Blog

  • ოცნება – 52.99%, ოპოზიცია – 38.27% – ცესკოს წინასწარი შედეგები

    ცესკო-მ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

    წინასწარი შედეგები:

    • ქართული ოცნება – 52.99% (935 004 ხმა)
    • კოალიცია ცვლილებისთვის – 11.2% ( 197 619 ხმა)
    • ძლიერი საქართველო – 9.02% ( 159 306 ხმა)
    • გახარია საქართველოსთვის –  8.22% (145 205 ხმა)
    • ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა –  9.83% (173 510 ხმა)
    • გირჩი – 3.22% (56 980 ხმა)
    • ლეიბორისტული პარტია –  0.75% (13 350 ხმა)

    20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩევლის აქტივობა 58.94%-ია. ხმა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მისცა, თუმცა, ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგები და მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.

    2012 წელს 20:00 საათზე აქტივობა 60.8% (2 197 243 ამომრჩეველი), 2016 წელს 51.63% (1 814 276 ამომრჩეველი) და 2020 წელს – 56.11% (1 970 540 ამომრჩეველი).

    2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი  3 613 851 იყო, 2016 წელს – 3513884, ხოლო 2020 წელს – 3 511 853.

  • “მაგრად დადექი, საქართველო” – ადამ კინზინგერი

    “მაგრად დადექი, საქართველო”

    ასე ეხმაურება აშშ-ს კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ეგზიტპოლების შედეგებს.

  • უნდა აღსრულდეს ხალხის ნება, ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს – ნიკა მელია

    ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ყველამ ერთად – განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ათასობით ამომრჩეველი დღეს საარჩევნო ურნებთან მივიდა და ხმა მისცა არამხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებს, არამედ, პირველ რიგში, ხმა მისცა ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ჩვენ, ანუ, ქართველ ხალხს, ამომრჩეველს აქვს ის, რაც არ აქვს და ვეღარასოდეს ვეღარ ექნება ოლიგარქს, ეს არის სიმართლე, რწმენა, ნება, ღირსება, ეს არის სიმრავლე და აი, ამ სიმრავლითაც, მათ შორის, დღეს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი.

    არ ელოდებოდა [ივანიშვილი]; კი ბატონო, შეიძლება უშვებდა ამის ალბათობას, ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ძალიან ბევრი არ გამოცხადდებოდა საარჩევნო ურნებთან. ხელისუფლებამ შეიძლება გაგიყალბოთ ხმა თქვენ, მე, ბადრის, ელენეს, კოტეს, პავლეს – პროცენტები, მხარდაჭერა გამოხატული გაგიყალბოთ, აიღოს და დაგიწეროთ 4 პროცენტი, მაგრამ როდესაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ცხადდება საარჩევნო უბნებზე, ამ მონაცემებს ის ვერ აყალბებს და ვერც გააყალბა. [წლევანდელი აქტიურობა] გაუტოლდა 2012 წლის აქტიურობას.

    გვიხარია, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესე იგი, რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ არანაკლებ მიხარია, რომ ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადალახა ბარიერი. თავად ქართული ოცნების კვლევითი ორგანიზაცია “გორბიც” კი ვერ გაურბის ამ მონაცემებს.

    რა უნდა გაკეთდეს – ხალხის ნება უნდა აღსრულდეს. ივანიშვილმა უნდა გადააბაროს ხელისუფლება ხალხს და ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობით ცხოვრება. გარდაუვალია.

    თქვა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

  • ეგზიტპოლი, ეგზიტპოლია. დავანებოთ თავი ზეიმს, ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე! ოცნება” ეცდება მიგვიყვანოს გორბის ვირტუალურ რეალობამდე – გახარია

    ”ხშირად გვქონია შემთხვევა გვიზეიმი და დილით სხვა შედეგი მიგვიღია. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია,  დავანებოთ ზეიმს, თავი ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე. ეს ყველაფერი ხმების მიხედვით არის დასათვლელი, თითოეული უბნიდან. ამის შემდეგ მართლა შეგვიძლია ვიზეიმოთ. ხო ყველა  ვთანხმდებით გორბის ეგზპტოლი არის ღიმილის მომგვრელი. ”ოცნება” ეცდება მიგვიყვანოს ამ ვირტუალურ რეალობასთან და იმის მაგივრად რომ ვზეიმობდეთ უნდა ვიჯდეთ სუყველა, რასაც მე ვაკეთებ და თითოეულ უბანს დეტალურად გავდიოდეთ”

    განაცხადა ამის შესახებ გიორგი გახარიამ.

