Blog

  • 4 ნაბიჯი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე-გრიგოლ ვაშაძე

    “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის განცხადებით,  ზუგდიდში შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსი იმარჯვებს.

    “4 ნაბიჯი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს, ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, მოდიან საარჩევნო უბნებზე და მხარს უჭერენ სანდრა რულოვსს. მთელი ქალაქი შემოვიარეთ დღეს და ახლა მეორე წრეზე წავალთ.

    ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი“ ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნული ფული, რომელსაც ხალხს უხდიან.

    სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებულები არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი, შს მინისტრი როგორ ჩამოქანდა სამეგრელოში. დიდი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, რომლებმაც უზარმაზარი გაყალბების მცდელობა აღკვეთეს – კარუსელის მცდელობები, მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს და გადაიღეს ფირზე.

    გაფრთხლებთ, არჩევნების გაყალბების მცდელობა, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას, აუცილებლად მოგეკითხებათ ამაზე პასუხი. ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება“, – განაცხადა ვაშაძემ.

  • PRESA.GE-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია

    ონლაინ გამოცემა “PRESA.GE”-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია. კაპანაძე  ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი.  კაპანაძე შსს-ს ავტომობილს იღებდა რომელშიც სპეციალური ეკიპირება იყო. გიორგი კაპანაძე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაჰყავთ.

    შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

  • დაკავებულია ხუთი პირი- შსს-ს განცხადება

    ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორ საქმეზე-ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დაკავებული.

    არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი სამართალდარღვევების გამო მეზვრიშვილმა კანონის დაცვისკენ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდა.

    მეზვრიშვილის განცხადებით,  ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ  ხუთი პირია დაკავებული.

    „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის.

    მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ასევე, დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.

    რამდენიმე ფაქტზე პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება – ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორ საქმეზე  ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ურთიერთ დაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას – პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში.

    პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

  • “დედა აღარ ყავთ, მიაწექით ბოლომდე” – სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც  მომხრეებს ბრძოლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ის არ დაელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს არჩევნებზე. 

  • ” შსს-ს რეაგირება იქნება მკაცრი”-გახარია ზუგდიდში ჩავიდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში იმყოფება. გიორგი გახარია საარჩევნო პროცესს ადგილზე აკვირდება. მინისტრის ავტომობილი და დაცვის წევრები სენაკში იმყოფებიან, თუმცა თავად გახარია ერთ-ერთი ვერსიით სხვა მანქანით ზუგდიდში გადაადგილდება და იქ აკვირდება პროცესს. სავარაუდოდ მასთან ერთად იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძეც.

    „დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცენდენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის , ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, იქნება ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი. ისევე, როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. ეს პიროვნება, როგორც ვიცი, დაკავებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • მერაბ დვალიშვილმა UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

    მერაბ დვალიშვილმა შერეული სტილით ორთაბრძოლების ყველაზე დიდ კომპანია UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე უცნობია თუ რამდენ ბრძოლას ითვალისწინებს იგი, თუმცა ქართველი მებრძოლის თქმით, იგი კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ ქომაგს UFC -ის არენიდან.

    ”გამარჯობა, მეგობრებო. ვახანგრძლივებ კონტრაქტს UFC-სთან და კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ არენიდან. პირველი კონტრაქტის განმავლობაში იყო კარგი და ცუდი მომენტები, ცუდი მსაჯობა, ავადმყოფობა, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. მომდევნო ბრძოლებისთვის მზად ვარ და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ სერა-ლონგოს გუნდთან ერთად. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.”

    მერაბმა პირველი კონტრაქტი ორგანიზაციასთან 2017 წელს გააფორმა. დაგეგმილი ოთხი ბრძოლიდან მან ორი მოიგო და ორში დამარცხდა. თუმცა ერთ-ერთი მარცხი ბევრი მაყურებლისთვის მსაჯის შეცდომა იყო. უკანასკნელ ბრძოლაში დვალიშვილმა დაუმარცხებელი ბრედ კატონა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

  • “სიგარეტის კოლოფით აწვდიან ფულს” – ხაბეიშვილი არჩევნებზე

    თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საარჩევნო უბნებთან დგანან საარჩევნო სიებით ხალხი, სადაც ამომრჩევლის ფოტოებია დაფიქსირებული, ოპოზიციის აქტივისტებმა დააფიქსირეს, რომ ფულის გადაცემა სიგარეტის კოლოფით ხდება,  

    „ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატი რომ არის, ბატონი ზარქუა, რომელიც ეუბნება ამ ხალხს, რომ ეს სურათებიანი გქონდეთ, აგიტაციაც გააკეთეთ, ის პირდაპირ ახალისებს კანონდარღვევას, ის პირდაპირ ახალისებს ფულის მიცემას. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ასეთი შემთხვევა კოკში, როდესაც მის მიერ წახალისებულმა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა სცადა, როგორც ჩემზე, ასევე, ჩემს დამკვირვებლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რის გამოც „ოცნების“ აქტივისტის დაკავება მოუხდა პოლიციას უკვე,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

    “ე.წ. სიგარეტის კოლოფით აწვდიან ფულს. წარმოიდგინეთ დგახარ საარჩევნო უბანზე, მომაწევინე, ერთი სიგარეტი, მეორე, მესამე და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ სიგარეტის ცარიელ კოლოფში დევს ფული. ასეთ ხერხებს მიმართავს,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • მარნეულში კაცი ამტკიცებს, რომ საარჩევნო უბანთან გასარუჯად იდგა

    რამდენიმე მამაკაცი მარნეულში ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან გასარუჯად  იდგა.

    “ვიზაგრებოდით, შემოგევლე. სეზონია გახსნილი”, —აცხადებს  on.ge-სთან პირი, რომელიც სავარაუდოდ, კოორდინატორია.

    შეგახსნებეთ, რომ მარნეულში მერის არჩევნები ტარდება. საარჩევნო პროცესი ზუგდიდისგან განსხვავებით  მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

  • კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია-საია

    კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, – საიამ კალაძის განცხადების შესახებ განაცხადა.

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კოორდინატორების ქმედება კანონდარღვევა არ არის, თუმცა უარყოფითი ფაქტია.

    „ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არც ერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

    კახა კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, ნუ შეუშინდებიან კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, რადგან მათ აქვთ სიებით უბნებთან დგომის უფლება.

    „მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს“, – განაცხადა კალაძემ.