Blog

  • “დავითიანნი” არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის

    ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” 17 მაისს დაგეგმილ  ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოძრაობა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც საბოლოო  შეთანხმება ბოლომდე არ იყო მიღწეული. 

    “ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გარცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული. სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა.

    შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი. მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით.”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

    ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ. მოზარდის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციაში გუშინ განაცხადა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

    „საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწეროთ – [email protected]“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პრინცესა შარლოტა 4 წლისაა. სამეფო ოჯახი ახალ ფოტოებს ავრცელებს.

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახი დღესასწაულს აღნიშნავს. პრინცესა შარლოტა 4 წლის გახდა.

    დაბადების დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის ოფიციალურმა გვერდმა მილოცვასთან ერთად, შარლოტას 3 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის საკუთარი სახლის, კენსინგტონის სასახლის ეზოშია გადაღებული.

  • გუაიდო საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

    ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი გუაიდო საჯარო მოხელეებს  გაფიცვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი”ავრცელებს.

    კარაკასში დემონსტრაციები  გრძელდება. გუშინ არეულობის შედეგად   მომიტინგეები დაშავდნენ. ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ ხალხის წინააღმდეგ  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე დაშავდა ქალი,რომელიც შემდეგ  გარდაიცვალა. ეს ფაქტი გუაიდომაც დაადასტურა.

    ვენესუელაში განვითარებული მოვლენები რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის მიზეზიც გახდა.

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა  მაიკ პომპეომ  განაცხადა, რომ მადურო ქვეყნის დატოვებას აპირებდა, თუმცა  რუსეთმა  მას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.

  • “მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

    დღეს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმენენ.

    გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

    პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

  • გააუქმა თუ არა ვაშინგტონმა საქართველოს პრეზიდენტის აშშ–ში დაგეგმილი ვიზიტი

    დაუდასტურებელი ინფორმაციით აშშ–მ საქართველოს პრეზიდენტს ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრა. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ–ში ვიზიტზე მსჯელობა მიმდინარეობდა. მუშაობა ამ თემაზე მარტიდან დაიწყო. ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა და ის სექტემბერ–ოქტომბრის ებრიოდისთვის მზადდებოდა. ლაშა ჟვანიას ინფორმაცია არ აქვს, როგორ განვითარდა შემდეგ პროცესები, თუმცა კულუარული ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის აშშ–ში ოფიციალური ვიზიტი ამერიკული მხარისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და მან უარი მიიღო.
  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადააყენეს. მიზეზი ინფორმაციის გაჟონვაა

    ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გადააყენეს. მიზეზი გამოძიების შედეგები გახდა დახურული მოლაპარაკებიდან ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე.
    „პრემიერ–მინისტრმა დღეს საღამოს სთხოვა გევინ უილიამსონს მთავრობა დატოვოს, რადგან ის აღარ არის დარწმუნებული, რომ მას შესწევს უნარი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშაოს“–ნათქვამია ბრტანეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
    მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გამოძიების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს. საქმე ეხება ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მოლაპარაკებებიდან ინფორმაციის გაჟონვას. მოლაპარაკებებზე ჩინურ კომპანია ჰუავეისთან 5G ქსელის შექმნისთვის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა.
    ინფორმაციის გაჟონვა 24 აპრილს მოხდა. კერძოდ, გახმაურდა ინფორმაცია, რომ ჰუავეის პროდუქცია 5G ქსელის შექმნისას მხოლოდ “არაკრიტიკული“ კომპონენტების კონსტრუქციებში იქნება გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰუავეისგან არ შეიძენენ აპარატურას, რომელსაც შეუძლია მობილური მოწყობილობის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა, საით უნდა მიმართოს სატელეფონო ზარი და გადასცეს მონაცემები.
    ჩინურ კომპანიასთან ბრიტანეთის თანამშრომლობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ აშშ და ზოგიერთი მინისტრი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს შესაძლოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყოფილიყო საშიში.
    ინფორმაციის გაჟონვამ ბრიტანულ მედიაში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია, რადგან ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომებზე ის მინისტრები იკრიბებიან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ასე თუ ისე არიან პასუხისმგებელი და ეს სხდომები მკაცრად კონფიდენციალურია. ამ კონკრეტულ სხდომას ცხრა ადამიანი ეწრებოდა. უილიამსონმა ერთ–ერთმა პირველმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი გაჟონვაში დამნაშავეები არ ყოფილან.
    პოლიტიკოსთა ნაწილმა მომხდარის სისხლის სამართლებრივი გამოძიება მოითხოვეს, ჟურანლისტები კი აცხადებდნენ, რომ ეს სიტყვის თავისუფლების პრინციპის დარღვევა იქნებოდა. შიდა გამოძიების ინიცირება ტერეზა მეის ერთ–ერთი თანაშემწის მხრიდან მოხდა.
    თავად უილიამსონი კვლავ უარყოფს, რომ ინფორმაციის გაჟონვა მისი მხრიდან მოხდა. თუმცა, როგორც უილიამსონის გადაყენების შესახებ ტერეზა მეის წერილშია ნათქვამი “სხვა რეალური ვერსია, თუ როგორ შეიძლებოდა გაჟონვა მომხდარიყო, არ არსებობს.“
    ტერეზა მეი პირადად შეხვდა უილიამსონს ოთხშაბათს და უთხრა, რომ ის ფლობს სარწმუნო მტკიცებულებებს, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს.
  • ჯაჯანიძის პროდიუსერი ფეისბუქ სტატუსის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. სტეფნაძე იმედს ხელისუფლების გამპრავებელ ტელევიზიას უწოდებს

