Blog

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია და ადგილზე სამაშველო ტექნიკა მუშაობს.

    “კახეთში, მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების უმოკლეს დროში აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ლაგოდეხში იმყოფებიან. სპეციალური სამაშველო ტექნიკა და დამატებით მობილიზებული ცოცხალი ძალა მუშაობას უკვე შეუდგა. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც.

    ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი და მეთვალყურეობას პირადად უწევდა მიმდინარე სამუშაოებს.

    გუშინ, ღამით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის კოორდინირებული თანამშრომლობით, მდ. ალაზნის წყლის დონის მომატებისთანავე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა. ვითარების დარეგულირებისთანავე, აღნიშნულ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

    ამ დროისათვის, კახეთში აღარ წვიმს. შეინიშნება წყლის დონის კლება მდინარეების კალაპოტებში. დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა 150-ზე მეტ ოჯახს შესაბამისი დახმარება უკვე გაუწია. ადგილზე ვითარება სტაბილურია,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს.

    “ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას. ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს. თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში.

    მწამს, რომ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას.

    საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის დაწყებას. მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვაში.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,დღეს  თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ ტაბახმელის (ნაწილობრივ), კრწანისის, ასათიანის, სართიჭალისა და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას, ლესია უკრაინკას, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, IIIა VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის, პატარა ტბის, მიქატაძის, ხერგიანის, ხევძმარისა და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირი IV კვარტლის, თვალჭრელიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლოჭინის, ვეძათხევის, გორკის, ადიგენის, არაგვისპირელის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, ქვლივიძის, ვერჰარნის, გრანელის, ლენტეხის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, ოსიაურის, იაროსლავლის, ახალციხის, ჩხეიძის, სულიაშვილისა და თოიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, თამარაშვილისა და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

  • ბოლო ინფორმაციით შერემეტევოში ავიაკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა

    ცეცხლმოკიდებულ თვითმრინავში, რომელიც შერემეტევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ბოლო ინფორმაციით 41 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 40 მგზავრი და 1 ეკიპაცის წევრია. საგამოძიებო ორგანოები და ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაზუსტებით ამბობს, რომ ბორტზე მყოფი ადამიანიდან 37 გადარჩა.

    ერთ–ერთი გადარჩენილი მგზავრი ამბობს, რომ სტიუარდესების მადლობელია და მათი წყალობით გადარჩა. ისინი მგზავრებს ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან გასვლაში ეხმარებოდნენ. კომპანია “აეროფლოტის“ წარმომადგენლის განცხადებით, რომელსაც დამწვარი თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100-95ეკუთვნის , რეისს გამოცდილი პილოტი ხელმძღვანელობდა.

    გადარჩენილი მგზავრების განცხადებით თვითმფრინავს მეხი დაეცა და მათ “თეთრი სინათლის ელვა“ დაინახეს. თვითმფრინავი მოსკოვი–მურმანსკის რეისს ასრულებდა. თუმცა აფრენიდან მალევე უკან, მოსკოვში დაბრუნდა, რადგან მგზავრებმა თვითმფრინავის ფრთაზე ცეცხლი შენიშნეს და ეკიპაჟს შეატყობინებს. ავარიული დაშვების შემდეგ თვითმფრინაში მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა თვითმფრინავის უკანა მხარე მთლიანად დაიწვა.

  • როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ძილზე

    ალბათ ყველმ იცის, რომ ლუდი, ღვინო და ძლიერი სპირტიანი სასმელები ხშირად ძილს გვგვრის. უფრო მეტიც, ზოგიერთი სოციოლოგიური კვლევის თანახმად ადამიანების 20% პერიოდულად ალკოჰოლს საძილე საშუალებადაც იყენებს. ალკოჰოლი მართლაც გვეხმარება სწრაფად დავიძინოთ, თუმცა რამდენად ხარისხიანია ასეთი ძილი და რა ხდება დახუჭულ თვალებს მიღმა, როცა დასაძინებლად ნასვამი წვებით.

    ძილის ციკლების მოშლა
    ძილის წინ ალკოჰოლის გამოყენება ძილის უფრო ნელ ტალღებს, ეგრეთწოდებულ დელტა აქტივობას უკავშირდება. ეს არის ღრმა ძილის ფორმა, რომელიც მეხსიერების ფორმირებაზე და სწავლაზეა პასუხისმგებელი. თითქოს არაფერი, მაგრამ ამავე დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თავის ტვინის ალფა აქტივობა არ ითიშება, რომელიც მშვიდ დასვენებას ხელს უშლის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი ტვინი ვერ ისვენებს.
    ცირკადული რიტმების დარღვევა
    მართალია ალკოჰოლის მიღების შემდეგ შეიძლება სწრაფად დაიძინოთ, თუმცა დიდია ალბათობა შუაღამით გაგეღვიძოთ. ეს შემდეგნაირად აიხსნება: ალკოჰოლი თავის ტვინში ქიმიური ელემენტის, ადენოზინის სწრაფ დაგროვებას განაპირობებს, რომელიც თავიდან ძილიანობას იწვევს, თუმცა ამავე დროს მისი მოქმედება იმაზე ადრე ქრება, ვიდრე თქვენი ორგანიზმი რეალურად დასვენებას მოასწრებს.
    სუნთქვის პრობლემები
    ალკოჰოლი მთელ სხეულს ადუნებს, მათ შორის ყელის კუნთებს, რამაც შესაძლოა ხვრინვა და აპნოე გამოიწვიოს.

  • მუშამ,რომელსაც ხელფასი არ გადაუხადეს ზესტაფონში დაგებული ქვაფენილი აყარა(ვიდეო)

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც  მისი კომენტარის მიხედვით ზესტაფონელი მუშაა გადაღებული, რომელმაც მისივე ხელით დაგებული ქვაფენილი აყარა.