  • ოპოზიცია – 51.9, ოცნება – 40.9% – Edison Research-ის ეგზტიპოლის შედეგები

    ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის  საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

    შედეგები ასე გადანაწილდა:

    • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 40.9%
    • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 16.7%
    • კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16.7%
    • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10.3%
    • გახარია – საქართველოსთვის – 8.2%
    • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2.3%
    • ლეიბორისტული პარტია – 2%
    • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 2%
    • სხვა პარტიები – 0.9%

    ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

  • აქტივობა 17:00 საათზე: 50.6%-ია

    17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა. არჩევნებზე გამოცხადდა 1 768 816 ადამიანი.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77% იყო.

    2016 წელს – 42.04% იყო.

    2012 წელს – 53.03% იყო.

  • შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, მოვუწოდებ, პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს – პრეზიდენტი

    მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივმართო და ვუთხრა, დღევანდელი არჩევნები რამდენად მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, რომ აქტივობა ძალიან მაღალია და ეს კარგის ნიშანია. საჭიროა, რომ ეს დღის მეორე ნახევარშიც ასევე გაგრძელდეს. საზღვარგარეთაც არაჩვეულებრივი აქტიურობაა […]

    ასევე, მინდა აღვნიშნო ძალიან ცუდი, ძალადობის ფაქტები, რაც სხვადასხვა უბანზე ხდება. ხან მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუმტვრიეს, ხან პირდაპირი ძალადობაა. ჯგუფები არიან შეკრებილი. ერთადერთი მიზანია, რომ იქ დაძაბულობა და კონფრონტაცია მოხდეს […] ეს სისუსტის მაჩვენებელია, ასე რომ, ამით არავინ შეშინდეს.

    მინდა, შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართო, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდები. ჩემი ადმინისტრაცია მის მოადგილეს ვერ უკავშირდება. ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა, მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს, რადგან არ შეიძლება, საარჩევნო უბნებზე ამ ტიპის დაძაბულობა დავუშვათ. ეს ჩვენ არ გვეკადრება.

    თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

  • ქართველებო დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებთ! მშვიდობასა და მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ – კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი

    ეს დღეებია, ბევრი ადამიანი საქართველოზეა ფოკუსირებული. ჩვეულებრივი არჩევნების ნაცვლად, ისინი ამ არჩევნებს “ცივილიზაციურ არჩევანს” უწოდებენ, თუმცა, როგორც მე მესახება, ქვეყანამ არჩევანი რამდენიმე წლის წინ უკვე გააკეთა.

    ჩემ ხალხს მათი ანტიკური ისტორია, ტრადიციები და კულტურა ახსოვს. ეგრეთ წოდებული “ევროპული გზა” ჩვეულებრივი კოლონიზაციაა და უარყოფაა ყველაფრისა, რასაც ისინი ფლობენ. რა აზრი ჰქონდა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუ ორივე, ვაშინგტონიც და ბრიუსელიც აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვენ?

    თქვენ იცით, რომ მე მდიდარ და კარგად დაპურებულ საბჭოთა საქართველოში დავიბადე. მახსოვს 90-იანების რთული დრო და სიღარიბე, მახსოვს უსაფუძვლო იმედები სააკაშვილზე, რომ “უცხო ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ”. არ ვიცი, რამდენად გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ 2024-ისთვის კეთილი ამერიკელი და ევროპელი ბიძის ჩამოსვლას დალოდებოდა, რომელიც მას ფულით სავსე ჩემოდანს ჰპირდებოდა.

    ერთადერთი რამ, რაც მათ შეუძლიათ მოგიტანონ, არის იარაღი რუსეთთან საომრად და ამისთვის თქვენ თქვენი ფულით, სისხლით და შუა საუკუნეებში დაბრუნებით გადაიხდით. თანამედროვე უკრაინა ამის ნათელი მაგალითია.

    ქართველებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. თქვენ დამოუკიდებლობას, ტრადიციებს, მშვიდობასა და მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ. და თქვენთვის ეს 21-ე საუკუნის უდიდესი გამარჯვება იქნება.

    არიგებს ქართველ ამომრჩეველს კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე.

  • აქტივობა 15:00 საათზე: 41.62%-ია, 2020 – 36.45%; 2016 – 34.79%; 2012 – 44.99%

    15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.62% შეადგინა.  ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 1 454 837 ადამიანი.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო.

    2012 წელს – 44.99%.

     

     

  • TV პირველის გადამღებ ჯგუფზე იყო თავდასხმა, დამტვრეულია აპარატურა – მელაძე

    “თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე. დამტვრეულია აპარატურა. პირდაპირ ცემაზე გადადიან”,

    აცხადებს ამის შესახებ, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე.