Blog

  • “პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში”-კაკაბაძე

    „არ გამართლდა ბრალდების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ორივე მსჯავრდებულს ჰყავდა ერთდროულად ჯგუფურად მოკლული დავით სარალიძე,“ – ეს განცხადება, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

    სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, თუმცა მას გაეზარდა სასჯელის ზომა და ის 11 წლით და 3 თვით განესაზღვრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.

    ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საქმე არ არის სწორად გამოძიებული და საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში რეალური დამნაშავეების მისაცემად არაფერი გააკეთა.

    „ჩვენ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰყავდა მოკლული დავით სარალიძე, თუმცა, მას ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, ანუ მიიჩნია, რომ სხვა პირები მონაწილეობდნენ დავით სარალიძის მკვლელობაში. ეს არის ცალსახა და პირდაპირი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვაპელირებდით, რომ რეალურად დამნაშავე პირები ანუ პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში,“ – განაცხადა ადვოკატმა.

    ადვოკატი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს რეალური დამნაშავეები დასაჯოს. ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ მთავარი მოწმე არის არასანდო.

    „საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, პასუხისგებაში მისცეს დანაშაულის ჩამდენი პირები იმისთვის, რათა ამ საქმეზე სამართალმა იზეიმოს,“ – განაცხადა კაკაბაძემ.

  • პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული ბავშვი იპოვა

    პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული მცირეწლოვანი  ბავშვი იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    ბავშვს ოჯახი და პოლიცია დღეს დილის 9 საათიდან ეძებდნენ. როგორც ბავშვის დედა ყვება, შვილებთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვი გაექცა და მოულოდნელად გაუჩინარდა.

  • ისევ უცნობია, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი – ნესტან ლონდარიძე

    დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი,ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ირკვევა მხოლოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ცნობილი არ არის. ლონდარიძე ამბობს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, პასუხისმგებლობა კი პროკურატურას ეკისრება, რომელმაც 12 ჭრილობით მოკლული მოზარდის მკვლელი ვერ დაადგინა. ლონდარიძე ამბობს, რომ საქმეში გამოძიება მიზანმიმართულ შეცდომებს უშვებს.

    „ვთვლით, რომ სასამართლომ თავის თავზე აიღო დიდი როლი. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს,რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია. არაერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში და ეს არ არის შეცდომები, ეს არის მიზანმიმართული დარღვევები ამ საქმეში, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით, არასრულწლოვანი, რომელიც 12 ჭრილობით არის გარდაცვლილი, დღეს უცნობია მისი მკვლელი ვინ არის და პროკურატურას ქმედითი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს,“-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

    ლონდარიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნისანი იყო გაჩენილი მიხეილ კალანდიას საქმეში მონაწილეობის შესახებ, თუმცა პროკურატურამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი. ლონდარიძე ფიქრობს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ, პროკურატურას მოუწევს შეაფასოს მიხეილ კალანდიას სავარაუდო მონაწილეობის ნიშნები დანაშაულში.

    როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ცქიტიშვილი აცხადებს, ისინი შეისწავლიან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.

    ცქიტიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგადი ხედვით მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არსებითად შეცვლა არ მომხდარიყო. ცქიტიშვილი ამბობს, რომ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, როცა სააპელაციო სასამართლომ გაამყარა საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება და დაადგინა, რომ სარალიძის მკვლელები არ არიან დადგენილი.

  • ვიდეო მგალობლიშვილის ქუჩიდან, სადაც წყლის მილი გასკდა და გზა ჩაინგრა

    თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა, რასაც გზის საფარის ჩავარდნა მოჰყვა და ჩაიყოლა 2 ავტომობილი.  სოციალურ ქსელში ვიდეოს “BMG”-ი  ავრცელებს სადაც ჩანს თუ რა ხდებოდა მგალობლიშვილის ქუჩაზე. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს მოსახლეობას კომპანია “GWP“ აუნაზღაურებს. კომპანიის გენერალური დირექტორი გამგებელთან ერთად მგალობლიშვილის ქუჩაზე მივიდა. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.

  • ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა… მოვუწოდებ ხელისუფლებას, აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი – ზაზა სარალიძე

    „ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა,“ – ეს განცხადება, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

    სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებულ გ,ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, თუმცა მას 11 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

    „პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე, არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწედებ ხელისუფლებას რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არავის არაფერს არ შევარჩენ,“ – ამბობს სარალიძემ.

  • ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ განაჩენს სააპელაციო სასამართლომ უკვე გამოიტანა. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარესთან ერთად, პროკურატურაც ასაჩივრებდა. 

    ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდბეულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსამართლემ მისჯილი სასჯელი დაამძიმა და 11 წელი და 3 თვე განსაზღვრა.

    „ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა პირდაპირ მიუთითა, რომ გ.ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. დადუნაშვილის ეპიზოდში რასაც აპელირებდა დაცვის მხარე არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლო კვლავ დატოვა ძალაში.

    მაგრამ მოხდა ერთი გაურკვეველი რამ. გ.ბ-ს ჰქონდა 10 წელი და ექვსი თქვე მისჯილი და სასამართლომ ახალი განაჩენით გ.ბ-ს მიუსაჯა 11 წელი და სამი თვე.

    სასამართლომ სიტყვა-სიტყვით აღნიშნა, რომ გ.ბ.ს მონაწილეობა არ მიუღია სარალიძის მკვლელობაში, ანუ რასაც ითხოვდა დაცვის მხარე სარალიძესთან ეპიზოდთან დაკავშირებით გაიზიარა სასამართლომ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია, რატომ დაამძიმა სასჯელი, “-აცხადებს საქმის პროკურორი.

  • ზაჰესში 3 წლის ბავშვს ეძებენ

    ზაჰესში 3 წლის ბავშვს დილის 9 საათიდან ეძებენ. ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    ადგილზე სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩაერთო. როგორც ცნობილია, ბავშვი ეზოში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გაიქცა და მას ვეღარ მიაგნეს.

  • ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ელოდება

    სააპელაციო სასამართლოში მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას  ცოტა ხანში ელოდებიან. 

    სასამართლოში მოკლული დავიტ სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ახლობლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად  მივიდა.

    ბრალდების მხარე  ითხოვს, დადასტურეს ორივე მსჯავრდებულის დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა.

    ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს. 

  • უკრაინაში დაბრუნებული სააკაშვილი დედამისის მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობს

    უკრაინაში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი კიევთან ახლოს, დედამისის, გიული ალასანიას მიერ აშენებულ სახლში დასახლდა.
    ინფორმაცა იმის შესახებ, რომ გიული ალასანია კიევთან სახლს აშენებდა წელიწად ნახევრის წინ გავრცელდა. იმ პერიოდში სააკაშვილი უკრაინიდან უკვე გაძევებული იყო.
    სააკაწვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა კომენტარი და ვიდეო, სადაც გიული ალასანია სახლის მშენებლობის შესახებ საუბრობდა.
    “2016 წელს, როდესაც ოდესიდან კიევში გადავედი საცხოვრებლად დედაჩემი მიხვდა, რომ აქ ვაპირებდი დარჩენას, გაყიდა მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და კიევთა ახლოს იყიდა მიწა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ სახლის მშენებლობა დაიწყო. მიწა, რომელზეც სახლი შენდება 600 კვადრატული მეტრია, სახლის საცხოვრებელი ფართი 64 კვადრატული მეტრი. სახლის კარგასი აშენებულია, თუმცა შიდა რემონტი არ დაწყებულა და სამუშაოები აგვისტოს შემდეგ შეჩერებულია“– წერდა სააკაშვილი.
    გიული ალასანია კი ვიდეოში ამბობდა, რომ კიევში მას და მის ოჯახს ხშირად უწევთ ჩასვლა და სასტუმრებში დარჩენას საკუთარი სახლის აშენება ურჩევნიათ. გიული ალასანია იმედს გამოთქვამდა, რომ ამ სახლში მალე მისი შვილიც გადავიდოდა საცხოვრებლად. ალასანიას თქმით, მას საკმაოდ კარგი ხელფასი – ყოველთვიურად 6400 დოლარი აქვს მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში.
    სააკაშვილის დედის იმედები გამართლდა და უკრაინაში დაბრუნებული სააკაშვილი მის მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობს, სადაც სარემონტო სამუშაოები ახალი დასრულებულია. P.S.-ის ჟურნალისტები ექსპრეზიდენტმა სახლში დაპატიჟა და გადაღების საშუალება მისცა. ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სახლი ას კვადრატულ მეტრზე ნაკლებია.
  • ქუჩები, რომელსაც გადაუდებელი სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება შეეზღუდება