    “გინახავთ გამწარებული მუშა, რომელიც გაკეთებულს ანგრევს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელფასი არ გადაუხადეს?!

    ეს ყველაფერი ხდება ზესტაფონის ცენტრში, დემონსტრაციულად და “ქართული ოცნების” ოფისის წინ.

    გაფლანგული 200 000 ლარზე მეტი და 8 თვის განმავლობაში დაუსრულებელი სამუშაოები.“– წერს ლევან ხაბეიშვილი.

  • ამსტერდამში ბენზინის და დიზელის ძრავიან ავტომობილებს კრძალავენ

    ამსტერდამის საქალაქო საბჭომ ათწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. მომავალი წლიდან 15 წლის წინ ან უფრო ადრე გამოშვებული ავტომობილებისთვის წრიული საავტომობილო გზის, A 10–ის შიგნით შესვლას აკრძალავენ. საქალაქო ავტობუსები კი, რომლებიც ქალაქს გამონაბოლქვი აირებით აბინძურებენ ნიდერლანდების დედაქალაქის ცენტრიდან 2022 წლიდან გაქრება.
    2025 წელს აკრძალვა შეეხება მოპედებს და გასართობ ტურისტულ კატერებს, რომლებიც ბენზინის ან დიზელის საწვავს იყენებენ. იმ დროისთვის ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობა 23 ათასამდე უნდა გაიზარდოს. 2030 წელს კი ამსტერდამში ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილები საერთოდ ვეღარ იმოძრავებენ.
    გეგმის ავტორების ჩანაფიქრით ეს ქალაქის ჰაერს გაასუფთავებს და შედეგად ამსტერდამში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ერთი წლით გაიზრდება.
    ავტომწარმოებელთა ინტერესების ლობისტი ორგანიზაცია Rai Association ინიციატივას აკრიტიკებს. “ათობით ათასი ოჯახი, რომლებსაც ელექტრომობილის შესაძენი ფული არ აქვთ მალე დავიწყებას მიეცემიან. შედეგად ამსტერდამი მდიდრების ქალაქად გადაიქცევა“–ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
  • შერემეტევოს აეროპორტში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის 13 მგზავრი დაიღუპა

    მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის Sukhoi Superjet 100 (SSJ-100)–ის ავარიული დაფრენისას 13 ადამიანი დაიღუპა. დანარჩენი მგზავრების ბედი უცნობია. მანამდე ოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღპულის და ოთხი დაშავებულის შესახებ.
    თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა. თუმცა უკან, მოსკოვში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა მგზავრმა ფრთასთან ცეცხლი შენიშნა და ეკიპაჟს შეატყობინა. ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი შერემეტევოს აეროპორტი დაფრინდა, თუმცა სანამ ხანძარი ჩააქრეს, თვითმფრინავის უკანა მხარე მთლიანად დაიწვა.
  • ვისოლი იყიდება. გახდება თუ არა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოში მონოპოლისტი

    P.S.-ის ინფორმაციით, კომპანია „ვისოლი“ იყიდება და მის ყიდვას რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და მასთან დაკავშირებული ქართველი პარტნიორები აპირებენ. მოლაპარაკებებს “ვისოლთან” როსნეფტის შვილობილი კომპანია, ოფშორში დარეგისტრირებული „პეტროკასი“ აწარმოებს. ის საქართველოში უკვე ფლობს სიდიდით მეორე ავტოგასამართ ქსელს, გალფს, ასევე ნავთობტერმინალს ფოთის პორტში.
    კომპანია “პეტროკასის” 49% ის შეძენის შესახებ როსნეფტმა თავის აქციონერებს ჯერ კიდევ 2014 წელს აუწყა. მაშინ “პეტროკასის” მფლობელმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა რუსულ ენერგოგიგანტს თავისი წილის ნახევარი თითქმის 140 მლნ. დოლარად დაუთმო. საქართველოში “პერტოკასის” და როსნეფტის აღზევებას კი სწორედ კრემლის გავლენებს და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას უკავშირებენ.
    როსნეფტი რომ საქართველოს ენერგომარწუხებში მოქცევას ცდილობს, კარგად იციან “ჰაბ ჯორჯიაშიც,” სადაც ფიქრობენ, რომ პეტროკასი და როსნეფტი სწორედ ხელისუფლებასთან და არაფორმალურ მმართველთან არიან გარიგებულები. ამის დასტურად კი სომხეთის ბაზარი მოჰყავთ, სადაც საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი სწორედ “როსნეფტია.”
    ამჯერად კი როსნეფტი მონოპოლისტი უკვე საქართველოში ხდება. ყოველწლიურად საქართველოში 1 მლრდ. 800 მლნ. ლარის საწვავი შემოდის, საიდანაც 27%, ანუ 500 მლნ. ლარი სწორედ რუსეთზე მოდის. ანუ ასეთია როსნეფტთან დაკავშირებული ბაზრის სიდიდით მეორე მოთამაშე გალფისა და ასევე რუსული წარმომავლობის ლუკოილის წილი. ბაზრის უმსხვილესი კომპანიის, ვისოლის რუსული როსნეფტის ხელში გადასვლის შემდეგ კი კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები უკვე საცალო ბაზრის სულ მცირე 40%ს გააკონტროლებენ. მათ ხელში გადავა მთელს საქართველოში მდებარე 180-მდე ახალი ბენზინგასამართი სადგური.

    “ვისოლის” დამფუძნებელი კომპანიის გაყიდვას არ გამორიცხავს, თუმცა ინფორმაციას ვისოლისა და “როსნეფტის” შვილობილი “პეტროკასის” სამომავლო გარიგების შესახებ, ჭორს უწოდებს.