის მიზანი გავლენის დაბრუნება და კრიმინალურ ტახტზე ასვლაა. რუსულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ტარიელ ონიანის თავისუფლება ბევრს შესაძლოა, სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. კრიმინალური სამყარო ხმაურიანი შეკრებებისა და გარჩევების მოლოდინშია. ყველამ იცის, რომ 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ონიანი ნომერ პირველი ქურდის ტიტულისთვის იბრძოლებს.

    ქუთაისური კლანის ლიდერის ციხიდან გამოსვლას ბევრი ხმაურიანი სტატია მიეძღვნა.

    სტატიებში დეტალურადაა განხილული, ვის და რისთვის მოსთხოვს ონიანი პასუხს. პირველი სამიზნეები ის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, ვინც მისი კრიმინალური სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა და 2010 წელს რუსეთის ციხეებში ონიანის სასიკვდილო განაჩენი დააგზავნა.

    ყველაზე მკაცრი ქურდული ვერდიქტი ონიანს მაშინ კრიმინალური სამყაროს ბოსის – ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე “იაპონჩიკის”, მკვლელობისთვის გამოუტანეს.

    ამ წერილს მაშინ 38 კანონიერი ქურდი აწერდა ხელს, რომელთა შორის წარმოშობით ქართველებიც იყვნენ.

    რუსული მედიის ინფორმაციით, ონიანი ხელმომწერებთან საქმის გარჩევას სათითაოდ არ დაიწყებს და ყველას ქურდულ შეკრებაზე ე.წ. “სხოდკაზე” მიიწვევს.

    ახალ მასშტაბურ კრიმინალურ ომს რუსი მიმომხილველები ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე ელოდებიან, რადგან, მათი მტკიცებით, ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც რუსეთიდან აძევებენ, იქ ჩადის. მათ შორის არიან ტარიელ ონიანთან დაპირისპირებულებიც.

    ცოტა ხნის წინ მოსკოვში მასშტაბური სპეცოპერაციისას საკუთარ სახლში დააკავეს ქუთაისური კლანის წევრი – მერაბ გოგია, მეტსახელად “მელა”. კრიმინალურ სამყაროში ის დედ ხასანის მარჯვენა ხელად და მისი ქურდული საერთოს ე.წ. ობშიაკის მაყურებლად არის ცნობილი. გოგია ონიანთან დაპირისპირებულია და მის განაჩენზეც აქვს ხელი მოწერილი.

    სავარაუდოდ, სტამბოლში ჩავა კიდევ ერთი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი – ასლან ქობულაძე. ბათუმის კლანის წარმომადგენელი რუსეთიდან 5 აპრილს გამოაძევეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას ბილეთი დომოდედოვოს აეროპორტიდან ჯერ თბილისამდე, შემდეგ კი სტამბოლამდე ჰქონდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ქობულაძე ჰაერში გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

  • ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდი და ტრიუმფი

    ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსანთა შორის. 109+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ტრიუმფით გაიმარჯვა. მან აკვრაში მეორე ცდაზე 260 კილოგრამი აწია, რაც 3 კილოგრამით მეტია წინა რეკორდზე. ორჭიდის ჯამში მან 478 კილორგამი აწია და ამით თავისივე მსოფლიოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

    ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძალოსნების ტრიუმფითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ტრადიციულად ტურნირი მამაკაცთა შორის მძიმე წონის წარმომადგენლების გამოსვლით მთავრდება, სადაც გიორგი ასანიძეს ორი წარმომადგენელი ჰყავდა და მათ ექვსი მედლის აღება შეძლეს. ამასთან ერთად მსოფლიოს უძლიერესმა ადამიანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი გააუმჯობესა.

    ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (195, 201; 206) და ვერცხლის მედალი აიღო ირაკლი თურმანიძემ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა  ჯერ 227 კილოგრამი აკრა, შემდეგ 234 დაძლია, ბოლოს დამორჩილებული 241-ით კი ამ დისციპლინაში მესამე ორჭიდში  მეორე ადგილი დაიკავა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე დასრულებულ ევროპირველობაზე სულ 15 მედალი აქვს. მძიმეწონოსნებამდე ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. სამი მედალი კი ძმების ირაკლის და გოგა ჩხეიძეების ანგარიშზეა. პირველმა მათგანმა დღეს დილით 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის ატაცის ბრინჯაო აიღო, უფროს ძმას კი (67 კგ.) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ერგო

  • ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

    ეკა ბესელია  ახლო მომავალში  ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს ამის შესახებ მან “დაიცავი საქართველოს” შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 
    „საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე – იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. დაიცავი საქართველო დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • ოკუპირებულ ცხინვალშში რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები სამხედრო წრთვნებს ატარებენ

    ოკუპირებულ ცხინვალშში რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები სამხედრო წრთვნებს ატარებენ. ინფორმაციას  სააგენტო „რესი“ ავრცელებს. რუსი სამხედროები პოლიგონზე შეასრულებენ ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა ჯავშანტექნიკის მართვა, სროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან. სწავლებაში ორი ათასზე მეტი სამხედრო, 500-მდე ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობს. სწავლებაზე კონტროლს 58-ე არმიის სარდალი გენერალ-მაიორი სერგეი რიჟკოვი ახორციელებს.