    გია ჯაჯანიძის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სტეფნაძე ფეისბუქში წერს და იმედის ხელმძღვანელობას ცენზურაში ადანაშაულებს. 

    “ტელეკომპანია ,,იმედის,, დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა.
    მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ!
    თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ ,,ფეისბუქზე,, დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის. თავიც კი არ შეიწუხეთ!
    ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე ,რაც ,,ფეისბუქზე ,,პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა ,,იმედის,, დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო… ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე.
    ,,იმედის,, ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს…
    არ გამოგივათ!!!
    გარეთ 21-ე საუკუნეა!!!
    ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს…ოღონდ დროებით… სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა.
    მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი ..არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს..
    მაია სტეფნაძემ სამსახურდან გათავისუფლებამდე ფეისბუქ გვერდზე პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა.

    “ამ ნათია თურნავას დანიშვნიდან 2-ე დღეს პანკისში ჰესის მშენებლობაზე მეტი პრობლემა არ ქონდა მოსაგვარებელი რომ დაგვაქცია ქვეყანა თავზე? თუ ამ პირობით დანიშნეს? და ეხლა მის ატეხილ ამბავზე გახარია რომ პასუხობს ჰესის აშენების თემაზე სწორია? ძალადობით უნდათ ხალხი თავიანთი მიწებიდან აყარონ და თურმე ხმა რატომ ამოიღეს და წესები რატომ დაარღვიეს რით ვერ გაძეხით ამ ფულით” – წერდა მაია სტეფანაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ- პანკისელები პატრიარქს შეხვდნენ

    პანკისის მცხოვრებლები პატრიარქს შეხვდნენ.   პანკისელების  თქმით, მათ ილია მეორეს სთხოვეს, რომ მთავრობას მიმართოს შუამდგომლობით, რათა პანკისელები არ დააკავონ. მათი განცხადებით, პატრიარქმა განუმარტა, რომ ეს არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა.

    პანკისის მცხოვრებლების განცხადებით, პატრიარქმა მისცა მათ კურთხევა, დაწერონ წერილი და ის თანახმაა, რომ ხეობის მცხოვრებლებმა ის მთავრობას გაუგზავნონ.

    „პატრიარქის პასუხი იყო ასეთი – ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ ჩვენ, პანკისში მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებმაც წარმოვადგინეთ ჩვენი შეხედულება, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული ჩვენი მხრიდან, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული მთავრობის მხრიდან, ჩვენ ჩვენი წილი დაშვებული შეცდომა ვაღიარეთ, რომ ეს იყო შეცდომა, რადგან პანკისელები და ქართველები არ არიან ცალკე ხალხი. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ქვეყნის შვილები,“ – განაცხადა ორგანიზაცია „მშვიდობის ალამის“ დამფუძნებელმა, თემურ ცათაშვილმა.

    „პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და არ შეიძლება, ჩვენ შორის მსგავსი რამე მოხდეს. ეს არ უნდა დავუშვათ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე,“ – განაცხადა სათემო კავშირის ”პანკისის კეთილდღეობისთვის” ხელმძღვანელმა, ნონა ხანგოშვილმა.

    პანკისი უკვე 10 დღეა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. პანკისელები  ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო ადგილობრივებს ბრალს წაუყენებს და დაკავების სერიას დაიწყებს, ეს სიტუაციას უფრო მეტად დაამძიმებს. იმ შემთხვევაში თუ პასუხისგებაში ერთ პირს მაინც მისცემენ, მზად არიან, რომ ყველა პოლიციას ჩაბარდეს.