    დღეს, 3 ივნისს თბილისის ზოგიერთ უბანს დილიდან წყალი არ მიეწოდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეფერხება  წყალსადენის დაზიანებამ გამოიწვია.

    “მთაწმინდის რაიონი, გრიბოედოვის ქ. N 14-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 03/06-ის 11:15-დან 16:00 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება:
    გრიბოედოვის ქ. N 1-დან N 17-ის ჩათვლით, N 2-დან N 16-ის ჩათვლით, ზუბალაშვილების ქ. N 2-დან N 30-ის ჩათვლით, N 1-დან N 27-ის ჩათვლით, ლესია უკრაინკას, შევჩენკოს, რ.ლაღიძის, ბესიკის ქუჩებს

    ნაძალადევის რაიონი, სააკაძის და სანერგეს ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 02/06-ის 16:30-დან 03/06-ის 09:00 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება:
    თიანეთის ქ. N 97-დან N 137-ის ჩათვლით, N 85-დან N 104-ის ჩათვლით, ჩარგლის ქ. N 1-დან N 71-ის ჩათვლით, N 2-დან N 56-ის ჩათვლით, სანზონის ქ. N 2,3,4,5,9,10,11,15,18,19,20,21,28, ც.დადიანის N 321,323, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას ქუჩებს, გვაზაურის ქ. მე-3 გასავალს, ხუდადოვის ქუჩას
    დაზიანება აღდგენილია, წყალმომარაგება აღდგება ეტაპობრივად 13:00 საათამდე

    საბურთალოს რაიონი, მგალობლიშვილის და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 03/06-ის 05:00-დან 18:00 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება:
    საბურთალოს რაიონში: მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას ქუჩებს, პეკინის გამზ. N 7-დან N 43-ის ჩათვლით, N 14-დან N 46-ის ჩათვლით, იოსებიძის, ანა კალანდაძის, მიცკევიჩის, საბურთალოს, ცინცაძის, ჭაბუკიანის, ისაკაძის, დარასელიას, ოჩამჩირის, გახოკიძის, არშბას, საირმის, საირმის გორას, ცაგარელის, ბურძგლას, შევარდენიძის, ჭილაძის, ცაგერის, იოსებიძის, ხვიჩიას, ქუთათელაძის, გამრეკელის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 1-დან N 23-ის ჩათვლით, ტაშკენტის ქ. N 25-დან N 31-ის ჩათვლით, N 18-დან N22-ის ჩათვლით, ბუდაპეშტის ქ. N 1-დაან N 3-ის ჩათვლით, N 2-დან N 10-ის ჩათვლით, ბახტრიონის, თამარაშვილის, კარტოზიას, უნივერსიტეტის, სვანიძის, ალექსიძის, ბერბუკის, აკურის(კვერნაძის) ქუჩებს, M2 კორპუსებს
    ვაკის რაიონში: წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის ქუჩებს

    ვაკის რაიონი, მცხეთის ქ. მე-2 შეახვევში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 03/06-ის 02:00-დან 08:00 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება:
    მცხეთის, შატბერაშვილის, ქობულეთის ქუჩებს, კეკელიძის ქ. N 13-დან N 25-ის ჩათვლით

    “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები,
    რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს”-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, დღეს დილით თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა, რასაც გზის საფარის ჩავარდნა მოჰყვა.
    ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი. ირაკლი ბაბუხადია ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, დანარჩენს კი 24 საათის მანძილზე მიეწოდება სასმელი წყალი.